მორიგი ზეწოლა დასავლეთისან, ამჟამად, ვენეციის კომისიის ხელით

მორიგი ზეწოლა დასავლეთისან, ამჟამად, ვენეციის კომისიის ხელით

რატომ არ უნდა უზრუნველყოს საქართველომ გამჭვირვალობა? - სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ კითხვა ვენეციის კომისიამ უპასუხოდ დატოვა. როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, ხელისუფლებაზე ზეწოლის მცდელობით სამართლებრივმა ინსტიტუციამ საკუთარი რეპუტაცია დააზიანა და სამართლებრივი დასკვნის მაგივრად პოლიტიკური შეფასებები დაწერა.

ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას კანონის არსებული ფორმით გაუქმებას ურჩევს. კომისია მიიჩნევს, რომ ის არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროკონვენციას.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ კომისია კანონის გაწვევის მოთხოვნას სამართლებრივად ვერ ამყარებს და მხოლოდ პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს.

ოპოზიციისთვის კი, კომისიის დასკვნა მორიგი არგუმენტია, რომ ხელისუფლებას კანონის გაუქმება და პრეზიდენტის ვეტოს გათვალისწინება მოსთხოვოს.

24-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც დაჩქარებული წესით  მომზადდა, ვენეციის კომისია ხაზს უსვამს სამოქალაქო ორგანიზაციების სტიგმატიზაციის რისკს და გაერთიანებების უფლებისა და თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს.

„ვენეციის კომისიის კატეგორიული რჩევაა, კანონის ამჟამინდელი ფორმით გაუქმება, რადგან მისი ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებზე, კონფიდენციალურობის უფლებებზე, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებებზე და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვაზე. საბოლოო ჯამში, ეს გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე“, - ნათქვამია დოკუმენტის დასკვნით ნაწილში.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ვენეციის კომისიამ კანონის გაწვევის მკაცრი რეკომენდაცია სამართლებრივი ანალიზის ნაცვლად, პოლიტიზირებული შეფასებით გასცა. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მომხსენებელი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ დოკუმენტში ფაქტები დამახინჯებულია და მიკერძოებულ მიდგომას ასახავს. ოხანაშვილის თქმით, დასკვნა ადასტურებს, რომ კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი არგუმენტები არც ვენეციის კომისიას აქვს და ევროკავშირის მართლმსაჯულების გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.

თურქეთი, სერბეთი, საფრანგეთი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე აქტიურად მსჯელობენ. კანონი თურქეთსა და სერბეთში, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივ მკაცრ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ამ ქვეყნებში, საფრანგეთსა და ევროკავშირში ინიციირებული პროექტების მსგავსად, გაზრდილია იმ პირთა და ორგანიზაციების ჩამონათვალი, ვისაც რეგისტრირების ვალდებულება აქვს. მმართველ გუნდში დღეს განმარტეს, რომ კანონის უცხოური ანალოგები, ქართულზე გაცილებით ხისტ მიდგომებს ითვალისწინებს.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან დასავლეთიდან წამოსული ორკესტრირებული შეტევა ამის პროგნოზირების საშუალებას იძლეოდა. მისი აზრით, ვენეციის კომისიის ე.წ. დასკვნა არის იმ ნარატივის გაგრძელება, რასაც ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილი საუბრობენ.

„არ მქონდა ილუზია იმაზე, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა განსხვავებული იქნებოდა დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებისგან და პოზიციისგან. იმის მაგივრად, რომ მიგვეღო სამართლებრივი ახსნა და განმარტებები იმაზე, რატომ არის ეს კანონი მიუღებელი, ჩვეულებრივი პოლიტიკური დასკვნა წავიკითხეთ. წარმოუდგენელია სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ასეთი და ამ ფორმით ჩარევა ხდებოდეს. ყველაფერს აქვს სახე დაკარგული. ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული კონსტიტუციონალისტების დაწერილი დასკვნა, სადაც აქციებზეც კი საუბრობენ და იმას უსვამენ ხაზს, აქ, ჩვენს ქვეყანაში რა შიდა პოლიტიკური პროცესები მიდის. სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიამ გააგრძელა ის ნარატივი, რაც დასავლეთისგან უკვე ერთი თვეა გვესმის“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ხან შანტაჟის, ხან მუქარის და ხან რით არა, დასავლეთი ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას განაგრძობს.

