არჩილ კბილაშვილის მთავარ პროკურორად დანიშვნისთანავე, პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობა, ჟურნალისტმა ხათუნა პაიჭაძემ დაიკავა. როგორც ცნობილია, ახლა კბილაშვილი ოთარ ფარცხალაძემ შეცვალა. ახალი ხელმძღვანელის დანიშვნიდან რამდენიმე დღეში, ხათუნა პაიჭაძის სამსახურიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რაც თავად ჟურნალისტმაც დაადასტურა. ამ საკითხს ასევე ჟურნალისტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი პრესსამსახურის უფროსი, გურამ დონაძე სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა: "ეს ქალბატონი პასუხს მაინც აგებს, სადაც უნდა წავიდეს... მან ტრაგიკულად დაღუპული ბუტა რობაქიძის საქმეში იარაღების მიმტანად გამომაცხადა და ბრალი სისხლის სამართლის საქმეში პირდაპირ, უაპელაციოდ დამდო (და არა მარტო მე). კბილაშვილის უნიჭო და სამარცხვინო "RR გამპრავებელი" სტრასბურგის სარჩელში თანამონაწილე იქნება იმ გამომძიებლებთან და ყოფილ პირველ პირებთან ერთად, რომლებსაც ახლა ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით სანაგვეზე უშვებენ. ამდენი წელი ატყუეს ხალხი და კიდევ ერთხელ, კბილაშვილის დამსახურებით ისევ მოატყუეს სრულიად ერი. სჯობს გვიან, ვიდრე - არასდროს. პირველად ვუხდი ივანიშვილს მადლობას ნაგვების სანაგვეზე გაშვებისთვის..."
დავინტერესდით, რის გამო დატოვა სამსახური და რა კომენტარს გააკეთებდა დონაძის გამოხმაურებაზე ჟურნალისტი.
- გურამ დონაძის კომენტარი წავიკითხე, მაგრამ ამაზე რა უნდა გითხრათ? მან ისიც კი არ იცის, რომ კონკრეტულად ხათუნა პაიჭაძე არაფერ შუაშია. მას ბრალი მე კი არა, მთავარმა პროკურატურამ წაუყენა.
- მაპატიე, ამას რომ ვიმეორებ, მაგრამ გურამმა შენი მისამართით თქვა: ნაგავი სანაგვეზე გაუშვესო...
- ვირისგან წიხლი საწყენი ნამდვილად არ არის, მაგრამ დონაძეს ვთხოვ, რომ საკუთარ შეფასებებში მაინცდამაინც ნუ იჩქარებს.
- მან შენი მისამართით ასეთი ფრაზაც გამოიყენა: კბილაშვილის სამარცხვინო "RR გამპრავებელი".
- როგორც ჩანს, დონაძე საკუთარი საზომით ზომავს ყველაფერს. ქურდს ყველა ქურდი ჰგონია...
- მან განცხადებაში ისიც აღნიშნა, რომ შენ პასუხს სტრასბურგის სასამართლოში აგებ. სარჩელი შეიტანა შენს წინააღმდეგ?
- სტრასბურგის სასამართლოში ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიჩივლებს. რა მექანიზმით უნდა მიჩივლოს? როგორც ჩანს, მას რაიმე ახალი აღმოჩენა აქვს. გავიმეორებ, რომ ფიზიკურ პირს, ხათუნა პაიჭაძეს მისთვის არანაირი ბრალი არ წაუყენებია. მას ბრალი პროკურატურამ წაუყენა. მე კი ეს გადაწყვეტილება, როგორც პრესსამსახურის უფროსმა, პრესკონფერენციაზე
გავახმოვანე. ეს ჩემი სამსახური და მოვალეობა იყო. შესაბამისად, ის ჩემს წინააღმდეგ სარჩელს ვერ შეიტანს.
- რა მიზეზით აღარ ხარ პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი?
- ეს გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მივიღე. საერთოდ მუშაობის ასეთი სტილი მაქვს: დიდი ხნის მანძილზე ერთი საქმით არ ვკმაყოფილდები და ერთ ადგილას არ ვრჩები. რამდენიმე საქმით ერთად ხშირად ვარ ხოლმე დაკავებული. ვფიქრობ, რომ ეს ეტაპი ჩემი განვითარებისთვის საკმარისი იყო და ახლა უკვე სხვა ეტაპზე უნდა გადავიდე. საკმარისი გამოცდილება და ცოდნა მივიღე იმ საკითხებში, რომლებიც ჩემთვის საინტერესო იყო.
- ახლა სად აპირებ მუშაობის გაგრძელებას. რაიმე შემოთავაზება გაქვს?
- ამის შესახებ დაწვრილებით ჯერ ვერ ვილაპარაკებ. არ არის გამორიცხული, რომ სხვა სახელმწიფო სტრუქტურაში განვაგრძო მუშაობა, თუმცა ამაზე გადაჭრით საუბარი არ შემიძლია.