ვახტანგ მაისაია: ,,მოვა დრო, საზოგადოება ყველა აგენტის შესახებ სიმართლეს შეიტყობს!’‘

ვახტანგ მაისაია: ,,მოვა დრო, საზოგადოება ყველა აგენტის შესახებ სიმართლეს შეიტყობს!’‘

მიიღებს თუ არა პარლამენტი ლუსტრაციის კანონს და რა სადამსჯელო ღონისძიებები გატარდება აგენტების წინააღმდეგ

როგორ აპირებს სამოქალაქო სექტორიდან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების გაკონტროლებას, როდის მიიღებს პარლამენტი ლუსტრაციის კანონს და რა სადამსჯელო ღონისძიება გატარდება გამოვლენილი აგენტების წინააღმდეგ - ,,ვერსიის’‘ კითხვებს პოლიტპატიმარი, სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია პასუხობს.  

- ,,ქართული ოცნების’‘ მმართველობის პირობებში, შეიარაღებულ ძალებში, საზოგადოებრივი კონტროლი მეტ-ნაკლებად აღდგა, თუმცა საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მონიტორინგის კუთხით, სამოქალაქო სექტორის ჩართულობა ნულის ტოლია. სწორედ ამ მიზნით, ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში, სპეცსამსახურების საზოგადოებრივი კონტროლის კვლევის ცენტრის შექმნის ინიციატივა გაჩნდა. ეს საკმაოდ სპეციფიკური, საქართველოსთვის მძიმე საკითხია და ამ მიმართულებით საზოგადოება მეტად უნდა გააქტიურდეს. წინა ხელისუფლების პირობებში, აგენტურის პრევენციის მექანიზმი არ არსებობდა, არადა ფაქტია, ეს ადამიანები სახელმწიფო ბიუჯეტიდან სწორედ ჩვენი სახსრებით ფინანსდებიან. 

- ცალკეული შემთხვევების გარდა, სპეცსამსახურების შესახებ ინფორმაცია საქართველოში, ძირითადად, გასაიდუმლოებული იყო. რა მექანიზმი გაქვთ აგენტების გამოსავლენად? 

- საიდუმლო მასალებზე აპელირება უსუსური არგუმენტია. თუ ევროკავშირისკენ რეალურად მივისწრაფვით, დასავლეთში აპრობირებული რეფორმები საქართველოშიც უნდა გატარდეს; თუ ამ მიმართულებით მუშაობაზე უარს ვიტყვით, ევროპასთან ინტეგრაციის საკითხიც საეჭვო გახდება. მსგავსი პროცესების პრაქტიკა მსოფლიოში მრავლად არსებობს, მაგალითად, პოლონეთის განვითარების წინაპირობა სწორედ აგენტურული ქსელის გამოვლენა გახდა, საზოგადოებრივი მონიტორინგის ოპტიმალური ვარიანტი შეირჩა ბალტიისპირეთშიც და ამ პრაქტიკის გაზიარება შეგვიძლია.  

- სახელმწიფო მზადაა, სპეცსამსახურების საზოგადოებრივი კონტროლის კვლევის ცენტრთან ითანამშრომლოს? 

- ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია... თუ ხელისუფლება ჩვენთან თანამშრომლობისთვის მზად დღეს არ არის, ხვალ მოუწევს. 

- საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებით რა გეგმები გაქვთ, ლუსტრაციის კანონის შემუშავებას აპირებთ? 

- დიახ, საკანონმდემბლო დონეზეც უნდა გასწორდეს ხარვეზები, ლუსტრაციის კანონიც მისაღებია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში მოღვაწე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ლუსტრირება ვერ მოხერხდება. 

- წინა ხელისუფლების პირობებში გია თორთლაძეც ცდილობდა ლუსტრაციის კანონის პარლამენტში გატანას, თუმცა ითქვა, რომ შესაბამისი არქივი არ არსებობს და ინიციატივაც პრაქტიკაში ეფექტურად ვერ იმუშავებდა.

- ეს კომიკური ვითარება იყო. მათგან განსხვავებით, ჩვენ რეალურად ვმოქმედებთ და შედეგზე ორიენტირებულები ვართ. ცენტრის შექმნაში შვეიცარიაში მოქმედი ორგანიზაციებიც გვეხმარებიან, მათ შორის, ჟენევის ცენტრი, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტსა და თავდაცვის სამინისტროსთან წარმატებით თანამშრომლობს. თავის დროზე, ჟენევის ცენტრმა ნაციონალებთან ურთიერთობა გაწყვიტა, რადგან მათ დემოკრატიის ყველა პუნქტი დაარღვიეს - იმ შეთანხმებების იგნორირება მოახდინეს, რომელთა შესრულება დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის აუცილებელია. 

- მოლოდინი როგორია, საჯარო სტრუქტურებში უცხო ქვეყნის აგენტები მრავლად არიან? 

- რა თქმა უნდა! საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში უცხოური სპეცსამსახურების თანამშრომლები მრავლად არიან... ბიძინა ივანიშვილის არ იყოს, როცა ლუსტრაციის პროცესი დაიწყება, აგენტურის რაოდენობით ევროპას ნამდვილად გავაოცებთ. სამწუხაროდ, ამ საკითხზე, ჯერჯერობით, კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ. უდანაშაულობის პრეზუმციას დავიცავ, თუმცა მოვა დრო, საზოგადოება ყველა ჩინოვნიკისა თუ სახელმწიფო სტრუქტურის რიგითი თანამშრომლის აგენტურული კავშირების შესახებ სიმართლეს შეიტყობს და ეს მარტივი პროცესი არ იქნება - ამერიკის ფედერალურ ბიუროში საბჭოთა კავშირის აგენტის გამოვლენას ათწლიანი მუშაობა დასჭირდა. 

- აგენტის გამოვლენის შემდეგ რა სადამსჯელო ღონისძიება გატარდება, ეს პუნქტიც უკვე შემუშავებული გაქვთ? 

- გამოვლენილი აგენტების სამართლებრივი დასჯა ჩვენი პრეროგატივა არ იქნება, მხოლოდ მონიტორინგს განვახორციელებთ, მოპოვებულ ინფორმაციას საზოგადოებას ჟურნალისტური გამოძიების ფორმატში გავაცნობთ, ხოლო თუ აღნიშნული ფაქტებით პროკურატურაც დაინტერესდება, მათაც შესაბამის დოკუმენტაციას მივაწვდით. ამის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტს, ვის რა პასუხისმგებლობა დააკისროს.