რუსეთი: სამი  პროგრესული ტირანი

რუსეთი: სამი პროგრესული ტირანი

რუსეთის ისტორია სავსეა ათასგვარი მითებით. ჩვეულებრივ, ისტორიის წიგნებით რუსეთზე ასეთი შთაბეჭდილება იქმნება: ბუნებით აღმოსავლური და არსით სლავური ქვეყანა, რომელიც ხშირად ღვრიდა სისხლს ზოგჯერ მხოლოდ შეშლილი ტირანების ბრძანების საფუძველზე. მიუხედავად ამისა, სამი ბიოგრაფია გვეხმარება ამ ხატსურათის გადალახვაში, რომელიც განამტკიცა ოპერამ და შემდეგ კინომაც.

რა თქმა უნდა, ძალადობისგან თავისუფალი არც ამ სამი ადამიანის ცხოვრების იტორიაა: პოტიომკინი (მისი საყვარელი ქალი იმპერატორი ეკატერინე მეორე იყო), ავსტრიელი ერცჰერცოგი ვილჰელმ ფრანც ჰაბსბურგელი-ლოტარინგიელი, რომელიც ოცნებობდა თავისუფალი და ევროპული უკრიანის მმართვაზე, და იოსებ სტალინის თანამემაულე ლავრენტი ბერია, რომელიც თავის დროზე ხალხთა ბელადს დაუპირისპირდა. სამი ენერგიული ლიდერი, რომლებიც ისტორიის მდინარების შეცვლას შეეცადნენ და ეს საკუთარი სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. სამი ავტორიტარი, რომელთა არსებობა, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მოწმობს უძლიერეს სწრაფვაზე თავისუფლებისაკენ.

დიახ, რუსეთის უკიდეგანო სივრცეებში ძალადობა ყოველთვის ბატონობდა. მაგრამ არამხოლოდ ძალადობა. არსებობს ასევე უფრო „დასავლური“ და მრავალკულტურული რუსეთი, როგორი ამრეზითაც არ უნდა უყურებდეს მას ვლადიმერ პუტინის ეპოქის ნაციონალისტური ისტორიოგრაფია მისი „მმართვადი დემოკრატიით“. ჩვენი ეს სამი პროტაგონისტი სწორედ ამის დადასტურებაა.

შესაშური სიმამაცე

თანამედროვეობისა და ღიაობისკენ მისწრაფება არარუსი ხალხების მიმართ ახასიათებდა ეკატერინე მეორეს საყვარელ მამაკაცს და ფავორიტს, თავად გრიგორი პოტიომკინს (1739-1791). წარმოშობით სმოლენსკელი პოტიომკინი სანკტ-პეტერბურგში ჩავიდა და იმპერატორის საძინებლისა და გულისკენ იპოვა გზა. ეკატერინეს და პოტიომკინის ერთი ლეგენდა აერთიანებთ. წიგნის ავტორი საიმონ სებაგ მონტეფიორე, რომელიც არაერთი ბესთსელერის ავტორია, არც სექსს და არც სისხლს არ იშურებს. ეს არისტოკრატი ისტორიკოსი, ლონდონის ნაღები საზოგადოების წევრი (ყოველშემთხვევაში, ფურცელზე ასეა) ტკბება ცბიერი და განსწავლული ნაძირლების და დესპოტების საზოგადოებით, და ახერხებს ამ გრძნობების მკითხველისათვის გადმოცემას.

ამას ის უზავებს „პეტრე III”-სთან (ეკატერინე II-ის მეუღლე) დაპირისპირების სიმამაცეს, რომლადაც ასაღებდა თავს კაზაკი ემელიან პუგაჩოვი, 1773-1774 წლების გლეხთა აჯანყების ლიდერი. ხანძრები და ძარცვა რუსეთის სასტიკ სურათს ქმნის მისი დაუსრულებელი „არეულობებით“. მიუხედავად ამისა, პოტიომკინი, რომელშიც განსწავლულობა და მართლმადიდებლური რწმენა ერთმანეთზე იყო გადაჯაჭვული, შორსმჭვრეტელი ლიდერი აღმოჩნდა და დარწმუნებული იყო, რომ რუსეთის მომავალი სამხრეთზე გადიოდა. ის არ დაკმაყოფილდა თურქებთან ომით. და ყირიმის და მოლდავეთის განვითარებას მიჰყო ხელი.

