„თვითმმართველობის კოდექსი არსებითი საფრთხეების შემცველი არასდროს ყოფილა“

„თვითმმართველობის კოდექსი არსებითი საფრთხეების შემცველი არასდროს ყოფილა“

„თვითმმართველობის კოდექსის“ განხილვა 10 დეკემბერს გაიმართება. საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტების სხდომაზე, ხვალ უნდა ემსჯელათ. სამივე კომიტეტის სხდომა ხვალისთვის იყო დანიშნული, თუმცა როგორც ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, ყველა საკომიტეტო სხდომა გადაიდო.

როგორც ირკვევა კოდექსის პროექტის განხილვას პარლამენტი მომავალი კვირიდან დაიწყებს. რა გახდა სხდომის გადადების მიზეზი, ხმალაძე ამაზე კომენტარს არ აკეთებს.

როგორც ცნობილია, თვითმმართველობის კოდექსის პროექტში რამდენიმე ნორმა შეიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ განუცხადა. მისივე განმარტებით, პარლამენტის სხდომაზე წარმოდგენილი იქნება კოდექსის უფრო მოდიფიცირებული და დახვეწილი ვარიანტი.

„თვითმმართველობის კოდექსი არსებითი საფრთხეების შემცველი არასდროს ყოფილა, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ბოლო 2 დღის განმავლობაში საქართველოს მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის ინტენსიური კონსულტაციები გაიმართა, რამდენიმე ნორმა გადაიხედა და შეიცვალა. შესასბამისად, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე წარმოდგენილი იქნება კოდექსის უფრო მოდიფიცირებული და დახვეწილი ვარიანტი, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ საფრთხეები არის არაარსებითი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა აცხადებს, რომ თვითმმართველობის კოდექსის დაჩქარებული წესის განხილვას „რესპუბლიკური პარტია“ უწყობს ხელს. როგორც კუკავა აცხადებს, მხოლოდ რესპუბლიკელები არ არიან თანახმა, რომ კოდექსში ქალაქების ავტონომიასთან დაკავშირებით ცვლილება შევიდეს.

„თვითმმართველობასთან დაკავშირებით მთელმა ქართულმა საზოგადოებამ დააფიქსირა ერთიანი პოზიცია, დაწყებული პატრიარქით, გაგრძელებული არასამთავრობოებით. აგრეთვე, განცხადებებს აკეთებენ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებიც. მმართველი კოალიციის 6 სუბიექტიდან 3 ამ კანონპროექტს არ ემხრობა. კითხვები აქვს მთელ საზოგადოებასაც. აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას „რესპუბლიკური პარტია“ უწყობს ხელს.

მივმართავ უსუფაშვილს, რომ მოხდეს აღნიშნული პრობლემის კონსტრუქციული გზით მოგვარება. ჩვენ მზად ვართ დიალოგისა და დისკუსიისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მოუწევთ სირცხვილის კორიდორში გავლა და მათთვისაც მოიძებნება კვერცხები და პომიდვრები, რომლებიც მოიძებნა სააკაშვილისთვისა და მისი წინამორბედისთვის. თუ კი დიალოგი და შეთანხმება არ იქნება, იძულებული ვიქნებით, ამ გზებს მივმართოთ“, - განაცხადა კახა კუკავამ.

„თვითმმართველობის კოდექსის“ პროექტში რამოდენიმე ცვლილების განხორციელებამ მმართველ კოალიციაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. კოალიციის წევრი, ზურაბ ტყემალაძე ამბობს, რომმიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ თვითმმართველობის კოდექსის მიღება არ ვიჩქაროთ და ამ პროცესში ყველა დაინტერესებული ძალა და ორგანიზაცია ჩაერთოს. დარგობრივი კომიტეტების ხელმძღვანელის ინფორმციით, 2 დეკემბერს, საღამოს მთავრობის კანცელარიაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც საუბრისის ერთ-ერთი თემა სწორედ თვითმმართველობის კოდექსის პროექტი იყო.

„ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროს უმრავლესობის წევრებმა იუსტიციის სახლშიც იმსჯელეს. ითქვა, რომ კოდექსში წარმოდგენილი საკითხები, არის დეტალები, რასაც დაზუსტება და დამატებით მუშაობა სჭირდება. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ არ ვიჩქაროთ. თვითმმართველობის რეფორმა ქვეყანაში ფართო კონსესუსის საგანი უნდა გახდეს. ამიტომ პროექტის განხილვაში ყველა დაინტერესებული მხარე და ორგანიზაცია უნდა ჩაერთოს. ამ თემაზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 10 დეკემბერს იმსჯელებს და ყველას მოვუწოდებ, მიიღოს კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა“,- განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, კოდექსთან დაკავშირებით ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს და პარლამენტი მას პოზიციების შეჯერების შედეგად მიიღებს. მისი თქმით, ზოგადად, არსებული სიტუაცია თვითმმართველობის კოდექსთან მიმართებაში არის ზედმეტად ანგაჟირებული და აჟიტირებული, ვინაიდან ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს დაინახოს რაღაც ფარული გეგმა, ნახაზი, შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„ეს არის აბსურდი. დღევანდელ პარლამენტში არც სერგო ორჯონიკიძეები არიან და არც ფილიპე მახარაძეები. რაც შეეხება პატრიარქის განცხადებას, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე კონსულტაციები საპატრიარქოსთანაც გაიმართება.

