„არ მაქვს ილუზია იმისა, რომ რუსეთი არ გააგრძელებს ზეწოლას საქართველოზე“

„არ მაქვს ილუზია იმისა, რომ რუსეთი არ გააგრძელებს ზეწოლას საქართველოზე“

დეოკუპაცია, ევროინტეგრაცია და ნატოს-თან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, - ამ საკითხებზე ისაუბრა საქართველოში ვიზიტად მყოფმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა, რომელიც საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა.

ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს პარლამენტის ევროპასთან ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარე. ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ვიზიტის მნიშვნელობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ნულანდი კიევიდან თბილისში ჩამოვიდა, ხოლო თბილისიდან მოსკოვში გაემგზავრა. For.ge. ვიქტორ დოლიძეს ესაუბრა.

ვიქტორია ნოლანდი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს პრობლემებს. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, რა პოლიტიკური დატვირთვა აქვს მის ვიზიტს საქართველოში, რადგანაც საქართველოდან ის გაემგზავრა მოსკოვში?

- ნებისმიერი მისი განცხადება, რომელსაც ის აკეთებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემის აზრით, კიევიდან საქართველოში ტყუილად არ ჩამოვიდოდა და საქართველოდან ტყუილად არ მიემგზავრება რუსეთში. ის გზავნილები, რომელიც მან, როგორც ერთ, ასევე მეორე და მესამე მხარეს უნდა გადასცეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ ვანიჭებთ, ზუსტად ამ ვიზიტს დიდ მნიშვნელობას.

რა გზავნილები ჩამოიტანა უკრაინიდან და რა გზავნილები მიაქვს მას საქართველოდან მოსკოვში?

- დარწმუნებული ვარ, რომ გზავნილები, რა თქმა უნდა, წამოვა კიევიდან. იცით, რომ იქ ტარდება ეუთოს მინისტერიალი, ეს არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური ფორუმი. რაც შეეხება მოსკოვში ვიზიტს, დარწმუნებული ვარ, რომ მისი მხრიდან დაყენებული იქნება დეოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხები. დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს.

კეთდება ღია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოშიც, შესაძლოა, განვითარდეს იგივე პროცესები, რაც დღეს უკრაინაში ხდება. რამდენად რეალურია ეს საფრთხე?

- მთვარია, რომ ვიმუშაოთ და ჩვენს თავს მივხედოთ. უკრაინას რაც შეეხება, საქართველოსთან მიმართებაში ეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი საკითხი. საქართველომ მოაწერა ხელი პარაფირებას ასოცირების შესახებ, ჩვენ აუცილებლად მოვაწერთ ხელს მომავალ წელს ასოცირების შესახებ შეთანხმებას.

მაგრამ, რამდენად მარტივი იქნება პოლიტიკური კუთხით ეს ერთი წელი ქვეყნისთვის, რომ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მოაწეროს ხელი ასოცირების შეთანხმებას?

- არც მე მაქვს იმის ილუზია, რომ ეს იქნება იოლი. არ მაქვს ილუზია იმისა, რომ რუსეთი არ გააგრძელებს ზეწოლას საქართველოზე, მაგრამ მოდი, ჩვენი საქმე ვაკეთოთ, საინვესტიციო გარემო განვავითაროთ, ქვეყნის შიგნით სოცილაური და ეკონომიკურ საკითხებს სისტემური სახე მივცეთ. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ ჩვენს საშინაო დავალებებს მაქსიმალურად შევასრულებთ, უფრო ნაკლები იქნება საფრთხე.

წინასწარ ემოციური განცხადებების გაკეთება არაა სწორი. სააკაშვილის ხელისუფლებას სხვა არაფერი უკეთებია გარდა იმისა, რომ ჩვენნაირი წარმატებული დემოკრატია არსად არაა და ა.შ. მე არ მინდა ვაკეთოთ იგივე, რასაც აკეთებდა სააკაშვილი. ამიტომ, მოდით საქმეს მივხედოთ. საქმის მიხედვა კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი შიდა ეკონომიკური-სოციალური ჯანდაცვითი პრობლემები მაქსიმალურად მოვაგვაროთ, დანარჩენს დრო გვაჩვენებს.

თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ის პროცესები, რაც დღეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ხდება, ეს არის ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც იყენებს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ...

- დნესტრისპირეთი აიღეთ, იგივე ყარაბახი, ბუნებრივია, რომ ეს პრობლემები არსებობს, ბუნებრივია, რომ ეს პრობლემა თუ კი არ დაიკლებს, ყოველ შემთხვევაში, გაზრდის საშუალება ყოველთვის არსებობს. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ უნდა ვაწარმოოთ პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, სადაც რაღაც ერთგვარ რეინტეგრაციაზე შეიძლება ლაპარაკი.

მაგალითად, 2005 წელს, როდესაც ჩვენ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მივიღეთ სამოქმედო გეგმა, ანუ სამშვიდობო გეგმა, 2006 წელსვე დავიწყეთ ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამა, ეს თუ არ განახლდა, ძალიან გაგვიჭირდება ჩვენ სხვა რაღაცეების კეთება. ამიტომ, მოდით ამაზე ვიყოთ ორიენტირებულები, რა გამოგვივა, ამას ნუ ვიტყვით ჯერ, მაგრამ უნდა შევეცადოთ. ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებულები, პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება.