„გასაკვირი უკვე აღარაფერია, რადგან ბალტიისპირეთის 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვიდნენ და აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ. ეს არის ქვეყნის საქმეებში პირდაპირი და უხეში ჩარევა. წარმოიდგინეთ ახლა საფრანგეთში რომელიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ფერმერების ან ყვითელ ჟილეტიანების აქციაზე რომ მივიდეს და სიტყვით გამოვიდეს. რა ვიცი, იქ სულ აქციებია, მაგრამ მაკრონის პოლიტიკის დაგმობა არც ერთი ევროპარლამენტის წევრისგან ან ამერიკელებისგან არ გვინახია. ამიტომ იმაზე, რაზეც ხელისუფლება საუბრობს, ამის მტკიცებულებები ყოველდღიურად ჩანს. ეს ერთი მხრივ კარგია, რადგან ამ ვითომ პარტნიორების სრული ლუსტრაცია ხდება“,-ამბობს აბაშიძე.

თბილისის საკრებულოს წევრი ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ მას არ ახსოვს აქამდე ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში, სადაც სამართლებრივი შეფასებები იყო რეალურად. ბოჟაძე for.ge-სთან ამბობს, რომ მისი გაცნობის შემდეგ ადამიანს დარჩება შთაბეჭდილება, რომ წითლიძის ან ბოკუჩავას დარეკილით და კარნახით დაწერეს.

„რაც ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია, ერთი-ერთზე ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა დანარჩენი ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს. გუნდის სახელით მინდა დავადასტურო, რომ მზად ვართ სამართლებრივ განხილვაში შევიდეთ და არა პოლიტიკურში. ეუთო /ოდირის დასკვნა ჯერ არ მიგვიღია და იმედს ვიტოვებ, მათი დასკვნა მაინც იქნება სამართლებრივი და არა ისეთი, როგორიც ვენეციის კომისიის დასკვნაში წავიკითხეთ. აქ იყო საუბარი იმაზე, რომ ვითომ შეკრებების და მანიფესტაციების მოწყობაში შეუშლის ხელს ეს კანონი. რა შუაშია დეკლარაციის შევსება ამასთან, ვერ მივხვდი. საუბარია ვითომ კოლოსალურ ჯარიმებზე, ვინც არ დარეგისტრირდება ამ რეესტრში, არადა მხოლოდ 25 ათას ლარზეა საუბარი.

 წარმოიდგინეთ, ადამიანები მზად არიან ეს ჯარიმები გადაიხადონ სანაცვლოდ იმისა, რომ რაღაცა დამალონ. ანუ როგორ უფრო ცუდად არის საქმე ხომ გასაგებია უკვე. იმის მაგივრად, რომ მიგვეღო სამართლებრივი მსჯელობა და რეკომენდაციები, რომელსაც ვეტოს შემდეგ გავითვალისწინებდით, ჩვენ პოლიტიკური შეფასებები მივიღეთ. პირველი კარი ჩაკეტა ზურაბიშვილმა, რომელმაც სამარცხვინო ვეტო გამოაგზავნა. არ ვიცი ასე სამარცხვინოდ აგდება პარლამენტის, კონსტიტუციის როგორ შეიძლება. თუმცა ამ ქალბატონმა იმდენჯერ დაარღვია კონსტიტუცია, რომ არაფერიც აღარ მიკვირს“, - ამბობს ბოჟაძე.

მისივე თქმით, სჯობდა ჩვენი პარტნიორებისგან და მეგობრებისგან თითის ქნევის, მუქარების და შანტაჟის ნაცვლად კონსტრუქციული დიალოგი მიგვეღო. საუბარი სამართლებრივ შენიშვნებზე ყოფილიყო. ბოჟაძე ამბობს, რომ ვეტო დაიძლევა და ამის პრობლემა გუნდს არა აქვს.

ლევკოთეა ვინმემ იცით, რა ხდება რეალურად?
ანუ, რაც პრესაში იწერება და დაინტერესებული სხვადასხვა მხარე აცხადებს, იმას კი არ ვგულისხმობ.
რა მნიშვნელოვანი იფარება მთელი ამ კამუფლიაჟის ქვეშ?
6 თვის უკან
Maverick ამ კანონის გაუქმება მდიდარ ასო-ებს იმიტომ აწყობს, რომ ეშინიათ წლების მანძილზე შემოსული თანხების განკარგვის და მიმღების დამადასტურებელი საბუთები მოეთხოვებათ, ამაშია ძაღლის თავი დამარხული!
6 თვის უკან
არაგველი641 ჩემის აზრით ფაქტიურად შეიზღუდება ჩრდილოვანი პოლიტიკის საქართველოს პლაცდარმის მოქმედება.
5 თვის უკან