ვლადიმერ პუტინის ტონალობაში არაფერია შეცვლილი. ურჩთა გასაგონად მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამიერკავკასიიდან რუსეთი წასვლას არასდროს აპირებდა. პირიქით - რუსეთი პოზიციების გაძლიერებაზე ფიქრობს. უფრო მეტიც, პუტინის დანაქადით, ამ რეგიონში რუსეთის პოზიციები გაძლიერდება ყველაფერ იმაზე დაყრდნობით, რაც რუსებს მათმა წინაპრებმა დაუტოვეს. მართალია, პუტინი აქ არ აკონკრეტებს, რომელ წინაპრებზეა საუბარი და იგულისხმება თუ არა აქ კიევის რუსეთი, თავის შემჭიდროვებულ საზღვრებში, მაგრამ კვლავაც აქტუალურია კითხვა: კიდევ რა სიურპრიზს უნდა ველოდოთ რუსეთისგან?!
მედიაში უკვე ჩნდება საგანგაშო მოსაზრებები_ „პუტინი საქართველოზე გადამწყვეტი შეტევისთვის ემზადება“. იმის მიუხედავად, რომ უკრაინასთან მიმართებით რუსეთმა მეტ-ნაკლებ წარმატებას მიაღწია და არის მოლოდინი, რომ ოლიმპიადის დასასრულისთვის რუსეთი, სავარაუდოდ, საქართველოზე გადმოერთვება, ექსპერტები სიტუაციის დრამატიზებას მაინც არ გვირჩევენ. მართალია, ისინი თანხმდებიან, რომ რთული წელიწადი გველის, მაგრამ უკრაინისა და სომხეთისგან განსხვავებით, საქართველო არ არის კრემლზე მიბმული.
ამის მიუხედავად, დასავლელი ექსპერტების შეფასებით, გამოცდილება არცთუ სახარბიელოა - პუტინმა ჯერ სომხეთს გადააფიქრებინა ევროკავშირთან დაახლოება (სავარაუდოდ, ყარაბაღის თემით დაშანტაჟებით) და ის საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე დაითანხმა. შემდეგ აზერბაიჯანსაც მიადგა და, სავარაუდოდ, ასევე, ყარაბაღის თემით მოახერხა ის, რომ ოფიციალურმა ბაქომ დისტანცირება მოახდინა ევროკავშირისგან. შემდეგი კი უკრაინა იყო.
რუსეთთან მიმართებით ქართველ პოლიტიკოსთა განცხადებებშიც იგრძნობა ქვეტექსტები. „აგვისტოს ომზე უარესის გაკეთება რუსეთის მხრიდან წარმოუდგენელია“, - ეს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ნათქვამია. მისი აზრით, რა შეიძლება იყოს კიდევ უფრო მეტი წნეხი, რაც ჩვენთვის უცნობია, რისთვისაც ქართველებს ვერ გაგვიძლია იმისათვის, რომ თუნდაც ერთი ნაბიჯით გადავუხვიოთ ევროპისკენ მიმავალ გზას. ზეწოლები იქნება, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც აცხადებს, რომ უახლოესი წლები არის პოლიტიკურად დანაღმული ველი და ჩვენ ეს ველი ცივი გონებით უნდა გავიაროთ.
რას უნდა ელოდოს საქართველო 2015 წლამდე, როცა ის, სავარაუდოდ, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას გააფორმებს?! ამის შესახებ ექსპერტები გვესაუბრებიან.
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძისთვის ისედაც ცხადი იყო, რომ რუსეთი კავკასიიდან წასვლას არ აპირებდა. ამიტომ, რას უნდა ველოდოთ მისგან - ემბარგოს თუ სხვა რამეს, მისთვის ძნელი სათქმელია. უბრალოდ, უნდა ველოდოთ ყველაფერს, რაც კი შეიძლება იყოს რეალურიც და არარეალურიც. ექსპერტი დააფიქრა თეა წულუკიანის ნათქვამმა, აგვისტოს ომზე უარესი რა უნდა მოხდესო. იგი მიიჩნევს, რომ ამაზე უარესი არის ქვეყნის სრული ანექსია და, თუ საშუალება მიეცემა, რუსეთი ამას განახორციელებს.
