ლია მუხაშავრია: “მთავრობაში, ეტყობა, ძალიან დახარბებული ხალხი მოვიყვანეთ!”

ლია მუხაშავრია: “მთავრობაში, ეტყობა, ძალიან დახარბებული ხალხი მოვიყვანეთ!”

მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია ჯერჯერობით აღარ შეიქმნება. “მიუხედავად იმისა, რომ კომისიის შექმნის იდეას არავინ ეწინააღმდეგება, მთავრობამ მიიჩნია, რომ ის შედეგი, რაც კომისიის შექმნამ შეიძლება, ქვეყანას ფინანსური და ეკონომიკური თვალსაზრისით მოუტანოს, ფრთხილადაა გასათვლელი - თუკი ადამიანი გამართლებულად იქნება მიჩნეული, მატერიალური მოთხოვნის დაყენების უფლება გაუჩნდება. ამისთვის კი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა მზად არაა”, - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი... რამდენად სწორია ეს მიდგომა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, “ოცნება”, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, აქცენტს სწორედ სამართლიანობის აღდგენაზე აკეთებდა? “ქართული სიტყვა” არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელ ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

- ქალბატონო ლია, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნაზე უარის თქმით ხელისუფლებამ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო?

 

- არა, ამით სამართლიანობის აღდგენის უგულვებელყოფა მოხდა, რაც ცხადია, ცუდია. კანონი სამართლიანობას უზრუნველყოფს და იმას გულისხმობს, რომ თუ ვინმეს უფლება დაირღვა, უნდა აღდგეს; სასამართლო და ქვეყნის საკანონმდებლო სისტემა ისე უნდა მოეწყოს, რომ სამართლიანობის აღდგენა ქვეყნის შიგნით მოხდეს. ეს მხოლოდ ჩვენი სურვილი არაა - საუბარია საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებზე. უკაცრავად და, თუკი ხელისუფლებას თავისი მოქალაქეები, რომლებსაც ფუნდამენტური უფლებები აქვთ დარღვეული, ფეხებზე ჰკიდია, იმის რიდი მაინც უნდა ჰქონდეს, რომ საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს. ეს საკითხი განსაკუთრებით საჭირბოროტო იმიტომაა, რომ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც გახდნენ წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლნი და მათი დარღვეული უფლებების აღუდგენლობა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ძალიან სერიოზულ ზიანს მიაყენებს. მით უმეტეს, მაშინ, როცა ვილნიუსის სამიტზე ჩვენებმა თავი მოიწონეს, ევროპაში შესვლა უკრაინაზე ძალიან გვინდაო. თუ ამ ორ საკითხს ერთმანეთის გვერდი-გვერდ განვიხილავთ, სრულიად აბსურდულ სიტუაციას მივიღებთ.

მოკლედ, მთავრობის განცხადება, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია აღარ შეიქმნებაო, სავსებით საკმარისია, რომ მთავრობის გადადგომა მოვითხოვოთ!

- ანუ, საპროტესტო აქციები უნდა დაიწყოს?

- ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე ციხეში სრულიად უკანონოდ მოხვდნენ, დაკარგეს ქონება, ოჯახის წევრები, შეერყათ ჯანმრთელობა და დაუზიანდათ ფსიქიკა, თუ ეტყვი, რომ მათი უკანონო განაჩენები აღარ გადაისინჯება,  როგორ ფიქრობთ, ამაზე რეაქცია არ ექნებათ? როცა ასეთ თავხედურ გადაწყვეტილებას იღებს, ხელისუფლება ამ ადამიანებს სხვა გამოსავალს აღარ უტოვებს!

- ქალბატონო ლია, საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ქვეყანას სანქციები ელის?

- დაიწერება ანგარიშები, სადაც ეს ფაქტი იქნება ნახსენები. საერთოდ, დემოკრატიის ხარისხსა და საერთაშორისო იმიჯს ქვეყნის შიგნით ადამიანის უფლებების მდგომარეობა განსაზღვრავს. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, უკან წავალთ. თუკი ხელისუფლებას ჰგონია, რომ ყველას თვალში ნაცარს შეგვაყრის და თავისას მაინც გაიტანს, ძალიან ცდება. აგვარჩევინეს პარლამენტი, პრეზიდენტი და ახლა შეუძლია, უარი თქვას თავის დაპირებაზე, მერე, ეს შერჩეთ და საზოგადოება ამაზე პასუხს არ მოსთხოვს?! - თუ, მართლაც, ასე მოხდა, ჩათვალეთ, რომ ამის ღირსები ვყოფილვართ.

- სხვათა შორის, ახალმა ხელისუფლებამ 200-მდე ადამიანი პოლიტპატიმრად აღიარა. ამ ფონზე ზემოხსენებული კომისიის არშექმნას რითი ხსნით?

