თურქული “დიდებული საუკუნის” პოლიტიკური ქვეტექსტები

თურქული “დიდებული საუკუნის” პოლიტიკური ქვეტექსტები

თითქმის სამი წელია, მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში თურქულ “დიდებულ საუკუნეს” უყურებენ. აქამდე ასეთი წარმატება ერთ ტელესერიალსაც არ ჰქონია. სულთან სულეიმან ბრწყინვალემ და უკრაინელმა ლამაზმანმა, მონა ალექსანდრამ ეკრანს მიაჯაჭვა მაყურებელი. მონაAალექსანდრა მუსულმანობას იღებს და სულთანი მას ახალ სახელს - ჰიურემს არქმევს. მამაცი და უკომპრომისო სლავი დიაცი ჰიურემი სწრაფად ერკვევა სიტუაციაში და ყველაფერს აკეთებს, რომ მიზანს მიღწიოს: მტრებს კერძში საწამლავს უსხამს, მეტოქის ოთახში ასპიტ გველს უშვებს და ა.შ., ერთი სიტყვით, სულთანის კარის სასიყვარულო და პოლიტიკური ინტრიგები იმდენად მიმზიდველია, რომ თვალს ვერ მოწყვეტ. 

ფილმი, მართლაც, დიდებული სანახავია - სიმდიდრე, კოსტიუმები, სამკაულები, სულთანის კარის ეტიკეტი და, რა თქმა უნდა, ულამაზესი მსახიობების პროფესიონალიზმი. ფილმის გამოსვლის შემდეგ, იუველირებმა გამოუშვეს სამკაულები სერიალიდან “დიდებული საუკუნე”, რომლებიც მთელ მსოფლიოში წარმატებით იყიდება.

ერთი სიტყვით, “დიდებულმა საუკუნემ” ისეთი დიდებული წარმატება მოიპოვა ევროპაში (და არა მარტო ევროპაში), რომ სულთან სულეიმანი რომ გაცოცხლდეს... ალბათ, პირველ რიგში, ჰალით ერგენჩს (სულეიმანის როლის შემსრულებელი) მოაჭრიდა თავს და მერე, - ყველა დანარჩენს.

რატომ? - აიტანდა კი ნახევარი ევროპის დამყრობელი დიდი სულთანი და ფადიშაჰი იმას, რომ რაც ხმლით ვერ მოიპოვა, ფილმმა გააკეთა?! - “დიდებული საუკუნის” სულეიმან ბრწყინვალემ მაყურებელს თავიც შეაყვარა და თურქეთიც. ისტორიულ სულეიმანს კი ვერ მაშინდელ ევროპაში ვერ იტანდნენ.  

სულთან სულეიმანის ზეობისას ევროპას მისი სახელის გაგონებაზე აკანკალებდა. ფილმში ხაზგასმულია დიდგვაროვანი ევროპელი ელჩები, რომლებიც შებოჭილები შეჰყავთ სულთანთან და დაჩოქილები, თავჩაღუნულები ასრულებენ თავის მისიას - ევროპელი მონარქების თხოვნას აუწყებენ მსოფლიო სულთანს (ასეც უწოდებდნენ სულეიმან ბრწყინვალეს).

სხვათა შორის, სულეიმან ბრწყინვალემ თავისი ორი ვაჟი გაგუდა, რადგან ამ უკანასკნელთ მის ტახტზე ეჭირათ თვალი. ერთს შვილები ჰყავდა და ისინიც მოაკვლევინა. შუა საუკუნეებში სისასტიკე ჩვეული მოვლენა იყო, მაგრამ “დიდი თურქობა” ევროპასა და საქართველოშიც მწარედ შემორჩა ისტორიულ მეხსიერებას.

მართლაც, დიდი ძალა აქვს ხელოვნებას - ნიჭიერად “გაკეთებულ” სისხლისმსმელ ტირანსაც კი ისეთი ესთეტიკით დაგანახებს, რომ საკუთარი ნებით დაუხრი თავს და მის წინაშე მუხლსაც მოიყრი. ასეც მოხდა: ევროპა “დიდებული საუკუნის” ფანი გახდა, მაგრამ თურქეთს ევროკავშირში ჯერ მაინც არ აწევრიანებენ.