„არის კიდევ უამრავი სხვა საკითხი, რაზეც საუბარი არ შეიძლება. თქმა იმისა, რომ რუსეთმა თავისი უარყოფითი ნაწილი ამოწურა, მთლად სწორი არ არის. ჩვენი ხელისუფლება მზად უნდა იყოს, რომ რუსეთმა სხვა მხარეში შეიძლება, წამოიწყოს ანალოგიური კონფლიქტები. არსებობს ეკონომიკური ბერკეტები, არა ისეთი, როგორიც იყო ემბარგო, არამედ ძალიან დიდი რუსული კაპიტალია შემოსული ქართულ ეკონომიკაში და რუსებს შეუძლიათ ამ კაპიტალის ჩვენს საწინააღმდეგოდ ამოქმედება. საუბარი იმაზე, რომ ომის დროს „თელასი“ მუშაობდა, არც ეს არის სანდო, რადგან დღეს შეიძლება, „თელასი“ არ ამუშავდეს. პანიკას არ უნდა მივეცეთ, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა გათვალოს ყველა რეალური, თეორიულად მინიმალური შანსები და ნელ-ნელა ემზადოს, რომ შესაძლოა, ცალ-ცალკე ან ყველა ერთად ამოქმედდეს“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან საუბრისას.
ამასთან, განმარტა, რომ რუსეთს დღეს არ ჰყავს საქართველოში რეალური პოლიტიკური ძალა და რუსული მეხუთე კოლონა ისეთი ძლიერი არ არის, როგორც წლების წინ იყო, მაგრამ შესაძლოა, მათ შემოგვთავაზონ ოკუპირებული ტერიტორიების კვლავ საქართველოში დაბრუნება და ამ კარტის გათამაშებით ევრაზიულ კავშირში გაერთიანება.
მით უფრო, რომ უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე, საქმე მთლად მარტივად არ არის. 2008-ში დასავლეთმა შეძლო რუსების შეჩერება და ისინი თბილისისკენ არ წამოვიდნენ, თუმცა, თუ მსგავსი პროვოკაცია იქნება და ჩვენი ხელისუფლება წინა ხელისუფლების შეცდომას გაიმეორებს, მაშინ რუსეთი უკვე აღარ მოერიდება დასავლეთის ქვეყნების განცხადებებს და გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც 2008-ში უნდოდა. ამიტომ ჩვენი ხელისუფლება და საზოგადოებაც ძალიან ფრთხილად უნდა იყოს.
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ არსებობს ინდიკატორები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ, ემზადება თუ არა რუსეთი სამხედრო ძალის დაუყოვნებლივ გამოსაყენებლად. არ მოხდება ისე, რომ პუტინს უცებ გაეღვიძოს და შეტევა დაიწყოს საქართველოზე. ეს იქნება ეტაპობრივად, ცალკეული შემოთავაზებების სახით, რომელთა მიმართაც საქართველომ უნდა გააკეთოს არჩევანი. თუმცა, ექსპერტის თქმით, დღეს არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს შესაძლებლობა, საქართველოს კურსი ისე შეცვალოს, რომ შიგნით არ მიიღოს ძლიერი საწინააღმდეგო მოქმედება. ამიტომ დღევანდელი ხელისუფლება, ნებით თუ უნებლიეთ, დეკლარირებული სტრატეგიის ფარგლებში, შეინარჩუნებს დასავლურ კურსს და პუტინის ბევრ წინადადებაზე უარს განაცხადებს, რაც შემდგომ გამოიწვევს სხვადასხვა ბერკეტის გამოყენებას, მათ შორის, სადემარკაციო თუ საოკუპაციო ხაზთან ინციდენტებს.
„თავისთავად, გააქტიურდება პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც პრორუსულ ორიენტაციაზე გააკეთებენ აქცენტს, დაფინანსდება რუსეთის მხრიდან ის თემები, რაც გამოიწვევს უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ხელისუფლების ქმედითუნარიანობასთან დაკავშირებით. საკმაოდ დიდი არსენალი აქვს რუსეთს. ამას ემატება ეკონომიკური ბერკეტებიც. იგივე კახეთის რეგიონი შეიძლება აღმოჩნდეს უკმაყოფილების ტალღის ქვეშ, თუკი რუსეთმა კვლავ ჩაუკეტა ქართულ ღვინოს საზღვარი. თუმცა ნებისმიერ ბრძოლას იგებს გონიერება და ამ ბერკეტებს ერთადერთი რამ დაუპირისპირდება - ჩვენი ხელისუფლების გონიერება“, - აღნიშნა გიორგი თავდგირიძემ For.ge-სთან საუბარში და განმარტა, რომ იმის ძახილი, რუსეთი ამაზე უარესს ვერ გაგვიკეთებს, არ არის გონიერების მაჩვენებელი.
