სანქციებით შანტაჟი და რუსეთის სტილში საუბარი სტრატეგიულ პარტნიორთან - ეს არის მმართველი გუნდის გამოხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში წარედგენილ კანონპროექტზე, რომლითაც საქართველოში „რუსული სტილის უცხოური აგენტების“ კანონზე პასუხისმგებელ პირებს აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა ემუქრებათ.
ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს. გამოცემის მტკიცებით, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თბილისი ღიად ესხმის თავს აშშ-ისა და დასავლური დემოკრატიის სხვა ხელშემწყობ ორგანიზაციებს მაშინ, როდესაც ზრდის კავშირებს რუსეთთან და ჩინეთთან.
გამოცემა წერს, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს მთავრობის წარმომადგენლების და იმ სხვა პირების წინააღმდეგ, რომლებსაც „ეკისრებათ მატერიალური პასუხისმგებლობა საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების ან უსაფრთხოების ძირის გამოთხრის ან დაზიანებისათვის“. „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, კანონპროექტს კონგრესს რესპუბლიკელი ჯო უილსონი, სავარაუდოდ, უკვე ორშაბათს წარუდგენდა.
თბილისში ამ ინფორმაციაზე უკვე პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა. ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი აცხადებს: „ის ინიციატივა, რომელიც კონგრესის გარკვეული წევრების მხრიდან მოდიოდა, ალბათ, არ იქნება მიღებული. მოვლენებს ნუ გავასწრებთ წინ, დაველოდოთ. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის ის ფორმა, რითაც პარტნიორები ერთმანეთთან თანამშრომლობენ“.
„მონსტრებთან მებრძოლები თავად ხდებიან მონსტრები“, - ასე პასუხობს დაანონსებულ ამერიკულ სანქციებზე შეკითხვას შალვა პაპუაშვილი.
„ერთადერთი ქვეყანა აქამდე, ვინც საქართველოზე სანქციებით ზემოქმედებას ცდილობდა, რუსეთი იყო. 30 წელია, რუსეთი სხვადასხვა მეთოდს - ხან ემბარგო იყო, ხან რა სანქცია, ხან - რა, ინსტრუმენტად იყენებდა იმისთვის, რომ ქართველ ხალხზე გავლენა მოეხდინა და მისთვის სასურველი გადაწყვეტილებებისკენ წაეყვანა. საქართველოს, ქართველ ხალხს სანქციების დაწესების მხრივ ეს გამოცდილება აქვს და ეს გამოცდილება რუსეთიდან გვქონდა. ახლა თუ ვინმეს უნდა ასეთი რუსული მეთოდით ქართველ ხალხზე სანქციებით ზემოქმედება, ეს მათი არჩევანია და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ რამეს, ხანდახან, მონსტრებთან მებრძოლები, თავად ხდებიან მონსტრები. როგორც ჩანს, ზოგიერთი პოლიტიკოსი ისე გაიტაცა რუსეთთან ბრძოლამ, რომ თავად ემსგავსება რუსეთს საქართველოსთან მიმართებით“, - ამბობს პაპუაშვილი.
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ამბობს, რომ სანქციების დაწესებას მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ გადაწყვეტს და მას სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თანხმობა სჭირდება. ქადაგიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ეს იმდენად მოგონილი საბაბია, რომ დასავლელი ზოგიერთი პოლიტიკური აქტორები ქვეყანაში დაძაბულობის შენარჩუნებას ცდილობენ.
„კანონპროექტის გულისთვის თუ პერსონებს დაასანქცირებენ, ეს უკვე მათ გაკოტრებულ პოზიციებზე მეტყველებს. რეალურად აბსრუდია სანქციებზე საუბარი, როდესაც ზუსტად იგივე კანონი თავად ამერიკაში მოქმედებს, მით უმეტეს ჩვენი კანონი მხოლოდ დეკლარაციის შევსებას ითვალისწინებს. თუ მხოლოდ ამის გამო უნდათ ჩვენი დასანქცირება და ამაზე ბაიდენის ადმინისტრაცია წავიდა, მაშინ რუსეთისგან მართლა არაფრით აღარ განსხვავდებიან. დაასანქცირონ სხვა ქვეყნის ხელისუფლება კანონის გამო და მისი შიდა საქმეების გამო, ეს მართლა ნონსენსია, თან, მით უმეტეს სტარტეგიული პარტნიორი ეძახო. ეს უფრო მეტად აღვივებს იმ გონივრულ ეჭვს, რომ ამერიკას საქართველოში სიმშვიდე და სტაბილურობა კი არა, დაპირისპირება და პოლიტიკური ტემპერატურის შენარჩუნება უნდა“, - ამბობს ქადაგიძე.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ კანონპროექტის ავტორი მოითხოვს საქართველოში რუსეთის დაზვერვის და ჩინეთის გავლენების შესწავლას, ქადაგიძე ფიქრობს, რომ კანონი ამ შემთხვევაში მხოლოდ საბაბია და აქ ყველაფერი ისევ გეოპოლიტიკურ პროცესებთან არის დაკავშირებული.
