აშშ ქართველ სამხედროებს მადლობას უხდის და მხარდაჭერას უცხადებს (ვიდეო)

აშშ ქართველ სამხედროებს მადლობას უხდის და მხარდაჭერას უცხადებს (ვიდეო)

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილზეც ისაუბრეს.

ვიქტორია ნულანდმა ქართველ სამხედოებს განსაკუთრებული წვლილისა და თავგანწირვისთვის მადლობა გადაუხადა: „ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, კიდევ ერთხელ გადაუხადოს მადლობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მათი თავგანწირვისთვის და იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც მათ ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციაში შეაქვთ.

ქართველი და ამერიკელი სამხედროები მშვიდობისა და უსაფრთხოების დასამყარებლად მხარდამხარ იბრძვიან. ჩვენ კი დაჭრილ სამხედროებზე ზრუნვის საქმეში თქვენს გვერდით ვართ. მე მქონდა პატივი მომენახულებინა ქართველი სამხედროები ავღანეთში და პირადად მენახა მათი სიმამაცე და წარმოუდგენელი თავდადება. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა დაეხმაროს საქართველოს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვაში. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ, რომ დავეხმარებით დაჭრილ სამხედროებს და საქართველოს შესაძლებლობების განვითარებაში, რათა დამოუკიდებლადაც გააგრძელონ ზრუნვა მათზე. ჩვენ მივესალმებით თქვენს საქმეს. მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ."

საომარ მოქმედებებში დაზარალებული ქართველი სამხედროების ზრუნვის აუცილებლობაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილი მეომრების საზოგადოებაში ინტეგრაციას სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს. „ჩვენი ვალია და მეტად მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ზრუნავდეს თავის მეომრებზე, ჩვენს ვეტერანებზე, რომლებიც დაზარალდნენ სამხედრო მოქმედებებში. მათ უნდა გააგრძელონ ღირსეული ცხოვრება. ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას ჭირდება მათი უნარ-ჩვევები, მათი ნიჭი, ცოდნა და გამოცდილება, მათი აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში და ჩვენი მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს ამისათვის.“

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მხარდაჭერის მნიშვნელობა. ირაკლი ალასანიამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება: „ქალბატონი ნულანდი იყო ელჩი ნატოში. აქედან გამომდინარე, მას პირადად უკვე ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული და დარწმუნებული ვარ მომავალი სამიტისთვის ის იქნება ჩვენი ერთი-ერთი ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების.