"შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც კი არ იყო ასეთი არაორგანიზებულობა და ის, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას ერთმანეთსა და საზოგადოებასთან შეუთანხმებელი პროექტი პარლამენტში გადაეგზავნა. პროექტი დიდ რისკებს შეიცავს და თვალი არ უნდა დავხუჭოთ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, არიქა, კოდექსის დისკრედიტაცია არ მოხდესო. ეს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დამახასიათებელია -კრიტიკა გაუგონარ სივრცეში გადააქვთ ხოლმე", - აცხადებს ექსპერტი არჩილ გამზარდია გაზეთ "კვირის პალიტრისთვის"მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "არ მინდა ვიფიქრო, რომ ქვეყნის დაშლისკენ მიზანმიმართულ პროცესთან გვაქვს საქმე" / გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილმა თვითმმართველობებს უფლებები წაართვა, მაგრამ ცუდი სისტემა უარესით რატომ უნდა შევცვალოთ?
"მარტივად ავხსნი მთავარ საფრთხეს: კოდექსის მიხედვით, შემოდის რეგიონული დაყოფა. რეგიონებში განსაკუთრებული უფლებები ენიჭება ავტოქთონურ მოსახლეობას. მაგალითად, შეიქმნება ჯავახეთის, ქვემო ქართლის, სამეგრელოსა თუ თუშეთის რეგიონები და ა.შ. დღეს მეგრელისთვის, კახელისთვის, იმერლისთვის თუ სვანისთვის მთელი საქართველო ისეთივე სამშობლოა, როგორიც მათი კუთხე და რატომ ვთიშავთ მათ ერთმანეთისგან ხელოვნურად ამ რეგიონების შექმნით? სხვათა შორის, იმ რეგიონებში, სადაც აქვთ საკუთარი ენა, ბუნებრივია, მას მიანიჭებენ რეგიონული ენის სტატუსს - პროექტის მიხედვით ეს შეუძლია გააკეთოს რეგიონის ადმინისტრაციამ. რეგიონული ენის სტატუსი ნიშნავს, რომ საქმის წარმოება ამ ენაზე წარიმართება. არ მინდა, ვინმე დავზაფრო, მაგრამ მაინცდამაინც ისეთი მდგომარეობა უნდა მივიღოთ, რომ მაგალითად, სვანეთის რეგიონში სვანური რეგიონული ენა იყოს, სამეგრელოში - მეგრული და ჯავახეთში - სომხური?! შემდეგ ეს ყველაფერი ეთნიკურ ნიშანს მიიღებს და წარმოდგენაც ძნელია, რას მოგვიტანს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია
"პროექტის მიხედვით, ცენტრალურ ხელისუფლებას უფლება აქვს ფორს მაჟორულ ვითარებაში იმოქმედოს. ეს რას ნიშნავს, რეგიონებში ჯარს შეიყვანს თუ სპეცოპერაციებს ჩაატარებს? რატომ უნდა მივიყვანოთ საქმე აქამდე? აფხაზეთის მაგალითი დაგვავიწყდა? ისიც ყველას გვახსოვს, რომ, მაგალითად, აჭარლებს არ ჰქონდათ ენობრივი საზომი, მაგრამ ასლან აბაშიძემ, ფაქტობრივად, ერთიან სახელმწიფოში მინისახელმწიფო შექმნა. მოკლედ, თუ თვითმმართველობის კოდექსის პროექტი ამ სახით დამტკიცდა, ჩვენ მივიღებთ ტერიტორიებს, სადაც იქნებიან ეთნიკური ნიშნის მქონე სუბიექტები საკუთარი ადმინისტრაციითა და ენით. რატომ არავის გაახსენდა კოსოვოს პრეცედენტი? კოსოვოში ავტოქთონურმა მოსახლეობამ ისარგებლა რეგიონული ენის სტატუსით, მოითხოვა თვითგამორკვევა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა, რასაც მხარი დაუჭირა მსოფლიოს მრავალმა სახელმწიფომ. აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს მსოფლიოში დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არავინ აღიარებს, თუ, რა თქმა უნდა, ამას თავად საქართველო არ გააკეთებს. უპირველესად იმიტომ, რომ ეს რეგიონები დევნილთა დიდმა ნაკადმა დატოვა. მაგრამ დევნილების პრობლემა თითქმის არ იქნება, მაგალითად, ჯავახეთში, სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში", განაგრძობს რესპონდენტი.
