პროკურატურა უკლებლივ დატოვა არჩილ კბილაშვილის და ლაშა ნაცვლიშვილის კადრებმა. ეს გადაწყვეტილება გენერალურმა პროკურორმა პირადად მიიღო. ოთარ ფარცხალაძის გადაწყვეტილებით, თანამდებობა პროკურატურის ყველა მაღალჩინოსანმა, დეპარტამენტის თავმჯდომარეებმა და მოადგილეებმა დატოვეს. მეტიც, მთავარმა პროკურორმა სამსახური მძღოლებსაც კი დაატოვებინა.
For.ge-ს ინფორმაციით, რაიონის პროკურორებთან მოლაპარაკებებს გენერალური პროკურისი მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი აწარმოებდა. მან დაიბარა, როგორც სამხარეო პროკურორები, ასევე დეპარტამენტის თავმჯდომარეები და მოსთხოვა, რომ დაეწერათ განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. შესაბამისად, არჩილ კბილაშვილის და ლაშა ნაცვლიშვილის კადრებისგან პროკურატურა გაწმენდილია. მთავარი პროკურატურა ფინანსური პოლიციის კადრებით დაკომპლექტდა.
„ახალი პროკურორი როგორც კი ინიშნება, ყველამ უნდა დაწეროს განცხადება. მას კანონი უკრძალავს ყველას განთავისუფლებას. როდესაც პირს ათავისუფლებ სამსახურიდან, ამის საფუძველი უნდა არსებობდეს.
ჩვენი განთავისუფლების საფუძველი ვერ ნახეს, ამიტომ, დაგვიბარეს და გვითხრეს, რომ თქვენ თვითონ დაწერეთ განცხადება სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, რომ თქვენი ნებით მიდიხართ ამ სტრუქტურიდანო. აბსოლუტურად ყველამ დაწერა განცხადება.
ნაწილი სახლში გაუშვეს, ნაწილი კი დაგვაქვეითეს. რამოდენიმე თანამშრომელი შეეცადა უშუალოდ გენერალურ პროკურორთან შეხვედრას, თუმცა მასთან შეხვედრა ვერ შედგა, იმ მიზეზით, რომ თავად არ ჰქონდა სურივილი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მთავარი პროკურატურის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც დღეს ამავე სტრუქტურაში მუშაობს.
თანამდებობა დატოვა საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა პაიჭაძემ.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მე დავტოვე თანამდებობა, ამჯერად ვარ ამავე დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გავედი შვებულებაში, მაგრამ შემიძლია წინასწარ გითხრათ, რომ შვებულების შემდეგ პროკურატურაში საქმიანობას აღარ გავაგრძელებ“, - განუცხადა for.ge-ს ხათუნა პაიჭაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, პაიჭაძე შესაძლოა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პიარის სამმართველოს უფროსმა, თემო დოლიძემ შეცვალოს. თუმცა, როგორც დოლიძე ამბობს, არანაირი შემოთავაზება, რომ გადასულიყო გენერალურ პროკურატურაში, არ ყოფილა. for.ge-ს კითხვაზე შემოთავაზების შემთხვევაში რა გადაწყვეტლებას მიიღებდა პასუხობს:
„შემოთავაზების შემთხვევაში, შეიძლება უარი არ ვთქვა მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ ყოფილა“, - ამბობს თემო დოლიძე.
ერთ-ერთი ვინც განთავისუფლების მიზეზებზე ღიად საუბრობს, აჭარის ყოფილი პროკურორი ლევან გზირიშვილია, რომელსაც საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობის დატოვება გენერალური პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა მოსთხოვა.
ყოფილმა პროკურორმა for.ge-ს კითხვებს უპასუხა.
ბატონო ლევან, რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი?
ლევან გზირიშვილი: დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩამოვსულიყავი. შემხვდა გენერალური პროკურორის მოადგილე, გაბიტაშვილი და მითხრა, რომ ახალი გუნდი მოვდივართ, ჩვენი გეგმითო და როგორც აღმოჩნდა ამ გუნდში ჩემი ადგილი არ იყო. პირდაპირ ვუთხარი მას, - გასაგებია ყველაფერი, თუ მე ხელს შევუშლი ქვეყნისთვის სასაკეთო გეგმების განხორციელებას, მზად ვარ დავტოვო სამსახური-თქო. ეს იყო და ეს, დავწერე განცხადება და წამოვედი. განცხადებაში კი მივუთითე, რომ გთხოვთ პირადი განცხადების საფუძველზე გამანთავისუფლოთ თანამდებობიდან და პროკურატურის ორგანოებიდან.
შემოთავაზება რომ ყოფილიყო, თუნდაც რიგით პროკურორად გადასვლის, დათანხმდებოდით?
