მიხეილ მესხი და КГБ-ს ოფიცრის ხიზილალა

მიხეილ მესხი და КГБ-ს ოფიცრის ხიზილალა

ქართველები თავისებური წეს-ჩვეულების მატარებელი ხალხი ვართ და უცხოეთში ყოფნისას, სხვადასხვა თავშესაქცევ ისტორიებში ხშირად ვვარდებით.

დღევანდელ „სახალისო“ წერილში რამდენიმე ათეული წლის წინ დავბრუნდები და თანამემამულე სპორტსმენების საზღვარგარეთულ „დასამახსოვრებელ შემთხვევებს“ გავიხსენებ.

ჩვენი მოგონებების პირველი სტუმარი ვეტერანი ფალავანი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ჯუმბერ დავლიანიძე იქნება. არ დაიჯერებთ და ერთხელ აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში ქართველმა მოჭიდავეებმა ამერიკელ პოლიციელებთან ერთად იქეიფეს. ალბათ უმჯობესი იქნება თუ ამ შემთხვევას თავად ბატონი ჯუმბერი მოგვიყვება.

„1974 წელია. მსოფლიო თასის ასპარეზობაზე ვართ ნიუ-იორკში. შეჯიბრი წარმატებით დავამთავრეთ და უნდა გამოვფრინდეთ საქართველოში. უამინდობის გამო რეისი სამი დღით გადაიდო. ვყურყუტებთ ნიუ-იორკის აეროპორტში.

ღვთის წყალობით, აქედან წაღებული არაყ-კონიაკი ბლომად გვაქვს და შევექცევით ნება-ნება. ქართული წესია და, ერთმა ჩვენგანმა იქაურებისთვის თვალით უნახავი და ძნელად აღსაქმელი რამ ჩაიდინა: დასალევად აეროპორტის ამერიკელი პოლიციელები არ მოიწვია?! ისინიც, ცოტათი კი გაიპრანჭნენ, მაგრამ, „არ გაგვწირეს“ და... ქართულ კონიაკს, მოგეხსენებათ, გამეორების „ჩვევა“ აქვს – თითო ჭიქას ორი მოჰყვა, ორი და ორი კი ამერიკაშიც ოთხია და, გაუოთხდათ მორიგეობა საწყლებს. საბჭოთა კავშირში ჰყავდათ მილიციელების უფროსი და, რა გასაკვირია, ამერიკელ პოლიციელებსაც ჰყოლოდათ? მაგრად გააძრეს ტყავი დისციპლინის დარღვევისთვის. ჩვენც... დაგვიმოწმეს და, უხერხულობა რომ გაეფანტათ, ისევ ოკეანისიქითა ეშმაკობა იხმარეს – ყველა საბჭოთა მოჭიდავეს ამერიკული „პოლიციელის საპატიო სიგელები“ დაგვირიგეს სიცილ-ხარხარში.“

ქართველმა ფალავნებმა თავი შორეულ იაპონიაშიც ისახელეს და ადგილობრივებს „იაპონიის საპატიო მეხანძრის“ სიგელები გამოსტყუეს. სიტყვას კვლავ ბატონ ჯუმბერს გადავცემ.

„1968 წელს იაპონიაში გახლდით, რა თქმა უნდა – საასპარეზოდ. ტოკიოდან 200 კილომეტრით დაშორებულ ქალაქში მივემგზავრებით ავტობუსით. ტრიალი მინდორია და უცბად გამოჩნდა ერთი პაწაწინა შენობა, რომელსაც უზარმაზარი, ტყვიისფერი ბოლი ასდის.

– ხანძარი! – თქვა ვიღაცამ.

კვამლი რომ უცეცხლოდ არაა, ჩვენთან იციან და იაპონიაში ხომ – მით უმეტეს. ახლა, ჩვენ რა გული გაგვიძლებდა? მივაყენეთ ავტობუსი და გადმოვედით ამდენი მოჭიდავე. დავატრიალეთ მუსკულები და ვცდილობთ ცეცხლის ჩაქრობას, ერთმანეთს ვასწრებთ ბელტების სროლაში. ზოგი სულსაც უბერავდა – იქნებ ჩაქრესო, მაგრამ უარესად გაძლიერდა ცეცხლი. ცოტა ხანში ერთი ჩია იაპონელი მოგვიახლოვდა – რას შვრებით, რას შვრებითო? მაგისთვის გვეცალა?! ისევ ვუტევთ ცეცხლს. ამ იაპონელს სხვებიც წამოეშველნენ და ხელების გაკავება არ დაგვიწყეს? მთლად გადავირიეთ...