ის განცხადება, რომელიც პატრიარქმა გააკეთა, არის აბსოლუტურად ლოგიკური, იმიტომ, რომ არც ერთი რეფორმა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, არ უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის დაშლას. პირიქით, უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის კონსოლიდაციას და საზოგადოების გაძლიერებას. მე პირადად ხმას არ მივცემ ისეთ რამეს რომელიც ძირს უთხრის საქართველოს, როგორც უნიტარულ სახელმწიფოს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

„ხელისუფლების წარმომადგენლების უმრავლესობას არც კი ჩაუხედავს თვითმმართველობის კოდექსში და ენდობა მხოლოდ დავით ნარმანიასა და ირაკლი მელაშვილის ტვინის ნაჟურს“, -

ასეთია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრის გიორგი ახვლედიანის პოზიცია. ახვლედიანი ამბობს, რომ სერიოზული საფრთხეების მატარებელია ის თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც შემოგვთავაზა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ნარმანიას ხელმძღვანელობით.

„კოდექსში საუბარია იმაზე, რომ შეიქმნას ერთგვარი პარლამენტები სამხარეო დონეზე, რომელიც იქნება მუნიციპალიტეტების გაერთიანება და რეგიონული საბჭოები, რომელიც თავისთავად არის ქვეყნის ფედერალიზმისაკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს ქვეყანას დააყენებს დაშლის და ძალიან მწვავე სეპარატიზმის წინაშე, იმ კონტექსტის გათვალისწინებით თუ როგორი საფრთხეები მოდის ჩრდილოეთიდან. აუცილებელია ინტერპარტიული ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც თვითმმართველობის კოდექსის განხილვაში აქტიურად ჩაერთვება“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ახვლედიანმა.

რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ზუსტი ხაზის მოძებნა ამ გადაწყვეტილებაში ადვილი არაა. მისი თქმით, ცენტრის დასუსტებამ, შეიძლება გამოიწვიოს სეპარატიზმი. იმ შემთხვევაში, თუ ცენტრი ძალიან ძლიერი იქნა, მაშინ რეგიონები როგორც ახლა, იქნებიან სუსტი.

„აქ ოქროს შუალედი არის საპოვნელი. მე როგორც ვატყობ, ამ კანონმა ცოტა გადაიხარა იმისკენ, რომ ცენტრი სუსტდებოდა და ამიტომ იყო ბევრი უკმაყოფილო და მათ შორის პატრიარქიც. მე მგონია, რომ მნიშვნელოვანია მეტ-ნაკლებად დაბალანსებული იყოს ცენტრის და რეგიონების ურთიერთობა. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ კარზე მომდგარი ადგილობრივი არჩევნებისთვის კანონმდებლობის შეცვლამ შეიძლება გავლენა იქონიოს საარჩევნო სიტუაციაზე. ამიტომ, საჭიროა ფართო საზოგადოებრივი განხილვა და არა მარტო კრებების ჩატარება, სადაც რაღაც ნაწილი მონაწილეობს, მაგრამ დიდმა ნაწილმა არც იცის რაზეა ლაპარაკი“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

მისი თქმით, წლების წინ, რუსეთი და მათ შორის ევროპა, ითხოვდნენ საქართველოსგან, რომ უფრო მეტი დამოუკიდებლობა მიცემოდა რეგიონებს.

„რუსეთი ამბობდა, რომ ჩვენ ხომ ვართ ფედერალური და თქვენც გახდით ფედერალურიო. თავისთავად, როდესაც რუსეთი ითხოვას ამას, ეს ყოველთვის ეჭვს აჩენს. ჩვენ ამ 20 წლის განმავლობაში მწარე გაკვეთილი ვიგემეთ სეპარატიზმისგან, ამიტომ სულ ჩნდება სეპარატიზმის შიში, ამ დროს დემოკრატია ითხოვს რეგიონების დამოუკიდებლობას, ანუ ფედერაციული პრინციპების უფრო მეტად გატარებას. ამ ორ ცეცხლშუა იყო ყოველთვის საქართველო“, - განმარტავს რამაზ საყვარელიძე.