ტყეში გატყუებული ნოდარ დუმბაძე

ტყეში გატყუებული ნოდარ დუმბაძე

დღეს კვირაა და ტრადიციულად ქართველი ხელოვანების მორიგ სახალისო მოგონებებს წარმოგიდგენთ. ამ პროფესიის ადამიანებს ხშირად არაორდინალურ მდგომარეობაში უხდებათ მოხვედრა. ზოგჯერ ეს სიტუაციები საკმაოდ მწარეა, მაგრამ გადის დრო და ტკბილ მოგონებათა რანგში გადადის. ამჟამინდელ თაობას წარსულის თანამემამულე მწერლებსა და ხელოვანებზე ნაკლები ინფორმაციები გააჩნია. იმედია ჩემს საკვირაო „ისტორიებს“ ახალგაზრდა თანამემამულეებიც ეცნობიან და ამ ღირსეულ ადამიანებზე გარკვეული შთაბეჭდილებაც ექმნებათ. სამწუხაროდ მრავალი მათგანი დღეს ჩვენს გვერდით აღარ არის, არადა მათი გამოცდილება და ცოდნა დღევანდელ თაობებს როგორ წაადგებოდა.

დღევანდელი მოგონებების პირველი სტუმარი ცნობილი მომღერალი გია ჭირაქაძე იქნება. ალბათ გახსოვთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პირველი ხმაურიანი პრეს-კონფერენცია და მავანი და მავანი ჟურნალისტის მიერ მისთვის პინგვინებზე დასმული შეკითხვა. გაგიკვირდებათ და თავის დროზე ამ უწყინარ ფრინველებთან „ახლო ურთიერთობა“ გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძესაც ჰქონია. სიტყვას ბატონ გიას გადავცემ.

„ერთხელ, ხუთი-ექვსი ბიჭი შევიკრიბეთ სუფრასთან და ბიძინა კვერნაძე დავნიშნეთ თამადად. დალევის და ქეიფის ეშხში რომ შევედით, უცბად ბიძინა წამოდგა და თქვა, მაპატიეთ, კონსერვატორიაში პინგვინები მელოდებიან, ლექცია მაქვს ჩასატარებელი, მეჩქარება და უნდა გავიდეო. დაგვაინტერესა და ვკითხეთ: თუ კაცი ხარ აგვიხსენი, როგორ ასწავლი მაგ შენ პინგვინებს მუსიკის წერასო. გაეცინა და გვიპასუხა: კლავიატურას ვაჩვენებ, მერე ვეუბნები, აბა ჩემო პინგვინებო, დაუყევით მარჯვნიდან მარცხნივ კლავიშებს, მერე პირიქით და ბოლოს „ტოჩკაში“ მოარტყით. მუსიკაც დაიწერება. აბა სხვანაირად როგორ ავუხსნა, კონსერვატორიაში კი შემოძვრნენ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს „პინგვინები“ არიან, მეტი რა მოვთხოვოო“.

გია ჭირაქაძე ბატონ ნოდარ დუმბაძესაც გაიხსენებს და ერთ საინტერესო შემთხვევას მოგვიყვება.

„მწერალთა კავშირში მუშაობდა ერთი კაცი. თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. დაბადების დღეზე, მშობლებმა რაიონიდან გამოუგზავნეს გამზადებული პურმარილი. იფიქრა ამ კაცმა, ნაქირავებ, პატარა სახლში ვერ დავტევ სტუმრებსო და გადაწყვიტა ქალაქგარეთ, ბუნებაში დაეპატიჟებინა კოლეგები. მოკლედ, წავიდნენ, მდელოზე გაშალეს სუფრა და ჩამოსხდნენ. იქვე გადიოდა მატარებლის ლიანდაგიც. თავად იუბილარმა თამადად ნოდარ დუმბაძე დანიშნა. ნოდარმა აიღო ღვინით სავსე ჭიქა და დაიწყო: ამ ჭიქით, მე მინდა... და უცბად, მატარებელმა გაიგრიხინა. ნოდარის ხმა გადაფარა. დაიცადა ნოდარმა სანამ მატარებელმა გაიარა, ისევ ასწია ჭიქა და რომ დაიწყო: ამ ჭიქით მე მინდა, ვადღეგრძელოო... ისევ ჩამოიგრიხინა მატარებელმა, ოღონდ საპირისპიროდ მომავალმა. მესამედ რომ აიღო ჭიქა და შორიდან გაიგო მატარებლის ხმა, მიუბრუნდა იუბილარს და უთხრა: რა დაგიშავე, შე, კაი ადამიანო, კაცია მუნჯაძესავით რომ გამომიტყუე ამ ტყეში და „რეიცაზე“ დამადებინე თავიო“.

ერთ დღეს მსახიობებმა აბესალომ ლორიამ, გივი ბერიკაშვილმა და მოქანდაკე თემურ ჭყონიამ წავკისში ქეიფი გადაწყვიტეს. „ქალები“ ჭყონიას უნდა ამოეყვანა, სუფრა კი მსახიობთა წყვილს გაეწყო. ამ სახალისო ამბავს მსახიობი მამუკა ლორია „გაგვახსენებს“.