 

ვინ არიან და საიდან მოდიან თურქები

სულეიმან ბრწყინვალით შთაგონებულმა ევროპელთა დიდმა უმრავლესობამ თურქეთის ისტორიის შესწავლა დაიწყო. არადა, თურქეთის ისტორია ისეა აბურდულ-დაბურდული, რომ არათუ უცხოელი, თურქიც კი ვერაფერს უგებს.

თურქეთის სახელმწიფო 1923 წელს, ოსმალეთის იმპერიის ლიკვიდაციის შემდეგ წარმოიშვა. მუსტაფა ქემალმა (ათათურქი) ყველა, ვინც ოსმალეთის იმპერიის საზღვრებში ცხოვრობდა, თურქად აღიარა. იგი თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი იყო და ქვეყანას ევროპული კურსი მისცა. მას ჰკითხეს, თუ საიდან წარმოიშვა თურქი ხალხი, მან უპასუხა: “სინამდვილეში, მონოლითური ერის წარმოშობის პროცესი ჯერაც მიმდინარეობს და მარცვალ-მარცვალ გროვდება სელჯუკთა ისტორია. გეოგრაფიული მდებარეობა დღესაც გრძელდება”.

დღევანდელი თურქეთის ისტორია მე-11 საუკუნის ბოლო ათწლეულებიდან იწყება. ისინი მოულოდნელად გაჩნდნენ იმ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, რომელზეც დღეს არიან. ახლახან გამოიცა საინტერესო მონოგრაფია - “სელჯუკები ხორასანზე მიდიან, ანუ საიდან მოვიდნენ თურქები” (ავტორი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვ. ზაპოროჟი). წიგნიდან, რომელიც ოსმალთა სახელმწიფოს წარმოქმნის პრეისტორიაზეა, რამდენიმე საინტერესო ეპიზოდს გთავაზობთ:  

თურქული ტომების სამშობლო აზიის ვრცელ სტეპებში იყო, რომელთაც სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკებები ჰქონდათ მონღოლებთან. ისტორიას არ შემორჩა ყველა თურქული ტომის სახელი, მაგრამ ოგუზებმა (მომთაბარე თურქების ერთ-ერთი ტომი) ახალი მიწა და ისტორია მისცეს თავიანთ ხალხს. ოგუზების ტომი ყველაზე წარჩინებული იყო თანამოძმე მომთაბარეებს შორის და ძლიერი და სასტიკი მეომრები ჰყავდა. წარმართულ ტომს თავისი მამამთავარი ჰყავდა, რომლის უახლოესი და ერთგული ქვეშევრდომი, სახელად სელჯუკი განსაკუთრებული სიმამაცით გამოირჩეოდა და მტერთან ბრძოლის დროს თურქული ტომებისაგან შემდგარ მეომრებს მთავარსარდლობდა.

ერთ-ერთი მოგებული ბრძოლის შემდეგ, სელჯუკს მამამთავრისთვის საპატიო ტიტულები და სხვა სიკეთეები მოუთხოვია, მაგრამ მამამთავარს ყველაფერზე უარი უთქვამს. სწორედ ამ უარმა განაპირობა ის, რაც შემდეგ მოხდა: სელჯუკმა ერთგული თანამებრძოლები შემოიკრიბა და დედაბუდიანად ახალი მიწების საძიებლად და დასაპყრობად დაიძრა. ძარცვითა და სისხლით სპარსეთამდე მივიდა, ხორასანი (აღმოსავლეთ ირანის ტერიტორია) დაიპყრო და იქ დაფუძნდა. შემდეგ, ერთი დარტყმით აიღო მცირე აზია და თურქ-სელჯუკთა იმპერიის წარმოქმნას დაუდო საფუძველი.

