ესპანეთსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარემ, პედრო სანჩესმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ. დოკუმენტი ითვალისწინებს უკრაინისთვის „გრძელვადიან სამხედრო მხარდაჭერას“, ასევე ესპანეთმა უნდა შეასრულოს ვალდებულება რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციებთან დაკავშირებით და ითანამშრომლოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან რუსული ომის დანაშაულების გამოსაძიებლად. ესპანეთი ამ გამოძიებას ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში შეუერთდა.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოსე მანუელ ალბარესის თქმით, შეთანხმება მიზნად ისახავს უკრაინის „ნდობის მინიჭებას“ ესპანეთთან ურთიერთობების საიმედოობაში. მინისტრის განცხადებით, მსგავსი ხელშეკრულება კიევმა დადო დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, იტალიასთან, დანიასა და კანადასთან.
მადრიდი მზადაა მხარი დაუჭიროს კიევს „სანამ დასჭირდება“
პრეზიდენტი ზელენსკი პირველად ესპანეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, აღნიშნა ფრანსისკო ნავარომ, მადრიდის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორმა DW-თან ინტერვიუში. 2023 წლის ოქტომბერში ის იყო გრანადაში, ესპანეთში, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე. პოლიტოლოგის თქმით, მაშინ ზელენსკის „ყველაზე თბილად დახვდნენ“. ის მიიღეს როგორც მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე ესპანეთის მეფე ფილიპ VI-მ, რომელიც პირადად დახვდა აეროპორტში და მის პატივსაცემად ვახშამი გამართა. ამავდროულად, ესპანეთის ხელისუფლებამ დაარწმუნა ზელენსკი, რომ მათი ქვეყანა დაეხმარება უკრაინას „სანამ საჭირო იქნება“.
ესპანეთში რუსული აგრესიის მხარდამჭერი ძალები არ არსებობს. ესპანელები უკრაინელებს სოლიდარულები არიან. VOX-ის (ხმის) პარტიის ულტრაკონსერვატორებიც კი მკვეთრად აკრიტიკებენ კრემლს, მიუხედავად მათი კავშირებისა ისეთ ფიგურებთან, როგორებიც არიან ვიქტორ ორბანი ან მარინ ლე პენი, რომლებსაც ევროპაში განსაკუთრებული პოზიცია უკავიათ პუტინის რეჟიმთან მიმართებაში.
სრული სამხედრო თანამშრომლობა
DW-ის ინფორმაციით შეთანხმება ითვალისწინებს უკრაინაში იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას და მისი სამხედრო პერსონალის მომზადებას ტოლედოს კომბინირებული შეიარაღების აკადემიის სასწავლო ცენტრში. ამასთან, დოკუმენტი არ ითვალისწინებს ესპანეთის სამხედროების მონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ გარე აგრესიის მოგერიებაში და არც უკრაინელი სამხედროების მონაწილეობას ესპანეთის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში.
მიწოდებული იარაღის ღირებულება ესპანეთის წლიურ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება. ითვლება, რომ მიწოდების ჯამური ღირებულება მომდევნო ორი წლის განმავლობაში იქნება 1,129 მილიარდი ევრო. პირველი დახმარების პაკეტი ახალი ხელშეკრულების შესაბამისად, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე მომზადდება. მასში შედის საზენიტო სისტემის რაკეტები, დიდი კალიბრის საარტილერიო ჭურვები, მძიმე და მსუბუქი ტყვიამფრქვევები, სატვირთო მანქანები, ჯავშანტრანსპორტიორები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, დრონების აღმოსაჩენი და განადგურების აღჭურვილობა, ასევე 10 Leopard 2 A4 ტანკი.
დევნილების დეპორტაციაზე საუბარი არ არის
ესპანელი პოლიტოლოგის ნავაროს თქმით, მიმდინარე შეხვედრაზე ესპანეთში უკრაინელი ლტოლვილების საკითხზე საუბარი არ ყოფილა. სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მარტის მდგომარეობით ესპანეთში 198 537 უკრაინელი ლტოლვილია. მისივე თქმით, ლტოლვილების გარკვეული რაოდენობა რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობს.
რაც შეეხება ჭორებს უკრაინელების მასობრივი გაძევების შესახებ, განსაკუთრებით სამხედრო ასაკის, მადრიდელმა ადვოკატმა, რაულ კრესპომ, DW-სთან ინტერვიუში განაცადა, რომ ასეთი რამ გამორიცხულია. მისი თქმით, ესპანეთის კანონმდებლობლობით ექსტრადაცია ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით. მისივე თქმით, დეპორტაციის პროცესი, როგორც წესი, მრავალი თვე გრძელდება.