ა/რ უმაღლესი საბჭოს პასუხი დევნილთა და განსახლების მინისტრს, დავით დარახველიძეს

ა/რ უმაღლესი საბჭოს პასუხი დევნილთა და განსახლების მინისტრს, დავით დარახველიძეს

„შეულახავი სინდისი, ცილისწამებას დასცინისო“

ბატონო მინისტრო, გავეცანით რა თქვენს ინტერვიუში ჩვენდამი მომართულ ბრალდებას („ყოლბაიას ხელფასი 2 000 ლარია, დამატებით 28 ლარს იღებს და ახლა 45 ლარი უნდა“; http://www.for.ge/view.php?for_id=28705&cat=2; 2013-11-30), უნდა გითხრათ, რომ კარგა ხანს ვყოყმანობდით, გაგვეცა თუ არა პასუხი ცინიზმით გაჯერებულ პუბლიკაციაზე, და რაკიღა „ბოროტებაა უსამართლო მსჯავრი“, ბოლოს მაინც გადავწყვიტეთ, რომ „თქმა სჯობს არათქმასა“.

ესეც რომ არა, ჩვენ რომ არარა ვთქვათ, სხვა ხომ იკითხავს, ამ ხალხს სათქმელი მართლაც არაფერი ჰქონია და ბატონი მინისტრიც მართალი ბრძანებულაო? ამიტომაც, ისე მოვიქცევით, როგორც ზემოთ დაგპირდით - „თქმა სჯობს“, ოღონდაც არა ღირსების შემლახავი და შეურაცხმყოფელი ტონალობით, რომელიც თქვენ აგირჩევიათ და რომელსაც ჩვენ არასოდეს ვაკადრებთ საზოგადოებას და საკუთარ თავსაც.

ბატონო დავით, ნამდვილად მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ათასობით დევნილს მიეცა საცხოვრებელი ფართი და მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. სხვათა შორის, ეს პროექტი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა ამჟამინდელი ხელისუფლების მონდომებითა და ძალისხმევით უფრო აქტიურად მიმდინარეობს მისი განხორციელება, რაშიც, ცხადია, თქვენს სამინისტროსაც, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთ აღმასრულებელ სტრუქტურას, მიუძღვის წვლილი. პროექტი მართლაც ძალზედ რთული და შრომატევადია, რომელიც უფრო მეტი ძალების მობილიზებას საჭიროებს. იმედს ვიტოვებთ, სამინისტრო შეძლებს მასზე დაკისრებული ვალდებულებების დროულად შესრულებას. ჩვენთვის ცნობილია თქვენი, როგორც მშენებლის, ხედვა დევნილთა დასახლების ახალ პროექტებთან დაკავშირებით, რასაც, გვერწმუნეთ, გულწრფელად ვაფასებთ.

რაც შეეხება დევნილთა ახალ კანონპროექტს, რომლის ცალკეული დებულების მიმართ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და მთავრობას განსხვავებული ხედვა გააჩნია და რამაც თქვენში დაუფარავი აგრესია გამოიწვია, დასანანია, რომ სამინისტროს მიერ არაერთი დაპირების მიუხედავად, კანონპროექტზე მომუშავე კომისიაში არ იყვნენ ჩართული აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთაც, დაგვიჯერეთ, 20 წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე აუცილებელი ცოდნა და კომპეტენცია გააჩნიათ ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამგვარი იგნორირების შედეგი გახლდათ სწორედ ის, რომ პროექტი ხარვეზებით შევიდა პარლამენტში, რის გამოც აფხაზეთის ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გამოთქვეს კრიტიკული შენიშვნები, კერძოდ, დევნილის შემწეობასა და დევნილთა შვილების სტატუსთან დაკავშირებით.

გაუგებარია თქვენი აგრესიული რეაქცია და რეპლიკები დევნილთა შემწეობის თანხასთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩვენს შენიშვნებზე, რომლებიც იდენტურია 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებისა.

