ვინ ვინ არის

ვინ ვინ არის "ევრომაიდანის" პროტესტში

რადიო თავისუფლება იმ პოლიტიკოსებს და ქუჩის ორგანიზატორებს აკვირდება, ვინც უკრაინის „ევრომაიდანის“ საპროტესტო გამოსვლებს მართავს, გამოსვლებს, რომლებიც იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას მოჰყვა. იანუკოვიჩმა მოსკოვის ზეწოლით ევროკავშირთან შეთანხმებაზე უარი განაცხადა.

ეგორ სობოლევი, კიევური ევრომაიდანის ერთ-ერთ „მეთაური“, დიდი ხანია ფხიზლად ადევნებს თვალს ვიქტორ იანუკოვიჩს, იმ დროიდან, როდესაც ის პრეზიდენტის მშობლიურ ქალაქში, დონეცკში ფინანსური რეპორტიორი იყო. 2004 წელს, მან იმ დროს უშტატო კორესპონდენტმა, იანუკოვიჩთან და მის შტატთან შეხვედრა მოახერხა. ეს იშვიათი შესაძლებლობა მას იმ სადავო არჩევნების დროს მიეცა, რომელსაც შემდეგ „ნარინჯისფერი რევოლუცია“ და მაიდანის პირველი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

სობოლევმა, კიევის მედიაპროფკავშირების ხელმძღვანელის სტატუსში, უკრაინის ცენტრალურ ტელეარხებზე გაბატონებულ ცენზურას შეუტია და პოპულარული საინფორმაციო პროგრამის, „ვრემიას“ თანაწამყვანი გახდა. თუმცა, ოლიგარქ პიოტრ პოროშენკოსთან, მეხუთე არხის ხელმძღვანელთან (ამ არხზე გადიოდა „ვრემია“) და რინატ ახმეტოვთან ინციდენტის შემდეგ, მან ტელევიზია მიატოვა. ახმეტოვმა მაშინ ის უკრაინული ტელეარხის მთავარ რედაქტორად აიყვანა და კონტრაქტი ორ საათში გააუქმა. (სობოლევის ცოლი, მარიჩკა პადალკო პოპულარული ტელეწამყვანია).

შემდეგ სობოლევმა დამოუკიდებელი საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრის შექმნა გადაწყვიტა, მაგრამ საბოლოოდ ჟურნალისტიკა მიატოვა და პოლიტიკურ აქტივისტთა ჯგუფი, „ვოლია“ ჩამოაყალიბა. ერთ-ერთი პირველი მისი აქცია კიევის მუნიციპალიტეტის შტურმით აღინიშნა, ის მაშინ, გასულ ზაფხულს, მერის არჩევნების ჩაშლის გამო გამოხატავდა პროტესტს. მაიდანზე სობოლევი ნიჭიერ სტრატეგად მოგვევლინა, ის გეგმავდა ბლოკადებს და რაციონალიზმისკენ მოუწოდებდა.

„ქვის სროლა მხოლოდ ადამიანებს აზიანებს და მორალურ უპირატესობას გვაკარგვინებს“, წერდა ის 2 დეკემბერს თავის ბლოგპოსტში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეჯახების შემდეგ. „მივცეთ ხელისუფალთ იმის შანსი, რომ იგრძნონ – მათ არავინ დაამხობს. თავად იანუკოვიჩსაც ვაჩვენოთ, რომ წასვლა შესაძლებელია. მოვიზიდოთ მინისტრები და რეგიონული ლიდერები იმ იდეით, რომ უნდა შეუერთდნენ ხალხს მანამდე, სანამ გვიან არ არის. ქუჩების პარალიზებისა და ამ მოვლენების ფონზე, მთავრობა დაემხობა“.

ბევრი დემონსტრანტი ევრომაიდანზე იმედგაცრუებული დარჩა, როდესაც ნიღბიანი დემონსტრანტების ჯგუფი მოსწყდა მშვიდობიან მასობრივ პროტესტს და პოლიციის სპეციალურ დანაყოფებზე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე 1 დეკემბერს საბარგო მანქანებით შტურმი მიიტანა. უხეში ძალის ტაქტიკამ, რომელსაც პოლიციამ ხელკეტები და ცრემლმდენი გაზი დაუპირისპირა, ბევრი აალაპარაკა პროვოკაციაზე, რომლის მიზანიც პროევროპული დემონსტრაციებისთვის მიმართულების შეცვლა იყო.