მისი აზრით, რუსეთის მხრიდან ყველა მოსალოდნელ ნაბიჯს უნდა დავუპირისპიროთ საპასუხო რეაქცია. მაგალითად, სხვა ალტერნატიული ბაზარი უნდა მოვნახოთ, თუკი ჩვენი ღვინო რუსეთში გასაღების გარეშე დარჩება. ასევე, უნდა გავთვალოთ სხვადასხვა ეკონომიკური პრობლემა, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, ნაკლებად მოწყვლადი იყოს რუსეთის ქმედებებისგან.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია არ გამორიცხავს, რომ რუსული საფრთხის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შიდა ანტისახელისუფლო წყაროებიდან იყოს გავრცელებული. მეტიც, ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო ხანებში, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა სათავეში, მაქსიმალურად ხდება პროპაგანდა, რომ მძაფრი ნეგატიური განცხადებები გაკეთდეს რუსეთის მიმართ და სერიოზული ზეწოლა მიმდინარეობს გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფებიდან, არასამთავრობო სექტორის ნაწილიდან, რათა გამოიწვიონ ნეგატიური განცხადებები რუსეთის მიმართ. ლოგიკურად კი, ემბარგოს დაწესება სრულიად არაადეკვატური იქნება, რადგან ახლანდელი ემბარგო განსაკუთრებულს არაფერს გაუფუჭებს საქართველოს, საქართველო ისე არ არის მიბმული რუსეთზე, რომ გაუჭირდეს მისი გადატანა. სხვა მხრივ, სრული კომფორტი აქვს რუსეთს, ისინი საკუთარი რუკებით სარგებლობენ და საქართველო ამაში ხელს არ უშლის. საერთაშორისო საზოგადოებაც სრულიად წყნარად უყურებს მოვლენებს.
„2008-ში რაღაცნაირად დარწმუნებულნი ვიყავით, რომ რუსეთი ასეთი ფორმით არ შემოიჭრებოდა, გამორიცხული იყო იმის ალბათობა, რუსეთს ეღიარებინა შიდა ქართლის ერთ-ერთი ნაწილისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ამის მიუხედავად, რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა. ამიტომ, შესაძლოა, დღევანდელი ხელისუფლება უფრო ფრთხილად იქცეოდეს რუსეთთან მიმართებით, რადგან რუსული ქმედებებისგან არაფრის გამორიცხვას არ აპირებს.
საქართველოს მოსახლეობა ცოტა ამორფულად არის განწყობილი რუსეთის მიმართ. ერთი მხრივ, ჩვენი მოსახლეობა ხედავს, რომ თვითრეალიზაციის მეტი რესურსი რუსეთშია, ხოლო მეორე მხარეა, აფხაზეთისა და შიდა ქართლის ერთ-ერთი მხარის წართმევა. შეიძლება, ეს დამოკიდებულება ნებისმიერი მიმართულებით შეიცვალოს, ან რუსეთის წინააღმდეგ, ან რუსეთის მომხრედ. პოლიტიკური პარტიები, ხელისუფლება და მათი მოწინააღმდეგეები ცდილობენ, სათავისოდ მართონ საზოგადოებრივი შეხედულებები. დღესდღეობით ხელჩასაჭიდი თემა არის არა შიდა ქართლისა და აფხაზეთის დაბრუნება, არამედ საზოგადოებასთან თამაში რუსეთის საშიშროების კუთხით“, - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ ჩვენთან საუბრისას.
აქვე განმარტა, რომ ძნელია, გავარჩიოთ საქართველოში პრორუსული წარმომადგენელი ვინ არის, რადგან, ტექსტების მიუხედავად, თანაბრად რეალისტურად მოჩანს სააკაშვილის პრორუსულობა და ივანიშვილის თუ სხვათა პრორუსულობა. ეს საკითხი ბუნდოვანია და, სინამდვილეში, ვინ ვისი წარმომადგენელია, ამის გარედან გარჩევა ლატარეის თამაშს ჰგავს.