იალტის შეხვედრიდან 60 წლის შემდეგ ევროპულ საზღვრებსა და ალიანსებზე კვლავ გააფთრებული დავაა.
დიპლომატიური არხები იუწყებიან, რომ 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუცია მეორდება, რომ ძალადობის და სისხლისღვრის საფრთხე რეალურია.
სამი თვის წინ, იალტაში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, სახელწოდებით „უკრაინა შეცვლილ მსოფლიოში“. ღონისძიებაზე მთავარი ყურადღება დაეთმო „ვილნიუსის სამიტს და მასთან დაკავშირებულ დიდ იმედებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე“. კონფერენცია, რომელზეც ატმოსფერო გაჟღენთილი იყო ისტორიული მოვლენების მოლოდინის განცდით, ლივადიის სასახლეში ჩატარდა, იქ სადაც თავის დროზე რუზველტი, სტალინი და ჩერჩილი ერთმანეთს შეხვდნენ, რათა ომისშემდგომი ევროპა გაენაწილებინათ.
ეს საზეიმო შეკრება ყოველ წელს იმართება. მისი ორგანიზატორია წამყვანი უკრაინელი მეწარმე და მეცენატი ვიქტორ პინჩუკი. ამჯერად, კონფერენციას პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩიც ესწრებოდა, რომლის ხელმოწერაც ასოცირების შეთანხმებაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პირველი ნაბიჯი უნდა გამხდარიყო.
სტუმრებს შორის, რომლებმაც უკრაინისთვის ევროპული გზის დალოცვა მოისურვეს, იყვნენ ბილ და ჰილარი კლინტონები, ტონი ბლერი, ასევე ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, რომელიც კონფერენციას და ზოგადად უკრაინას მორალურად უჭერდა მხარს, როგორც იმ ქვეყნის ლიდერი, რომელიც ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნიდან ევროკავშირის წევრად გარდაიქმნა. დისკუსიაში მონაწილე რუსეთის მაღალი რანგის სტუმრებს უკრაინა ცივად დახვდა.
სამი თვე გავიდა. უკრაინა შეძრულია, რადგან პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ხელი არ მოაწერა ვილნიუსში ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან. კიევის ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა. მათ შტურმით აიღეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა, გარკვეულ მომენტში კი ქალაქის ცენტრიდან უსაფრთხოების ძალთა წარმომადგენლებიც გაყარეს. მათ არჩევნების სასწრაფოდ გამართვა მოითხოვეს. დაიწყო საუბარი 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის გამეორების შესახებ, გაისმა მუქარები ძალადობაზე, გაჩნდა სისხლისღვრის საფრთხე.
იანუკოვიჩმა მკაფიოდ მიანიშნა იმაზე, რომ მისი ასეთი საქციელი ვილნიუსში, რუსეთის პრეზიდენტის ძლიერმა ზეწოლამ განსაზღვრა, რომელიც დაემუქრა კიევს, რომ შეუწყვეტდა მას ტრადიციული იაფი გაზის მიწოდებას, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია გადარჩენისთვის მკაცრი ზამთრის პირობებში. გაისმა მუქარები ასევე რუსულ ბაზარზე უკრაინული საქონლის აკრძალვის თაობაზე. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა მას არანაირი სერიოზული ფინანსური სტიმული არ შესთავაზა ამ ყველაფერთან გამკლავებისათვის. დახმარების პაკეტი, რომელიც 500 მილიონ ფუნტ სტერლინგს მოიცავდა, „დამამცირებელია“, თქვა მან, და რომ ეს მხოლოდ ბრჭყვიალა ქაღალდში შეფუთული კანფეტია.
ევროპელი ლიდერები აღშფოთდნენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ კრემლის მხრიდან „ნამდვილად იყო ზეწოლა“. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იმაზე ალაპარაკდა, რომ აუცილებელია ისეთი „სიტუაციის გადალახვა, როდესაც ამ ქვეყანას ხან რუსეთს აბამენ, ხან ევროკავშირს“. ხოლო ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუმ კრემლს ბრალი დასდო, რომ ის უკრაინას საბჭოთა კოლონიასავით ექცევა.
საოცარია, მაგრამ როგორც ჩანს, ისინი ვერ გრძნობდნენ იმას, თუ რა შეიძლება მომხდარიყო უკრაინაში. იალტაში მეგობრული ხელის ჩამორთმევების გარდა, ზოგიერთები განგაშს ტეხდნენ დასავლეთის სიმშვიდის გამო, რომელიც ასოცირების შეთანხმების საკითხს გადაწყვეტილად მიიჩნევდა. ერთ-ერთი მეწარმე კულუარებში წუხილს გამოთქვამდა იმის გამო, რომ არავის ესმოდა, თუ რამდენად დიდ ზიანს მიაყენებდა რუსეთის სადამსჯელო ქმედებები სუსტ უკრაინულ ეკონომიკას. სხვები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ უკრაინის მოსახლეობა აღმოსავლეთის რაიონებში (დიდწილად რუსულენოვანი) ბუნებრივად იხრება აღმოსავლეთისაკენ და რომ ამის გათვალისწინება საჭირო იყო.
