დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ქართველი გენერლის გიორგი კვინიტაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა, გენერლის შთამომავალი, ბრიტანელი მსახიობი მარიამ დაბო დაესწრო.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ემიგრაციაში გარდაცვლილი გენერლის კუთვნილი სამხედრო მუნდირი. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით გენერალ კვინიტაძის ამ მუნდირს რესტავრაცია ჩაუტარდება. ამ ფაქტთან დაკავშირებით თავდაცვცის უწყება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან მემორანდუმს გააფორმებს. გენერალ კვინიტაძის მუნდირი უნიკალურია, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდიდან გენერლის სამხედრო ფორმის არცერთი ნიმუში შემორჩენილი არ არის. მუნდირის გარდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია გენერალ გიორგი კვინიტაძის ხელნაწერები, მისი კუთვნილი ხატი და ჩოხა-ახალუხი. ეს საარქივო და სამუზეუმო ექსპონატები ცენტრს გენერლის ქალიშვილმა, ნანო დაბო-კვინიტაძემ გადასცა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ თავდაცვის მინისტრსა და გენერლის შვილიშვილს საჩუქრად ქართული საბრძოლო სცენის ამსახველი მინიატურა და „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემა გადასცა.
ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრმა სტუმრებს სამინისტროს ახალი გადაწყვეტილება გააცნო. ირაკლი ალასანიას თქმით, კადეტთა სამხედრო ლიცეუმს გენერალ კვინიტაძის სახელი მიენიჭება.
სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ალასანიამ ქართული არმიისა და საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში გენერალ გიორგი კვინიტაძის განსაკუთრებული ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება: „ძალიან ემოციური ცერემონიალი იყო. „გენერალ კვინიტაძის“ მედლით დაჯილდოვდა ორი გამორჩეული ქართველი და ერთი ამერიკელი ოფიცერი. მართლაც, განსაკუთრებული პატივი იყო, რომ ქალბატონმა მარიამმა მოახერხა ქართველი სამხედროებისთვის თავად გადაეცა ეს ჯილდოები. ქართველი ოფიცრებისთვის ეს იყო განსაკუთრებულად ემოციური დღე. გენერალი კვინიტაძე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ფიგურა, ჭკვიანი და გამოცდილი ოფიცერი იყო, რომელსაც ბევრი ბრძოლა აქვს მოგებული. ჩვენ ვიყენებთ მის გამოცდილებას და მომავალშიც გამოვიყენებთ საქართველოს თავდაცვის დოქტრინაში“.
საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის ორი ქართველი ოფიცერი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დაჯილდოვდნენ. თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები J-2 დაზვერვის დეპარტამენტის II სამმართველოს უფროსს, პოლკოვნიკ ზვიად პაპავაძესა და სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის ჯავშანსატანკო სამმართველოს ექსპლოატაციისა და რემონტის დაგეგმვისა და კონტროლის განყოფილების უფროსს, ვიცე-პოლკოვნიკ შალვა კაჭარავას გენერლის შვილიშვილმა მარიამ დაბომ გადასცა.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ „გენერალ კვინიტაძის“ მედლით დააჯილდოვა ასევე, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი დევიდ ჯონსონი.
ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე, მისი მოადგილეები, მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები, ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების ელჩები და ატაშეები დაესწრნენ.