„მამაჩემის – აბესალომის უახლოესი ძმაკაცები იყვნენ მსახიობი გივი ბერიკაშვილი და მოქანდაკე თემურ ჭყონია. თემურს წავკისში სახლი ჰქონდა. გივი და აბესა იქ იყვნენ. თემურმა თბილისიდან დაურეკა მეგობრებს: ნაშები გავჩითე ჯიგრებო და აბა, თქვენ იცით, დატრიალდით, სუფრა გააწყვეთ, ერთ საათში მანდ ვართო. გაიქცნენ გივი და აბესა მაღაზიაში, იყიდეს საუკეთესო სასმელ-საჭმელი, გაშალეს სუფრა ლამაზად, გამოიწკიპნენ და თან თემურს ლოცავენ: გაიხარე ძმაო, ცოტა ჩვენც გავგულავდეთ, მოვიწყოთ შვებულება, ჩვენც დავისვენოთო. ელოდებიან, მაგრამ როგორ ელოდებიან და... უცებ იღება ჭიშკარი, შემოდის თემურის მანქანა და ფანჯრიდან იჭყიტებიან ამათი ცოლები. დააღეს პირები გივიმ და აბესამ. გაიყვანეს ძმაკაცი გვერდით და უთხრეს: ჩვენ ნაშებს ველოდებოდით და ცოლები რად გვინდოდაო. თემური დიდი ენაკვიმატი ვინმე იყო და უპასუხა: რა ვქნა, ჯიგრებო, ამათზე მაგარი ნაშები ვერ ავყარე და ისევ ამათ დავჯერდეთო“.

ერთხელ ბატონი ჯემალ ღაღანიძე რუსთაველის თეატრთან ერთად შორეულ მექსიკაში აღმოჩნდა. ქალაქ მეხიკოში მსახიობებს „კავკასიური ცარცის წრე“ უნდა ეთამაშათ. ქვემოთ მოყვანილი დაუჯერებელი ამბავი ქართველებს ამ ქვეყანაში შეემთხვათ. ბატონი ჯემალი ამ „ისტორიას“ ჩვეული იუმორით მოგვიყვება.

„კავკასიურ ცარცის წრეს“ ვთამაშობდით მეხიკოში. მიშიკოს როლზე პატარა ბიჭი გვყავდა, მაგრამ კომუნისტების დროს, უცხოეთში არ შეიძლებოდა არასრულწლოვანი მსახიობის გაყვანა. სადაც მივდიოდით, იქ ვიყვანდით ამ როლზე ბავშვს. რეპეტიციას ამ ბავშვისთვის გავდიოდით ხოლმე უცხოეთში, რომ სცოდნოდა – რა ეთამაშა, როდის რა ექნა და სცენაზე როგორ მოქცეულიყო. მეხიკოშიც, თეატრის მენეჯერმა უთხრა რობიკო სტურუას, წავალ და ისეთ ბიჭს მოვიყვან, ამ როლზე რომ გამოგადგებათო.

გავიხედეთ, მოჰყავს, მაღალი, ზანგი მიშიკო. გადავირიეთ, შევიცხადეთ: რა არის კაცო ეს, ჩვენი მიშიკო თეთრია, ეს შავი, აყლაყუდა ზანგი რად გვინდაო. მენეჯერი მიუბრუნდა რობიკოს და უთხრა: ბატონო რობერტ, ამის მამა გვაფინანსებს და ძალიან გთხოვთ, ერთ სპექტაკლში ათამაშეთ, რა მოხდება, ქვეყანა ხომ არ დაიქცევაო. ჯანდაბასო იფიქრა რობიკომ და გავიარეთ რეპეტიციები. სპექტაკლში, იზა გიგოშვილი თამაშობდა მიშიკოს დედის როლს. ერთი სიტყვით, დაიწყო სპექტაკლი, ვართ როლებში შეჭრილი, იზა გართხმულია სცენაზე, რამაზ ჩხიკვაძე ეუბნება მიშიკოს, მიდი, დედაშენთანო. ისიც უნდა გაქცეულიყო განცდით და ზემოდან მოხვეოდა ძირს გართხმულ დედას. გავიხედეთ, მივარდა ის ზანგი და ზემოდან მოაჯდა იზას.

გავშრით, ვერ მივხვდით რა გვექნა და უცებ, რამაზ ჩხიკვაძემ ატეხა ყვირილი: ეს რა გვიქნეს კაცო, ამ უცხო მხარეში, მსახიობი არ გაგვიბახესო?! ვეცით რამაზს: გაჩუმდი კაცო, დარბაზში ვინმე ჯიგიტი თბილისელი არ იჯდეს, ამ შუაგულ მეხიკოში ნუ ჩაადენინებ ზანგის ცოდვასო.

მსახიობებს ბიჭიკო ჩხეიძესა და ბუხუტი ზაქარიაძეს ერთხელ ქეიფი მოუნდათ და ქართულ სუფრაზე ახალი „ტრადიციაც“ დანერგეს. სიტყვას კვლავ ჯემალ ღაღანიძეს გადავცემ.