ანუ ფიქრობთ, რომ რუსეთის მხრიდან ზეწოლა გაგრძელდება?

- არანაირად არ გამოვრიცხავ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები. ჩვენ რუსეთთან გვაქვს 2 მოლაპარაკების ფორმატი, ერთი ეს არის აბაშიძე-კარასინის ფორმატი და მეორე - ჟენევის ფორმატი. ჩვენ უსაფრთხოების, სამხედრო პოლიტიკურ საკითხებში არ შეიძლება რუსეთთან მარტონი დავრჩეთ. ამიტომ, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ევროკავშირის, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ამ საკითხში, მაგრამ მეორე მხრივ, პირდაპირი დიალოგის წარმოება არის აუცილებელი. დრო გვაჩვენებს ყველაფერს.

ჯერჯერობით დრო გვაჩვენებს, რომ ჩვენ გავხსენით რუსული ბაზარი, გლეხს აქვს საშუალება, რომ მისი წარმოებული ღვინო გავიდეს რუსულ ბაზარზე, ისევე როგორც ბორჯომი, მანდარინი და ა.შ. სააკაშვილი ამბობს, რომ რუსული ბაზარი არაფერი არ არისო, როგორ არ არის. ევროკავშირისთვის თუ მნიშვნელოვანია რუსული ბაზარი, საქართველოსთვის არაა მნიშვნელოვანი? ერთმანეთი მოვატყუეთ, თუ როგორ არის ჩვენი საქმე? მოდით რა, უფრო სერიოზულად, უფრო საქმიანად მივუდგეთ ჩვენ ამ პრობლემის მოგვარებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ კი ჩვენ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ, შედეგი აუცლებლად გვექნება.

ჩვენი შედეგი იქნება ის, რომ მომავალ წელს საქართველო უკვე ოფიციალურად ხელს მოაწერს ასოცირების შესახებ შეთანხმებას?

- რა თქმა უნდა, ახლავე გეუბნებით, მაქსიმუმ, სექტემბერში ამ ევროკომისიის მანდატის ფარგლებში, ჩვენ ხელს მოვაწერთ ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ამაში მე თქვენ გარწმუნებთ.

თქვენ ისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, იცვლება აფხაზეთის რეგიონის ავტონომიური მთავრობის საქმიანობის პრინციპები. ანუ კონფლიქტების მოგვარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ხდება საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობებიამავე პროგრამის მიხედვით, ქართველმა, აფხაზმა და ოსმა საზოგადოებებმა ერთად უნდა აიღონ პასუხისმგებლობა როგორც რეგიონის, ისე მომავალი თაობების უსაფრთხოებისათვის. პირდაპირი კონტაქტის დამყარება, რამდენად რთული საკითხია?

- ჩვენ თუ პირდაპირი კონტაქტი მათთან არ დავამყარეთ, სხვანაირად მე ვერ წარმომიდგენია. როდესაც აფხაზეთზე ვსაუბრობთ, მარტო ტერიტორიებზე არაა საუბარი, არამედ საუბარია იმაზე, რომ იმ მოსახლეობის ინტეგრაცია უნდა შევძლოთ, რომლებიც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ეს დაკავშირებულია საქართველოს, თბილისის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, კახეთის - აი ამ რეგიონების კეთილდღეობასთან. აფხაზმა თუ ნახა, რეალურად საით მიდის ეს ქვეყანა, კეთილდღეობის რაღაცა ნიშანწყალი აღმოაჩინა, მერე წამოვა შენთან თანამშრომლობაზე, მერე გაუჩნდება მას უფრო მეტი სურვილი და მოტივაცია, რათა იყოს ჩვენთან რაც შეიძლება ახლოს.

იცით, რომ ურთულესი მემკვირდეობა გვაქვს მიღებული სააკაშვილისგან. მოდით რა, უფრო პრაგმატულად ვიაზროვნოთ და უფრო პრაგმატულად მივუდგეთ იმ საკითხებს, რასაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. ვიყოთ შედეგზე ორიენტირებული და ჯობია, რომ ჩვენ, ჩვენს საქმეს მივხედოთ, ვიდრე ახლა გლობალურ პოლიტიკაზე ვილაპარაკოთ. ძალიან გამიხარდება თუ ვიქნებით გლობალური პოლიტიკის მოთამაშეები, მაგრამ არ ვართ. ირანი აიღეთ, სირია, აშშ აიღეთ, მათ ბევრ თემასთან დაკავშირებით მიაღწიეს შეთნხმებას, რაც ვფიქრობ, რომ კარგია. ჩვენ, ჩვენ საქმეს უნდა მივხედოთ, გვაქვს პრობლემები, რომელიც ჩვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ემოციურად, ქირურგიული ჩარევით, ისე, როგორც სააკაშვილი ჩაერია, მე არა მგონია, რომ სწორი იყოს.