თურმე, სპეციალურად წაუკიდებიათ ცეცხლი იმ შენობისთვის, რომ მის ადგილზე ახალი აეშენებინათ – ყველაფერი რომ გაირკვა, ადგნენ და ყველა საბჭოთა მოჭიდავე „იაპონიის საპატიო მეხანძრის“ სიგელებით დაგვაჯილდოვეს...“

შემდეგი „საზღვარგარეთული“ მოგონება ვეტერან კალათბურთელ ვალერი ლომაძეს ეკუთვნის.

„თბილისის „დინამოში“ ორი ლეჟავა თამაშობდა: ანზორ ლეჟავა და ილო ლეჟავა. ორივენი ძალიან საყვარელი და სასახელო კოლეგები გახლდნენ.

უცხოეთში ვართ. ვიპოვეთ ქუჩაში ორი აგური. შევფუთეთ ცელოფნებში და ინკოგნიტოდ ჩავდეთ ჩემოდანში, ველით შედეგს. თბილისში  მოვფრინავთ გამარჯვებულები და კმაყოფილები. ყველას გვეგულება ჩემოდნებში „რაღაც-რუღაცეები“, რითაც თბილისელ ახლობლებს გავახარებთ.

– ანზორ, – ყურში უჩურჩულა ერთმა ჩვენგანმა ტანმაღალ კალათბურთელს, – იცი, რა ხდება?

– რა?

ანზორი სასეიროს მოლოდინშია.

– ილოს, არ გაგვამხილო და ორი აგური ჩავუდეთ ჩემოდანში.

ამის თქმა და ანზორის გადაფიჩინება ერთი იყო... იცინის, იცინის, კვდება სიცილით. გადახედავს ანზორი – ილუმინატორთან მშვიდად მჯდომ ილოს და წასკდება სიცილი.

ჩამოვფრინდით თბილისში. მიდის ანზორი სახლში და ცოლ-შვილს უამბობს, თუ როგორ გადაირევა შინ მისული ილო, როცა ხელში აგურები შერჩება.

სახლში დამხვდურებიც ქანცგაწყვეტამდე იცინიან.

– შენ რა ჩამოგვიტანე? – შეიშრეს როგორც იქნა სიცილის ცრემლები დამხვდურებმა.

ანზორი მომენტს „წელავს“. მერე ტკაცუნით ხსნის ჩემოდანს:

– ოლე! და... ორი აგური ხვდება ხელში. კაცს სიცილი სახეზე ეყინება.

– ოოხ, მე თქვენი! როგორ გამაცუცურაკეთ, თქვე შტერებო!“

დღევანდელ „უცხოურ-სპორტულ მოგონებებს“ ჩვენი „მხიარული“  რუბრიკის ხშირი სტუმარი, თბილისის „დინამოს“ ყოფილი მოთამაშე ჯემალ ზეინკლიშვილი დაასრულებს. 1959 წელს თბილისური გუნდი ამხანაგური შეხვედრების ჩასატარებლად საფრანგეთსა და ბელგიაში იმყოფებოდა.

უცხო ქვეყანაში ქართველ მოთამაშეებს თან უშიშროების ერთ-ერთი თანამშრომელი ახლდათ. მიხეილ მესხმა და ჯემალ ზეინკლიშვილმა ამ პიროვნებას ერთი დასამახსოვრებელი „ოინი“ გაუკეთეს.

„საფრანგეთში ერთი ქუთაისელი დიდცხვირა უშიშროების ოფიცერი გამოგვაყოლეს, რომელსაც ყველა პლატონიჩს ეძახდა. მიშა მესხი მეუბნება – ჯემალ, ამდენი ხიზილალა, რაც პლატონიჩმა წამოიღო, არასდროს მინახია, თანაც, რამდენიმე ყუთი წითელი ღვინოც აქვსო!