- საპრეზიდენტო არჩევნების წინ მაღალი რანგის პოლიტიკოსები გვეუბნებოდნენ, სამართლიანობის აღდგენას კოჰაბიტაციის გამო ვერ ვახერხებთ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი, დაწყევლილ კოჰაბიტაციას წერტილი დაესმებაო. გამოდის, რომ ტყუოდნენ! მოვლენები სასიკეთოდ აღარ განვითარდება, რადგან შემოთავაზებული იდეა - მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია - დაწუნებულია. ისე, ამ კომისიის შექმნა სრულყოფილად  ისედაც არ მიმაჩნდა, მაგრამ “ყვავს კაკალი გააგდებინეს” პრინციპიდან გამომდინარე, ვამბობდი, ჯანდაბას, რაღაც მაინც გააკეთონ - დაზარალებული ხალხის რეაბილიტაცია თუ სრულიად არ მოხდება, სამართლიანობა ნაწილობრივ მაინც აღდგეს-მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველას პირწმინდად უარს ეუბნებიან, რაც სრულიად მოუთმენელ მდგომარეობაში გვაყენებს.

- იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის წინააღმდეგნი არ ვართ, მაგრამ ის დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს, რისი საშუალებაც ბიუჯეტს არ აქვს და კომისიის შექმნაზე უარს ამიტომ ვამბობთო...

- ეს ყველაზე უსუსური დასაბუთებაა. უფრო გონივრული მიზეზი რომ დაესახელებინა, კარგი იქნებოდა. მართლაც, შეურაცხმყოფელია, როცა ასეთ „ძღინკიან“ დასაბუთებას გვთავაზობენ. ბიუჯეტიდან თანხების გადახდამდე უზარმაზარი გზაა გასავლელი - ასიათასობით განაჩენი და სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებაა გადასასინჯი. ამასთან, გასარკვევია, ვის რა ოდენობის, ზომის და ფორმის ზიანი მიადგა. გარწმუნებთ, რომ ზიანი არ იქნება საბიუჯეტო სახსრებიდან ასანაზღაურებელი. ამ კომპენსაციის გაცემა ისეც შეიძლებოდა, რომ ბიუჯეტს თეთრი არ  დააკლდებოდა.

- რას გულისხმობთ?

- მას, ვინც სხვას ქონება უკანონოდ წაართვა, ამ ქონებას ჩამოართმევდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმა არ უნდა.

- მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის არშექმნაზე პასუხისმგებლობა კონკრეტულად ვის ეკისრება?

- მთელ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას - კანონის არმიღება პარლამენტის ბრალია, პროცესის არდაწყება კი, - მთავრობის.

- არსებობს ალბათობა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალოს?

- ხელისუფლებამ ხალხი უალტერნატივო პერსპექტივის წინაშე დატოვა. ჩვენ კი, ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, თავისი დანაპირები ან შეასრულოს, ან წავიდეს და ადგილი მას დაუთმოს, ვინც ამ ამოცანას შეეჭიდება. ხელისუფლებასთან, რომელიც თავს არ იწუხებს და არ სურს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყოს, ლაპარაკი დამთავრებულია!

- აქამდე სამართლიანობის აღდგენის გაჭიანურებას ყოფილ მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს აბრალებდნენ, ანუ ჯოხი მასზე გადატეხეს?

- არჩილ კბილაშვილს პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან თავი არ დაუძვრენია და გადადგა. ახალი მთავარი პროკურორი გვყავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხელისუფლება გვეუბნება, რომ სამართლიანობის აღდგენას აპირებს. გამოდის, რომ კბილაშვილი არაფერ შუაში ყოფილა. ის პატიოსანი კაცია, რომელიც კულუარებში ხელისუფლების განწყობას კარგად ხედავდა და თანამდებობა ამიტომაც დატოვა.

- ამბობენ, ახალი მთავარი პროკურორი დაჭერების ახალ სერიალს დაიწყებსო...

- დაჭერებზე იმდენად არ ვდარდობ, უფრო სამართლიანობის აღდგენის ეგიდით მოსული ადამიანები მაშინებენ, რომლებსაც უნდათ, წინა ხელისუფლების მიერ მითვისებულ-მიტაცებული უკანონო ქონება, პატრონის მაგივრად, თვითონ მიითვისონ. ამაში ალოგიკური არაფერია - მთავრობაში, ეტყობა, ძალიან დახარბებული ხალხი მოვიყვანეთ და ხელს მის გამდიდრებას ვუწყობთ! აქამდე რატომ არავის დაუბრუნეს წართმეული ქონება? - “ნაციონალების” მიერ გაკოტრებული ბიზნესმენებისთვის არაფერი შეცვლილა და დღემდე უიმედოდ ელოდება კუთვნილი ქონების დაბრუნებას.