ავტოსადგურების და მგზავრთა გადაყვანის ახალი რეგულაციები კვირის ბოლოდან შევა ძალაში. სიტუაცია კარდინალურად იცვლება, თუმცა ამას მგზავრები მომავალი 1 წლის განმავლობაში იგრძნობენ. მანამდე სადგურებს და სატრასპორტო საშუალების მფლობელებს აქვთ დრო იმისათვის, რომ ყველაფერი ახალი წესების მიხედვით მოაწესრიგონ.
რამდენიმე დღის წინ დამტკიცდა „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც, ავტოსადგურებისა და ავტოსადგომების ფუნქციონირებისთვის საჭირო მოთხოვნები ჩამოყალიბდა. დოკუმენტი ადგენს ავტოსადგურების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობების, საწარმო და საყოფაცხოვრებო ობიექტების მიმართ უსაფრთხოების, ადამიანთა და ცხოველთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს, საკუთრების დაცვის მოთხოვნებსა და ა.შ.
როგორც დიდუბის ავტოსადგურის ხელმძღვანელმა ნესტორ მიქატაძემ განაცხადა, რეგლამენტის შემუშავების პროცესში დარგის წარმომადგენლები ჩართულნი იყვნენ და დოკუმენტი მათი მოთხოვნების უმეტეს ნაწილს ასახავს, თუმცა იგი არ ეთანხმება რეგლამენტის ვადებს, რომლის მიხედვითაც, ავტოსაგურებს 1-წლიანი პერიოდი მიეცათ მოთხოვნებზე მორგებისთვის.
„ერთი წელია ავტოსადგომებისთვის გაწერილი. საკმარისი იქნებოდა 1-2 თვეც, მაგრამ გაითვალისწინეს, ალბათ, ავტოსადგომების მოთხოვნები. დიდი ვადები არის განსაზღვრული მგზავთგადამყვანებისთვისაც, რომლებსაც სჭირდებათ ნებართვის აღება. კერძოდ, საუბარი არის იმაზე, რომ მომავალი წლის 1-ელ მარტამდე უნდა უზრუნველყონ მგზავრთგადამყვანებმა შესაბამისი ნებართვების აღება“, - აღნიშნა მიქატაძემ.
ავტოსადგურებმა და სატრანსპორტო საშუალების მფლობელებმა საკმაო ხარჯი უნდა გასწიონ, რათა ახალ რეგლამენტს მოერგონ და მოთხოვნები შეასრულონ. აისახება თუ არა ეს შემდგომში მგზავრობის ფასზე? როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში მომსახურება ძვირდება ხოლმე. მგზავთა გადაყვანის ასოციაციის თავმჯდომარე ტრისტან სულაძე დარწმუნებულია, რომ შემოღებული დადგენილება აღკვეთს ე.წ. „ხიშნიკების“ საკითხს და მგზავრობა არ გააძვირდება, რადაგან სადგურებს და ლიცენზირებულ მძღოლებს მგზავრები მოემატება.
„შემოღებულმა დადგენეილებამ არა მგონია მგზავრთა გადაადგილებაზე უარყოფთი გავლენა მოახდინოს და გაძვირება გამოიწვიოს. ამ დადგენილებით, ე.წ. „ხიშნიკები“ გაქრებიან. ეს ფასების დასტაბილურებას გამოიწვევს.
კანონმდებლობა ითხოვს, რომ „ხიშნიკები“ შევიდნენ მოწესრიგებულ სატრანსპორტო კვანძში. ელემენტარულად, მათ უნდა მოეთხოვოს კანონის ჩარჩოებში ჩაჯდომა. როგორც ტაქსების შემთხვევაში მოხდა თბილისში და მძღოლები დაწესებულ სტანდარტებში მოექცნენ, ასეთ სტანდარტებში უნდა ჩაჯდნენ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო გადაზიდვებზეც. მათ დღეს არავინ აკონტროლებს. ამიტომაც, უნდა შესრულდეს ყველა ის მოთხოვნა რასაც კანონი ავალდებულებს.
როცა კანონით ძალაში შევა დებულება, მაშინ ყველანი ვალდებული ვიქნებით დავემორჩილოთ წესებს და ყველანი კანონის ჩარჩოებში მოექცევიან, შესაბამისად, სადგურებში მგზავრთა ნაკადი მოიმატებს და შემოსავალიც გაიზრდება“, - განაცხადა სულაძემ.
იგივეს ადასტურებენ დიდუბის ავტოსადგურშიც. ნესტორ მიქატაძის აზრით, რეგლამენტის სრულფასოვნად ამოქმედების შემდეგ გაიზარდება მგზავრთნაკადი. მოთხოვნის ზრდამ შესაძლოა, გაზარდოს ხარჯებიც, თუმცა, ამის მიუხედავად, მზად არიან, შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად.
