პოლიტიკური ვაჭრობა თუ რეალური შეთავაზება სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნისგან? - რას ითვალისწინებს ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტი, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ, როგორც ამერიკის შეთავაზება უკვე ისე გაასაღა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ჩვენთვის არის არა ვაჭრობის საგანი, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ეფექტური საშუალება, ქვეყნის სუვერენიტეტით კი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვივაჭრებთ“, - ასე გასცა პასუხი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ ამერიკელი კონგრესმენის შეთავაზებას.
კანონპროექტის თანახმად „საქართველოს მთავრობა ანტიდემოკრატიულ კურსს თუ შეცვლის, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს“, - წერია კანონპროექტში.
კანონპროექტის მიხედვით საქართველოს მთავრობა თუ უარს იტყვის ანტიდასავლურ რიტორიკაზე და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უკუსვლას შეაჩერებს, მაშინ აშშ დაიწყებს მოლაპარაკებებს საქართველოსთვის პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმის დასაწესებლად და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, კონგრესი ასევე დაავალებს ოფიციალურ პირებს, შეიმუშაონ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც გაითვალისწინებს საქართველოსთვის თავდაცვითი აღჭურვილობის გადაცემას, რაც რუსეთის აგრესიისგან ტერიტორიის დასაცავად იქნება გამიზნული.
როგორც Politico წერს, ეს პროგრამა მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ აშშ-ში დარწმუნდებიან, რომ საქართველო აჩვენებს მნიშვნელოვან და მდგრად პროგრესს დემოკრატიის განმტკიცებაში, რისი მტკიცებულებაც, სულ მცირე, უნდა იყოს სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო.
ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობა თვლის, რომ თუ ამერიკას პარტნიორ საქართველოსთან ურთიერთობის გამყარება სურს, ამას წინ არაფერი უდგას, შტატებს კი ამ მიმართულებით ნაბიჯები გაცილებით ადრეც უნდა გადაედგა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ დღეს ამ თემაზე საუბარი არის მცდელობა იმისა, რომ ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვას შეეწყოს ხელი.
„ახლა ოპოზიცია შეეცდება, რომ ეს ერთი კონგრესმენის ინიციატივა გაასაღოს უკვე როგორც შემდგარი ფაქტი და თითქოს, საქართველოსთვის ეს შემდგარი მოცემულობა არსებობს. რა თქმა უნდა, ეს არის გარკვეული პოლიტტექნოლოგიის გამოვლინება, როდესაც ხდება გარკვეული ინფორმაციის ჩაშვება იმისათვის, რომ რომელიღაც მხარემ ეს ინფორმაცია შემდეგ თავის ინტერესებისათვის ხშირ შემთხვევაში, სპეკულაციურად გამოიყენოს“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
თბილისის მერი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს რეალობას სრულიად აცდენილს უწოდებს.
„თუკი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორის აქვს სურვილი იმისა, რომ იყოს უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, პირდაპირი ფრენები, ჩვენ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ღია ვართ, მივესალმებით ამ ყველაფერს და ეს არ უნდა დარჩეს უბრალო სიტყვებად, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. თუ ეს მიდგომა და დამოკიდებულება იქნება და დავინახავთ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორისგან არა მხოლოდ სიტყვებით, თუმცა ჯერ არავინ არ იცის, ეს ინიცირებული კანონპროექტი სად იქნება და რა დონემდე მივა, თუკი დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს და ეს შეუძლიათ გადადგან, რა თქმა უნდა, კანონის აუცილებლობაც არ იქნება საჭირო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტი ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ ერთი კონგრესმენის ინიციატივა არ ნიშნავს იმას, რომ ამას ეთანხმება მთელი კონგრესი და ასევე ბაიდენის ადმინისტრაცია. თუმცა მენაღარიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ რადგან ამაზე განცახდება კეთდება, დიდი ალბათობით, ამ კონგრესმენს ჰყავს კონგრესში სხვა მომხრეებიც. თუმცა იმდენი პროცედურაა გასავლელი, რომ ზუსტად არავინ იცის რეალობად იქცევა თუ არა ეს კანონპროექტი.
„ეს, ამ ეტაპზე, ერთი კონგრესმენის შემოთავაზებაა და მას აქვს ეს კანონპროექტი წარდგენილი. ჯერ ერთი, რომ აქ პირობაა მოცემული, რომელსაც მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლება უნდა დათანხმდეს და კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“ გაიტანოს. მეორე მხრივ, არ არსებობს ზუსტად იმის გარანტია, რომ ეს კანონპროექტი ძალაში შევა და რეალობად იქცევა.
