მე და შონ გილორის დიდწილად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს (ეკონომიკაში ის ბევრად უფრო მემარცხენეა, და აშკარად პესიმისტურად უყურებს რუსეთის განვითარების გზას), მაგრამ ის ძალიან კომპეტენტური ადამიანია, შესანიშნავად წერს და მისი აზრის გათვალისწინება უდავოდ ღირს. ახლახანს მან შესანიშნავი სტატია დაწერა, რომელშიც ხსნიდა იმას, თუ როგორ დაიპყრო „წარმოსახვითმა ევროპამ“ უკრაინელების კოლექტიური წარმოსახვა. ეს სტატია მთლიანად უნდა წაიკითხოთ, მე მხოლოდ ერთ ძალიან საინტერესო ფრაგმენტს შემოგთავაზებთ:
„ევროპა დღეს დაღმასვლას განიცდის. მიუხედავად ამისა, უკრაინელებს უნდათ მასთან მიერთება. რა თქმა უნდა, მე მესმის ის, თუ რატომ აქვს უკრაინაში ბევრს ევროპის იმედი და რატომ მიიჩნევენ მას მომავლის სიმბოლოდ. აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაპირისპირების კოსმოლოგიაში, ევროპა – ძლიერი ხატსურათია, რომელიც საოცარ გავლენას ახდენს წარმოსახვაზე. მე უბრალოდ მეშინია, რომ მისთვის ასეთი სიმბოლური მნიშვნელობის მინიჭებით, უკრაინელები შეიძლება ძალიან მოტყუვდნენ“.
ამან ბევრი ადამიანი გააბრაზა, ისინი ვინც ევროპას მიიჩნევს არა კონკრეტულ, ფიზიკურ ადგილად, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, არამედ ცნობიერების ერთგვარ მდგომარეობად. იმავდროულად, იმ სავალალო ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელშიც ევროპა აღმოჩნდა 2013 წლის ბოლოს, შონი აბსოლუტურად მართალია, როდესაც ამბობს, რომ უკრაინელები შეიძლება ძალიან იმედგაცრუებულები დარჩნენ თავიანთ „ცივილიზაციურ არჩევანში“. მე ვწერდი უკვე იმის შესახებ, რომ ევროპული „კონვერგენციის მექანიზმი“ დაინგრა. იმისთვის რომ დაინახო ევროკავშირის ძალიან ცუდი ეკონომიკური მაჩვენებლები ფინანსური კრიზისის დასრულების შემდეგაც კი, ნობელის პრემიის ლაურეატობა ეკონომიკის დარგში აუცილებელი არ არის. მსგავს სტრუქტურასთან ინტეგრაციამ საეჭვოა სწრაფად გააუმჯობესოს უკრაინული ეკონომიკა.
თუმცა ბევრისთვის, იმ ცხად და უტყუარ ფაქტზე ლაპარაკი, რომ ევროპას სერიოზული პრობლემები აქვს – ნიშნავს იმას, რომ ბნელი მოტივები გამოძრავებს, და მეტიც, კრემლის მიმართ სიმპათიები გაგაჩნია.
ხშირად ამბობენ, რომ რუსეთის ეკონომიკა რეგრესულია, სტაგნაციას განიცდის, და მართლაც, 2013 წელს მისი ბრუნვა სერიოზულად შენელდა. თუმცა ევროკავშირს არა უბრალოდ ცუდი წელი ჰქონდა – მისი ეკონომიკური სტაგნაცია თითქმის ხუთ წელიწადზე მეტხანს გრძელდება. ევროკავშირში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 2006 წლის შემდეგ არ გაზრდილა. უმუშევრობა შეუქცევადად იზრდება 2008 წლიდან, და ამას ბოლო არ უჩანს. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ეკონომიკური სტაგნაცია და მასობრივი უმუშევრობა 2013 წელს ევროკავშირის ძირითად მახასიათებლებად იქცა.
თუმცა, შეიძლება, უკრაინელებს არც აშინებთ ევროკავშირის ეკონომკური მარცხი, რადგან ისინი ეკონომიკაზე მეტად აფასებენ სამოქალაქო თავისუფლებებს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. ასეთი მიდგომა პატივსაცემია, და ყველა შემთხვევაში ეს მათი საქმეა და მათი არჩევანი; მაგრამ თუკი უკრაინელებს მართლაც უნდათ ევროკავშირში ინტეგრაცია (ხოლო, იმ ასობით ათასი ქუჩაში გამოსული ადამიანის გათვალისწინებით, ეს მართლაც ასეა), ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი უნდა გაწევრინდნენ ამ ბლოკში.
მაგრამ, უკრაინელებს არ უნდა ჰქონდეთ ილუზიები იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რა სტრუქტურასთან ინტეგრირდებიან ისინი. ეს არ არის 1990-იანი ან 2000-ანი წლების ევროპა, სადაც 3%-იანი წლიური ზრდა იყო მოცემულობა, ხოლო ხელისუფლებას არა უმუშევრობა, არამედ სამუშაო ძალის დეფიციტი აღელვებდა. 2013 წლის ევროპა – გაცილებით ეკონომიური და უსიამოვნო ადგილია, ხოლო მის მოზრდილ ნაწილს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ დეპრესიასთან დაახლოებული. ევროკავშირში ინტეგრაციით უკრაინა არ უნდა ელოდოს ეკონომკურ ზრდას მოკლევადიან პერსპექტივაში, რადგან ევროპული ეკონომიკის მდგომარეობა უბრალოდ შემაშფოთებელია.
ამაზე ღიად და პირდაპირ ლაპარაკი ძალიან მნიშვნელოვანია და არა იმიტომ, რომ ეს კრემლს აწყობს, არამედ იმიტომ, რომ ეს სიმართლეა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ხალხის ცრუ იმედებით წახალისება. 1990-იან წლებში რუსებს ეუბნებოდნენ, რომ „დემოკრატია“ მათ არამხოლოდ თავისუფალ, არამედ მდიდარ ადამიანებად აქცევდა. ეს არ მოხდა, და მათ ნელ-ნელა ეს მაღალფარდოვანი სიტყვები „დემოკრატიულ კურსზე“ დაუკავშირეს ეკონომიკური კოლაფსის მახინჯ და სახიფათო რეალიებს. ძალიან რეალურია, რომ ანალოგიური რამ მოხდება უკრაინაშიც და რომ სიტყვა „ინტეგრაცია“ და „ევროპა“ მჭიდროდ დაუკავშირდება ეკონომიკური ტანჯვის წლებს, რაც ამ კონკრეტულ მომენტში ფაქტობრივად გარდაუვალ პერსპექტივად მოჩანს.
ევროკავშირს ბევრი შესანიშნავი მახასიათებელი აქვს, და ევროპული ნორმები უამრავი თვალსაზრისით მიმდინარე უკრაინულ პრაქტიკებზე უკეთესია. უკრაინა უფრო „ევროპული“ კანონმდებლობით და რეგულირების სისტემით, ცხადია, ცხოვრებისთვის ბევრად უფრო მოხერხებული ადგილი იქნება. თუმცა, დღევანდელი ეკონომიკური რეალიების ფონზე, საეჭვოა ევროპისკენ წინსვლამ უკრაინა უფრო ააყვავოს.
foreignpress.ge