"რაც შეეხება რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, გაჩნდა უკეთესი მომავლის სერიოზული იმედი, თუმცა გადამწყვეტი გარღვევისა და სრულფასოვანი დარეგულირების მოლოდინიც არ ღირს. არსებობს ობიექტური ფაქტორები, რომელთა გათვალისწინება აუცილებლად მოუწევთ ახალ პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს", - აცხადებს ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორი გულბაათ რცხილაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გულბაათ რცხილაძე: "რუსეთთან ურთიერთობები აუცილებლად აღდგება".
"ისევე, როგორც თავად ბიძინა ივანიშვილი, მისი პოლიტიკური გუნდის წამყვანი ფიგურები - პრეზიდენტი მარგველაშვილი და პრემიერი ღარიბაშვილი - პრაგმატული ხალხია, მათგან შორსაა ავანტიურისტული სული და ამიტომ ისინი ერიდებიან მკვეთრ მოძრაობებს პოლიტიკაში, განსხვავებით მიხეილ სააკაშვილისგან. საქართველოს ახალი ხელისუფლება მათი სახით ყურადღების ფოკუსირებას მოახდენს მთავარზე, ეს მთავარი კი მდგომარეობს სწრაფ ეკონომიკურ აღორძინებაში კრიზისიდან გამოსვლისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. სწორედ საამისო მოლოდინი სჭარბობს ქართულ საზოგადოებაში. შეიძლება ითქვას, რომ უმუშევრობის დონის დაწევა ქართველი საზოგადოების მთავარი სოციალური დაკვეთაა. მაგრამ ეკონომიკის აღმავლობა და სამუშაო ადგილების შექმნა დაკავშირებულია ჭარბი სამუშაო ძალის უცხოეთში გასვლის საშუალებასთან. ამის შეთავაზება საქართველოსთვის ერთადერთ ქვეყანას - რუსეთს - შეუძლია. რუსეთის გასაღებისა და სამუშაო ბაზრის გარეშე საქართველოს ეკონომიკის სწრაფი ზრდა, უბრალოდ, არარეალურია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გულბაათ რცხილაძე.
"ამიტომ საქართველო ამიერიდან ყოველმხრივ შეეცდება თავიდან აიცილოს რუსეთთან კონფლიქტის სიტუაციები, რაც რუსულ მხარესაც აწყობს. აღნიშნული ტენდენცია, სხვათა შორის, უკვე მოცემულობაა. ოფიციალურმა მოსკოვმა, თავის მხრივ, ასევე გამოაგზავნა პოზიტიური დიპლომატიური სიგნალი და ნაწილობრივ გახსნა კიდეც საკუთარი ბაზარი ქართული ნაწარმისთვის. სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე მავთულხლართების გაბმა, რა თქმა უნდა, წამლავს ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეულ პირველ დადებით შედეგებს, მაგრამ ოფიციალური თბილისი ამ ვითარების ზედმეტ დრამატიზებას არ ახდენს. ბოლოს და ბოლოს პრობლემა საკუთრივ მავთულხლართში ხომ არ მდგომარეობს. პრობლემის არსი ის არის, რომ რუსეთი ცნობს, საქართველო კი არ ცნობს სამხრეთ ოსეთს და ეს პრობლემა ვერ გადაწყდება საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების სრულ გარკვევამდე", - მიიჩნევს ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორი.
"სააკაშვილის რეჟიმი ახორციელებდა ულტრამემარჯვენე ეკონომიკურ კურსს, რომელიც ადგილობრივი წარმოების, შედეგად კი ექსპორტის ძირეულ მოთხოვნილებებს უგულებელყოფდა. საქართველო იმპორტზე გახდა დამოკიდებული, აგრარული სექტორის ჩათვლით. ამგვარი მიდგომა, ქვეყნის "სინგაპურიზაციის" გაცხადებულ მიზანთან ერთად, თვითმოტყუების საშუალებას იძლეოდა, თითქოს "საქართველოს რუსეთი არ სჭირდება". იმპორტის განხორციელება მართლაც შეიძლება რუსეთის გარეშე, თუმცა რეჟიმმა რუსეთიდან შემოსულ ნაწარმს არ დაუწესა სანქციები ონიშჩენკოს უწყების საპასუხოდ, ხოლო რუსეთმა არ აკრძალა ექსპორტი საქართველოს მიმართულებით. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. სააკაშვილის რეჟიმი უბრალოდ იძულებული იყო, ტოტალური ანტირუსული პოლიტიკა ეწარმოებინა, რადგან წაგებული ომის შემდეგ მას საკუთარი თავის არსებობის გამართლება სხვაგვარად არ შეეძლო. რუსეთის სახით ტოტალური მტრის ხატის არსებობა რეჟიმს სამოქმედოდ ხელს უხსნიდა უკმაყოფილოთა წინააღმდეგ - ყოველთვის შეეძლო "რუსული აგენტურის" იარლიყის მიკერება" აქედან გამომდინარე ყველა შედეგით", - განაგრძობს რესპონდენტი.