ბევრი ეჭვობს, რომ ამ ყველაფრის ინსპირატორი დმიტრი კორჩინსკია, „ბრატსტვოს“ 49 წლის ლიდერი. „ბრატსტვო“ ის პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც თავის იდეოლოგიად „მართლმადიდებლურ ნაციონალ-ანარქიზმს“ ასახელებს.

კორჩინსკი ხმალსაც ატრიალებს და კალამსაც: პოეტი და ფილოსოფოსი, რომლის ნაწარმოებებიც გამოიცემა, ის იყო 1990-იანი წლების ულტრარადიკალური ნაციონალური ასამბლეის (უნა) დამფუძნებელი და ამ ორგანიზაციის გასამხედროებული ფრთის ხელმძღვანელი. უნა-ში ყოფნისას ის აგრესიულ განცხადებებს აკეთებდა, მაგალითად ამბობდა, რომ თვითაღმოჩენის ერთადერთი გზა სიკვდილია. თუმცა „ბრატსტვოში“ ის უფრო მსუბუქი ტონით ლაპარაკობს და პოლიტიკას აღწერს „მხიარულ“ პროფესიად, რომელიც სადღაც მუსიკასა და ლიტერატურას შორის მდებარეობს.

ვებსაიტებზე იუწყებოდნენ, რომ თვითმხილველებმა ნახეს კორჩინსკი, ის თავისი დასამახსოვრებელი ულვაშებით მათ შორის იყო, ვინც პრეზიდენტის შენობაზე შტურმით მიდიოდა, მაგრამ მალე გაუჩინარდა ადგილიდან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ალყაში „ბრატსტვოს“ 300-მდე წევრი მონაწილეობდა. კრიტიკოსები მას ტვიტერზე „ტარაკანად“ მოიხსენიებდნენ, ამბობდნენ, რომ მას პრორუსმა სტრაგეტმა ვიქტორ მედვედჩუკმა გადაუხადა ფული. კორჩინსკი უარყოფს ბრალდებებს და ამბობს, რომ საპროტესტო მოძრაობა იანუკოვიჩის გამო გადაიზარდა ძალადობაში. „თუ უკრაინელ ხალხს გუშინ ის უბრალოდ არ მოსწონდა, დღეს უკვე ეზიზღებათ“, განაცხადა მან. „ეს აღარ არის საპროტესტო გამოსვლა, ეს აჯანყებაა“.

მაიდანზე გამოსული ზოგი პროტესტანტი აქ დასავლეთისადმი ძლიერმა ლტოლვამ გამოიყვანა. სხვებს, მაგალითად ისეთებს, როგორიც ნაციონალისტი ოლეგ ტიაგნიბოკია, აღმოსავლეთი ეზიზღებათ. ტაიგნიბოკი 45 წლისაა. ის უკრაინულ პოლიტიკურ მოძრაობას, „სვობოდას“ უდგას სათავეში. ამ მოძრაობამ მიიტანა 1 დეკემბერს იერიში ადმინისტრაციის შენობაზე და მას შემდეგ ითხოვს ნაციონალური მასშტაბის გაფიცვას. „უკრაინაში რევოლუცია იწყება“, ამბობს ტიაგნიბოკი, რომელიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ვირტუალური ომის წარმოებაში ადანაშაულებს; ის რუსეთთან სავიზო რეჟიმს მოითხოვდა და აპროტესტებდა რუსული ენისთვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებას.

ტაიგნიბოკი, რომელიც დიდი ხანია და ნელა იკეთებს კარიერას, ალბათ საპროტესტო გამოსვლებს პოლიტიკურ შესაძლებლობად განიხილავს. ტიაგნიბოკი პარლამენტში 1998 წელს შევიდა და ხელახლა ვიქტორ იუშჩენკოს ბლოკის სიებით აირჩიეს დეპუტატად. მაგრამ მისმა ნაციონალისტურმა შეხედულებებმა საბოლოოდ ის ბლოკის მიღმა დატოვა და, ზოგადად, ის წინ ვერ მიდის, რადგან ოპონენტები მუდმივად ადანაშაულებენ ანტისემიტიზმში. 2012 წელს, მას შემდეგ რაც დამარცხდა საპრეზიდენტო და მერის არჩევნებში, ტიაგნიბოკი ისევ მოხვდა ვერხოვნაია რადაში საკუთარი ძალებით, როგორც საპარლამენტო ფრაქცია „სვობოდას“ ხელმძღვანელი. მაგრამ მაიდანის პროტესტის მისეული მხარდაჭერა ბევრმა პარლამენტარმა როდი გაიზიარა. 2 დეკემბრის ინტერვიუში მან აჩვენა ჭრილობა თავზე, რომელიც, მისი თქმით, საპროტესტო გამოსვლებში მისი როლის გამო მიაყენეს პარლამენტის წევრებმა.