მართალია, სელჯუკი წარმართი იყო, მაგრამ მაშინდელ პოლიტიკურ სიტუაციაში სწრაფად გაერკვა - ისლამი მიიღო, ადგილობრივი ჯიჰადის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და ტიტული “სულთანი - რწმენის კედელი” მოიპოვა. მალე სელჯუკის მახვილის გემო ბიზანტიამაც იწვნია. სელჯუკმა 102 წელი იცოცხლა და მისი დინასტია მონღოლების შემოსევამდე მართავდა თურქ-სელჯუკთა იმპერიას.

მონღოლების დროს იმპერია პროვინციებად (სასულთანოებად) დანაწევრდა და ყველა სულთანი მისი ვასალი გახდა.

მონღოლების ბატონობის შესუსტების პერიოდში, ერთი-ერთი პროვინციის სულთანმა, ოსმანმა (სელჯუკის დინასტიას არ ეკუთვნოდა) პოლიტიკური ალღო გამოიჩინა, მონღოლებს გაურიგდა და დანარჩენ სულთანებს შორის დაწინაურდა. 1299 წელს ოსმანმა და მისმა მემკვიდრემ “დიდი სულთანის” ტიტული მიიღეს.

მონღოლების წასვლის შემდეგ, აღარ სცნეს სხვა პროვინციების სულთანები. ოსმანმა და მისმა მიმდევრებმა ახალი იმპერიის შექმნა დაიწყეს. ამიტომაც, მეთოთხმეტე საუკუნიდან თურქ-სელჯუკთა იმპერიას სახელი ეცვლება და, ოსმან სულთანის სახელის მიხედვით, ოსმალთა თურქებად, ანუ ოსმალოებად იწოდებიან.

სულეიმან ბრწყინვალე (“დიდებული საუკუნის” ისტორიული გმირი) ოსმანის დინასტიისაა. იგი ოსმანთა იმპერიის მეათე სულთანი იყო.

 

თურქეთი დღეს - “დაბერებული საპატარძლო

როგორი იყო რეალურად ოსმალოთა იმპერია საქართველოსთვის? - ამ შეკითხვაზე პასუხი ასეთია: გამაჰმადიანებული აჭარა და ამ მხარის ანექსია საუკუნეების განმავლობაში.

როგორია თანამედროვე თურქეთი საქართველოსათვის დღეს? - როგორც იტყვიან, ფაქტი სახეზეა - აჭარა აივსო მეჩეთებით, რომელიც თურქული ფულით შენდება, ახალგაზრდები სტამბულის ჯამეებში მიჰყავთ სასწავლებლად და ა.შ.

თურქულმა კაპიტალმა “დაიპყრო” აჭარა - თურქების რესტორნები, “ბისტროები”, მაღაზიები, ბუტიკები, ბაზრობები და ა.შ. თურქები სერიოზულ კაპიტალს აბანდებენ ამ რეგიონში, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ეკონომიკურად დამოკიდებული ხდება თურქეთზე. ყოველივე ამას ფონად მიჰყვება ისლამი და ახლა უკვე - “სულთან სულეიმან ბრწყინვალეს” კინომატოგრაფიული ხიბლიც.

რუსები, ორი საუკუნის განმავლობაში, ნინო ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის “დიდი სიყვარულის” (მათ ერთმანეთი არ უყვარდათ - ეს პოლიტიკური შეუღლება იყო) ისტორიით ურეცხავდნენ ქართველებს ტვინებს, თან - ძალიან კარგადაც. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ასეთი მეთოდები კარგად ჭრის და რატომაც არა?! - თურქებმაც გამოიყენეს. მარტო ვინმე ნინოსა და ალის “დიდმასშტაბიან სიყვარულის” ძეგლში შეიძლება ამოიკითხო მრავლისმეტყველი თურქული ქვეტექსტი.

თურქეთი ერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკური მოთამაშეა ისლამურ სამყაროში და, საერთოდ, მსოფლიოში. 1952 წლიდან თურქეთი ნატო-ს წევრია, მაგრამ დღემდე ვერა და ვერ გახდა ევროკავშირის სრულუფლებიანი (ათწლეულებია, ასოცირებული წევრის სტატუსი აქვს) წევრი. ამიტომაც ყოველ მორიგ რაუნდზე, დასავლური პრესა ხუმრობს ხოლმე - თურქეთი “დაბერებული საპატარძლოა” ევროკავშირისათვისო, თუმცა, ეკონომიური თვალსაზრისით, ლოგიკური იქნება, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, რადგან თურქეთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია ევროკავშირისთის და 70% -ზე მეტი დასავლური ინვესტიციაა თურქეთის ეკონომიკაში. ევროკავშირთან ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობაში კი, 120 მილიარდ ევროზე მეტი ბრუნვაა წელიწადში.

