კითხვა ჩნდება არის თუ არა ვოლოდიმერ ზელენსკი უკრაინის ლეგიტიმური პრეზიდენტი?! უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, 2019 წელს არჩეული ზელენსკის საპრეზიდენტო ვადა დაკავებიდან ხუთი წლის შემდეგ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ახალი მეთაურის არჩევა მიმდინარე წლის მარტში არ მომხდარა. რუსეთ-უკრაინის ომის გამო ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული, ამიტომ კანონი ნებისმიერი არჩევნების ჩატარებას კრძალავს. ასე რომ, ვოლოდიმერ ზელენსკი პრეზიდენტად რჩება იქამდე, ვიდრე ახალ პრეზიდენტს არ აირჩევენ. „ჩემი ხუთი წელი ჯერ არ დასრულებულა, საომარი მდგომარეობის გამო ის გრძელდება“, - ციტირებს უკრაინული მედია ზელენსკის სიტყვებს.
საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება ვერ მოხერხდება
უკრაინასა და დასავლეთში ზელენსკის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. „არ მგონია, რომ ზელენსკი ახლა დასუსტებულია შიდა და საერთაშორისო დონეზე“, - განაცხადა გერმანელმა პუბლიცისტმა და უკრაინის თანამედროვე ისტორიის შესახებ წიგნების ავტორმა, ვინფრიდ შნაიდერ-დეტერსმა DW-თან ინტერვიუში. „ბერლინს, პარიზს და ვაშინგტონს ესმით, რომ საგანგებო სიტუაციაში მებრძოლი დემოკრატია უარს ამბობს ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ინსტრუმენტზე - არჩევნებზე“, - ამბობს ექსპერტი. გერმანიისთვის ზელენსკი რჩება სახელმწიფოს კომპეტენტურ მეთაურად, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბაერბოკმა სამშაბათს კიევში.
პრეზიდენტის ლეგიტიმურობის შესახებ კითხვები უკრაინაში რამდენიმე თვეა გაჩნდა. უკრაინის მოსახლეობა დაინტერესდა შეუძლია თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს შეუჩეროს ზელენსკის პრეზიდენტობის ვადა და დაინიშნოს არჩევნები. უკრაინელი მოქალაქეების პარალელულად, ზელენსკის ადმინისტრაციამ საკონსტიტუციო სასამართლოს წერილით მიმართა, რომ გაგრძელებულიყო პრეზიდენტის ვადა, რადგან საომარ მდგომარეობაში არჩევნების ჩატარება არ შეიძლება.
უზენაესი რადას ყოფილი სპიკერი დიმიტრი რაზუმკოვიც თვლის, რომ ზელენსკის ადმინისტრაციამ დრო დაკარგა. „ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში ჯერ კიდევ 2023 წელს უნდა წასულიყვნენ“, - თქვა რაზუმკოვმა, „ინტერფაქს-უკრაინთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით არის შეუსაბამობები: „კონსტიტუციაში მკაფიო პასუხი არ არის“. სხვაგვარად ფიქრობს პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი. „ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ლეგიტიმურია“, - ციტირებს უკრაინულ მედია რადას თავმჯდომარის სიტყვებს.
ზელენსკიმ არჩევნების ჩატარების პირობები დაასახელა
თავად პრეზიდენტი თვლის, რომ ახლა არჩევნების დრო არ არის და ამასთან უკრაინელი ლტოლვილებისთვის უცხოეთში ხმის მიცემა სირთულეს წარმოადგენს. კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) მიერ თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დაახლოებით 70 პროცენტს არჩევნების ჩატარება ომის პირობებში არ სურს, ხოლო 15% თანახმაა.
20 მაისამდე იყო ვარაუდი, რომ ზელენსკი არ გამორიცხავდა არჩევნების გამართვას, ამის მიზეზად კი დასავლელი პარტნიორების პოზიცია სახელდებოდა. აშშ-ს პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი წარმომადგენელი, კერძოდ, რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი მოითხოვდა არჩევნების ჩატარებას, თუნდაც ომის პირობებში. აღსანიშნავია, რომ უკრაინულ ტელეარხ 1+1-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა განაცხადა რომ მას სურს არჩევნების ჩატარება „ერთი წლის განმავლობაში“. ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებს შესთავაზა უზრუნველეყოთ ხმის მიცემის უსაფრთხოება ფრონტის ხაზზე და იქ დამკვირვებლები გაეგზავნათ.
ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ არჩევნები ჩატარდებოდა. მათი ვარაუდის მიზეზი კი გახდა ის, რომ თებერვალში ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან გაათავისუფლა. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ზალუჟნის პოპულარობა ამ ეტაპზე ზელენსკის აღემატება. სხვადასხვა გამოკითხვებით ზელენსკის მხარდაჭერთა რაოდენობა დაახლოებით 60-65 პროცენტია. ზალუჟნი ცოტა ხნის წინ დიდ ბრიტანეთში ელჩად დაინიშნა და პრეზიდენტად გახდომის სურვილზე არაფერი უთქვამს.
გერმანელი პოლიტოლოგი, სტოკჰოლმის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის ექსპერტი ანდრეას უმლანდი თვლის, რომ ახლა არჩევნების ჩატარების დრო არაა. „ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს არჩევნების არ ჩატარების სამართლიანობას“, - განაცხადა უმლანდმა DW-თან ინტერვიუში. მისივე თქმით, მსგავსი კანონია გერმანიაშიც. უმლანდი მიიჩნებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები რომ ყოფილიყო, ზელენსკი ისევ მოიგებდა, თუმცა არა ისეთი მაღალი შედეგით, როგორც ეს მოხდა 2019 წელს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბარბოკმა რუსეთი დაადანაშაულა, რადგან ეჭვები აქვთ ზელენსკის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. რუსეთში უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმურობის შესახებ ეჭვები დიდი ხანია ისმის. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ პასუხი უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ და „თავად უკრაინის პოლიტიკურმა და იურიდიულმა სისტემამ უნდა გასცეს“. მისი თქმით, ეს რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, თუ საქმე ეხება ომის დასრულების შესახებ რაიმე დოკუმენტის ხელმოწერას.