კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისკენ, - ასე შეფასდა ვილნიუსში, ევროკავშირის სამიტზე, საქართველოს მხრიდან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. უკრაინამ კი, უფრო სწორად, უკრაინის ხელისუფლებამ კრემლის ზეწოლას ვერ გაუძლო და პარაფირებაზე უარი განაცხადა, რასაც კიევში უმართავი მოვლენები მოჰყვა. რა სიკეთეს და საფრთხეს მოუტანს საქართველოს ზემოხსენებული პარაფირება? - ,,ქართული სიტყვა” კავკასიის საკითხების ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა:
- მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ რთული სათქმელია, ეს ნაბიჯი საით გადაიდგა. ქვეყანას სერიოზული ვალდებულებები დაეკისრა და რისკებიც გაჩნდა.
- მაინც, რა სახის ვალდებულებებია?
- რა და, - ძალიან ბევრია გამოსასწორებელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუნდაც კანონმდებლობის თვალსაზრისით - 350 კანონია შესაცვლელი. ძალიან ბევრია ეკონომიკასა და ქვეყნის განვითარების ყველა სფეროში გასათვლელი. ამ ვალდებულებების შესრულება შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუკი საქართველოს ხელისუფლება, ხალხთან ერთად, დღე და ღამე იშრომებს და სტაბილურობას შეინარჩუნებს.
სხვათა შორის, ეს პრობლემები აქამდეც არსებობდა და პოლიტიკოსებმაც იცოდნენ, ან უნდა სცოდნოდათ, მაგრამ ჩვენ ხომ ,,პოლიტიკანობას” გადავყევით?! ისე, მთელი ცხრა წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ჩაგვჩინებდნენ, რომ ყველაფერს აკეთებდნენ ევროინტეგრაციის კურსის დასამკვიდრებლად, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ ყველაფერი თავიდანაა გასაკეთებელი.
- ანუ, ცხრა წელი ამ კუთხით არაფერი გაკეთებულა?
- რაღაც-რაღაცები გაკეთდა, მაგრამ არა - იმ მოცულობითა და ტემპით, რასაც ევროპა ჩვენგან მოითხოვდა.
- “ნაციონალური” მმართველობის წლებში, ხელისუფლებისგან ხშირად გვესმოდა, მაპ-სა და მაპ-ზე უკეთესს მივიღებთო. პარაფირებაც ასეთი ყალბი პათოსის ხომ არაა? ბოლოს და ბოლოს, რას მოუტანს პარაფირება ჩვენს ეკონომიკას?
- პარაფირება, ცალკე აღებული, მართლაც, მნიშვნელოვანია, თუმცა არ შემიძლია, ზოგიერთი პოლიტიკოსის ზღვარგადასული აღტაცება გავიზიარო. ოპონენტებს შემიძლია, მხოლოდ ვუთხრა, რომ ოცი წლის განმავლობაში ამაზე უფრო იოლი რეფორმები ვერ გავატარეთ, რადგან ჩვენი პოლიტიკური კულტურა და ცნობიერება დაბალია. დიდი გზა გვაქვს გასავლელი და მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის ფორმატი ხვალვე არ ამუშავდება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი უახლესი 4-5 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის ფეხზე დაყენებას შევძლებთ. სხვა შემთხვევაში, კატასტროფული დანაკარგი გვექნება - საქართველო იქნება ყველაფრის იმპორტირებელი ქვეყანა. მოვიყვან სლოვენიის მაგალითს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას წელში გამართული შეხვდა, რუმინეთი კი, დაქცეული შევიდა, დღესაც დაქცეულია და არაფერი ეშველა, ანუ საკუთარ თავს ვალდებულება დავუსახეთ - რამდენიმე წელში ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ და ევროკავშირისთვის მისაღები გავხადოთ. ამას შევძლებთ?
- რაც შეეხება ღია ევროპულ სივრცეს - სავიზო რეჟიმის გამარტივებას, ეს მისაღები და წინ გადადგმული ნაბიჯია?
