საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად უმუშევარ მიხეილ სააკაშვილის ექსტრემალობის შესახებ აქამდეც ბევრს გაუგია – უყვარს მთაზე ცოცვა, თხილამურები, ცურვა, ყვინთვა, ფრენა, სიჩქარე და ავტომანქანები... ბევრი დაწერილა, რომ სააკაშვილის ეს გატაცებები სახელმწიფო ბიუჯეტს საკმაოდ ძვირი უჯდებოდა, თუმცა აქამდე არავინ იცოდა, რომ დაახლოებით ორი წლის წინ, სპეციალურად მისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სპორტული ავტომობილი "ფორმულა ალფა" შეიძინა...
AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა და ხელში ჩაუვარდა დამამტკიცებელი დოკუმენტაცია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ "ფორმულა ალფას" შეძენაზე 2012 წლის ზაფხულში ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. იმავე წლის 19 ივნისს სატენდერო კომისიამ ტენდერში გამარჯვებულად შპს "სტრომოსი" გამოავლინა და აღიშნული სპორტული ავტომობილის მუნიციპალიტეტისთვის შესყიდვაც სწორედ მას დაევალა...
AMBEBI.GE-მ ისიც გაარკვია, რომ "ფორმულა ალფა", რომელიც ბოლნისის გამგეობამ ელექტრონული ტენდერით შეისყიდა, მიხეილ სააკაშვილს იქამდე მოსწონებია, ვიდრე მას უსახსოვრებდნენ. ეს სწორედ ის სპორტული ავტომობილია, რომლითაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა 2012 წლის აპრილში რუსთავში განახლებული ავტოდრომი გახსნა და ახალი ტრასა პირველმა პირადად გამოსცადა. როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, "ფორმულა ალფა" საქართველოში რამდენიმე თვის შემოყვანილი იყო, როცა ის ბოლნისის გამგეობამ შეიძინა.
ცნობისთვის, მუნიციპალიტეტს და სახელმწიფო ბიუჯეტს ყოფილი პრეზიდენტის ეს "საჩუქარი" 40 ათასამდე დაუჯდა. ინფორმირებულმა წყარომ ისიც გვითხრა, რომ ავტომობილს მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ავტოდრომზე ღამ-ღამობით იმდენად ხშირად იყენებდა და "ისეთ დღეში აგდებდა", რომ ახლა ძრავის მწყობრიდან გამოსვლის გამო ბოლნისის გამგეობის საწყობში იმტვერება...