ქვეყანაში, რომელიც ცნობილია ოპოზიციის გახლეჩილობით, ტიაგნიბოკი ამჯერად გუნდურ თამაშს თამაშობს, ის მეინსტრიმულ ოპოზიციურ ფიგურებს – არსენი იაცენიუკსა და ვიტალი კლიჩკოს დაუკავშირდა. რაც შეეხება კლიჩკოს, მასთან მას პოლიტიკის მიღმაც აქვს საერთო: ტიაგნიბოკის მამა ცნობილი მოკრივე იყო. მაგრამ იმის გამო, რომ ის ევროინტეგრაციის წინააღმდეგია, თუ საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოპოზიციის ლიდერები კვლავ გამონახავენ საერთო ენას.

უკრაინის პოლიტიკური პროცესების ყველაზე ცნობილი მოთამაშე, ისეთი, რომელიც გისოსებს მიღმა არ არის, ვიტალი კლიჩკო, ძალიან არის დაინტერესებული საპროტესტო მოძრაობის განმტკიცებაში. ჩემპიონი ბოქსში, მძიმე წონაში, 42 წლის კლიჩკო არ მალავს, რომ პრეზიდენტობა სურს. თავისი პარტია „უდარი“ 2010 წელს მან იმ მიზნით დააფუძნა, რომ 2015-ში ამ თანამდებობაზე კენჭი იყაროს. რაც უფრო სუსტად გამოიყურება იანუკოვიჩი, მით უფრო ძლიერდება კლიჩკო.

კლიჩკო მტკიცედ პროევროპელია და ანტიკორუფციონისტია. ის ევრომაიდანის პროტესტის განუყოფელი ნაწილია მას შემდეგ, რაც მთავრობამ 21 ნოემბერს ევროკავშირთან შეთანხმებაზე უარი თქვა. მას მერე ის იანუკოვიჩისგან გადადგომას მოითხოვს. მან შეიმუშავა რეზოლუციის პროექტი, რომელიც პარლამენტს წარუდგინა და რომელიც მიზნად უკრაინის სახელმწიფოს სრულ გადაწყობას ისახავს. მაგრამ ის ამავე დროს მშვიდობის სადარაჯოზეც დგას, აქრობს შესაძლო ძალადობას და თვალს ადევნებს ქუჩის მთვრალ კრიტიკოსებს მთელი თავისი სიმაღლიდან – ის 1.98 მეტრია. „თუ კლიჩკო ოდესმე გახდება უკრაინის პრეზიდენტი“, წერდა ტვიტერზე „გარდიანის“ ჟურნალისტი შონ უოლკერი, „პუტინი ძალიან უნდა უფრთხოდეს ერთობლივ პრესკონფერენციებს მასთან“.

ევრომაიდანის გამოსვლები, რაღა თქმა უნდა, დატუსაღებული პრემიერმინისტრის იულია ტიმოშენკოს გამო არ მიმდინარეობს, მაგრამ ის ფაქტი, რომ აქ არსენი იაცენიუკია წარმოდგენელი, მისი ოპოზიციური პარტიის „მამულის“ ლიდერი, მუდმივად ახსენებს ყველას ერთ რამეს – უკრაინის პოლიტიკაზე ტიმოშენკოს გავლენა არ შეუწყვეტია.

მაგრამ არც ის ითქმის, რომ იაცენიუკი უბრალოდ იკავებს აქ ადგილს. პარტიის 39 წლის ლიდერი, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელია, მას ეკავა ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტები, იყო პარლამენტის სპიკერიც.

როგორც პარტიის ლიდერი, იაცენიუკი უკრაინის მეორე უდიდეს პარტიას ხელმძღვანელობს და თეორიულად შეუძლია წარმოადგენდეს საფრთხეს იანუკოვიჩის პარტია „რეგიონებისათვის“, თუ მისი რეჟიმი კვლავაც განაგრძობს დაცემას. იაცენიუკი უკრაინის პრემიერმინისტრს, მიკოლა აზაროვს გადადგომას სთხოვს და ეს, მისი თქმით, უნდა გახდეს პირველი ნაბიჯი მთავრობის ძირეული ცვლილების პროცესში.

foreignpress.ge