გარდა ამისა, მონტეფიორე გვიამბობს კიდევ ერთი შავი ლეგენდის, იმ მითის წარმოშობის შესახებ, რომელსაც „პოტიომკინის სოფლები“ ჰქვია და რომელიც ტოტალიტარული პროპაგანდის თვალსაჩინო სიმბოლოდ იქცა. 1787 წელს, როდესაც ეკატერინე სამხრეთით ავსტრიის იმპერატორთან შესახვედრად გაემგზავრა, პოტიომკინმა თითქოს ძალით შეყარა გლეხები და მათ სახლების ლამაზი, ყალბი ფასადები ააშენებინა, რითაც შეეცადა გაბატონებული სიღატაკის და იმ ფაქტის დამალვას, რომ უნიათო მეურნე იყო. მონტეფიორე კი ამტკიცებს, რომ ეს – ცილისწამებაა, რომელიც 1790 წელს გეორგ ჰელბიგმა გაავრცელა, რათა გამოჩენილი აღმშენებლის სახელისათვის ჩრდილი მიეყენებინა.

ისტორიული ყამირი

ვილჰელმ ლოტარინგიელს (1895-1948) ასევე სურდა იმპერიის შემოქმედი გამხდარიყო. ეს პერსონაჟი ამერიკელმა ისტორიკოსმა ტიმოთი სნაიდერსმა იპოვა. მან 1930-იან წლებში პარიზში გაითქვა სახელი და პირველ რიგში თავისი დროის ტარებითა და გართობით ღამის კლუბებში, ძვირფას რესტორნებსა და საგაზეთო პუბლიკაციებში ხშირი მოხსენიებით. თუმცა მთავარი რამ ამ ბისექსუალის ცხოვრებაში იყო ის, რომ როგორც აღმოჩნდა, ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული უკრაინის ხანმოკლე დამოუკიდებლობასთან პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.

სამი ბიოგრაფიიდან, ეს უკანასკნელი საუკეთესოა. ის არამხოლოდ შესანიშნავად არის დაწერილი, არამედ საშულებას იძლევა შეაბიჯო ისტორიულ ყამირში და გაიგო ევროპისაკენ მიბრუნებული უკრაინელი ერის ნელი ფორმირების შესახებ. ბოლშევიკების გამარჯვებამ ეს გზა გადაკეტა, რაც ხელახლა გახდა შესაძლებელი მხოლოდ კარდინალური გარდაქმნების, კერძოდ კომუნისტური სისტემის დანგრევის შემდეგ 1991 წელს.

ვილჰელმ ჰაბსბურგი გარდამავალი პერიოდის ფიგურის შესანიშნავი მაგალითია, იმ პერიოდის, რომელიც იქცა ხიდად მონარქიული იმპერიის ეპოქასა და ერების ეპოქას შორის. ავსტრიელი თავადაზნაურის შვილი, რომელიც პოლონეთის მონარქის გვირგვინზე ოცნებობდა, ძალიან გაიტაცა უკრაინელმა ხალხმა და გლეხობამ, რომელიც მოქცეული იყო პოლონეთის ნაციონალიზმისა და რუსული იმპერიალიზმის მარწუხებში. თუმცა, ის მაინც ვერ მოესწრო თავისუფალ უკრაინასთან დაკავშირებული ოცნების რეალიზებას.

