საქართველოს ხელისუფლება თვითმმართველობას ანგრევს და მისი რეფორმირების მიზნით მისაღები კანონპროექტით ქვეყანას უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს. სხვა რომ არაფერი, ხელისუფლება ახალი კონსტიტუციის გაბახებას იწყებს _ ისე, რომ ამას არსად იურიდიულად არ აფიქსირებს, ქვეყნის ფედერალურ დაყოფას აპირებს. ესეც რომ არაფერი, მთავრობა თვითმმართველობების ცენტრალიზებულ მართვას აპირებს. როგორც არაერთი ინფორმირებული პირი აცხადებს, თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც ბუნდოვანი ფორმულირებით მოიწონა საქართველოს მთავრობამ, რეგიონების ამჟამინდელი "მმართველის" _ ირაკლი მელაშვილის მომზადებულია. ის, რომ იგი კვლავაც აპირებს, მართოს რეგიონები, კანონპროექტიდანაც ჩანს.
მართალია, პროექტის ავტორები, რასაც საკუთარ თავზე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იბრალებს, აცხადებენ, რომ საფუძველს უყრიან და აყალიბებენ ევროპულ ადგილობრივ თვითმმართველობებს, მაგრამ რეალურად ვიღებთ იერარქიულ სისტემას, რომლის სათავეში, არც მეტი, არც ნაკლები, მთავრობის კანცელარიაში ადგილობრივ მმართველობაზე პასუხისმგებელი ოფისია _ ირაკლი მელაშვილი, შემდეგ მოდის "ავტორი" _ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შემდგომ გუბერნატორები და მხოლოდ ამ სამი "იერარქის" მერე მოჩანჩალებენ მოსახლეობის მიერ არჩეული მერები, გამგებლები და თვითმმართველი ერთეულის მმართველი პირები. ფაქტობრივად, ხელისუფლება მოსახლეობას კიდევ ერთხელ ეუბნება, _ შენი ნება ფეხებზე მკიდია, მე უნდა გმართოო. ისე, ბატონო ყველა დროის პოლიტიკოსებო, ანუ მხოლოდ ამჟამად პოლიტიკაში მყოფებს არ ვგულისხმობ _ თქვენი, ანუ პარლამენტის წევრების, პრეზიდენტის არჩევანში რომ არ ცდება, ის ამომრჩეველი საკუთარი სოფლის თავკაცსა და ქალაქის მერს ვერ აირჩევს ისეთს, რომელიც კანცელარიის რომელიღაც სართულიდან მიღებული კოორდინაციის, ან ვაჟა-ფშაველას გამზირზე განთავსებული სამინისტროს მონიტორინგის გარეშე მიხედავს საკუთარ "სამწყსოს"?
ხელისუფლება მის მიერ მომზადებულ ცენტრალიზებული მართვის კვაზისისტემას ცინიკურად არგებს "ევროპული" ადგილობრივი თვითმმართველობის ყალბ ნიღაბს.
ისე, რომელი ევროპული ქარტიით იხელმძღვანელა "ექსქარტიელმა" და "ექსლობისტმა" მელაშვილმა ამ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტზე მუშაობისას?
ირაკლი მელაშვილსა და თბილისის მერობის კანდიდატს, ამჟამად რეგიონალური მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ნარმანიას თვითმმართველობად მიაჩნიათ ის, რომ ადგილობრივი ორგანოების კოორდინატორი _ პირველი მმართველი, პრემიერ-მინისტრის სახელით ბატონი მელაშვილი ან სხვა პერსონა _ ოფისი უნდა იყოს? ან ის, რომ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პროექტით "მეორე მმართველია" და მის ხელში, ფაქტობრივად, სრულად კონცენტრირებულია ადგილობრივ თვითმმართველობის მართვის ბერკეტები _ სისტემის მონიტორინგის განსაკუთრებული უფლება, სამართლებრივი ზედამხედველობა და ადგილობრივი თვითმმართველობის მთავრობასთან კომუნიკაციის ვითომ ხელშეწყობა, სინამდვილეში კი _ მართვა? თუ ისაა თვითმმართველობა, კონსტიტუციის გვერდის ავლით მესამე ზედამხედველად "მეფისნაცვლები" _ დანიშნული გუბერნატორები რომ იქნებიან?