დავის საგანი არ უნდა იყოს ის, რომ დევნილთა შემწეობას აქვს პოლიტიკური დატვირთვა, თუმცა მატერიალურიც. ნუთუ ძნელი მისახვედრია, რომ ვერც 28, ვერც 45, ვერც ასჯერ და ათასჯერ მეტი ლარი ვერ გაანელებს იმ ტკივილს, ვერ აღადგენს იმ მორალურ და ფსიქოლოგიურ ზიანს, გნებავთ მატერიალურ ზარალსაც, რომელიც თქვენი თვალსაწიერიდან შესაძლებელია მოგვარდეს მექანიკურად, ლარების მანიპულირებით. ნამდვილად არა ვართ იმის მომხრე, რომ მაღალხელფასიანმა დევნილებმა შეინარჩუნონ შემწეობა. ჩვენს გვაქვს გაცილებით მიმზიდველი შეთავაზება, რომლის არსიც შემდგომშია: დევნილებს, რომელთა შემოსავალი 1250 ლარს აღემატება, არ შეუწყდეთ შემწეობა, სამაგიეროდ, ეს თანხა მათი ხელფასიდან გადაირიცხოს სპეციალურ ფონდში. ეს შეთავაზება გავრცელდეს არადევნილი მინისტრების, სხვა მაღალი რანგის მოხელეების ბიზნესმენების მიმართაც, რომელთა თანხმობით მათი ხელფასის 1% ან თუნდაც 0,5% ასევე გადაირიცხება არსებულ ფონდში. სხვათა შორის, ეს შემოთავაზება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმაც მოიწონეს აფხაზეთის ხელისუფლებასთან შეხვედრისას და აღნიშნეს, რომ 6000-7000 დევნილთა და მეტწილად სხვათა მიერ გადარიცხული თანხა გაცილებით დიდი შეღავათი იქნება მძიმე მდგომარეობაში მყოფი იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, ვიდრე დევნილთა სამინისტროს მიერ დაანგარიშებული.

რაც შეეხება თქვენს მეორე ნოვაციას იმ ბავშვებთან დაკავშირებით, რომელთა ა) ერთი მშობელი არ არის დევნილი და ბ) დაიბადნენ დევნილობის პერიოდში, მოეხსნათ დევნილის სტატუსი - გახლავთ უსამართლობა, რამაც დევნილი საზოგადოებისა და აფხაზეთის ხელისუფლების სავსებით სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. ამ ნოვაციის შესახებ კრიტიკას თქვენს ინტერვიუში რატომღაც გვერდი აუარეთ. როგორც ჩანს, სხვამაც მიგახვედრათ, რომ ეს მუხლები არამართებული და აბსოლუტურად მიუღებელია. თუკი ოჯახში ერთი ბავშვი სტატუსის მატარებელია, ხოლო მეორე - ამ მუხლის ძალაში შესვლის შემდეგ დაიბადა, როგორი სასტარტო შესაძლებლობები ექნებათ მათ კომპენსაციისა და რესტიტუციის საკითხებთან მიმართებაში?

ბატონო დავით, საფუძველშივე პარალოგიკურია თქვენი მკვეთრი გაღიზიანება იმ განცხადებათა გამო, რომლებშიც დევნილები აფხაზეთის ხელისუფლებისგან ითხოვენ საცხოვრებელი პრობლემების მოგვარებას და რომლებსაც ჩვენ ვაგზავნით თქვენს სამინისტროში, ვინაიდან საბინაო საკითხების მოგვარება სწორედ თქვენი სამინისტროს და არა ჩვენი კომპეტენციაა. ამასთან გეგზავნებათ არა შუამდგომლობის სახით, არამედ საყოველთაოდ მიღებული უწყებათაშორისი თანამშრომლობის ელემენტარული ფორმით. ამას ნამდვილად არა აქვს კატეგორიული მოთხოვნის სახე, პირიქით, ვითხოვთ კონკრეტული პრობლემის თქვენგან უფრო გულდასმით შესწავლას, რომელიც ჩვენთვის ცნობილია დევნილებთან უშუალო კონტაქტების საფუძველზე.

სხვათა შორის, არც თქვენგან ვხედავთ განცხადებებზე შედეგიან რეაგირებას და გარკვეულწილად ეს გასაგებიცაა - საცხოვრებელი ფართით ყველა თხოვნის დაკმაყოფილების საშუალება ქვეყნის ხელისუფლებას არ გააჩნია. მაგრამ არის განსაკუთრებული შემთხვევები, როცა საჭიროა პირადი მონდომებაცა და ყველა არსებული რესურსის გამოყენება საკითხის დადებითად გადასაწყვეტად.

მხოლოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ: თბილისში დევნილად ცხოვრობს 80 წელს მიღწეული აფხაზეთის მკვიდრი მარტოხელა ქალბატონი ლარისა გოროშენკო, რომლის ორივე ვაჟი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაიღუპა, მისი მეუღლე კი ომში მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ქალბატონ ლარისას სახლის მეპატრონისგან რეალურად გამოსახლება ემუქრება. გოროშენკოსთვის თავშესაფრის გამოყოფის თაობაზე აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ რამდენჯერმე მიმართა, როგორც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, ასევე თქვენც, თუმცა უშედეგოდ... როგორც ჩანს, ომში დაღუპული უკრაინელი ვაჟკაცების დედისთვის დახმარების შესახებ ჩვენი წერილები რომ საშუამდგომლო ხასიათისა იყო, ამანაც თქვენი გაღიზიანება გამოიწვია. რა ვუყოთ, თუ ამ ქალბატონმა ჩვენ მოგვმართა დახმარებისთვის? იმასაც გეტყვით, რომ თქვენს მიერ დადგენილი ე.წ. აპლიკაციის წესით ქალბატონ გოროშენკოს ამ ეტაპზე ბინის მისაღებად ქულები არ ეყო?! აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ მსგავსი სახის განცხადებები მხოლოდ ნაწილია დევნილთა სხდასახვა ხასიათის მომართვებისა, რომელთა გადაწყვეტასაც ჩვენ შეძლებისდაგვარად ვახერხებთ.

საყურადღებო უნდა იყოს თქვენთვის ისიც, რომ დევნილთა განცხადებებსა და მომართვებს ასევე ვუგზავნით საქართველოს სხვა სამინისტროებსაც, სადაც პრობლემებს გაურთულებლად აგვარებენ.

ბატონო მინისტრო, ხომ უდავოა, რომ მაღალჩინოსან ადამიანს, მით უფრო პოლიტიკურ ფიგურას, არ შეეფერება ცინიკურად და უდიერად მოხსენიება როგორც კოლეგების, ასევე ქვეყნის რიგითი მოქალაქეების. საჯარო მოხელეს უნდა შეეძლოს მეტი თავშეკავება, კრიტიკისა და ცინიზმის ერთმანეთისაგან გამიჯვნა. გამაოგნებელია თქვენს ინტერვიუში ის პასაჟიც, სადაც აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებაზე, მათ შორის დეპუტატებზე საუბრობთ მდაბიო და კერიასთან სალაპარაკო ტერმინოლოგიით. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ის ხალხია, რომლებიც ომის პერიოდში სიკვდილს თვალებში შეჰყურებდნენ და ერთი წუთითაც არ მოსვლიათ აზრად ნახევარ გზაზე მიეგდოთ თავისი ჭაპანი და „სამშვიდობოს გაესწროთ“, რაც ბევრმა მოახერხა. ასეთი ტონით მიმართვა ნამდვილად არ დაუმსახურებია იმ ხალხს, რომელმაც ქართველობის შენარჩუნების გამო უდიდესი მსხვეპლი გაიღო - მშობლიური კუთხიდან აიყარა და გოლგოთის გზის გავლით დევნილობის მძიმე ხვედრი იტვირთა, რისთვისაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა ნინოს ოქროს ორდენით დააჯილდოვა. ეს ორდენი გახლავთ საქართველოს ეკლესიის უდიდესი ჯილდო და უწმინდესი და უნეტარესი მას დაუმსახურებლად არ არიგებს, მისი ტარების ღირსნი მხოლოდ ერთეულები გახლავთ.

ძალიან ცუდია, რომ თქვენს მეხსიერებას არც ის ფაქტი შემორჩა, 1997 წელს როგორ შიმშილობდა აფხაზეთის დეპუატაცია 21 დღის განმავლობაში დევნილთა საბაზისო კანონის შემოღების გამო. ისე, თუკი ნამდვილად დაგაინტერესებთ, თუ რას იქმს უმაღლესი საბჭო ამ 20 წლის მანძილზე, ადვილად შეგიძლიათ მოიპოვოთ სრული ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით.

მიუხედავად ყველაფრისა, გულწრფელად გეტყვით, უწინდებურად მზად ვართ თქვენს სამინისტროსთან დიალოგისა და თანამშრომლობისთვის.

პატივისცემით,

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო