საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ისრაელში დასრულდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ებრაელ კოლეგას მოშე იაალონს შეხვდა. ქართული დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი ისრაელის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის პერსქსპექტივები განიხილეს. ირაკლი ალასანიას განცხადებით, საუბარი შეეხო თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას და თანამშრომლობას სამხედრო ინდუსტრიის სფეროში. შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შემუშავდება თანამშრომლობის ერთობლივი გეგმა: „თავდაცვის მინისტრთან ოფიციალური შეხვედრისას განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის მომავალი. შევთანხმდით, რომ შევიმუშავებთ ერთობლივ გეგმას უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, თუ როგორ უნდა განვავითაროთ სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით ჩვენი ურთიერთობა. ეს შეეხება ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა შესაძლებლობების განვითარებას, ასევე, თავდაცვითი შესაძლებლობების და სამხედრო ინდუსტრიის შესახებ ჩვენს შესაძლო თანამშრომლობას.“
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ებრაელი კოლეგა საქართველოში მოიწვია, რაც ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში მომავალში ურთიერთთანამშრომლობის განვითარების საფუძველი იქნება.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ისრაელის ეროვნული უშიშროების მრჩეველთან იოსი კოენთან და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელთან ამოს გილადთან გამართა შეხვედრები.