ეს ქვეყნის მართვის რუსული _ დიახ, რუსული მოდელი _ "ნამესტნიკების" მიერ მართული თვითმმართველობა რომ ქვეყნისთვის დამღუპველია, ამას ვერ ხვდებით? ეს "შემოპარებული" ფედერალიზმი _ ბუნდოვანი სტატუსის მქონე "მუნიციპალიტეტების რეგიონული გაერთიანებების" შექმნა კონსტიტუციას რომ ეწინააღმდეგება, გსმენიათ ამის შესახებ რამე? მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის მოწონებით კონსტიტუციას რომ მიადექით გასაბახებლად, მაგას თუ ხვდებით? იქნებ, იმას ფიქრობთ, პარლამენტს რომ მიაღებინებთ კანონპროექტს, უმთავრესი კანონის კვნესას ვერ გაიგებს ხალხი?
მართალია, კანონპროექტში არსად წერია, ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რეგიონიაო, მაგრამ ის როგორ ხდება, რომ იქვე მითითებულია, რომ ამ წარმონაქმნს, საკუთარი ბიუჯეტის გარდა, მინიჭებული აქვს ტერიტორიული ერთეულის ყველა ძირითადი ნიშანი: ტერიტორია, მოსახლეობა, დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსი, საკუთარი ორგანოები, უფლებამოსილებები, განცალკევებული ქონება. კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ ყოველივე ეს წარმოადგენს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ საკითხის გადაწყვეტის ცუდად შენიღბულ მცდელობას, რაც სახიფათო და ყოვლად დაუშვებელია.
"ავტორები" არც იმას ითვალისწინებენ, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება პროექტით განსაზღვრული გუბერნატორის სტატუსი. კონსტიტუციის თანახმად, ის არის მთავრობის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, კანონპროექტით კი დამოუკიდებელი იურიდიული პირის და, ფაქტობრივად, ახალი ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელია. უფრო მეტიც, პროექტის მიხედვით, ფაქტობრივად, არ იმიჯნება მუნიციპალიტეტების რეგიონული გაერთიანებების გამგებლობის სფერო, თვითმმართველობის გამგებლობისგან. ანუ გასაგები ენით, რომ ვთქვა, იქმნება საფრთხე, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტა სწორედ გუბერნატორისა და არა ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივა იქნება. ამის შემდეგ, რომ მოდგება პროექტის ავტორი და ევროპული თვითმმართველობის მოდელზე დაგიწყებს საუბარს, რაგინდ კარგი ზრახვები არ უნდა ამოძრავებდეს მას, კონსტიტუციაც ფეხებზე ჰკიდია და ხალხიც. "შემოპარებული" ფედერალიზმის მოდელში არაფერს ვამბობ ცალკეულ რეგიონალურ საფრთხეებზე, რადგან ეს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას განეკუთვნება. თუმცა, ეს მომენტიც რომ დიდად მნიშვნელოვანი არ არის პროექტის ავტორებისთვის, იდეის კულტივირების გათვალისწინებით, ფრიად სამწუხარო ფაქტია. კიდევ ვამბობ, რომ ვცდილობ, გვერდი ავუარო ჩვენს პირობებში ფედერალიზმის მავნებლურ საფრთხეებს, რომლის "წარმატებული მოდელი" ბოლოს საბჭოთა "კგბ"-მ კრუჩკოვის ხელმძღვანელობით და ლიგაჩოვის იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული პარადიგმებით შექმნა. თითქოს სუსლოვის იდეოლოგიის ნაყოფი არ არის "მკერდმოჭრილი ამორძალი" _ აფხაზეთი, რომელსაც ბატონი ზაქარეიშვილი, ნება რომ მისცე, ამ წამშივე აღიარებდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.
პროექტის ავტორებს, მგონი, ისიც დაავიწყდათ, რომ ახლა 2013 წელია და მალე 2014 დადგება. "ავტორები" განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ქალაქების ფორმირების საკითხს 15 ათასი მოსახლის შემთხვევაში. მაგრამ 15 ათასით ფორმირება 2001 წლის აღწერის მონაცემებით უნდა მოხდეს. მაგალითისთვის, "ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაცია" ყურადღებას მიაპყრობს ბორჯომს, სადაც, 2001 წლის აღწერის მონაცემებით, 14 920 მცხოვრებია და ქალაქის სტატუსამდე 80 მოსახლე აკლდება. ქალაქის ცალკე გამოყოფის შემთხვევაში რა დაემართება და როგორ დაიყოფ არსებული მუნიციპალიტეტის დანარჩენი ტერიტორია, ამაზე "ავტორებს", ვგონებ, თავადაც არ აქვთ ნათელი წარმოდგენა.
