თვითმმართველობის კანონიდან - საქართველოს დაშლამდე?

თვითმმართველობის კანონიდან - საქართველოს დაშლამდე?

„დაქუცმაცებული საქართველო, სეპარატისტული საფეოდალოები, სერგო ორჯონიკიძისა და ფილიპე მახარაძის გამყიდველური გეგმის ხელახლა წამოწყება“,- ასეთი შეფასებები კეთდება თვითმმართველობის ახალ კანონთან დაკავშირებით.

კატეგორიულია საქართველოს პატრიარქიც: თვითმმართველობის კანონი თუ განხორციელდა, ეს საქართველოს დაშლა იქნება“. უწმინდესის თქმით, ქართველები საქართველოს დაშლას არასდროს შეეგუებიან და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს არ შესრულდეს. „საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი, ერთიანი ქვეყანა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ, როცა ძლიერი იყო ხელისუფლება და მის გარშემო მთელი ქვეყანა, ძლიერი იყო საქართველოც,“- ბრძანა უწმინდესმა და პარლამენტსა და ხელისუფლებას საშიშროებაზე დაფიქრება ურჩია.

აქვე, პატრიარქმა მთიანი რეგიონების სოფლების პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთა მოსახლეობისგან თანდათან იცლება. ეს მაშინ, როცა კურთხეულია ჩვენი მთაც და ბარიც და მთიან რაიონებში უნდა შევქმნათ ისეთი პირობები, რომ ხალხს აღარ მოუნდეს იქიდან წასვლა.

უწმინდესის ნათქვამს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ არასწორია, თითქოს თვითმმართველობამ შეიძლება გააღვივოს სეპარატიზმი. პირიქით, თვითმმართველობა ეს არის ადამიანებისთვის იმ უფლების მიცემა, რომ თავისი ადგილობრივი საკითხები თავად მოაგვარონ და ეს რეფორმა ეტაპობრივად განხორციელდება.

„საქართველო რომ არ იყო დეცენტრალიზებული და თვითმმართველობა არ ჰქონდა, ამან თავიდან აგვაცილა სეპარატიზმი აფხაზეთსა და ე.წ. ოსეთში? სეპარატიზმს, სადმე გაქცევას და გამოყოფას აღვივებს უუფლებობა და განცდა იმისა, რომ ხარ დაჩაგრული, არ გაქვს საშუალება, შენი საკითხები თავად მოაგვარო, მერე გარბიან ადამიანები ინდივიდუალურად თუ ტერიტორიულად. კონცეფცია, რომ თვითმმართველობა რაიმე ფორმით საფრთხეს უქმნის ქვეყნის ერთიანობას, სრული ნონსენსია. ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო თავის ფუნქციებს აძლევს ვინმე სხვას. სახელმწიფო ყველა სხვა ფუნქციას, რაც მას სჭირდება, იტოვებს- კანონმდებლობა, პოლიცია, ჯარი, უსაფრთხოება, თავდაცვა, ეკონომიკური პოლიტიკა, ფინანსები“, -აღნიშნა უსუფაშვილმა.

ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე ამ სახით თვითმმართველობის პროექტის დამტკიცებაში საქართველოს დაყოფის საფუძველს ხედავს. მისი თქმით, პროექტის ავტორებს ან არ ესმით, რას აკეთებენ, ან ესმით და შეგნებულად აკეთებენ. ფაქტობრივად, ძალიან დიდი დამოუკიდებლობა ექნება ქართლს, კახეთს, იმერეთს, გურიას, სამეგრელოს, და, რაც ყველაზე მძიმეა, ქვემო ქართლს - სომხებითა და აზერბაიჯანელებით დასახლებულ ტერიტორიას.

ისტორიკოსის თქმით, „მათ რა სურვილებიც აქვთ, ძალიან კარგად ვიცით“, მაგრამ გარკვეული პოლიტიკური ვითარების გამო სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს, გაანეიტრალოს ეს. თუმცა ხვალ რა მოხდება, კაცმა არ იცის.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას შეფასებით, მახარაძემ და ორჯონიკიძემ სამი ავტონომია მოახვიეს თავს საქართველოს. რესპუბლიკელების ლობირებით კი, უფრო მასშტაბურ - ცხრა ავტონომიას გვახვევენ.

