დღეს ნოე რამიშვილის გარდაცვალებიდან 83 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ნოე რამიშვილის შთამომავლებს - თენგიზ რამიშვილს, მაკა ბერიშვილს, მარიამ დავითაშვილს, ტიერ ბერიშვილსა და მაკა ელიავას შეხვდა. მინისტრმა მათ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა ამცნო, რომ თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ნოე რამიშვილის სახელი მიენიჭება.
საქართველოს პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის შთამომავლებმა ნოე რამიშვილის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და სამინისტროს წინაპრის ღვაწლის დაფასებისთვის მადლობა გადაუხადეს. ტიერ ბერიშვილმა შს მინისტრს, პრემიერ-მინისტრისთვის საჩუქრად, მისი წიგნი „1924, ეროვნული აჯანყება საქართველოში“ გადასცა.
ნოე რამიშვილის ბიუსტი შსს-ს შენობაში 2013 წლის 15 ნოემბერს ყოფილი შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით გაიხსნა. ნოე რამიშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში შინაგან საქმეთა პირველი მინისტრი იყო. ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შს მინისტრის თანამდებობაზე 1918 წელს დაინიშნა. თანამედროვეები მას „რკინის მინისტრს“ უწოდებდნენ.