„ენერგეტიკაში სერიოზული მაფიაა, რომელთან ბრძოლა ძალიან სერიოზულია“

„ენერგეტიკაში სერიოზული მაფიაა, რომელთან ბრძოლა ძალიან სერიოზულია“

ინტერვიუ რომელიც ჩავწერე ნამდვილად არ მეგონა ასეთი სკანდალური თუ აღმოჩნდებოდა. კითხვები რომელზედაც ხელისუფლება პასუხს არ სცემს და პასუხები რომელიც არც თუ ისე საისამოვნო მოსასმენი იქნება ხელისუფლებისათვის.

ქრონიკა+“- ესაუბრება თემურ ჭიჭინაძე, ენერგეტიკის აკადემიის წევრი:

- დღევანდელი გადასახედიდან საქართველოს დიდი ჰესების მშენებლობა არ ჭირდება, ჩვენ იმდენად ბევრი გვაქვს გენერაციის პოტენციალი, რომ მცირე ჰესებით ჩვენ სავსებით შეგვიძლია მივაღწიოთ საკმარის დონეს. დღეს საქართველოში ნაკლებადაა განვითარებული მრეწველობა და ამიტომ დღეს რა პოტენცია გვაქვს სავსებით საკმარისია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ განვითარება არაა აუცილებელი და არაა აუცილებელი მცირე ჰესები.

და არა დიდი?

- და არა დიდი. სვანეთზე ჩემთვის ცოტა ძნელია საუბარი, იმიტომ რომ მას აქვს როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარე, მაგრამ დიდი ჰესის აშენების წინააღმდეგი ვარ.

თუ დადებითიც არის და უარყოფითიც, უარყოფითი ჭარბობს დადებითს და ამიტომ ხართ წინააღმდეგი?

- დღევანდელი სიტუაციიდან და თავად სვანეთიდან გამომდინარე, მე არ მიმაჩნია სწორად იქ აშენდეს დიდი ჰესი. დღეს იმდენად ბევრია მშენებლობები და იმდენად ბევრი კონტრაქტია გაფორმებული, ამან სავსებით უნდა დააკმაყოფილოს როგორც ჩვენი მოთხოვნა ისე იმპორტი, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ სვანეთში დიდი ჰესის აშენება იმპორტისთვისაა გათვალისწინებული და საქართველოს ამით არაფერი რჩება, ამ შემთხვევაში ქვეყნის ინტერესი არის მეორე პლანზე გადაწეული. რატომღაც არც ერთ ხელშეკრულებაში, არც ერთ მემორანდუმში არ არის ჩადებული საქართველოს ინტერესი, სხვათაშორის, არც არავინ თხოულობს ქვეყანას დარჩეს გარკვეული ელექტროენერგია.

მაგრამ როგორ არის მსოფლიო პრაქტიკაში დანერგილი ეს ყველაფერი?

- მოვიყვან ინდოეთის მაგალითს. რატომ ინდოეთი? როგორც ვიცით ინდური კომპანია აცხადებს პრეტენზიას ხუდონის აშენებაზე, ამიტომ მოვიძიე ინდოეთში რა კრიტერიუმებია. იქ ინვესტორი ადგილობრივ მუნიციპალიტეტს გამომუშავებული ელექტროენერგიის 13%-ს უტოვებს, ეს საკმაოდ დიდი ციფრია და სავასებით დააკმაყოფილებს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილებას.

ანუ, ამ 13%-ზე გადის ზღვარი რასაც დაბალი ტარიფი ქვია?

- არა, ეს უფასოდ რჩება მუნიციპალიტეტს. ჩვენთან მსგავსი არსად არაა ჩადებული, გვეუბნებიან, რომ არ გვაძლევენო, მაგრამ ინვესტორისთვის არავის დაუყენებია კატეგორიული მოთხოვნა.

ეს მსოფლიოში დანერგილი პრაქტიკაა?

- ყველგან ინდივიდუალურია, მე მოგიყვანეთ ინდოეთის მაგალითი, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია დამკვეთზე, იმ ქვეყანაზე, სადაც შემოდის ინვესტორი, ეს არის ვაჭრობის თემა, შეიძლება 13% დაგიტოვოს შეიძლება 33%. მაგრამ ჩვენი მხრიდან არც ერთხელ არ ყოფილა მსგავსი შეთავაზება.

რატომ? ჩვენ უბრალოდ განუვითარებელი ქვეყანა ვართ, უბრალოდ განუვითარებელი ხელისუფლებები გვყავდა და გვყავს თუ უბრალოდ ხელგაშლილები ვართ?

- ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს და ძალიან დიდი მოთხოვნაა შემოსვლის, აქ ძალიან იაფია ელექტროგენერაცია, იმიტომ, რომ ჩვენ წყლის ძალიან დიდი მარაგი გვაქვს. აქ საუბარია სისტემაზე, რომელიც 2002-2003 წლებში დაინერგა, ანუ იმ დროიდან, როცა საქართველოში ინვესტორებმა დაიწყეს შემოსვლა, 2003 წლამდე საქართველოში ქართველი ინვესტორები იყვნენ. როგორც კი დაიწყეს უცხოელებმა შემოსვლა, დარწმუნებული ვარ, ინვესტორის შემომყვანს მიაქვს ის პროცენტები, რაც ქვეყანას უნდა დარჩეს.

ანუ თქვენ ახლა კორუფციაზე საუბრობთ?

- თუნდაც. ბევრჯერ იყო საუბარი ხელისუფლებამ კორუფცია მოსპოო, მაგრამ კორუფცია მოისპო ქვედა რგოლში, რომელიც ელიტარულმა კორუფციამ ჩაანაცვლა. ამიტომ, ერთ-ერთი მომენტი არის, მხოლოდ და მხოლოდ, კორუფცია, იმიტომ, რომ მოლაპარაკებები ყოველთვის მიდიოდა დახურულ სივრცეში, არცერთი მემორანდუმი და არცერთი ხელშეკრულება არ არის გასაჯაროებული, თუნდაც „ენერგოპროსი“, - „თელასის“. ჩვენ ვითხოვთ ამ ხელშეკრულებების და მემორანდუმების გამოქვეყნებას, მაგრამ უარს გვეუბნებიან. კარგი, სააკაშვილის ხელისუფლება გვიმალავდა, მაგრამ რატომ მალავს ამას დღევანდელი ენერგეტიკის სამინისტრო?!

სახელმწიფო საიდუმლო შეიძლება იყოს ეს დოკუმენტი?

- ეს იმალება მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინტერესით. ერთ მაგალითს მოვიყვან: გაფორმებული არის ხელშეკრულება „ენერგოპროსა“ და სახელმწიფოს შორის, რომელსაც ხელს აწერს ნოღაიდელი. რა უფლება ქონდა ნოღაიდელს დაედგინა ტარიფი? ხელშეკრულებაში დადგენილია ტარიფი, ვადა, საინტერესოა, რა ანგარიშით მისცა ტარიფი? ამას მოერგო სემეკი და მერე უკვე ვალდებული გახდა დაემტკიცებინა ტარიფი, რაც პრემიერ მინისტრმა დაადგინა. ეს არის გაუგებარი, რომ არაფერი ვთქვათ თანამდებობის ბოროტად გამოყენებაზე.

როდესაც ქართველი ინვესტორი იყო მხოლოდ ბაზარზე, მაშინ როგორი იყო პროცენტი, რამდენი რჩებოდა მოსახლეობას?

- არა, მაშინ ტარიფი იყო დაბალი. ჟინვალის ელექტროენერგიის ტარიფი მაშინ ღირდა 1, 83 თეთრი. ამათი გენერაციის ტარიფი დღეს 3-დან 4 თეთრამდე ღირს. იგივე - ორთაჭალაზე ტარიფი 2,5 თეთრი იყო. ეს იყო მიზერი და ამიტომ აქ დატოვებაზე აღარ იყო საუბარი. ჟინვალის ინვესტორებს, გარდა იმისა, რომ დაბალი ქონდათ ტარიფი, წყალს, რომელსაც მოსახლეობა მოიხმარდა უფასოდ იყო.

დღევანდელი ხელისუფლების დაპირება ტარიფის დაწევა იყო, დაიწია კიდეც...

- ყველასთვის არა, ტარიფი დაიწია იმათთვის, ვინც 100 კილოვატამდე წვავს. 100 კილოვატს ნათურა წვავს და საერთოდ, მთლიანობაში ტარიფი არ დაწეულა! ტარიფი არის არარეალურად დიდი... საერთოდ ტარიფის დადგენა ხდება გაწეული ხარჯებით - გადაცემა და დისპჩერიზაცია. აქ ჩვენ ვიცით რამდენს ვიხდით დისპეჩერიზაციაში, გადაცემაში, მაგრამ ვერაფრით გავიგეთ რა ხარჯები აქვს „ენერგოპროს“. „ენერგოპრო“ შემოვიდა თუ არა ნოღაიდელმა პირდაპირ დაუდგინა თქვენი ტარიფი იქნება 16 თეთრიო. მაგათ საქართველოს გაერთიანებული დისტრიბუცია რომ იყიდეს, მაშინ ტარიფი იყო 6,5 თეთრი და უცებ, ნოღაიდელმა 16 თეთრი გაუხადა.

უფეშქაშა?

- საიდან დაადგინა? ამის შემდეგ სემეკი იძულებული გახდა ყველაფერი ამაზე მოერგო, იმიტომ არის გასაიდუმლოებული ყველა ხელშეკრულება.

დღეს მაინც არ შეიძლებოდა ამ ხელშეკრულების გადახედვა?

- დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელმა ენერგეტიკის მინისტრმა გადახედა ამ ხელშეკრულებებს, კალაძე თავად აცხადებს ჩავიხედე ამ საქმეში და, რომ ჩავიხედე ახლა დავრწმუნდი, რომ გადასახადი რომ შევამციროთ ენერგეტიკა დაგვექცევაო.

არადა რა მომხიბვლელი დაპირება იყო...

- რატომ დაგვექცევა იმას არ გვეუბნება, ვერ ხსნის რატომ უნდა დაიქცეს ენერგეტიკა. მე თუ თქვენ არაკანონიერად მოგეცით მაღალი ტარიფი, რაც არ გეკუთვნოდა, რა დააქცევს ქვეყანას? გადავხედოთ ხელშეკრულებას და შენ შენს ფუნქციას თუ ვერ ასრულებ, რაც არ გეკუთვნის, უნდა დააბრუნო. ტარიფი, კიდევ ვიმეორებ, არის არარეალურად მაღალი, ტარიფი მთავრობას და ნოღაიდელს აქვს მიცემული თავისი სურვილის მიხედვით და მერეა დამტკიცებული. „ენერგოპროს“ ტარიფი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მისცეს, გამორიცხული იყო ამხელა ტარიფის მიცემა, კანონით გათვალისწინებულ ნორმებში რომ მომხდარიყო ყველაფერი...

მაშინ დღის წესრიგში დადგა სადისტრიბუციო კომპანიის გაყიდვა, თითქოს, ამოღება ნაკლებად ხდებოდა. თითქოს დიახ, როგორც კი შეიქმნა გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანია, მაშინვე გადაეცა მართვაში უცხოურ კომპანიას. მაშინ მოხდა ვალების დაგროვება და კატასტროფულად გაზრდა. ჩვენთვის უცნობია, მაშინ რეალურად იყო ამოღება თუ არა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მაღალი იყო ამოღება და არ აჩვენებდნენ, ეს თანხები მიდიოდა ვიღაცის ჯიბეში. როგორც გითხარით, ამ ყველაფრის ფინანსური კონსულტანტები იყვნენ ნოღაიდელი და მისი კომპანია. 2002-ში შემოვიდნენ ამერიკელები, 2006 წელს პრემიერია ნოღაიდელი და ხდება დისტრიბუციის გაყიდვა. 700 მილიონი იყო ვალი, ეს ვალი ჩამოწერილ იქნა კომპანიისთვის. დადგა გაყიდვის საკითხი, უკვე იცოდნენ „ენერგოპრო“ რომ შემოდიოდა. მახსოვს 2006 წლის 16 მაისს გამოცხადდა კონკურსი გაყიდვაზე, უნდა გაყიდულიყო დისტრიბუცია მთლიანად და კიდევ გენერაციის 6 ობიექტი. წინა დღეს 15 მაისს მარეგულირებელმა კომისიამ ორმაგად გაუზარდა გენერაციის გასაყიდ ობიექტებს ტარიფი, ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. 15 მაისამდე 1,7 ქონდა ტარიფი და უცებ ორჯერ გაეზარდა ტარიფი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მეორე დღეს კი გაყიდვა გამოცხადდა. საერთოდ, გენერაციის ობიექტი ყოველთვის მომგებიანია და პირიქით, ცდილობენ, რომ დაბალი ტარიფით გაყიდონ ვიდრე მაღალით. შემოსულმა „ენერგოპრომ“ გამოაცხადა, რომ ამ ყველაფერში იხდიდა 340 მილიონს. ამ დროს ნოღაიდელმა გააკეთა ასეთი განცხადება, მოდით, თქვენ ნუ გადაიხდით 340 მილიონს, გადაიხადეთ 120 და დანარჩენი ჩადევით ინვესტიციაში. ინვესტიცია არის ყიდვის შემდეგ განხორციელებული დაფინანსება, მსგავსი რამ პრაქტიკას არ ახსოვს, მაგრამ 120 მილიონი გადაახდევინეს და ესაა ფაქტი. თუმცა, როგორც ვიცი, ეს თანხაც მთლიანად არ გადაუხდია „ენერგოპროს“ და შემდგომი ტარიფიდან იხდიდა ამ ფულსაც. 120 ათასად იყიდა 6 უდიდესი ჰესი „ენერგოპრომ“ და მთელი სადისტრიბუციო კომპანია. „ენერგოპრომ“ აიღო ვალდებულება, რომ აეშენებინა ჰესი. როგორც ვიცით, ეს ჰესი აშენებული არაა, ტარიფი მეორე დღესვე გახდა 16 თეთრი, ანუ „თელასის“ ტარიფი მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ „თელასი“ დიდი ხანი მუშაობდა და ინვესტიციაც ქონდა განხორციელებული - ასე თუ ისე...

