ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ჩანაფიქრი, რომელიც მან ვეტოს დადებით განიზრახა, არ გამოვა, რადგან ხელისუფლება მომავალ კვირას მას დაძლევს. აბაშიძე მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილმა ამით დაამტკიცა, რომ მას კანონის ირგვლივ კონსტრუქციული დიალოგი არ სურს და ამ გადაწყვეტილებით ის გახდა მთავარი შემოქმედი იმ დაპირისპირებისა, რომელსაც ოპოზიცია ქვეყანაში ხელოვნურად ქმნის. ანლიტიკოსი მიიჩნევს, რომ აქციები გაგრძელდება და ოპოზიცია ერთმანეთში დაპირისპირების მიუხედავად, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობას არ მოეშვება.
როგორ აფასებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, რომელმაც რეკორდულად სწრაფად განიხილა კანონი, ვეტო დაადო და მხოლოდ ერთი შესწორება ჩაამატა, რითაც კანონი 24 საათით ამოქმედდა. რა პოლიტიკური გზავნილია ეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან?
- პირველ რიგში, ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილებაში დავინახე არასერიოზულობა, რომელიც ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებულმა ქალბატონმა ზურაბიშვილმა გამოიჩინა. მან აღიარა, რომ ამ ე.წ. რუსულ კანონს, ერთი დღით მაინც ეთანხმება და ძალაში შეიყვანა. აქ უკვე რაიმე სერიოზულობაზე საუბარი შეუძლებელია. ეს ყველაფერი უკვე კომედიურ ჟანრში გადადის, ისევე, როგორც ნაცოპოზიციის ნებისმიერი დესტრუქცია ტრაგიკომიკურია.
ვეტოს რაც შეეხება, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ, რომ დაიძლევა. ის სასაცილო ნარატივი, რომლის ტირაჟირებასაც ნაცოპოზიცია ცდილობს, თითქოს ჩიხში შეიყვანა ამ ე.წ. ვეტოთი „ოცნება“ ზურაბიშვილმა, ბოდვაა. შესაბამისად, ვეტო დაიძლევა იმ ვადებში, როგორც ეს გათვალისწინებულია. დიდი ალბათობით, ეს მომავალ კვირას მოხდება.
პრემიერმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილმა არ გამოიყენა შანსი, რომელიც მხარეებს მისცემდა საშუალებას, ამ კანონთან დაკავშირებით, რაიმე სახის კონსენსუსამდე მისულიყვნენ. ზურაბიშვილის გათვლა ხომ არ არის - პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავიდან აირიდა და ხელისუფლებას მისცა შანსი, რომ ვეტო არ დაძლიოს ან საერთოდ დააიგნოროს, რისი უფლებაც კანონით „ოცნებას“ აქვს?
ამ სასაცილო ხრიკით ზურაბიშვილი ცდილობს ხელისუფლებას დააბრალოს, რომ ისინი კონსტრუქციულ დისკუსიას არ ცდილობენ. არადა თავადაც არ დაელოდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ასე ნაჩქარევად მიიღო ე.წ. ვეტო. შესაბამისად, პრემიერმა კვლავ გაიმეორა, რომ ის არის მზად განსაკუთრებით ახალგაზრდებთან გამართოს შინაარსობრივი დისკუსია და კარი არ დახურულა.
თუმცა, ამ ე.წ. ვეტოთი, დე ფაქტო პრეზიდენტმა, დაახშო ის კარი, რასაც უცხოელი პარტნიორების მონაწილეობა ჰქვია მასობრივ დისკუსიაში. ძალიან დასანანია ისიც, რომ როდესაც „ოცნება“ ცდილობს ქვეყანა გარე ჩარევებისგან დაიცვას, ამ დროს, ევროკომისიის პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის უცხოური გავლენებისგან დაცვა. ამ დროს კი ჩვენც იგივე გვსურს, რაც ბრიუსელს, ამის გამო თბილისს ამუნათებენ, ეს დიდი ფარისევლობაა.
ფაქტია, მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევას აპირებს და ასევე პოზიციების დათმობას არ აპირებს ოპოზიცია. მოვლენების როგორ განვითარებას ელით? არსებობს კვლავ საპროტესტო მუხტი, რომელიც თითქოს ამ ბოლო დღეებში მინელდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქციის ორგანიზატორებს შორის დაპირისპირებაა. მაგალითად, მამუკა ხაზარაძემ სცენის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მისსავე დაფინანსებულ სცენაზე ახალგაზრდებმა სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. რა ხდება ახლა ოპოზიციურ ფლანგზე?