თუმცა, რადგან კონგრესმენი ამაზე საუბრობს და ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, ვფიქრობ, ის ჰაერზე არ დაიწყებდა საუბარს. გარდა ამისა, აქ არის მთელი რიგი პროცედურები გასავლელი და ვნახეთ უკრაინის შემთხვევაში რამხელა დრო გახდა საჭირო მათ დახმარებაზე კანონპროექტი გასულიყო. ორივე პალატა უნდა გაიაროს ამ კანონპროექტმა, კონგრესმენების უმრავლესობის მხარდაჭერა უნდა მიიღოს და შემდეგ პრეზიდენტ ბაიდენის ხელმოწერაა საჭირო. ამიტომ რთულია იმაზე საუბარი, რა როგორ იქნება. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამაზე კარს მიღმა საუბრებიც ყოფილიყო. შესაძლებელია ობრაიენსაც ჰქონოდა ეს წინადადება. მე მიმაჩნია, რომ თუ ეს შანსი რეალურია და რაღაცა უფრო მეტზე მიდის კარს მიღმა საუბარი, მე ხელისუფლებას ვეტყოდი, რომ ეს შანსი ხელიდან გასაშვები არ არის“, - ამბობს ყოფილი მინისტრი.
ანალიტიკოსი პეტრე მამარაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ რამდენიმე კონგრესმენი ვერასდროს ვერ წყვეტდა მსგავს პოლიტიკურ შეთავაზებებს და ამიტომ ადრეა საუბარი იმაზე, თუ ერთი კონგრესმენის სურვილს რა სახის განვითარება მოჰყვება. მამრაძე მიიჩნევს, რომ უკრაინის მიმართ თითქოსდა გადაუდებელი კანონპროექტი თვეები წყდებოდა და იქ იმდენი პოლიტიკური მდგენელი იყო ჩართული, რომ ჩვენს შემთხვევაში ეს დროში კიდევ უფრო გაჭიანურებული იქნება.
„ამერიკის მხრიდან ჯანდაცვის სფეროში მართლაც ძალიან კარგი დახმარება და პროექტები განხორციელებულა. თუმც,ა რაც შეეხება ამერიკულ ინვესტიციას, ძალიან მიზერული იყო. მთავარი მინდა ვთქვა, რა საფრთხეს შეიცავს მსგავსი პოლიტიკური თამაში ჩვენი ქვეყნისთვის - რუსეთის მხრიდან მუდმივად საფრთხის მოლოდინში ვართ და ეს მხოლოდ ომის გამოცხადებას არ ეხება. აქ ვსაუბრობ იმაზე, რომ ლავროვიც და სხვებიც მუდმივად ამბობენ, რომ მათ საქართველოსთვის პასუხების გაცემის მთელი პაკეტი აქვთ. იმ შემთხვევაში, თუკი დასავლეთის აქტიურობა გადააჭარბებს იმ ნიშნულს, რაც მათთვის მიუღებელია, პუტინი თუკი ამის საჭიროებას დაინახავს, შეუძლია ხელი მოაწეროს დიდი ხნის წინ მომზადებულ ბრძანებულებას და სამხრეთ ოსეთი ჩრდილო ოსეთს შეუერთოს. ჩვენ კი თბილისიდან 30 კილომეტრში რუსეთის საზღვარს მივიღებთ. გარდა ამისა, უსაფრთხოების მიზნით, იგოეთთან ტრასა გადაკეტონ. ეს კი საქართველოს ეკონომიკას სრულიად დაასრულებს, ამერიკის დახმარებით თუ დაუხმარებლად“,-ამბობს მამრაძე.
მისივე თქმით, სამხედრო დახმარებაზე ამერიკის მხრიდან საუბარი აბსურდია და ამაზე თავი შეიკავეს 2008 წელსაც. მამრაძე ამბობს, რომ „ჯაველინებიც“ კი მოგვყიდეს და არანაირი დახმარებაზე საუბარი არ ყოფილა.
„მაშინაც ვეუბნებოდი ამერიკელ კოლეგებს, რომ კრემლი ამ ყველაფერს გულდასმით ზომავს. რა შეიარაღება აქვს საქართველოს და ოდნავადაც რომ გადავაჭარბოთ, ისევ იგივე სიტუაცია იქნება, რაც 2008 წელს გვქონდა. გვახსოვს სენაკის ბაზიდან როგორ წაიღეს იარაღი. ამერიკისგან ყველაზე უფრო საქართველოსთვის სახიფათო სამხედრო დახმარების დაპირებაა. ის ან მოვა, ან არა. ასეთ შემთხვევაში კი რუსეთს არ გაუჭირდება ძველი ბაზები სენაკში, ახალქალაქში და ვაზიანში დაიკავოს. ამის შემდეგ კი ეს დახმარება არ მოვა და რომც მოვიდეს, აღარაფერში არ დაგვჭირდება. ამიტომ ჩვენს უცხოურ პარტნიორებს დასავლეთში ვურჩევ, რომ ასეთ საკითხებს დიდი სიფრთხილით მოეკიდონ. მათთვისაც დიდი კატასტროფა იქნება ამ საკითხის პრვოცირება. ეს არის ამერიკელების სრულიად მცდარი კონტრპროდუქტიული მოქმედების კლიშე, როცა ყველგან პირიქით გამოსდით - ვნახეთ ავღანეთში რაც მოხდა. ამიტომ მათი განცხადებების და მოქმედებების პოლიტიკური ახსნა რთულია“,-ამბობს მამრაძე.