თავად სახელმწიფოს კონტროლის რამე მექანიზმი არ უნდა ჩაედო?

- ამიტომ არის ეს ხელშეკრულება დამალული, ნოღაიდელმა დამალა, დღეს კალაძე მალავს.

თავის დროზე კალაძე და ნოღაიდელი პარტნიორები იყვნენ, რას მეუბნებით ახლა თქვენ ყოფილი პარტნიორები არ არსებობენ?

- ალბათ, ალბათ... ჩვენ „ქორწინების“ შესახებ ვიცით „განქორწინების“ შესახებ არაფერი. მე პირადად კალაძეს ნოღაიდელის პარტნიორად მოვიაზრებ, ამიტომ, ვიმეორებ, აქ არის ნოღაიდელის სერიოზული გავლენა. ნოღაიდელიდან კალაძემდე რაც იყო, ესეც ერთი რგოლია.

რაც იყო ეს ვიცით, რა არის ახლა? მითხარით რამდენს უნდა ვიხდიდე მოხმარებულ ელექტროენერგიაში?

- სპეციალისტისათვის ზეპირად საუბარი რთულია, მითუმეტეს, რომ ენერგოპრო თავის ხარჯებს მალავს, არ ვიცით ამ ხარჯებში რა აქვთ შეტანილი. მიახლოებით 10 თეთრის ფარგლებში უნდა ღირდეს ენერგია. მითუმეტეს, არანაირი ინვესტიცია არ განუხორციელებია, თუ არ ჩავთვლით ელემენტარულს. „იუესაიდის“ პროექტით და დაფინანსებით მოხდა რეგიონებში იმ სოფლების განათება, სადაც არ იყო ელექტროენერგია, ეს სამუშაოები ჩაეთვალა „ენერგოპროს“.

9 მილიონი?

- დიახ, სახელმწიფოსათვის გამოყოფილი 9 მილიონი გადაულოცეს „ენერგოპროს“! რატომ?

ესე იგი თქვენ ირიბად მეუბნებით, რომ აქ შეიძლება იყოს კორუფცია? პირადი ინტერესები?

- მე მიმაჩნია, რომ კორუფციის საკმაოდ მაღალი პროცენტია. ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში. როდესაც არის კითხვის ნიშანი, „ენერგოპრო“ უნდა გამოსულიყო და ეთქვა რატომ ეკუთვნის ასეთი მაღალი ტარიფი და რა გააკეთა მან. არ ამბობს ამას, ენერგეტიკის სამინისტრო არ გვაძლევს ციფრებს რამდენი აქვთ ამათ დახარჯული და ეკუთვნოდათ თუ არა ეს ტარიფი. მე ვიძახი არ ეკუთვნოდათ-თქო და ახლა მათ დამისაბუთონ.

ეს ინფორმაცია საჯაროა?