"კი ამტკიცებს რესპუბლიკური პარტია - ასეთი გზით პერსპექტივაში აფხაზეთიც შეგვიძლია დავიბრუნოთო, მაგრამ შესაძლოა, პირიქით მოხდეს და საქართველო დაიშალოს. რეგიონის ან თვითმმართველობის სივრცეში სტატუსების მიცემა იმდენად საფრთხილო საკითხია, რომ მას ყოველმხრივ გააზრება სჭირდება. თვითმმართველობის კოდექსის პროექტზე არ უმუშავიათ ეთნოგრაფებსა და ეთნოლოგებს, რაც აუცილებელი იყო. არ მინდა ვიფიქრო, რომ ქვეყნის დაშლისკენ მიზანმიმართულ პროცესთან გვაქვს საქმე. სიმართლე გითხრათ, მინდა უფრო რეალური იყოს ვერსია, რომ ასეთი დოკუმენტის მომზადების მიზეზი გამოუცდელობა ან სურვილია, რომ სწრაფად მოხდეს რევოლუციური ცვლილებები. მაგრამ ამ არგუმენტის გამყარებაში ხელს მიშლის ის ფაქტორი, რომ რესპუბლიკური პარტია წლებია, თვითმმართველობების საკითხზე ზემოხსენებულ ვერსიას დაჟინებით ავითარებს. ის მიდგომა, რაც არის თვითმმართველობების პროექტში, მიმართულია ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ და მეტი უარესი რა უნდა ჰქონდეს ნებისმიერ კანონპროექტს? სხვათა შორის, ეს სქემა პირდაპირ ეხმაურება საქართველოს დაშლის შესახებ რუსულ ვერსიას. ვლადიმირ ჟირინოვსკის განცხადებებიც გვახსოვს, რომ თურმე არ არსებობს საქართველო და ტერმინი "ქართველი" და ამ ცნებაში სხვადასხვა ხალხი ხელოვნურად გააერთიანეს", - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვას - "ალბათ, შეთქმულების თეორიაში ძალიან გადავეშვებით, თუ იმაზე დავიწყებთ საუბარს, რომ რესპუბლიკური პარტია საქართველოს დაშლას უწყობს ხელს", - პასუხობს:
"ასეა თუ ისე, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება რეგიონული ერთეულების შექმნა, რათა უფრო მძიმე სურათი არ მივიღოთ. პროცესი, რომელიც მიმდინარეობს მარტო ანტიქართული და ანტიეროვნული კი არა, ადამიანის წინააღმდეგ მიმართულიცაა. ბოლო ხანებში სალაპარაკო გახადეს, უნდა იყოს თუ არა დავით ნარმანია თბილისის მერიო. მე ეს გავაპროტესტე და ვთქვი, ნებისმიერი შეიძლება გახდეს ქალაქის მერი, თუკი საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, იმის მიუხედავად, სად არის დაბადებული. ინტეგრირება ნიშნავს იმას, რომ საქართველო არის ერთიანი ქვეყანა, რომ თითოეულ მოქალაქეს სრული უფლება აქვს თავისი შესაძლებლობების რეალიზებისა. რატომ არის საჭირო, რომ ეროვნულ უმცირესობებს ვასწავლოთ ქართული? იმიტომ, რომ მივცეთ რეალიზებისა და ინტეგრირების საშუალება და იმისა, რომ, მაგალითად, ჯავახელი სომეხი სამეგრელოს რომელიმე ქალაქში იყოს ვიცე-მერი, ან აზერბაიჯანელი - კახეთის გუბერნატორი და ა.შ. თვითმმართველობის კოდექსის პროექტი კი ადამიანს "აკონსერვებს" თავის რეგიონში, არ აძლევს მას ინტეგრირების საშუალებას და ა.შ. ვიმეორებ - ეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა ან უვიცების შედგენილი პროექტი".