ისე, პატივცემულო "ავტორებო", ქალაქი გახლავთ _ მსხვილი დასახლებული პუნქტი, რომელიც ასრულებს სამრეწველო, სატრანსპორტო, სამეურნეო, კულტურული, პოლიტიკური, ადმინისტრაციული ორგანიზაციის ფუნქციებს.
ქალაქის კატეგორია ადგილობრივი თავისებურებებით განისაზღვრება შემდეგი ნიშნების მიხედვით: მოსახლეობის რაოდენობა და საქმიანობა, დასახლებული პუნქტის ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობა. ქალაქს ახასიათებს დასახლების დიდი სიმჭიდროვე და განაშენიანების კომპაქტურობა. ჯდება თქვენ მიერ ქალაქად გასტატუსებული ცალკეული დასახლებები თუნდაც ამ კლასიკურ განმარტებაში და მინიმუმ ინფრასტრუქტურა აქვთ მაგ ქალაქებს შესაბამისი?
ახალი რუკა, რომელიც თვითმმართველობის ქართველმა "როკოსოვსკებმა" შეადგინეს, საერთოდ პარადოქსულია. თუნდაც ის რად ღირს, რომ იყალთო ყარაჯალის მუნიციპალიტეტშია შესული. თუმცა სად რა იქნება, ეს ხალხის აღშფოთების შემდეგ უკვე პროექტის "ავტორებმა" ეძებონ.
და ყველაზე სასაცილო, რომ არა სატირალი _ პროექტის მიხედვით, ავტორები გვიმტკიცებენ, რომ "შემოპარებულ" ფედერაციებში, მუნიციპალიტეტების დაქუცმაცება და გაუაზრებელი გადაჯგუფება თურმე მოსახლეობასთან უკეთესი კომუნიკაციის საბაბით უნდა მოხდეს. ბნელა? თანამედროვე კომუნიკაციების ეპოქაში, მსოფლიო გლობალიზაციის გათვალისწინებით გვეუბნებით ამას?
ეს ყველაფერიც, ჩავთვალოთ, რომ არაფერია, მაგრამ პროექტის ავტორები არაფერს ამბობენ იმაზე, რა დაუჯდება ბიუჯეტს მათი რეფორმა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მხოლოდ დაქუცმაცებული _ ახალი ტერიტორიული ერთეულების სამართავად, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის შესაბამისი ნაგებობებს მოსაწყობად მილიონებია საჭირო. არანაკლები თანხა დაჯდება ახალი თანამშრომლების დასაქმებისთვის გაწეული ხარჯები, თუ იმაზე არაფერს ვიტყვით, ჰყავს კი სახელმწიფოს ადგილებზე ამდენი კვალიფიციური კადრი.
იმ პირობებში, როდესაც "ქართული ოცნების" მომხრეები ჯერაც არ არიან გამოსული საპრეზიდენტო არჩევნებისა და მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების ეიფორიიდან, ერთადერთი ნუგეში, თავად მინისტრთა კაბინეტში პროექტისადმი ნეგატიურად განწყობილი, რამდენიმე მინისტრია.
თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგეს და მელაშვილმა პრემიერი ღარიბაშვილი პროექტის ევროპულობაში დაარწმუნოს, ხოლო მან საკუთარ მინისტრებსა და უმრავლესობას კანონის უმოკლეს ვადაში მიღება დაავალოს, ჩათვალეთ, რომ ეს ქვეყანა მინიმუმ 2 წელიწადში თავზე დაგვემხობა. სხვა თუ არაფერი, ჩვენი ეკონომიკისა და საკადრო დეფიციტის პირობებში საიდან მოიტანს ხელისუფლება მომავალი წლის ბიუჯეტში ჯერაც ბუნდოვანი თვითმმართველობების დაფინანსების ხარჯებს? უფრო მეტიც, საიდან მოიყვანს მმართველი გუნდი ადგილებზე ამდენ კვალიფიციურ კადრს, როდესაც ცენტრალურ სტრუქტურებში დასაქმებული მისი მომხრეების კვალიფიკაცია უმეტეს შემთხვევაში კრიტიკას ვერ უძლებს?