- სავიზო რეჟიმის გამარტივება საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, სწავლის გასაგრძელებლად, ან სამკურნალოდ საზღვარი გამარტივებული წესით გადაკვეთონ, მაგრამ ამას, ჩემი აზრით, ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დღევანდელი საქართველოს ეკონომიკური პირობების მიხედვით, ეს საქართველოს მოსახლეობისგან დაცლას მოასწავებს. ისე, სავიზო რეჟიმის გამარტივება დღეს-ხვალ არ მოხდება და მას დრო სჭირდება.
- ბატონო მამუკა, ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ ვფიქრობ, აღსანიშნავია, რომ ჩვენზე ძლიერი ეკონომიკის მქონე უკრაინამ კრემლის ზეწოლას ვერ გაუძლო და ევროკავშირის შეთავაზებაზე უარი განაცხადა...
- უკრაინა ყოველთვის ჩვენზე ძლიერი იყო, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიულად დიდია, იქ მიმდინარე პროცესები ჩვენი სიტუაციისგან არაფრით განსხვავდება. უკრაინის სუსტი წერტილი აბსოლუტური ენერგოდამოკიდებულებაა რუსეთზე. ჩვენს წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლება სამხედრო ბერკეტებს იყენებს - საქართველოს ტერიტორიის ერთი ნაწილი ოკუპირებულია, სამაჩაბლოს სოფლებში ყოველდღე ღობე ივლება... ,,მცოცავი ანექსია” საქართველოს სახელმწიფოს თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია. Eმსოფლიო მასშტაბით კი, ჩვენი პრესტიჟი ილახება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემაში გამოჩნდა, რომ ევროპას ერთი პირი არ აქვს. ამერიკის შეერთებულ შტატებს უჭირს, მაგრამ რუსეთის შეკავება, გარკვეული ბერკეტებით, მაინც შეუძლია.E
- იმის თქმა გინდათ, რომ ევროპას რუსეთის წინააღმდეგ ბერკეტები არ აქვს?
- ევროპას შეუძლია, მაგალითად, გაყინოს რუსული ანგარიშები, რუს ჩინოვნიკებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალოს, მაგრამ საქართველოს გამო ამას არ გააკეთებს.
- აბა, რისი იმედი გვაქვს?
- მხოლოდ საკუთარი თავისა და გარკვეული პოლიტიკური ცვლილებების იმედზე უნდა ვიყოთ. ევროპული კურსი არჩეული გვაქვს, ყველაფერს უნდა გავუძლოთ და ექვს წელში ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ, თავი დავანებოთ პოლიტიკანობას, მით უმეტეს, რომ არ გამოგვდის და ქვეყნის მშენებლობაში ჩავერთოთ. მთავრობამ ამომრჩეველს, საქართველოს მოსახლეობას უნდა გააგებინოს, რაზე აწერს ხელს. ევროპის კარი შეიძლება, გაიღოს, მაგრამ დანგრეული ქვეყნისთვის ამას მნიშვნელობა არ ექნება. გარდა ამისა, უნდა გავაცნობიეროთ გეოპოლიტიკური ვითარება - რუსეთს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი საბაჟო და ევრაზიული კავშირის შექმნა და ამის რეალიზაციაზე უარს არ იტყვის. ამიტომ, თუ ევროპაში შესვლა გვინდა, დიდი წნეხისთვის შინაგანად მზად უნდა ვიყოთ!
- საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, არსებობს საფრთხე, გარკვეულმა ძალებმა ანტიევროპული საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება სცადონო...
- ეს საზოგადოებრივი აზრი უკვე ჩამოყალიბებულია. მიმაჩნია, რომ საჭიროა, ხელისუფლებასთან შეიქმნას პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც პლუს-მინუსებს დააჯამებს და საზოგადოების წინაშე წარსდგება.
- ანუ, ევროპის აუცილებლობა ობივატელს გააგებინოს, არა?
- რასაკვირველია. რუსეთთან ინტეგრირების მსურველთ არგუმენტი არ მაკმაყოფილებს, ასევე, ევროპასთან ინტეგრაციის მხარდამჭერები ვერ მპასუხობენ, რა უნდა ვუყოთ იმ საფრთხეებსა და რისკებს, რაც წარმოიშვება ევროინტეგრაციის შემთხვევებში. მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მიჭირს არჩევანის გაკეთება. როცა მავანი ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენით ტერიტორიებს დავიბრუნებთ, არ ამბობს, ვინ იძლევა ამის გარანტიას. ბელორუსის სახელმწიფო ინტეგრირებულია რუსეთთან, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ აწყობილი აქვს ეკონომიკა, ძალიან ცდება...