მიუხედავად ამისა, ევროკავშირი ათასნაირ მიზეზს პოულობს, რომ თურქეთი ევროპის დიდ ოჯახში არ მიიღოს. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ასეა. თურქეთი კი, ათწლეულებია, მორჩილად ელოდება თანხმობას და ამასობაში, ვითომ ხან შანხაის ეკონომიკურ კავშირში უნდა შესვლა და ხანაც - პუტინის ევრაზიის საბაჟო კავშირში. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს პოლიტიკური თამაშებია თურქეთის მხრიდან, რათა ევროკავშირის თანხმობა დაჩქარდეს. ევროკავშირი კი, თურქეთის “პოლიტიკურ კეკლუცობას” თავდაჯერებული ღიმილით ადევნებს თვალს.

ათადან და ბაბადან (საიდანაა ეს გამოთქმა ქართულში, არ ვიცი, მაგრამ ეჭვი მაქვს, თურქულია - “ათა” და “ბაბა” ორივე თურქული სიტყვაა და მამას ნიშნავს), ანუ ვინმე აზიის სტეპიდან გამოქცეული სელჯუკიდან დაწყებული, ოსმან სულთანი, სულეიმან ბრწყინვალე და დიდი ათათურქი, ყველანი დასავლეთისკენ მიისწრაფოდნენ. მეტიც, ევროპაზე ბატონობის დაუოკებელი სურვილით იყვნენ შეპყრობილნი.

მართალია, წარსულის იმპერიის რეანიმაცია შეუძლებელია, მაგრამ თურქეთის ისტორიის პრაქტიკაში ასეთი რამ მომხდარა და არ არის გამორიცხული, ისევ განმეორდეს. დღესდღეობით, ისლამურ სახელმწიფოთა შორის, თურქეთი ყველაზე ცივილური და ევროპულია (ბევრი უკლია, მაგრამ მაინც?!), ამიტომაც, შესაბამისი ამბიციებიც აქვს.

და მაინც: რატომ არ იღებს ევროკავშირი ოფიციალურ წევრად თურქეთს?

 

რამდენიმე ფაქტი:

ფრანკფურტ ცაიტუნგი წერს:  “2012 წლის 5 დეკემბერს ფრანკფურტის სასამართლოში მიმდინარეობდა მოსმენა მეჩეთის მშენებლობის საქმეზე პატარა ქალაქ ჰაუზენში (ფრანკფურტთან ახლოს). ამ ქალაქში 6 500 ადამიანი ცხოვრობდა, რომელთა დიდი უმრავლესობა კათოლიკე იყო. ისინი მეჩეთის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდნენ. სასამართლოზე სიტყვით გამოვიდა თურქული წარმოშობის დეპუტატი “მწვანეთა პარტიიდან”, ვინმე ნარგის ესკანდერი-გრიუნბერგი და განაცხადა, ვისაც არ მოსწონს მეჩეთის მშენებლობა, შეუძლია, ემიგრაციაში წავიდეს. მეჩეთი მაინც აშენდება”.

ერთ-ერთმა ყოფილმა სახელმწიფო მოღვაწემ, ჰერმან თილმა 2010 წელს გამოსცა წიგნი - “გერმანელებს გერმანიაში ადგილი აღარ აქვთ”. ავტორი წერს: “...აღდგომის წინა დღეს, გერმანიის 35 ქალაქში 100-ზე მეტი საინფორმაციო სტენდი დადგეს, სადაც მასიურად არიგებდნენ ყურანს უფასოდ. უფასო ყურანის შეკვეთა შესაძლებელი იყო ინტერნეტითაც. ტექსტები მუსულმანთა წმინდა წიგნიდან უფასოდ გავრცელდა საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და ციხეებში. ამ აქციის ორგანიზატორები 25 მილიონი ყურანის უფასოდ დარიგებას გეგმავდნენ”.

2010 წელს, “ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის” ახალგაზრდა წევრებთან შეხვედრის დროს, ანგელა მერკელმა განაცხადა: “როდესაც 1960-იანი წლების დასაწყისში, თურქები მოვიწვიეთ სამუშაოდ, ვფიქრობდით, რომ წლების განმავლობაში მათი ინტეგრაცია მოხდებოდა გერმანულ კულტურასთან. აღმოჩნდა, რომ საკუთარ თავს ვატყუებდით - მულტიკულტურალიზმმა არ გაამართლა. ისლამი და თურქები დიდი ხანია, ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ნაწილია და რელიგიური კონფლიქტებიც ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობა გახდა”.

იგივე ვითარებაა ევროპის სხვა ქვეყნებშიც და, როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია.

 

ისევდიდებული საუკუნე

სლავი ალექსანდრა უკრაინელი იყო, მაგრამ ამ პერსონაჟით რუსები უფრო იწონებენ თავს, ვიდრე - უკრაინელები.

რატომ? - ამ შეკითხვაზე პასუხი ღრმა ფსიქოლოგიურ პლასტსა და მენტალობაშია. როგორც ჩანს, “სტერვა ი დერზსკაია კრასავიცა” უფრო მშობლიურია რუსებისთვის... ის კი, “ალექსანდრა-ჰიურემი” თავის ნებაზე რომ ათამაშებს დიდ სულთანს, მსოფლიო სულთანს... რუს მანდილოსნებზე მეტად, რუს პოლიტიკოსებს ხიბლავს.

ერთი ასეთი “დავერბოვკებული” ჰიურემი დღეს და... ყველა პოლიტიკურ პრობლემას გადაუჭრიდა კრემლს - თურქეთს ევრაზიულ საბაჟოში შეაბრძანებდა.

ერთობ სიურეალისტურია, არა?! ისევ, ჩემს “ფავორიტ” პუტინის გამონათქვამს მოვიშველიებ: “სიურეალიზმი პოლიტიკაში ძალიან ბევრი არასდროს არის”.

მართლაც, ისეთ სიურეალისტურ პოლიტიკას ატარებს პუტინი, რომ ფელინისაც შეშურდებოდა: ჯერ იანუკოვიჩი ჩაიყვანა მოსკოვში და ისეთი “ნაპორით” გამოურეცხა ტვინი, რომ ვილნიუსის სამიტზე ჩასულმა იანუკოვიჩმა ანგელა მერკელიც კი გააოგნა. “აი, ასე, ასეთ დღეში ვარო...” - ეუბნებოდა იანუკოვიჩი ანგელას და საკუთარ მუშტებს ერთმანეთს ურტყამდა. ამ კადრებმა დასავლეთის ტელევიზიები მოიარა კომენტარით: “ასე აუხსნა იანუკოვიჩმა მერკელს, თუ რა დღეში ჩააგდო პუტინმა”.

ახლა იანუკოვიჩი შავ დღეშია: აქეთ მილიონობით უკრაინელი უშენს ქვებს და ჩამოგდებით ემუქრება, იქით - პუტინი უქნევს მუშტს ამ გოლიათ კაცს. რითი არაა ეს სიურეალისტური იტალიური ფილმი?!

და რა არჩევანი აქვს იანუკოვიჩს? - ან ევროკავშირი, ან რუსეთი!

ორივე შემთხვევაში, მისი პოლიტიკური კარიერა დასრულებულია.

იანუკოვიჩის თანამემამულე ალექსანდრა-ჰიურემს, მიუხედავად იმისა, რომ მონა იყო, არჩევანი ჰქონდა - ან ტომარაში ჩააგდებდნენ, თავს მაგრად მოუკრავდნენ და ზღვაში გადააგდებდნენ, ან სულთანისთვის შეუდარებელი ქალი უნდა ყოფილიყო... საწოლში. ჰიურემმა ყველაფერი გააკეთა და ყველაფერზე წავიდა, რომ სულეიმან ბრწყინვალის სარეცელი დაეპყრო და გაიმარჯვა კიდეც.