გარკვეულ უხერხულობას ქმნიდა ასევე ევროკავშირის რამდენიმე მოთხოვნა, რომელთაგან ყველაზე ცნობილი და რეკლამირებული ოპოზიციის ლიდერის, იულია ტიმოშენკოს ციხიდან გათავისუფლება გახდა. ტიმოშენკო შვიდწლიან პატიმრობას იხდის პრემიერმინისტრობის დროს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. ის დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. მის გათავისუფლებაზე მოლაპარაკებებში ჩართული მაღალი რანგის დასავლელი დიპლომატები აღნიშნავდნენ, რომ იანუკოვიჩის ხალხი მსგავს ქმედებებს ეწინააღმდეგება და მას გარედან ჩარევად აფასებს.
შემდეგ, ტიმოშენკოს გათავისუფლებას ახლდა დათქმა, რომ ის პატიმრობის ვადის ამოწურვამდე პოლიტიკური ძალაუფლებისკენ სწრაფვას შეწყვეტდა, თუმცა პრეზიდენტი შიშობდა, რომ ის გახდებოდა მიზიდულობის ცენტრი დევნილობაში მყოფი ოპოზიციისათვის. ევროკავშირის ბანაკში ამ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდა. გერმანიამ ტიმოშენკოს მკურნალობა და თავშესაფარი შესთავაზა, და სათავეში ჩაუდგა მოთხოვნას, რომ მისი გათავისუფლება ვილნიუსის სამიტამდე აუცილებელი იყო. სხვა ქვეყნები, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ამტკიცებდნენ, რომ ამ საკითხს დოკუმენტის ხელმოწერას და რატიფიკაციას შორის გადაწყვეტდნენ.
ჩნდება კითხვა: რა ხდება დღეს უკრაინაში? პრეზიდენტ იანუკოვიჩს კიდევ აქვს დრო იმისთვის, რომ შეცვალოს გადაწყვეტილება, ხოლო ვილნიუსში, ის როგორც ჩანს ხელმძღვანელობდა მხოლოდ იმ სურვილით, რომ ევროკავშირისთვის რაც შეიძლება მეტი ფული წაერთმია. მაგრამ, შეძლებს კი ის პოზიციების შენარჩუნებას და მოლაპარაკებების მაგიდასთან გაჩერებას, როდესაც მისი კარტები გაიხსნება?
ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე უარი გახდა უშუალო მიზეზი იმისა, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდა. მაგრამ საზოგადოებაში არის ასევე ღრმად ფესვგადგმული უკმაყოფილება ეკონომიკური უძრაობის, უმუშევრობის, კორუფციის და არაეფექტური მმართველობის გამო. იმ ფონზე კი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით სხვა ადგილებში, ხალხის რისხვას შეუძლია მსგავსი მანკიერებებით შეპყრობილი ხელისუფლების დამხობა.
შეკითხვები შეიძლება ევროკავშირსაც დავუსვათ, რომლის წევრებსაც, ბრიტანეთს და გერმანიას, სასტიკად აშინებთ ის პერსპექტივა, რომ მიგრანტების ტალღა მოიმატებს ბლოკის ახალი წევრი ქვეყნებისაგან, როგორიცაა რუმინეთი და ბულგარეთი და ამის შესახებ ხმამაღლა ლაპარაკობენ. და მთავარი შეკითხვის არსი შემდეგშია: არსებობს კი მოსაზრებები ევროკავშირის აღმოსავლეთით (გაღიზიანებული რუსეთის საზღვრებამდეც) გაფართოების შეჩერების სასარგებლოდ? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრემლიც თავის მხრივ ფართოვდება? ყაზახეთი და ბელარუსი უკვე გაწევრიანდნენ პუტინის საბაჟო კავშირში, და ამ გზას მალე სომხეთიც დაადგება, იქ გამართული უმნიშვნელო პროტესტის მიუხედავად.
უკრაინელი მინისტრების წინადადება ასეთია: რუსეთის ჩართვა ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, თუმცა თავად ევროკავშირის ხელმძღვანელები ამ იდეას უარყოფენ. მერკელმა კი რუსეთთან მოლაპარაკების საკითხი განსახილველ თემად მიიჩნია იმისთვის, რომ უკრაინის ტიპის ჩიხური ვითარება თავიდან აიცილონ. პასუხი, როგორც ჩანს, არის ის, რომ ორმა, გაფართოების პროცესში არსებულმა ბლოკმა ახალი შეხვედრა უნდა გამართოს, და მათ უნდა განაახლონ სამოცი წლის წინანდელი პროცესი, რათა შეთანხმდნენ ევროპის რეალისტურ საზღვრებზე 21-ე საუკუნეში.
foreignpress.ge