- ველი, რომ აქციები გაგრძელდება. მხოლოდ არეულობაზე ორინეტირებული ნაცოპოზიცია არ დამშვიდდება. არც ამ კანონის დამტკიცებით ამოიწურება მათი ვითომ პროტესტი, რაც სინამდვილეში ქვეყანაში არეულობის მცდელობაა. რასაკვირველია, ფხიზლად არიან სამართალდამცველები, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოს საზოგადოებაც. კი ბატონო, შიგნით კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ დიდი დაპირისპირება აქვთ და ეს ყოველთვის ასეა ხოლმე. საერთო მიზნისთვის ყოველთვის ერთიანდებიან, თუმცა მუდმივად ფიასკოს განიცდიან, რაც მოხდება ახლაც, იმის მიუხედავად, რომ აქციებზე უცხო ქვეყნის მაღალჩინოსნებიც კი მიიყვანეს.
აქ ერთ დეტალს მივაცქიოთ ყურდღება, როდესაც შარშან გიორგი ვაშაძე პარალმენტში კიბიდან გააძევეს. იგივე განმეორდა ახლაც, როცა ეს ვითომ ჩაურეველი დესტრუქციული პოლიტიკური აქტორები გამოჩდნენ სცენაზე, მათ ახალგაზრდებმა ლაზერები მიანათეს, დაუყვირეს, დაუშტვინეს. აშკარაა, რომ ოპოზიციურ ველზე დიდი ვაკუუმია. გასაგებია, არიან პროტესტის გამომხატველი ახალგაზრდები, თუმცა მათ უნდათ მათი აზრი გათვალისწინებული იყოს იმ ოპოზიციური პოლიტიკოსების მიერ, რომელთაც ენდობიან. თუმცა, როდესაც სცენაზე პოლიტიკურად დაჭაობებული პოლიტიკოსები გამოდიან, რომელთაც რეიტინგი არა აქვთ, ეს იწვევს სასოწარკვეთილებას საზოგადოების იმ სეგმენტშიც კი, რომელსაც ეს ხელისუფლება შესაძლოა არ მოსწონს. ეს ძალიან კარგად ჩანს და ჩვენი ახალგაზრდები ამას ყველაზე კარგად ხვდებიან.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც საქართველოში ვითომდა რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ კანონზე პასუხისმგებელ პირებს აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა ემუქრებათ, - ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს. როგორ ფიქრობთ, არსებობს რეალური საფრთხე სანქციების დაწესების?
- მახსენდება მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებები მაშინ, როდესაც თაღლით ხაზარაძეს ანაკლიის პროექტი გაუუქმეს, რადგან ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. მაშინაც, ვაშინგტონიდან ისმოდა ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, რომ ვითომ ბიძინა ივანიშვილი და „ოცნების“ ხელისუფლება ავიწროვებს და დევნის ამერიკის ბიზნესს. როგორი „ჭეშმარიტება“ აღმოჩნდა ეს, ყველამ დავინახეთ. ახლაც იგივე ხდება. ამიტომ დაველოდოთ, ვნახოთ რამდენად მიიღებენ ამ კანონპროექტს. აქ მხოლოდ ერთი კონგრესმენის პოზიცია ვერ იქნება გადამწყვეტი.
გამოცემის მტკიცებით, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თბილისი ღიად ესხმის თავს აშშ-ისა და დასავლური დემოკრატიის სხვა ხელშემწყობ ორგანიზაციებს მაშინ, როდესაც ზრდის კავშირებს რუსეთთან და ჩინეთთან. ამიტომ ეს გავლენებიც უნდა იქნას შესწავლილი. რა შუაშია ჩინეთი და რატომ არის ამაზე ყუარდრება გამახვილებული?
- რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო განაცხადია. ცალკეულ კონგრესმენებს მინდა შევახსენო, რა ურთიერთობა აქვთ ჩინეთთან, მაგალითად, გერმანიას, საფრანგეთს, ევროკავშირს, იქ მასშტაბები გაცილებით დიდია და მრავალმილიარდიან პროექტებზეა საუბარი. გაუბედავენ კი ისინი ბერლინს და პარიზს დამუნათებას? რაღა შორს მივიდვართ, შევხედოთ ამერიკულ დელეგაციებს, რომლებიც თვეში ერთხელ თუ არა რამდენჯერმე პეკინში ჩადიან, სი ძინ პინიც კი იყო ამერიკაში ჩასული და შეხვდა ბაიდენს, მოილაპარაკეს მათ შორის სამხედრო თანამშრომლობაზე. კვლავ ვიმეორებ, ეს არის კლასიკური ფარისევლობა და ნეოკოლონისტური მიდგომა საქართველოს მიმართ - გააკეთეთ ყველაფერი ისე, როგორც ჩვენ გეტყვით, ამას ბრძანებლობენ სუვერენულ და მათი თქმით, პარტნიორ ქვეყანას.