ვიქტორია ნულანდის ვიზიტი საქართველოში

ვიქტორია ნულანდის ვიზიტი საქართველოში

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იმყოფება. ვიქტორია ნულანდი სახელმწიფო კანცელარიაში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად USAID-ის მიერ დაფინანსებული ადაპტირებული შესასვლელის გახსნას დაესწრო.

„მე არა ერთხელ მითქვამს და მინდა კიდევ გავიმეორო, რომ ქვეყნის იმიჯი განიზომება იმით, თუ როგორ ზრუნავ საკუთარ მოქალაქეზე. სახელმწიფოს ვალია შეზღუდული შესაძლებლობის პირებს ყოველმხრივ ხელი შეუწყოს საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციაში, შეუქმნას მათ ყველა პირობა ღირსეული ცხოვრებისათვის. ჩვენი ვალია და მეტად მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ზრუნავდეს თავის მეომრებზე, ჩვენს ვეტერანებზე, რომლებიც დაზარალდნენ სამხედრო მოქმედებებში.“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ზრუნვის თაობაზე კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა: „აშშ-ს მთავრობა ამაყობს იმით, რომ მხარს უჭერს საქართველოში კერძო და საჯარო სექტორის ძალისხმევას, რომ ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის ფიზიკური და ეკონომიკური ბარიერების გადალახვას. ეს პანდუსი, რომელსაც დღეს ვხსნით, ყველაზე უკეთ გამოხატავს, თუ როგორ ზრუნავს საქართველოს მთავრობა თავის მოქალაქეებზე.“

მთავრობის კანცელარიასთან პანდუსის გახსნას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და მთავრობის სხვა წევრებიც დაესწრნენ: „ჩვენ გვაქვს დაჭრილი მეომრების ცალკე პროგრამა, რომელიც უკვე ამუშავდა. ყველა ჩვენს დაჭრილ მეომარს, ამპუტირებულს, ჩვენი ხარჯებით ამერიკაში პროტეზირებას გავუკეთებთ.  ეს არ შეეხება მხოლოდ საერთაშორისო ოპერაციების დროს დაშავებულ ვეტერანებს. ეს გავრცელდება მთლიანად  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაჭრილებსა  და დასახიჩრებულებზე.“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

დღევანდელ ღონისძიებაზე 2008 წლის აგვისტოს ომში, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები იმყოფებოდნენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 5 წლის განმავლობაში, ყველა სახელმწიფო მნიშვნელობის შენობა აღიჭურვება ადაპტირებული ინფრასტრუქტურით. პანდუსები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადაადგილებას გაუმარტივებს.