- საჯარო არის ყველა ინფორმაცია, მაგრამ სადაც ის დამალეს ვის მისცა მიშამ პრეზიდენტობის ბოლო დღეს 1000 ორდენი, რა გასაკვირია ხელშეკრულებები დამალონ? შალვა რამიშვილის კომენტარი წავიკითხე, ეს გასაიდუმლოებული ინფორმაციაა და ვერ მოგცემთო, ამის შემდეგ რა გვიკვირს? დამალეს ის ხელშეკრულებები, სადაც ერთ-ერთ პუნქტად წერია, ხელშეკრულების გასაჯაროება შეიძლება, როცა ორივე მხარე თანახმააო. კი, მაგრამ, რა უდგას წინ გასაჯაროებას? ახლა მაინც ხომ ხარ ხელისუფლებაში და მიშა არ გბლოკავს? მაგრამ რაშია იცით საქმე? რომ გაასაჯაროონ მერე დადგება მოთხოვნა ამ ხელშეკრულების შესრულების, რომელსაც ერთ-ერთი მხარე ვერ ასრულებს და ამის გაშიფრვა არ უნდათ. ამიტომ ამბობს კალაძე დაინგრევა ენერგეტიკაო. არ დაგავიწყდეთ პირველად კალაძე დაინიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრად, სამ დღეში შეიცვალა სავარძელი, ჭორის დონეზე გავრცელდა მაშინ ნოღაიდელმა ურჩია ენერგეტიკაში წასვლაო...

ვა, ასეთი საინტერესო და უხვშემოსავლიანია ენერგეტიკა?

- რატომ გიკვირს? მილიონით ხელში არ იყო „თელასის“ დირექტორი, გვარამია, ხეთაგური რომ დაიჭირეს? ხომ ქონდათ მილიონი ხელში? ამ დროს კალაძე გვეუბნება ნავთობის ფასი 5 თეთრით შევამცირეთო, ეს 5 თეთრი „ლევად“ მიდიოდაო. ჟურნალისტმა რომ კითხა ვისთან მიდიოდაო, კალაძემ უპასუხა არ ვიციო...

რა ვიცი, მეარვიციზესასამართლოში მიჩივიან და...

- ეგრეა, კი... მილიონები ტრიალებდა, ხალხი დააკავეს და გაუშვეს... 300 მილიონამდეა საუბარი, რომ „ენეგროპროს“ წინსწრებით აქვს აღებული. ეს სქემა ასეა: ტარიფი ხომ მისცეს 16 თეთრი, არაფერი ინვესტიცია არ განხორციელებულა, ეს იგივეა მიხვიდე და უთხრა მინისტრს ვიყიდი ამას, მომეცი ტარიფი და მერე ჩავდებ ინვესტიციას და ან ჩადებ ინვესტიციას და ან არა...

ორთაჭალის ჰესზეც მინდოდა გვესაუბრა.

- „ენერგოპროს“ დაკვეთით მოხდა მისი აუქციონზე გატანა და წართმევა. „ორთაჭალჰესი“ ერთადერთი იყო დარჩენილი, გადახედეს, ნახეს და გადაწყვიტეს წაეღოთ. მოგეხსენებათ, „ორთაჭალჰესი“ ჩვენი იყო, 1994 წელს გარკვეულმა ჯგუფმა გადავწყვიტეთ ინვესტიციების ჩადება გენერაციაში, ორთაჭალა გაჩერებული იყო, არ მუშაობდა და მაშინ არაჰესს ეძახდნენ. მისი ძირითადი ფუნქცია იყო მტკვრის დონის შენარჩუნება, ავიღეთ ჰესი და დავიწყეთ რეაბილიტაცია, სერიოზული ინვესტიციები განვახორციელეთ და ავედით 12-14 მეგავატზე. რაც მთავარია, მეტროს ვამუშავებდით და ბევრი სიკეთეც გაკეთდა, დანგრეული ჰესი მივუახლოვეთ სტანდარტებს, სადაც რამდენიმე მილიონი ჩაიდო. ჰესი იჯარა-ლიზინგით იყო აღებული, 2019 წელს მთავრდებოდა და გამოვისყიდიდით. ჩვენ დაბალი ტარიფი გვქონდა და დიდი თანხები მიდიოდა ბიუჯეტში, რაც არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ჯილდოებით აღინიშნა. 2008 წელს სახლემწიფომ ხუთჯერ გაგვიზარდა იჯარა, პირობაში კიდევ ერთხელ ჩაიდო, რომ ეს იყო ლიზინგი. 5 თვის შემდეგ ხელშეკრულების გაფორმებიდან დაიწყო საუბარი, რომ უნდა წაეღოთ. ჰესი რომ ავიღეთ 700 ათასი იყო მისი ფასი და როცა წაიღეს 25 მილიონ დოლარად გაყიდეს!

რეალური ფასია ეს?

- საბაზრო ფასის ორჯერ მეტად წაიღო „ენერგოპრომ“, ესეც ფიქციაა, რატომ უნდა გადაეხადა იმაზე მეტი რაც ღირდა? კორუფციული ელემენტებია ჩადებული, ფაქტია.