„ახალი რეგლამენტით საუბარია იმაზე, რომ მგზავრთნაკადი გაიზრდება. როცა აიკრძალება ე.წ. ხიშნიკები და უკონტროლოდ არაკანონიერად გამავალი მანქანები, მოიმატებს ავტოსადგურებში მგზავრთნაკადი. მზად ვართ, რომ გავზარდოთ როგორც რეისების რაოდენობა, ასევე სიხშირე. ჩვენთან მოთხოვნა რამდენიც იქნება, იმდენ რეისამდე გავზრდით, თუ საჭირო გახდა, მანქანასაც დავამატებთ, „მინივენების“ ჩამოყვანა თუ იქნება საჭირო, ჩვენი მძღოლების რაოდენობას ჰყავს „მინივენები“, ვისაც არ ჰყავს, მოვიძებთ, გავუფორმებთ ხელშეკრულებას და ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დაექვემდებარება კონტროლს“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ მიქატაძემ.
ორი კანონქვემდებარე აქტი მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის და ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა, რომლების დიდი ნაწილიც ძალაში 2025 წლის 1 ივნისიდან შევა.
ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების დადგენილების მიხედვით, პირველი და მეორე კლასის ავტოსადგურს უნდა გააჩნდეს:
- საბილეთო სალარო;
- მგზავრების მოსაცდელი დარბაზი;
- სანიტარიულ-ჰიგიენური ბლოკი;
- მძღოლების დასასვენებელი ოთახი;
- ბაქანი (ბაქნები);
- სადისპეტჩერო;
- რეისებს შორის ავტობუსების/მინივენების სადგომი მოედანი;
- საინფორმაციო სამსახური;
- ელექტროენერგიის ავტონომიური წყარო;
- მარშრუტზე მიმოსვლის ელექტრონული საინფორმაციო ტაბლო;
- ავტოსადგურის მთელი ტერიტორიის ვიდეომეთვალყურეობის სისტემა, სადაც ვიდეოჩანაწერის შენახვა უნდა განხორციელდეს არანაკლებ 5 დღის განმავლობაში.
პირველი კლასის ავტოსადგურში მოსაცდელი დარბაზიდან ავტობუსში ჩასასხდომად მგზავრის გადაადგილება უნდა ხდებოდეს გადახურული კონსტრუქციის ქვეშ.
პირველი კლასის ავტოსადგურებში მოსაცდელი დარბაზი, დედათა და ბავშვთა ოთახი, საბილეთო სალაროები, ცნობათა ბიურო და საპირფარეშო განთავსებული უნდა იყოს შენობის ერთ კომპლექსში.
სამივე კლასის ავტოსადგურში მგზავრებისათვის არსებული ყველა სახის მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
ავტობუსების/მინივენების ბაქანზე ჩამოდგომის შესახებ მგზავრებს ინფორმაცია ტაბლოების საშუალებით და ასევე ხმოვანი სახით უნდა მიეწოდოთ.
მძღოლებს უნდა ჰქონდეთ მოსასვენებელი ოთახი, რომელიც 1 ადამიანზე 2 მ2-ს უნდა მოიცავდეს და ერთდროულად დასვენება რეისში გასავლელი მძღოლების არანაკლებ 50%-ს უნდა შეეძლოთ მინიმუმ 1 საათით.
ავტოსადგურში მგზავრებისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს საპირფარეშოთი მომსახურება მთელი სამუშაო დღის განმავლობაში.
მგზავრების ჩასასხდომად ავტობუსის/მინივენის ბაქანზე ჩამოდგომა ხდება მოძრაობის განრიგით განსაზღვრული დროის შესაბამისად, გასვლამდე არანაკლებ 20 წუთით ადრე.
პირველი და მეორე კლასის ავტოსადგურებიდან შიდა და საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანა ხორციელდება, მესამე კლასის ავტოსადგურიდან კი, საერთაშორისოც.
მგზავრისათვის მთავარი ავტოსადგური კი არა სატრანსპორტო საშუალება და მომსახურების ხარისხია. მგზავრი ავტოსადგურში იმყოფება რამდენიმე წუთით, ტრანსპორტში კი საათობით. ამიტომ მთავარია ავტობუსი და მძღოლის მომსახურების ხარისხი.
50 კილომეტრზე მეტ მანძილზე აუცილებელ მოთხოვნას უნდა წარმოადგენდეს სამგზავრო ავტობუსების მომსახურება, საერთო რეისების მინიმუმ ერთი მესამედი მაინც. ანუ აქცენტი უნდა გაკეთდეს მარშრუტკებთან ერთად საავტობუსო მომსახურებაზე. ყოველი მესამე რეისი უნდა სრულდებოდეს მხოლოდ სამგზავრო ავტობუსით, რადგან დიდ მანძილზე ე.წ. მარშრუტკებით მგზავრობა წამებად შეიძლება დაკვალიფიცირდეს. ეს არის ძირითადად გადაკეთებული სატვირთოები, სადაც არ არის დაცული სკამების განლაგებისა და გათბობა-ვენტილაციის სტანდარტები. ამ სტანდარტების კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან შემოწმების დროს სკამებს იღებენ, მეორე დღეს ისევ ამატებენ. გათბობა-გაგრილების სისტემები არასტანდარტულია და მწყობრიდან გამოსული.
ცალკე საკითხია მძღოლების კვალიფიკაციის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიფხიზლის კონტროლი, რომელზეც ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი.
ეს საკითხი კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს და ასეთი პრაგმენტული, ნახევარღონისძიებებით ვერ მოწესრიგდება. ავტოსადგურის საკითხი, ამ სფეროს პრობლემათა შორის, სულაც არ არის მთავარი.