"კოალიციაში, ალბათ, არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ისინი ცდილობენ, არ მოხდეს შიდა კონფლიქტი. მეორე მხრივ, რესპუბლიკურ პარტიას აქვს ინტელექტუალური და ზოგადი ძალაუფლება პარლამენტში, ჰყავს სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები და საკმაოდ ძლიერი ძალაა. თუ თვითმმართველობის კოდექსის პროექტის განხილვაში საზოგადოება ჩაერთვება და აზრი შეჯერდება, ბევრ რისკს ავიცილებთ თავიდან. მე ყურადღება გავამახვილე მთავარ საფრთხეზე, მაგრამ არსებობს სხვა პრობლემებიც. მაგალითად, დღემდე არ იციან მუნიციპალიტეტებმა, სად გადის მათი საზღვარი და როდესაც კიდევ უფრო დაყოფენ მათ, შეიძლება ყველაფერი ერთმანეთში აირიოს და რიგითი მოქალაქე ვეღარ მიხვდეს, პრობლემის მოსაგვარებლად ვის უნდა მიმართოს. გარდა ამისა, შესაძლოა, უფრო მეტი ბიუროკრატიზმი და კიდევ უფრო მოუქნელი მენეჯმენტი მივიღოთ. გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილმა თვითმმართველობებს უფლებები წაართვა, მაგრამ ცუდი სისტემა უარესით რატომ უნდა შევცვალოთ? თუნდაც შარშან რატომ არ დაიწყეს კოდექსზე მუშაობა და ამაზე დღეს გვიწევს საუბარი, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებამდე 7 თვეა დარჩენილი? ალბათ, ევროპულ ქვეყნებთან სჭირდებათ პოზიორობა - ახალი კოდექსით ჩავატარეთ არჩევნებიო. ბოდიში, მაგრამ იმიჯმეიქინგის კამპანიას არ უნდა შეეწიროს არც მოსახლეობა და არც მთელი ქვეყანა", - დასძენს არჩილ გამზარდია.
"... რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდის ვიზიტს, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - საქართველო კვლავ არ აღიქმება პარტნიორად არც ამერიკისთვის, არც ევროპისთვის და რუსეთისთვის - მით უმეტეს. აშშ, რა თქმა უნდა, საქართველოსთან მეგობრობაზე უარს არ იტყვის, რადგან ჩვენი ქვეყანა შესანიშნავი საშუალებაა რუსეთთან ინტერესებით პოლიტიკური სპეკულაციებისა. მიხეილ სააკაშვილმა სცადა ეს სპეკულაციები სათავისოდ გამოეყენებინა, მაგრამ საბოლოოდ ყველა გადაიკიდა. ჩვენ გამო არც ერთი ქვეყანა არ გაიფუჭებს საქმეს და თუ დიდი სახელმწიფოების ინტერესების თანხვედრით ჩვენ რამე მოვიგეთ, ამისთვისაც მადლიერი უნდა ვიყოთ. პუტინი იმაზე დიდ იმპერიაზე ოცნებობს, ვიდრე საბჭოთა კავშირი იყო. ძნელია იმის პროგნოზირება, რას გააკეთებს. ამიტომ მომწონს ჩვენი ხელისუფლების მიდგომა - პუტინთან ძალიან ფრთხილობს და სიფხიზლეს არ კარგავს", - დაასკვნის ექსპერტი.