იანუკოვიჩს საამისო შანსი არ აქვს და არც იმის შესაძლებლობა, რომ არჩევანი გააკეთოს.

დღეს უკრაინაში არჩევანს ხალხი აკეთებს! 

სხვათა შორის, ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე ხნით ადრე, პუტინი და თურქეთის პრემიერ-მინისტრი ერდოღანი სანკტ-პეტერბურგში, პრესკონფერენციაზე შეხვდნენ ერთმანეთს. პუტინი სიურეალისტური მანერით გაეხუმრა ერდოღანს: “ვფიქრობ, რჩევა გკითხო ევროკავშირთან დაკავშირებით, ანკარას ევროკავშირთან ურთიერთობის მდიდარი გამოცდილება აქვს”, რაზეც ერდოღანმა ხუმრობითვე უპასუხა: “სრული ჭეშმარიტებაა! 50-წლიანი გამოცდილება გვაქვს და ვფიქრობთ, ევრაზიის საბაჟო კავშირში ხომ არ შევიდეთ”. პუტინმა ერდოღანს ისევ სიურეალისტური ღიმილით უპასუხა.

ევროკავშირისა და თურქეთის ბოლო ოფიციალური მოლაპარაკება 2005 წელს შედგა და, ევროკავშირის განცხადებით, ანკარა 35 პუნქტიდან მხოლოდ 14-ს აკმაყოფილებდა. საჭირო იყო რეფორმები სამართალდამცავ სისტემებში, ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხითა და სხვა სტრუქტურებში. როგორც ოფიციალური წყაროებიდანაა ცნობილი, ამისათვის ევროკავშირმა რამდენიმე ასეული მილიონი ევრო გამოუყო თურქეთს.

ელოდა, ელოდა თურქეთი ევროკავშირს და... “დიდებული საუკუნეც” გამოაცხო.

P.S. რბილად რომ ვთქვათ, უცნაური ხალხია თურქები: ათასი წლის წინ, უცბად “აღმოცენდნენ” ჩვენს მეზობლად... ამ 1000 წლის განმავლობაში, იმდენი რამე დაატრიალეს მსოფლიოში, რომ მგონი, არცერთ სხვა ერს არ გაუკეთებია: დაანგრიეს ბიზანტია და დღეს ბიზანტიის კულტურის ძეგლები (ტურისტული ბიზნესი) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავალია თურქეთისთვის.

სხვათა შორის, ადრე თურქებს მცდელობა ჰქონდათ, ბიზანტიური მემკვიდრეობა თავისად გაესაღებინათ, მაგრამ ევროპამ თითი დაუქნია და იძულებული გახდნენ, გაჩუმებულიყვნენ.

როცა თურქეთზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება, განსაკუთრებულად არ აღინიშნოს ათათურქი. თურქები მას პეტრე პირველს ადარებენ, რადგან ათათურქმა თურქეთის გაევროპელება დაიწყო. მან თურქებს გვარი მისცა (მანამდე მხოლოდ სახელი ჰქონდათ, გვარი - არა), ლათინურ ალფავიტზე გადაიყვანა. ქალებს ჩადრები მოხსნა. შექმნა პარლამენტი, ჯარი და ბევრი ისეთი ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლადაა საჭირო.

გარდა ამისა, თავად ათათურქი ევროპულ ყაიდაზე გამოიყურებოდა: სუფთად გაპარსული ძვირფასი სმოკინგებით დადიოდა და... ღვინო უყვარდა. როგორც ისტორიული წყაროებიდანაა ცნობილი, მამამისი ალბანელი იყო, დედა კი, - თურქი.

დღეს ათათურქი თურქეთის ეროვნული გმირია და ნებისმიერ ოჯახში, სადაც ღვინით ჭიქა აივსება, პირველად ათათურქის სადღეგრძელო ისმება.

სულეიმან ბრწყინვალე კი, მსოფლიო ისტორიის ეგზოტიკური საკუთრებაა, თუმცა არც ესაა ურიგო.