„თბილისში, იპოდრომზე იყო განთქმული სასადილო. უგემრიელეს საჭმელებს ამზადებდნენ. ერთხელ, ბიჭიკო ჩხეიძემ და ბუხუტი ზაქარიაძემ, რეპეტიციის შემდეგ, საღამოს, მთხოვეს: მოქოქე ჯემალ მანქანა, წავიდეთ სასადილოში, იპოდრომზე და ერთი მაგრად ჩავუქეიფოთო. მივედით თუ არა, ბიჭიკომ და ბუხუტიმ შეყვეს თავები სამზარეულოს „ფორთოჩკაში“ და მზარეულს უთხრეს: მოგვეცი ერთი ტაფა და ორი ქვაბიო. გადაირია მზარეული: თქვენ აქ საქეიფოდ მოხვედით თუ ჯამ-ჭურჭლის სანახავად, რად გინდათო? ჩაეცინათ: მოიტა და ჩვენ ვიცით, რასაც ვიზამთ, თან სუფრა გაშალეთ, ოღონდ ჭიქები არ დადგათ მაგიდაზეო. გაშალეს სუფრა და თან ქვაბი და ტაფა მოაყოლეს. ადგა ბუხუტი, ჩაასხა ტაფაში ღვინო, თქვა სადღეგრძელო, დალია და დაჯდა. ადგა ბიჭიკო, ჩაასხა ქვაბში ღვინო, მანაც თქვა სადღეგრძელო, მოიყუდა ქვაბი, გამოცალა და დაჯდა. მზარეული გადაირია: ამ ხნის კაცი ვარ და ასეთი რამ არსად მინახავს, ეს ქართველები რას არ მოიგონებთ, კაცო, აქამდე ვიცოდი, რომ ქვაბში საჭმელი უნდა გამეკეთებინა და ეს მსახიობები რა უცნაური ვინმეები ხართ, დროზე დაასხით და დალიეთ, სანამ მშიერი დამრჩა სტუმრებიო“.

საკუთარ მოგონებებში ბატონი ჯემალი იპოლიტე ხვიჩიასაც იხსენებს...

„იპოლიტე ხვიჩია წუწუნებდა ხოლმე: ეს რა დღეში ჩავვარდი, პანაშვიდზე ვეღარ მივსულვარ, რომ დამინახავენ, ჭირისუფალიც კი სიცილით იგუდება, ამიტომ, თავს ვარიდებ იქ მისვლას, რომ პროცესი არ ჩავშალოო; ერთხელაც, „ფეოლას“ გადაღებების დროს, ერთ-ერთი ბავშვის მშობელი მოვიდა და იპოლიტეს სთხოვა, ბაბუა მომიკვდა და ძალიან გთხოვთ, დამდეთ პატივი, მობრძანდით პანაშვიდზე და დამაფასეთო. მოკლედ, დაპატიჟა ბაბუის პანაშვიდზე. გამოგვიგზავნა მთელს გადამღებ ჯგუფს პატარა „პაზიკი“ ავტობუსი, ჩავსხედით და მივედით. იპოლიტემ უთხრა მძღოლს: თუ ძმა ხარ, მთლად კარებამდე ნუ მიგვიყვან, ცოტა შორს გააჩერე ავტობუსი, რომ „ვენოკით“ ხელში ფეხით გავიაროთ და როგორც საჭიროა, ისე მივაგოთ ცხონებულს პატივიო.

მოკლედ, დაგვალაგა იპოლიტემ სიმაღლისდა მიხედვით. მერე ისე შემოგვაბრუნა, რომ დაბლები წინ წასულიყვნენ და რასაკვირველია, წინ თავად მოექცა. შევედით ეზოში და ატყდა ფხუკუნი. ხალხი ხელს იშვერს იპოლიტესკენ და იგუდებიან სიცილით. არ შევიმჩნიეთ, დავიყენეთ სამგლოვიარო სახეები და ავუყევით კიბეს. შედგა თუ არა ოთახში იპოლიტემ ფეხი და იყვირა ჭირისუფალმა: დედა, ეს ვინ მოვიდა, იპოლიტე შენ შემოგევლე... სევასტი ადექი, ასე უნდა სტუმრის დახვედრა, შე უნამუსო? ის მაინც არ გახსოვს „ბურთი და მოედანი“ ტრუსიკში რომ დარბის?... ატყდა ხორხოცი. ერთი კი გავიფიქრე, ნეტა, ხომ არ გვაშაყირებენ და სცენა ხომ არ დადგეს-მეთქი, მაგრამ მიცვალებული ისე იწვა, არ განძრეულა.

მერე ვშაყირობდით: ეს რა ჩაიდინე, იპოლიტე, ის მიცვალებული პატიოსნად იწვა და შენ რომ შეხვედი და გავხედეთ, არ იცინოდა? როგორ ჩაშალე პანაშვიდიო. ამის შემდეგ, იპოლიტეს ფეხი პანაშვიდზე არ ყოფილა“.