- ამასობაში, ,,მცოცავი ანექსია” გრძელდება..
- ,,მცოცავი ანექსია” მოცემულობაა და ვერაფერს ვუზამთ. მთავარია, ეს ანექსია ქვეყნის სიღრმეში, იქ, სადაც საზღვარი გადის, მაგალითად, ახალგორის რაიონის სოფელი ორჭოსანთან არ გაგრძელდეს... K
- რუსეთისგან, მაინც, რა საფრთხეებს უნდა ველოდოთ?
- ომს არ დააპირებს, მაგრამ ჯავახელი სომხებისა და ქართველების დაპირისპირებაზე მუშაობა დაწყებულია. ამის შესახებ ცალ-ცალკე მაცნობეს თბილისელმა, შემდეგ, - ჯავახელმა სომხებმა და ბოლოს, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთმა სომხურმა ორგანიზაციამ.
- და ეს რუსული სცენარია, არა?
- რასაკვირველია. მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, რუსები ჯავახელი სომხებისა და ქართველების დაპირისპირებას ცდილობდნენ, მაგრამ ერევნელმა სომხებმა მხარი არ დაუჭირეს, რადგან მათ, ეკონომიური თვალსაზრისით, ეს არ აწყობდათ. ამჯერად მეთოდოლოგია შეცვალეს და მხოლოდ ჯავახელი კი არა, არამედ, მთელ საქართველოში მცხოვრებ სომეხთან დაპირისპირებას გეგმავენ. ნიშანდობლივია, რომ ამის შესახებ თვითონ სომხებმა შემატყობინეს, რაც ერევნელი სომხებისთვის ყოვლად მიუღებელი თუნდაც იმის გამოა, რომ დაკარგავენ მომარაგების გზას - ფოთი-ერევნის მაგისტრალს. კრემლი სამეზობლოში სტრატეგიული ძალებით მუშაობს, ჩვენ კი, მხოლოდ უშიშროების სამსახურების იმედზე ვართ, რაც შედეგს არ მოიტანს.
- ბატონო მამუკა, რა ამის პასუხია და, ხომ არ იცით, სადაა მიხეილ სააკაშვილი?
- ვერ გეტყვით, ალბათ, - სადღაც ევროპაში. საინტერესო ინტერვიუ მისცა ,,ნიუ იორკ ტაიმსს”, სადაც ამბობს, მეშინია, არ დამიჭირონ, მაგრამ თუ ეს მოხდება, საქართველოს მთავრობას ევროპა საყვედურს ეტყვისო. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავი ევროპული ,,სახალხო პარტიის” ლიდერთა შორის ამოყოს, მაგრამ მანამდე კეზერაშვილის საქმეა მოსაგვარებელი, რომ ბევრი არ ილაპარაკოს.
- “ნაციონალები” ცდილობენ, ვანო მერაბიშვილი იულია ტიმოშენკოს რანგში აიყვანონ...
- მსოფლიოში უკვე ისეთი ტიპის ინფორმაციაა გავრცელებული, რომ მერაბიშვილთან მიმართებაში ტიმოშენკოს სცენარი გამორიცხულია. მსოფლიოს გასაგონად, ,,ნაციონალების” ერთგულმა ამერიკელმა სენატორმა მაკკეინმაც კი განაცხადა, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” ბევრი შეცდომა დაუშვაო. ,,ჩატენჰაუსის” თბილისის ფილიალმაც სერიოზული დასკვნა გამოაქვეყნა და მიშას ხელისუფლება მიწასთან გაასწორა, რომლის ხერხემალიც მერაბიშვილი იყო. ვანო ტიმოშენკოს ბედს იმ შემთხვევაში გაიზიარებდა, შინაგან საქმეთა მინისტრი რომ არ ყოფილიყო. სხვათა შორის, ციხეში სწორედ ევროპელებისთვის მისაღები პერსონები სხედან - ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია ადამიანის უფლებათა დარღვევაში არიან დადანაშაულებულნი.