ანუ, ფული გაეთრდა.

- დიახ გათეთრდა, აბა შეიძლება იმაზე მეტის გადახდა, ვიდრე რეალური ფასია? ბევრი კითხვის ნიშანია, რომელიც გამოძიებამ უნდა გაარკვიოს. წაღება როგორ მოხდა? არაფერი, უცებ შემოვიდნენ ჰესზე, გამოყარეს ჩვენი ხალხი... ვინ შევიდა? სახელმწიფო, „ენერგოპრო“ შემოიყვანა, ჩაატარა აუქციონი... ქონება დღემდე ჩვენია და 5 წლის შემდეგ კიდევ ჩვენ ვიხდით ქონების გადასახადს.

მერე?

- რა მერე? ასეა... შემოვიდნენ, გამოვიძახეთ პარტული, მოვიდნენ და წავიდნენ, არავითარი რეაგირება, დაიტოვეს ჩვენი კომპიუტერებიც კი და მაგიდებიც, ტრანსფორმატორები.

შევიტანეთ სარჩელები, ჩატარდა პროცესები, თავისთავად წავაგეთ. ეს იყო ჯგუფური დანაშაული, რომელშიც ჩართული იყო საჯარო რეესტრი, მარეგულირებელი კომისია, ეკონომიკის სამინისტრო და სასამართლო. სახელმწიფო ოთხი სტრუქტურა იყო ჩართული. ლაშა ჟვანია იყო ეკონომიკის მინისტრი ამ დროს. ჟვანია ახლა ამბობს ჩემამდე დაიწყო ეს ყველაფერიო, მაგრამ ჩვენ გავაფრთხილეთ ის, უცხოელი ინვესტორები გვყავს პარტნიორები და ა.შ. მაგრამ არაფერი გაითვალისწინა.

კარგით ახლა რა ხდება?

- მოკლედ, ბევრი პროცესი ჩავატარეთ, ყველა წავაგეთ და ახლა სტრასბურგშია წასული საქმე, არც ვაპირებთ სარჩელის გამოტანას. როგორც კი მოვიდა ახალი ხელისუფლება, ნოემბრის დასაწყისში შევიტანეთ პროკურატურაში განცხადება. იმ წუთს დაიწყო გამოძიება, სხვათაშორის, სულ 70 საქმეზეა დაწყებული გამოძიება მხოლოდ. თავიდან გამომძიებელი იყო ციცო ჭალიძე, ძალიან საინტერესო პიროვნება და ვაჟკაცი გამომძიებელი, მერე როგორც ჩანს, „დაუკრეფავში გადავიდა“ ქალბატონი ციცო და ჩამოაშორეს საქმეს... ძალიან ვაჟკაცი გამომძიებელია არადა... აქ იყო აშკარად გამოკვეთილი ჯგუფური დანაშაული, მაგრამ... ამის შემდეგ პროკურატურაში ჩვენს ზარებს პასუხობდნენ, შემდეგ კი აღარც გვპასუხობენ... ასეა ახლა საქმე...

რა არის ის დაუკრეფავი“, რის გამოც ჭალიძე ჩამოაშორეს გამოძიებას სხვები კი არ გპასუხობენ? რა აერთიანებს ნაციონალებს და მეოცნებეებს ერთმანეთტან?

- ალბათ, კორუფცია. მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ენერგეტიკაში არ მოიხსნა ძველი ხაზი, ძველი თემები, იგივე შემადგენლობაა სამინისტროში, ელექტროგადაცემაში, დისპეჩერიზაციაში. მარეგულირებელი კომისია, რომელიც თავი და ბოლოა ყველა უკანონობის და არის გამპრავებელი, ისევ იმ შემადგენლობითაა. ეს ჩინოვნკიები იმ ტოტს ხომ არ მოჭრიან რაზედაც სხედან? ყველა უკანონობა მათ ხელშია გაკეთებული, ახალი სახე ენერგეტიკაში თავად კალაძეა. ვისი ბიოგრაფიაც გინდა აიღეთ და ნახავთ, რომ ყველას ნოღაიდელის ხაზი ამჩნევია. ვინც წავიდა, ყველა ენერგეტიკაში დარჩა მაინც... აი, ეს აერთიანებს ამათ, აქ სერიოზული მაფიაა, რომელთან ბრძოლა ძალიან სერიოზულია, ტარიფს ვერავინ დაუწევს, არც უნდათ ეს, არ მიდიან ამაზე შეგნებულად...