„ჩვენ გვახსოვს ამერიკიდან გაკეთებული თვალში საცემი განცხადებები ჩინეთთან თანამშრომლობის შესახებ ჯერ კიდევ შარშან. საქართველომ როგორც კი ჩინეთთან სტრატეგიულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, მაშინვე დააწყებინეს მათ მიერ მართულ ენჯეოებს ათასგვარ სისულელეზე საუბარი და ცდილობდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობის გაშავებას. არა ერთხელ მითქვამს, რომ ეს პროცესები რეალურად ეხება საქართველოს შუა დერეფანს და მის განსაკუთრებულ როლს გეოპოლიტკურ პროცესებში. განსაკუთრებულად ჩინეთს ერთადერთი სახმელეთო დერეფანი საქრათველოს გავლით რჩება და თუ ეს დერეფანი დარჩება და სტაბილური იქნება, ამუშავდება სრული დატვირთვით, რა თქმა უნდა, ამერიკელები ამ გზის გაკონტროლების სურვილს გამოთქვამენ. ამიტომ ვსაუბრობ, რომ აქ კანონი მხოლოდ საბაბია და რეალური მიზეზი არის ეს დიდი გეოპოლიტიკური თამაშები“, - ამბობს ქადაგიძე.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თამარ კიკნაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ სანქციების დაწესება ასეთი მარტივი არ არის და ამას ძალიან მყარი მტკიცებულებები სჭირდება, როცა ხელისუფლების წარმოამდგენლების დასანქცირებაზეა საუბარი. კიკნაძე ამბობს, რომ ამაზე თბილისში მყოფმა ობრაიენმაც ისაუბრა და თქვა, რომ სანქციების დაწესება ერთ დღეში არ ხდება.
„ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა უკვე, რომ მას სანქციების დაწესების არ ეშინია და ის, ფაქტობრივად, დასანქცირებულია. ჯერ ერთი, პროცედურულად ძალიან რთულია და მეორე მხრივ, ეს ამერიკის პოლიტიკურ ინტერესებში საერთოდ არ შედის. ეს იმას ნიშნავს, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან კიდევ უფრო მეტი გაუცხოვება მოხდება. საქართველო ახლა არავისკენ არ ბრუნავს და პირიქით, „ოცნება“ ახლა ყველაზე სახელმწიფოებრივ პოლიტიკას ახორციელებს, ვიდრე აქამდე რომელიმე ხელისუფლებას გაუტარებია. ის იცავს ქვეყნის, ხალხის და სახელწმიფოს ინტერესებს, როგორც ნამდვილ სუვერენულ ქვეყანას შეეფერება, ზუსტად ასეთ პოლიტიკას აწარმოებს - ის ყველა მიმართულებით პოლიტიკურად ვაჭრობს და ამაში ცუდი რა არის?
იმ პირობას, რასაც დღეს ჩვენი ხელისუფლება ხალხის წინაშე ასრულებს, ეს არის ჩვენი, როგორც სახელმწიფოს გადარჩენა. ამ კატაკლიზმებს გადავურჩეთ, რომელიც ჩვენს რეგიონში სუფევს და არ გავეხვიოთ იმ ცეცხლის ალში, რომელშიც უკრაინა აღმოჩნდა. როგორც ევროპარლამენტში ცალკეული ევროპარლამენტარები აფიქსირებენ თავის განწყობებს, აქაც ასეა. ამერიკის ერთი კონგრესმენის განცხადება და კანონის შეტანა არ ნიშნავს იმას, რომ მას ჯერ ერთი სხვა კონგრესმენებიც ეთანხმებიან და მეორეც, ეს ბაიდენის ადამინისტრაციამ უნდა გადაწყვიტოს. ჩვენთან იყო სწორედ ბაიდენის ყველაზე დაახლოვებული ფიგურა ჯიმ ობრაიენი, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს საზღვარი ყველაზე კარგად არის დაცული. მას არ ჰქონია კითხვის ნიშნები. ახლაც თბილისში რომ იყო თქვა, რომ სანქციების დაწესებას მყარი მტკიცებულებები უნდა“,-ამბობს კიკნაძე.
რაც შეეეხება იმ ბრალდებას, რომელსაც კონგრესმენი საქართველოს ხელისუფლებას უყენებს და ამბობს, რომ ის ეჭმიტანილია რუსეთთან შემრიგლებლური პოლიტიკის გატარებაში, კიკნაძე ამბობს, რომ გამოდის, საქართველოს უკრძალავენ, როგორც სუვერენიტეტულ სახელმწიფოს გაატაროს ის პოლიტიკა, თუნდაც რუსეთთან მიმართებაში, რომელიც მას სწორად მიაჩნია.
„ანუ პირდაპირ არის მოწოდება, რომ უნდა გავატაროთ ამერიკის ინტერესი და არა ჩვენი ქვეყნის ინტერესები. მაგას ალტერნატივა არა აქვს, რომ ადრე თუ გვიან, მტერსაც უნდა დაელაპარაკო და გადარჩენის გზა იპოვო. აფხაზეთის და ოსეთის პრობლემის გადაჭრის მათი შემოთავაზებული სტრატეგია ამ ეტაპზე არ ამართლებს. რა არის იმაში ცუდი, თუკი ხელისუფლება ამ გზას თავად იპოვის და დაელაპარაკება რუსეთს ისე, როგორც მას სწორად მიაჩნია. რეგიონში მიდის ისეთი პროცესები, რომ ყველა საკუთარი თავის გადარჩენაზეა გადასული. ალიევმაც თქვა, რომ ის პრობლემები, რაც რეგიონში არსებობს, თავად რეგიონის ქვეყნების მიერ უნდა იქნას გადაჭრილი. ამიტომ ვიღაცის კარნახი, რომ მოდი, მე რასაც გეტყვი ის გააკეთე, თუ არა და სანქციებს დაგიწესებ, ვასალური დამოკიდებულებაა და არა პარტნიორის“,-ამბობს კიკნაძე.