"დღევანდელ ხელისუფლებას სხვა პრიორიტეტები აქვს როგორც ეკონომიკაში, ისე პოლიტიკაში. არ არის დამძიმებული დანაშაულის ჩადენით, ომის გაჩაღებით და ა.შ. ამიტომ იგი უბრალოდ არ არის დაინტერესებული წინა ხელისუფლების რუსობოფიული კურსის გაგრძელებით. მეტიც, როგორ უკვე აღინიშნა, ეკონომიკური ინტერესების ლოგიკა ახალ ქართულ ხელისუფლებას უბიძგებს ეძებოს რუსეთთან დარეგულირებისა და ერთგვარი დაახლოების გზები", - აცხადებს გულბაათ რცხილაძე და შეკითხვას - "ანუ ფიქრობთ, რომ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის რეალური შესაძლებლობები გაჩნდა?" - პასუხობს:
"ივანიშვილი, მარგველაშვილი, ღარიბაშვილი რუსული სახელმწიფოს არც მეგობრები არიან და არც მტრები. ისინი, უბრალოდ, პრაგმატიკოსები და ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან. შესაძლოა, ბანალურად ჟღერს, სამაგიეროდ, რეალურად. საქართველო ხომ არაბუნებრივი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამოსვლას იწყებს, რომელიც სააკაშვილის ექსპერიმენტატორული რეჟიმის მიერ ჰქონდა თავს მოხვეული. იგი უბრუნდება თავის ეროვნულ ინტერესებს და აღარ აღმოუჩენს მხარდაჭერას სხვადასხვა ქვეყნებში, რუსეთის ჩათვლით, ფერადი რევოლუციების იდეას. სწორედ ამიტომ თეორიულად არ გამორიცხა ივანიშვილმა საქართველოს შეერთება მომავალ ევრაზიულ კავშირთან, თუკი ეს საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისობაში იქნება, მაგრამ საქართველო, ამათან ერთად დასავლეთის პოლიტიკურ ორბიტაზე რჩება".
"ქვეყნის ხელმძღვანელები და თავად ივანიშვილი საკუთარი თავის პოზიციონირებას ახდენენ, როგორც დასავლური ფასეულობების მატარებლები და სულაც არ ამბობენ უარს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე. თუკი ევროკავშირის იდეა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრს სხვა სახელმწიფოსაც იზიდავს, ნატოსკენ თავის სწრაფვაში საქართველო რეგიონში იზოლირებულ მდგომარეობაში რჩება. რამდენად სწრაფად იმოქმედებს აღნიშნული ფაქტორი უარყოფითად რუსულ-ქართული დიალოგის პროცესზე, ძნელი სავარაუდებელია. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში იგი უკვე ამუხრუჭებს რუსულ მხარესთან ჭეშმარიტად მეგობრული და ურთიერთგაგებაზე დამყარებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. თუმცა, მიუხედავად, ამისა, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება დაიცვას ბალანსი დასავლეთსა დ რუსეთს შორის დასავლეთზე აღებული სტრატეგიული კურსის შენარჩუნებით და ამასთან არ დააზარალოს რეგიონში რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები", - თვლის გულბაათ რცხილაძე.
"ამასთან ერთად, საჭიროა დავინახოთ ობიექტური სურათი: თუკი ივანიშვილი, მარგველაშვილი და ღარიბაშვილი მთელი გულით და სულით მოინდომებენ, უარი თქვან ცალმხრივ დასავლურ კურსზე და მიუბრუნდნენ რუსეთს, მათ ეს ჯერჯერობით არ შეუძლიათ - აშშ და მისი მოკავშირეები ხომ მრავალი წლის მანძილზე ქმნიდნენ საქართველოს პოლიტიკურ სისტემას, სახელმწიფო სტრუქტურებში, პოლიტიკურ პარტიებში, ჟურნალისტურ წრეებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში ნერგავდნენ საკუთარ ხალხს, ხოლო რუსეთი არაფერ მსგავსს არ აკეთებდა. მეტიც, მას საკუთარი იმიჯი საერთოდ არ აინტერესებდა. ასე თუ ისე, საქართველოში ხელისუფლების ცვლილება უნდა შეფასდეს დადებით მოვლენად და გაჩენილ შანსად საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობების ხარისხობრივად გაუმჯობესებისთვის", - დასძენს ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორი.