[ლელა კობერიძე]
ბიზნესმენები ახალი საგადასახადო კოდექსის მათთვის ყველაზე საშიში მუხლის ამოქმედებას ყოველ წუთს ელოდებიან. რაც არ უნდა აბსურდულად მოგეჩვენოთ, მთავრობა სავაჭრო ობიექტების მეპატრონეებს მეიჯარეების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებზე პასუხისმგებლობას აკისრებს. ახალი საგადასახადო კოდექსით სავაჭრო ობექტის მეპატრონე ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს მეიჯარეების დეკლარაციები და გადაიხადოს მათი გადასახადები.
სპეციალისტების განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურმა საქმე გაიმარტივა, სავაჭრო ობიექტების მფლობელები კი გაურკვეველ მდგომარეობაში ჩააყენა. ჯერჯერობით, ეს მუხლი გაჩერებულია, ვინაიდან არ არსებობს მთავრობის დადგენილება კონკრეტული სავაჭრო ზონების შესახებ. თუმცა, შეიძლება დადგენილება მთავრობამ ნებისმიერ დროს გამოსცეს, შესაბამისად, ობიექტების მფლობელები საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან. ფაქტობრივად, მათ საკუთარ უწყებებში მინი საგადასახადო სამსახურები უნდა შექმნან, დაიქირავონ სპეციალისტები და მოიჯარეების ნებისმიერი ტრანზაქცია აკონტროლონ, შეამოწმონ მათი საბუთები და ბოლოს ანგარიშები დიდ შემოსავლების სამსახურს ჩააბარონ.
საგადასახადო კოდექსის 26-ე მუხლის მიხედვით, შემოდის სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსი. სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოში ეწევა ვაჭრობის ორგანიზებას. ამავე მუხლის მიხედვით, ზონის სტატუსი იურიდიულ პირს შეიძლება მიენიჭოს საკუთარი ინიციატივით, ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ხოლო სავაჭრო ზონის სტატუსის მქონე იურიდიული პირი სავაჭრო ადგილების დამქირავებელი გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს.
შესაბამისად, სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მქონე იურიდიული პირი ვალდებულია, საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს სავაჭრო ობიექტების, ან სავაჭრო ადგილების დამქირავებელი გადასახადის გადამხდელის დეკლარაციები. ამ კოდექსით დადგენილ ვადაში გადაიხადოს სავაჭრო ობიექტებისა და სავაჭრო ადგილების დამქირავებელი გადასახადის გადამხდელის კუთვნილი გადასახადები.
სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევებზე კი სოლიდარული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ზონის სტატუსის მქონე იურიდიულ პირსა და სავაჭრო ადგილების დამქირავებელ გადასახადის გადამხდელს.
სავაჭრო ზონის საქმიანობის წესი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, რომელსაც მთავრობა ათანხმებს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან.
ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ლალიაშვილის განცხადებით, 1-ლი იანვრიდან აღნიშნული მუხლი ამოქმედდა, თუმცა არ არსებობს ქვენორმატიული აქტი, რომელმაც ამ მუხლის მუშაობა უნდა უზრუნველყოს. გარდა ამისა, სავაჭრო ზონები მთავრობას არ განუსაზღვრავს, ბუნებრივია, სავაჭრო ზონის სტატუსის მინიჭებაზე მთავრობისთვის არც რომელიმე სავაჭრო ობიექტის ან ბაზრობის მეპატრონეს მიუმართავს.
ბიზნეს ასოციაცია მთავრობისგან ამ მუხლის შეცვლას ითხოვს, ვინაიდან ბიზნესმენებს მიაჩნიათ, რომ ამ მუხლის ტექნიკურად მუშაობა შეუძლებელია, ვინაიდან ერთ სავაჭრო ობიექტში შეიძლება100 მოიჯარე იყოს, ყველა მეწარმის საგადასახადო კონტროლს მეიჯარე ვერ განახორციელებს.
„ჩემი აზრით ფორმა არის შესაცვლელი. ამ წესების განხორციელება წარმოუდგენელია. სამართლებრივად ეს მუხლი ამოქმედდა, მაგრამ, საბედნიეროდ, არ არსებობს ქვენორმატიული აქტი, რომელიც მის მუშაობას უზრუნველყობს“, - ამბობს ზურაბ ლალიაშვილი.
ქვენორმატიული აქტის შემუშავებამდე და სავაჭრო ზონებისგანსაზღვრამდე, მოიჯარეები გადასახადს ჩვეულებრივ რეჟიმში გადაიხდიან.
ექსპერტის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, 26-ე მუხლი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ვინაიდან შეუძლებელია სავაჭრო ობიექტების მეპატრონეებმა სხვის დანაშაულზე აგოს პასუხი.
„მესაკუთრე არის ბიზნესმენი მას თავისი ვალდებულებები აქვს. როგორ შეიძლება სხვის დანაშაულზე მან აგოს პასუხი. არადა, საგადასახადო ინსპექტორმა ნებისმიერ დროს შეიძლება დამქირავებელს აღმოუჩინოს რაიმე სახის დარღვევა ან აღურიცხავი საქონელი. ეს ყველაფერი მეპატრონემ როგორ უნდა აკონტროლოს? ამ მუხლის გარდა, კოდექსში უამრავი მუხლია, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“, - ამბობს ზურაბ ტყემალაძე.