როგორ ჩაიგდო ხელში დაბა წავკისის მიწის ნაკვეთები, რატომ უქმნის მრავალმილიონიან პროექტს საფრთხეს და რატომ შეჰყავს შეცდომაში ეკა ბესელია გარდაბნის მაჟორიტარს?
საინვესტიციო კომპანია შპს ,,მედგრუპ ჯორჯია’‘, რომელიც ბიზნესმენმა თამაზ მჭედლიძემ დააფუძნა, დაბა წავკისში საერთაშორისო დონის, გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. სანკტ-პეტერბურგში მოღვაწე ბიზნესმენი აპირებს, საქართველოში ველნეს (ტერმინი ველნესი, პირველად ამერიკელმა ექიმმა, ჰელბერტ დანმა 1959 წელს გამოიყენა, რაც სასიამოვნო მეთოდებით, კარგი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობის შენარჩუნებას გულისხმობს) ინდუსტრია შექმნას. ამ პროექტის განხორციელებას საფრთხეს უქმნის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თემურ (გიორგი) ფეიქრიშვილი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ჯერ ნაციონალური მოძრაობის სიით მოხვდა, მოგვიანებით კი, პარტიას გაემიჯნა. იმ დროს, როდესაც სანკტ-პეტერბურგში მოღვაწე ბიზნესმენმა დაბა წავკისში მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელება გადაწყვიტა, თემურ (გიორგი) ფეიქრიშვილი გარდაბნის რაიონის გამგებელი იყო. ყოფილმა გამგებელმა, საკუთარ გარემოცვასთან ერთად, არა მარტო ბიზნესმენი თამაზ მჭედლიძე დააშანტაჟა, სოციალურად დაუცველი წავკისელების კუთვნილი მიწის ნაკვეთები უკანონოდ მიითვისა.
2011 წელს, პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში, დღის წესრიგში დადგა, რომ წავკისის მაცხოვრებლების საკუთრებაში არსებული, მომიჯნავე მიწის ნაკვეთები კომპანიის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს მიერთებოდა. შპს ,,მედგრუპ ჯორჯიას’‘ ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის განმარტებით, წავკისელებთან მოლაპარაკების პროცესში გაირკვა, რომ მიწის ნაკვეთების გადაცვლა-გასხვისებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს მესაკუთრეები კი არა, გარდაბნის რაიონის ყოფილი გამგებელი თემურ (გიორგი) ფეიქრიშვილი იღებდა: ,,როგორც ინვესტორი თამაზ მჭედლიძე ამბობს, ერთ-ერთი შეხვედრის დროს ფეიქრიშვილმა განუცხადა, რომ თუ წავკისელებისგან მაღალ ფასად არ გამოისყიდდა მიწის ნაკვეთებს, 4 სოფელს აუჯანყებდა და საინვესტიციო პროექტს ჩაუშლიდა. ამ მუქარის შემდეგ, 2011 წლის ზაფხულში, ფეიქრიშვილის ნათესავმა ჯაფიაშვილმა, კომპანიას მიწის ნაკვეთის გადაცვლაზე უარი უთხრა. არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაკვეთი იყო, რადგან გამაჯანსაღებელ კომპლექსამდე მისასვლელ გზას მასზე უნდა გაევლო. ალტერნატიული გზის მშენებლობა ,,მედგრუპ ჯორჯიას’‘ 100 000 ლარი დაუჯდა, რაც დამატებითი ხარჯი იყო. პარალელურად, ფეიქრიშვილმა სოციალურად დაუცველი მალხაზ და გულნარა გვარაძეების ოჯახიც დააზარალა.
მიწის ნაკვეთები, რომლებიც ,,მედგრუპ ჯორჯიამ’‘ გვარაძეების ოჯახს გადაუცვალა, გარდაბნის რაიონის ყოფილმა გამგებელმა მოტყუებით გადაიფორმა და შესაბამისად, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ინტერესებიც დაირღვა. ჩნდება ეჭვი, რომ ფეიქრიშვილი, პირთა ჯგუფთან ერთად, უკანონოდ ცდილობს, ,,მედგრუპ ჯორჯიას’‘ პროექტის განხორციელებაში ხელი შეუშალოს’‘. ადვოკატის განცხადებით, ჩნდება ეჭვი, რომ თემურ (გიორგი) ფეიქრიშვილისა და მისი ნათესავების საკუთრებაში უკანონოდ, თაღლითური გზით აღმოჩნდა 227 301 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დაბა წავკისში. არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ ფეიქრიშვილმა შეცდომაში შეიყვანა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, რადგან საკუთარი თავი დაჩაგრულად წარუდგინა. ადვოკატის თქმით, გადასახადების სახით, ,,მედგრუპ ჯორჯიამ’‘ სახელმწიფო ბიუჯეტში 500 000 ლარი გადაიხადა, წავკისის პროექტში 5 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა და 250-მდე მოქალაქე დაასაქმა. სოციალურად დაუცველი წავკისელების, მალხაზ და გულნარა გვარაძეების ადვოკატი ლექსო არქანია გვიამბობს, თუ როგორ გადაიფორმეს გვარაძეების კუთვნილი მიწის ნაკვეთები თემურ (გიორგი) ფეიქრიშვილმა და მისმა ნათესავმა, სოსო ქოროღლიშვილმა: ,,გარდაბნის რაიონის ყოფილმა გამგებელმა და მისმა ნათესავმა ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს და თითქოს, 60 000 აშშ დოლარიც კი გადაიხადეს, მაგრამ გვარაძეებს თანხა არ მიუღიათ. მალხაზ და გულნარა გვარაძეები სიღარიბის ზღვარსმიღმა იმყოფებიან _ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებულნი. მათი თქმით, თაღლითურად, ხელშეკრულებებზე მოტყუებით ხელმოწერის შედეგად, მონაცემთა ამ ბაზაში უკვე აღარ ირიცხებიან.
მალხაზ გვარაძე პირველი ჯგუფის ინვალიდია, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები კი დაცულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და ეროვნული საკანონმდებლო აქტებით. საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, მალხაზ და გულნარა გვარაძეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართეს. მოითხოვეს, გამოძიება დაწყებულიყო, რათა პასუხისგებაში მიეცათ დამნაშავეები. სამწუხაროდ, პროკურატურას არც დაზარალებულების მიერ მითითებული, შესაძლო დამნაშავე პირები დაუკითხავს და არც მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მიიღო მხედველობაში. შედეგად, საქმეში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულიყო’‘. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს ფაქტები დეტალურად უნდა გამოიძიონ და სისხლის სამართლის საქმე აღძრან. მათი თქმით, დეპუტატმა თემურ (გიორგი) ფეიქრიშვილმა არა მარტო მრავალმილიონიან პროექტს შეუქმნა საფრთხე, სოციალურად დაუცველი მალხაზ და გულნარა გვარაძეების უფლებებიც შელახა. ადვოკატები მოითხოვენ, მთავარ პროკურატურასთან ერთად, ამ საქმის გამოძიებაში სახალხო დამცველის აპარატიც ჩაერთოს.