მოვიფიქრე გეგმა და მიშას გავანდე: შევდივარ პლატონიჩთან ღვინის ბოთლით, კარგ ხასიათზე ვარ, დავუსხი, თითო ჭიქა ღვინო დავლიეთ და ვეუბნები, პლატონიჩ, ხიზილალა მქონდა წამოღებული და გავყიდე, იმდენი ფული მომცეს, სად წავიღო არ ვიცი-მეთქი. პლატონიჩს თვალები აენთო და ცხვირი გაუწითლდა – ასე ემართებოდა როცა ნერვიულობდა. ჯემალ, მეც მაქვს წამოღებული ორი ჩემოდანი, თუ კაცი ხარ გამაყიდინე ხიზილალა და პატივს გცემო! მიშას თვალი ჩავუკარი და გეგმა ავამოქმედეთ: წავიღე ცოტა ხიზილალა, წავიყვანე ორივე და შევედი პირველივე მაღაზიაში, ჩვენი სასტუმროდან კილომეტრნახევარში. მიშა და პლატონიჩი კი "ატანდაზე" დავტოვე.

წარმოიდგინეთ, რა სასაცილო იყო – მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი და დიდცხვირა კაგებეშნიკი ერთად რომ იდგნენ ატანდაზე!!! შევიკავე სიცილი და შევედი მაღაზიაში – ზერელედ ვათვალიერებ ყველაფერს, გამყიდვლები გაკვირვებული მიყურებენ, იღლიაში რა აქვსო? ნელ-ნელა მივედი კარებთან და ისეთი მოვცოცხე, თვალი ვერავინ მკიდა. ჩავუქროლე პლატონიჩს და მიშას: არიქათ უშიშროება მოგვდევს-მეთქი! გამოიქცა ორივე, წინ მიშა და უკან პლატონიჩი!!!

საოცარი სცენა იყო: მირბის მესხი და უკან ქშენით დიდცხვირიანი უშიშროების ოფიცერი!!! გამწარებულმა კინაღამ მიშას გაასწრო სირბილში!!! გეგმის მიხედვით მიშა სასტუმროში შევარდა, პლატონიჩი მიჰყვა, მე კი ვითომ უშიშროება გავიყოლე, ვირბინე ერთი ხუთი წუთი კიდევ, წყალი შევისხი, ვითომ ძალიან დავიღალე და ოფლიანი ვარ, საპნით ავიქაფე და ჩუმად შევიძურწე სასტუმროში.

წამოღებული ხიზილალა ბუნებრივია ჩუმად ჩემს და მიშას ოთახში შევიტანე. მივადექი პლატონიჩის ოთახს, ძლივს გამიღო, შევიპარე და ვეუბნები – ნუ გეშინია პლატონიჩ,კგბ კი დაგვეცა, მაგრამ ერთი საათი ვირბინე, ხიზილალა გადავაგდე და გზა-კვალი ისე ავურიე, ვერაფრით მოგვაგნებენ-თქო! პლატონიჩი მეუბნება, ჯემალ შენ გენაცვალე, რაკიღა უშიშროებას გადამარჩინე, ვინ დაეძებს ხიზილალას, აგერ რამდენი მაქვსო! შემოიყვანე მიშა და ვიქეიფოთ ჩვენი გადარჩენისაო! მოკლედ, მე და მიშა მესხს ღვინო და ხიზილალა არ დაგვკლებია ტურნირის ბოლომდე.

ამის მერე გავიდა 10 წელი, ფეხბურთს თავი დავანებე, და ერთხელაც ქუთაისში მოვხვდი მაგარ პურმარილზე. ვხედავ, პლატონიჩი არ ზის? მოვითხოვე სიტყვა, ავედი სკამზე და მოვყევი ათი წლის წინანდელი ისტორია... პლატონიჩს ცხვირი გაუწითლდა, იარაღს ხელი დაავლო და გამომეკიდა მოსაკლავად! ძლივს დააწყნარეს... შენ ჯემალ ზეინკლიშვილი არ იყო, ცოცხალი ვერ გადამირჩებოდიო!“