„გვახსოვს საქართველოს ავტონომიზაციის ბოლო მცდელობა, მეოცე საუკუნის დასაწყისში, რომელიც ფილიპე მახარაძემ და სერგო ორჯონიკიძემ გააკეთეს, რით დასრულდა. სამი ავტონომია შეიქმნა, რომელთაგანაც ორი ჩვენი აღარ არის და ერთი გადარჩა. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ ღარიბაშვილის მთავრობისაგან, რომ ავტონომიზაციის პუნქტი ამოღებულ იქნას თვითმმართველობის კოდექსიდან. კოდექსის პროექტის მე-7 თავის თანახმად, საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის და სამცხე ჯავახეთის რეგიონული საბჭოები, ისევე, როგორც დღეს აქვს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უმაღლესი საბჭო“, - განაცხადა კუკავამ.

ჩვენ ვესაუბრეთ ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილსა და სანდრო სვანიშვილს, რომლებიც თვითმმართველობის განსხვავებულ კონცეფციაზე მუშაობენ და პატრიარქის მსგავსად, აღნიშნულ რეფორმას არ იზიარებენ.

For.ge-სთან საუბარში დავით ზარდიაშვილი იზიარებს პატრიარქის შეშფოთებას თვითმმართველობის რეფორმის ამ სახით მიღებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ქვეყნის რეგიონალიზაცია გამორიცხულია. ამიტომ არ უნდა იჩქარონ კანონის მიღება და ამას სერიოზული განხილვები უნდა უძღოდეს.

„მუნიციპალიტეტების დაშლა ქვეყნის მტრობაა. თუ მუნიციპალიტეტები დაიშლება და ამ დაშლილი მუნიციპალიტეტების გამაერთიანებელი იქნება რეგიონები, ეს კონსტიტუციის საწინააღმდეგო იქნება. წარმოიდგინეთ, რომ დაიშალოს ქვემო ქართლი მცირე-მცირე მუნიციპალიტეტებად და ერთი არაქართული რაიონის მაგივრად მივიღოთ ექვსი-შვიდი არაქართული მუნიციპალიტეტი. ეს მუნიციპალიტეტები რომ გააერთიანონ რეგიონში, სადაც უმრავლესობა იქნება არაქართული მოსახლეობისგან არაპირდაპირ არჩეული საბჭო. სწორედ ეს არის სეპარატიზმი. ამის შემდეგ დაიწყება რეგიონულ ენებზე, ეკონომიკურ-კულტურულ დამოუკიდებლობაზე საუბარი და ეს ქვეყნის დაშლაა. თვითმმართველობის რეფორმა აუცილებელია, მაგრამ ის ტერიტორიების გადანაწილებას არ უნდა ნიშნავდეს. ეს არასწორად გაიგეს, ესენი ან სრულიად უვიცები არიან, ამ შეგნებული მტრები, რადგან საქართველოს ტერიტორია ერთიანი და განუყოფელია და მისი გადანაწილება არ მოხდება“, - გვითხრა დავით ზარდიაშვილმა და განმარტა, რომ სინამდვილეში, თვითმმართველობის რეფორმა დღეს არსებული ერთეულებისთვის მეტი რესურსებისა და უფლებამოსილებების გადაცემაა და არა - ტერიტორიების გადანაწილება.

ჰყავს თუ არა ამ სადავო კონცეფციას დაინტერესებული დამკვეთები უცხოეთიდან, ამ შეკითხვაზე დავით ზარდიაშვილი აცხადებს, რომ ისეთ საერთაშორისო გარემოცვაში ვართ, არც ეს არ არის გამორიცხული. ამიტომაც შეგნებულად თუ შეუგნებლად, მტრის წისქვილზე ასხამენ წყალს. რეალურად კი, სარგებელი ასეთი „რეფორმისგან“ არ იქნება და ეს არც თვითმმართველობას გამოადგება, არც სახელმწიფო უსაფრთხოებას. სწორედ ეს საფრთხე დაინახა საქართველოს ეკლესიამ და მისმა უწმინდესობამ.

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში სანდრო სვანიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ რაიონების ხელაღებით დაშლა სეპარატიზმის საფრთხეს შექმნის და არც ასეთი შუალედური რგოლია გამართლებული. პრობლემები ვერსად გადაწყდება და ასეთი დანაწევრება დაასუსტებს ისედაც ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფ თვითმმართველობას.

„თვითმმართველობა დანაწევრება არ არის. თვითმმართველობა არის დეცენტრალიზაცია, ანუ ადგილებზე უფლებამოსილების გადაცემა. წყლის, დენის პრობლემები, ეკონომიკური მომსახურება და მასთან მიბმული საკითხები ადგილზე უნდა გადაიჭრას, საამისო ფინანსური და მატერიალური რესურსები რაიონებს ადგილზევე უნდა ჰქონდეთ. რეფორმის მიზანი ახალი პრობლემების შექმნა არ უნდა იყოს. საკითხი ცენტრმა უნდა გადაწყვიტოს თუ რეგიონმა, მათ შორის სწორი ბალანსი, სუბსიდიის პრინციპიდან გამომდინარე, უნდა გამოინახოს.

