კორუფციის აღქმის მხრივ საქართველომ ოთხი 5-იანი მიიღო. 100-ქულიან შკალაში ქვეყანამ 55 ქულა დაიმსახურა და საერთაშორისო რეიტინშიც 55-ე ადგილზე დამკვიდრდა. შარშანდელთან შედარებით ეს გაუარესებული პოზიციაა, თუმცა მთავრობაში ასე არ ფიქრობენ. ფინანსთა მინისტრი თვლის, რომ კორუფციის კუთხით ვითარება „სტაბილურია“ და კონტროლს ექვემდებარება.
2013 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 177 ქვეყანას შორის 55-ე ადგილს იკავებს. საქართველოს მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, ოთხი პუნქტით გაუარესდა. საქართველომ 2013 წლის კვლევაში 100-ქულიან შკალაზე 55 ქულა მიიღო.
კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2013 წელს დანიაში, ახალ ზელანდიაში, ფინეთსა და შვედეთში დაფიქსირდა. რეიტინგის ბოლოში არიან სომალი, ჩრდილოეთ კორეა, ავღანეთი და სუდანი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსის ერეკლე ურუშაძის სიტყვებით, კვლევის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ცვლილება არ არის ისეთი საგანგაშო, რომ შორსმიმავალ გრძელვადიან გაუარესებაზე საუბარი შეიძლებოდეს. მისი აზრით, 2013 წლის ქულა, შესაძლოა, წინა წლების ტენდენციებსაც ასახავდეს, ვინაიდან გარკვეული დაყოვნება ასეთ კვლევებს ყოველთვის ახასიათებს.
თუმცა კორუფციის აღქმის ინდექსში რამდენიმე ქულით მდგომარეობის გაუარესების მთავარ განმაპირობებლად ურუშაძე შარშან ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით საჯარო სამსახურში ათასობით თანამშრომლის გათავისუფლებას და მათ ნაცვლად ახალი კადრების ხშირად კონკურსის გვერდის ავლით აყვანასაც ასახელებს. იგი იმ მიზეზებზეც საუბრობს, რამაც განაპირობა წინა წლებში საქართველოში კორუფციის ერთ-ერთი ფორმის, სახელდობრ, ელიტური კორუფციის გავრცელება:
„მთავარი ფაქტორი, რამაც განაპირობა საქართველოში მაღალი დონის კორუფციის რისკის არსებობა, ეს იყო ძალაუფლების კონცენტრაცია თანამდებობის პირთა ძალიან ვიწრო ჯგუფის - პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის ხელში. აღმასრულებელი ხელისუფლების ძალიან მაღალ რგოლებში ძალაუფლების კონცენტრაციის დონე იყო ძალიან მაღალი. ამავე დროს, ქვეყანაში სუსტი იყო პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლება, სუსტი იყო მედია, იგივე სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
პრინციპში, არ არსებობდა არანაირი მაკონტროლებელი მექანიზმები, რომლებიც მოგვცემდა საშუალებას, რომ საზოგადოებას გაეკონტროლებინა ხელისუფლების მცირე ჯგუფის საქმიანობა, რომლის ხელშიც რეალურად კონცენტრირებული იყო ძალაუფლება“, - აღნიშნა რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას ურუშაძემ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კი კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს მდგომარეობას გაუარესებულად არ აღიქვამს. „ამ კუთხით მდგომარეობა სტაბილურია და შესაძლოა, ვითარება სხვა ქვეყნებში გაუმჯობესდა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ დავუშვათ კორუფცია. ვერ მეტყვით ვერც ელიტარული და ვეღარც არაელიტარული კორუფციის მაგალითებს. ჩვენ ძალიან მკაცრები ვართ საკუთარი თანაგუნდელების მიმართ, რათა ქვეყანაში კორუფცია არ დავუშვათ და სახელმწიფომ ფუნქციები შეასრულოს“, - განაცხადა ხადურმა.
„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძის სიტყვებით, იმისათვის, რომ საქართველოში კორუფციაზე საუბარი საბოლოოდ დასრულდეს უნდა გაძლიერდეს ანტიკორუფციული საბჭოს როლი და პოლიტიკური ნება, რასაკვირველია უნდა გაძლიერდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა“. იგივე რეკომენდაცია აქვს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსაც“.
ექსპერტთა შეფასებით, კორუფცია საქართველოში „ენდემური პრობლემა“ აღარ არის და ახლა მთავარი აქცენტი საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრაზე კეთდება.