- არა. სხვათაშორის, იყო ასეთი საუბარი, რომ რიგით პროკურორად გადაყვანას არც მაკადრებდნენ - არც თქვენ იკადრებთო. მე მზად ვიყავი დაინტერესების შემთხვევაში პასუხი გამეცა რა გამიკეთებია, ან თუ რამე შენიშვნა, ან პრეტენზია იყო, ამაზეც გამეცა პასუხი. ასეთი არაფერი იყო.
რამდენი წელია რაც ხართ ამ სისტემაში?
- 1983 წლიდან ვარ ამ სტრუქტურაში, ვიყავი პარლამენტის წევრი, მცხეთის სასამართლოს თავმჯდომარე, ხაშურისა და კასპის რაიონების პროკურორი და ა.შ. მაგათი ასაკის სტაჟი მაქვს. მქონდა უმუშევრობის პერიოდი, არც მე მქონდა და არც ნაციონელებს ჰქონდათ ჩემი დასაქმების სურვილი. ველოდებოდი ცვლილებებს. როდესაც გამოაცხადეს, რომ კონკურსის წესით ხდება კადრების მიღებაო, დავწერე განცახადება.
კონკურსის წესით დაიკავეთ აჭარის პროკურორის თანამდებობა?
- დიახ ბატონო. როგორც ჩანს, როცა განიხილეს ჩემი წინადადება, მისაღები აღმოვჩნდი ხელმძღვანელობისთვის და დავინიშნე ამ თანამდებობაზე.
არჩილ კბილაშვილთან პირადი ნაცნობობა არ გაკავშირებდათ?
- არა. მაგ თაობიდან თითქმის არავის ვიცნობდი და არც კბილაშვილს ვიცნობდი.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, ძალიან დიდი უკმაყოფილება იყო პროკურატურის მუშაობის სტილში, იგივე გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით. თითქმის გამოძიებული საქმეებიც ვერ იქნა გამოძიებული, სასამართლოზე საქმე ის იყო წაღებული, რომ ბრალდება იყო სუსტი. ამის დასტურია თუნდაც ახალაიას საქმე. რომელი ერთი საქმე გამოიძიეთ და რომელზე დადგა განაჩენი, შეგიძლიათ მითხრათ?
- პროკურორს ყველაფრის თქმა არ შეუძლია. ყველა საქმე მე მივიყვანე იმ ნორმამდე, რაზეც შეიძლება მისულიყო, მაგრამ ამ საქმეებზე მე ვერ ვისაუბრებ. გამოძიებული გვაქვს 8 ნოემბერს აჭარაში აქციის დაშლა და ა.შ.
ერთ-ერთი გახამურებული საქმე იყო როინ შავაძის მკვლელობის საქმე. გამოიძიეთ ეს საქმე?
- რას ამბობთ! გამოვიძიეთ კი არა, იმ ზღვრამდეა საქმე მისული, რასაც ჰქვია საკითხის გადაწყვეტა. ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. არის რაღაცა თემები, რომელზეც ვერ ვილაპარაკებ. რაც გასაკეთებელი იყო, რა ვერსიებიც იყო, მერწმუნეთ, რომ ყევლაფერი იქნა გაკეთებული.
საქმე თუ გამოიძეთ, პასუხისგებაში რატომ არავინაა მიცემული?
- რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, გაკეთებულია. სწორი გადაწყვეტილების მიღება უნდა იყოს ისეთ დროს, როცა ამის დროც არის და მომენტიც. მეტს ვერაფერს გეტყვით, არ მინდა, რომ სპეკულირება გამომივიდეს. ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთება შეიძლებოდა, საქმე გამოვიძიეთ. დანარჩენი გადასაწყვეტია.
ვისი ბრალეულობის საქმე იკვეთება შავაძის საქმეში?
- არის საკითხები, რომელზეც ვერ ვისაუბრებთ.
როგორც ცნობილია და როგორც ოჯახი და დაცვის მხარე აცხადებდა, ამ მკვლელობის ორგანიზატორები და შემსრულებლები იყვნენ შსს-ს კუდ-ის მაღალჩინოსნები. გამოიკვეთა მათი ბრალეულობის საკითხი?
- ჩათვალეთ, რომ გითხარით რისი თქმაც შეიძლებოდა. გავაკეთეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. გადაწყვეტლების მიღებმადე მიყვანილია საქმე, ახლა მისაღებია კონკრეტული გადაწყვეტილება.
გახმაურებული იყო აჭარის ა-რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალობიძს საქმეც. აღიძრა საქმე, დაიბარეთ დაკითხვაზე, მაგრამ ამ საქმის დასასრული, დღემდე უცნობია. რა მოხდა?
- ბავშვთა სახლის და სამშობიაროს გასხვისებაზე იყო საუბარი, მაგრამ საფინანსო პოლიციამ თბილისში წაიღო საქმე და გააერთიანა.