1930-იან წლებში, რეგიონის რუსიფიკაციის პროცესში უკრაინას სასტიკი რეპრესიები და შიმშილი დაატყდა თავს. უკრაინის ტანჯვის ისტორია თან გასდევს სსრკ-ს ისტორიას როგორც ამპუტირებული კიდურის ფანტომური ტკივილი, წერს სნაიდერსი. რაც შეეხება ვილჰელმს, მან სიცოცხლე სტალინის ციხეში დაასრულა, მას შემდეგ რაც ვენაში საბჭოთა საიდუმლო პოლიციის აგენტებმა მოიტაცეს. წიგნში ჰაბსბურგული ნოსტალგიის ერთი წვეთიც არ არის, მაგრამ ის შესანიშნავად აღწერს ერთიანი ევროპის იდეალს, რომელსაც დღეს, სხვათა შორის, მთელი გულით უჭერენ მხარს კიევის ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული უკრაინელები.

დესტალინიზაციის მაცნე

სსრკ-ს ორიენტაციის შეცვლა დასავლეთისკენ – ეს არის ის, რისი მიღწევაც სურდა, სორბონის ისტორიკოსის ფრანსუაზა ტომის აზრით, სტალინის მემკვიდრე ლავრენტი ბერიას (1899-1953), რომელსაც ხრუშჩოვმა ძალაუფლება წაართვა და დახვრიტა. თავის მონუმეტურ ქმნილებაში, ფრანსუაზა ტომი ცდილობს ძველი ჩეკისტის საშინელი იმიჯის გამოსწორებას. სინამდვილეში ხომ ბერია დაუნდობელი ჯალათი იყო, რომელიც პირადად მონაწილეობდა სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა წამებასა და მკვლელობებში. მან ხომ პირადად დააყრუა სიკვდილამდე ნაწამები ქართველი კომპოზიტორი ევგენი მიქელაძე და ტერორის ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი იყო?

დიახ, ასეა. მაგრამ ფრანსუაზა ტომი დამაჯერებლად აცხადებს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ის დესტალინიზაციის მაუწყებელი იყო. ბელადისადმი დაუმორჩილებლობის პირველი ნაპერწკალი საბედისწერო დღეებში გაჩნდა, რომელიც მოჰყვა სსრკ-ში გერმანიის არმიის შეჭრას 1941 წლის 22 ივნისს. სტალინთან დაახლოებულმა პირებმა, ბერიას ხელმძღვანელობით ქვეყნის სამართავად თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი შექმნეს. მოგვიანებით საბჭოთა ატომური ბომბის მამას, რომაც გადაარჩინა ის 1949 წლის რეპრესიების დროს, სულ უფრო უმყარდებოდა განცდა, რომ ასე ვეღარ გაგრძელდებოდა. ფრანსუაზა ტომი მიანიშნებს, რომ სტალინის გარდაცვალება 1953 წლის 5 მარტს მის აგარაკზე, მოწამვლის თუ არა, ბერიას შეგნებული გულგრილობის შედეგი იყო, რომლის ზიზღმა დიდქტატორის მიმართ უმაღლეს წერტილს მიაღწია.

ბერია, რომელის ძალაუფლების მწვერვალზე ასვლასაც თან ახლდა ძველი ბოლშევიკების ლიკვიდაცია, პოლიციური რეპრესიების ოსტატი იყო. მისი დასახელება გარდაქმნის ან საბჭოთა წყობაზე უარის თქმის პირველ მერცხლად, მაინც არ ღირს, მაგრამ ცხადია, რომ ის ცხოვრებისადმი პრაგმატული მიდგომით გამოირჩეოდა. ყველა შემთხვევაში, ბერია დაიღუპა ისე, რომ რეჟიმში ვერაფრის შეცვლა ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ამ რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო. მაგრამ მისი ბედისწერაც, ისევე როგორც ვილჰელმის და პოტიომკინის ცხოვრება, იმაზე მეტყველებს, რომ ტირანებსაც შეიძლება გააჩნდეთ თავისუფლების ნოსტალგია.


foreignpress.ge