სოსო ცისკარიშვილი - ვინ დათვალა, რომ სამართლიანობის აღდგენას 7 მილიარდი სჭირდება?!

სოსო ცისკარიშვილი - ვინ დათვალა, რომ სამართლიანობის აღდგენას 7 მილიარდი სჭირდება?!

"დიდი ხანია ცნობილია, რომ თვითმმართველობის რეფორმა გახდებოდა საფუძველი სერიოზული ორომტრიალისა, თუ მისი განხორციელება არ დაიწყებოდა, რამდენიმე პილოტური პროექტის სახით. შეუძლებელია მთელი ქვეყანა ერთ ღამეში გადაბრუნდეს და გამოიღვიძოს ისეთ ვითარებაში, რაც მისთვის უცხოა. ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, ეს მხოლოდ და მხოლოდ დროის მოთხოვნა არ არის. ეს არის უკეთესი ცხოვრებისკენ სვლა, მაგრამ ყოველ ნაბიჯს სჭირდება მოზომილი და გააზრებული ქმედება. ამიტომ, ჩვენ რომ შეგვძლებოდა, აქ თითო ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა, ვთქვათ კახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში, გვენახა, როგორ ხვდება ამას მოსახლეობა, რა პრობლემები წამოიჭრება, ასეთი გადაწყვეტილების პირობებში, ანუ ჩვენ უნდა შეგვექმნა წინმსწრები კვლევა და მხოლოდ მისი წარმატების შემთხვევაში გვექნებოდა უფლება, გაგვეკეთებინა ამ წარმატების ტირაჟირება", - ამბობს "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით ვინ დათვალა, რომ სამართლიანობის აღდგენას 7 მილიარდი სჭირდება?!

"უპრიანია ამ კანონის ძალაში შესვლა მოხდეს სხვადასხვა ტემპით, სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ვადებში. გამომდინარე იქიდან, თუ სად იქნება მზაობა ამისთვის. რომელი რეგიონის მოსახლეობა იქნება მზად ასეთი ცვლილებებისთვის, მაგრამ წინმსწრებად, ვფიქრობ, გავიზიარებთ ამით არსებულ ვითარებას. ეს იქნება ის ნაბიჯი, რომელიც მოწონებული იქნება ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან. ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც დაარწმუნებს ჩვენს პარტნიორებს, რომ დემოკრატიული ცვლილებების განხორციელებას ვიწყებთ 2013 წლის მდგომარეობით და ვიდრე დადგება დრო ვილნიუსში პარაფირებული დოკუმენტის ხელმოწერისა, იმ დროისთვის საქართველოს ქალაქების უდიდეს ნაწილს უკვე ეყოლება საკუთარი მოსახლეობის მიერ არჩეული მერი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

"სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკური ნება არაერთხელ დაფიქსირდა მმართველი კოალიციის წარმომადგენლების მიერ ჯერ კიდევ 2012 წლის შემოდგომაზე. როგორც ჩანს, მერე ეს ნება გარკვეულ მოსაზრებათა ტუსაღი გახდა და ჩვენ ვხედავთ, უკეთეს შემთხვევაში ზოგად ფრაზებს იმის ასახსნელად, თუ რატომ აღმოჩნდა უსაფუძვლო ჩვენი მოსახლეობის მოლოდინი. ნამდვილად არადამაჯერებელია არგუმენტები, რასაც პერიოდულად ვისმენთ ხოლმე ხელისუფლების მხრიდან. განსაკუთრებით გაუგებარია ჩემთვის საუბარი 7 მილიარდზე, რომელიც აუცილებელია, რომ დაიხარჯოს სამართლიანობის აღდგენის პროცესში. სინამდვილეში კი მრავალი ათასი განცხადება, რომელიც პროკურატურაში შევიდა ერთი წლის განმავლობაში, ელემენტარულად წაუკითხავია, არათუ რაიმე გამოძიების შედეგად დაწუნებული. ვინ გამოაცხო ციფრი 7 მილიარდი, ჩემთვის გაუგებარია", - განაგრძობს რესპონდენტი.

"მაშინ, როდესაც პრაქტიკულად დანაშაულის ჩამდენი პროკურორი, დანაშაულის ჩამდენი მოსამართლე, რომლებიც გახლავან დასაბუთებული წინა პირობა სტრასბურგის გადაწყვეტილებებისა, რითაც ზარალდება ისევ ჩვენი ბიუჯეტი და ჩვენი მოსახლეობა, თავად ამ დანაშაულის ჩამდენნი ერთ თეთრსაც არ გაიღებენ ჯარიმის სახით. უფრო მეტიც, გამოდის ჩვენი უზენაესი უსამართლო, ბატონი კოტე კუბლაშვილი და იძახის , რომ ამ მოსამართლეებმა სიცოცხლის ბოლომდე უნდა გვასამართლონ თურმე ჩვენ და არ შეიძლება მათი რაიმე დროით დანიშვნა ამ თანამდებობაზე. კეთილი ინებონ ჩვენმა კანონმდებლებმა და განსაზღვრონ, რა პასუხისმგებლობა ედება იმ შეგნებული ბოროტმოქმედების ჩამდენ პროკურორებს და მოსამართლეებს, რომლებიც კიდევ ამჟამადაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გვევლინებიან ბიუჯეტის მძარცველებად", - დასძენს რესპონდენტი.