მათ კოდექსს თუ მივყვებით, არავითარი მნიშვნელოვანი უფლებამოსილების ადგილზე გადაცემა არ ხდება. პრაქტიკულად, იგივეა დარჩენილი, რაც იყო 2004 წლისთვის. ბევრი რამ უფრო შემცირებულია. რასაც ესენი გვთავაზობენ, ეს არ არის დეცენტრალიზაცია, ეს დეზინტეგრაციაა. ევროპაში სწორედ იმიტომ ხდებოდა ერთეულების გამსხვილება, რომ უფლებამოსილების გადაცემისთვის აუცილებელი იყო მსხვილი თვითმმართველი ერთეული“,  აღნიშნა სანდრო სვანიშვილმა.

ჩვენ დავუკავშირდით მეორე მხარესაც და ვთხოვეთ, პოზიცია გამოეთქვა პატრიარქის და საზოგადოების შენიშვნებთან დაკავშირებით. თვითმმართველობის კონცეფციის ერთ-ერთი ავტორი, ექსპერტი დეცენტრალიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოების საკითხებში დავით ლოსაბერიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პატრიარქს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.

„გახსნილი ტექსტით გეტყვით, რომ აქ მიდის პირდაპირი ბრძოლა და დეზინფორმაციის გავრცელება, ეს პირდაპირ უკავშირდება პოლიტიკურ პროცესებს და არა თვითმმართველობის რეფორმას. რაც შეეხება შუალედურ რგოლს, სამწუხაროდ, ეს რგოლი დღემდე არსებობდა. სწორედ მისი რეგულირებაა საჭირო, რადგან ცენტრს უნდა ჰქონდეს თავისი ფუნქციები, სამთავრობო ხელისუფლებას -თავისი ფუნქციები და ქვედა დონეს ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტა უნდა ევალებოდეს კომპეტენციის ფარგლებში,“- აღნიშნა დავით ლოსაბერიძემ.

ამასთან, განმარტა, რომ დიდი პოლიტიკის უფლებებს ქვედა რგოლს არავინ გადასცემს. აქ არ არის საუბარი არც პოლიტიკური სისტემის შეცვლაზე, არც ეთნიკურ-რელიგიური ნიშნით დაპირისპირებაზე, არამედ საუბარია ადგილებისთვის ფუნქციის გადაცემაზე. კერძოდ, მსოფლიოში არ არსებობს მაგალითი, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ, რაც არ უნდა კარგი ხელისუფალი იყოს, იცოდეს, რომელ სოფელში და უბანში რომელი ორმოა ამოთხრილი და გასასწორებელი. ეს ადგილზე გადასაწყვეტი საქმეა, რაც, პირიქით, სოციალური პრობლემების ნიველირებას მოახდენს და ხელს შეუშლის სეპარატიზმის გაღვივებას. მისი თქმით, ევროპის, ლათინური აფრიკისა და აზიის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ადგილებზე სოციალური პრობლემის მოგვარება მოსახლეობის რადიკალურ განწყობას ამცირებს. არ უნდა მოხდეს ისეთი ზეწოლა, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, როცა გუბეერნატორები ატერორებდნენ გამგებლებს, გამგებლები-ქვედა დონეებსა და სხვა.

დავით ლოსაბერიძის თქმით, როცა ადამიანს წყალი არ აქვს, ის ხელს იშვერს ცენტრისკენ. ეთნიკურ უმცირესობას კი ჰგონია, რომ ისინი იჩაგრებიან, რადგან არ არიან ეთნიკურად ქართველები. მანვე გაიხსენა ილია ჭავჭავაძის მიერ ჩამოყალიბებული პრინციპები, რაც ასი წლის შემდეგ ევროპამ სამოქმედო დოკუმენტად აიღო. კერძოდ, ევროქარტიის პრინციპები სიტყვასიტყვით იმეორებს ილიას ნათქვამს: თვითმმართველობას ქვეყნაზე ბევრი მტერი ჰყავს, ბევრს უფრთხობს ძილს და მოსვენებას, მაგრამ ადგილობრივი საკითხების გადასაწყვეტად ადგილზე არჩეული ადამიანი ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ხოლო ჩვენს მიერ ადგილზე დანიშნული მხოლოდ შფოთსა და არეულობას ჩამოაგდებს.