„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო აქციები კვლავ გრძელდება. 14 მაისს მესამე მოსმენით მიღებულ კანონს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 18 მაისს ვეტო დაადო. ბუნებრივია, რომ მმართველ პოლიტიკურ გუნდს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა ისევე არ გაუჭირდება, როგორც კანონის მესამე მოსმენით მიღება. ამის ფონზე, მიიჩნევა, რომ დღეს ის საპროტესტო მუხტი, რაც თავიდან არსებობდა, თითქოს შესუსტდა, თუმცა, ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთან ერთი ნაწილი თვლის, რომ ვეტოს დაძლევის პირობებში, საპროტესტო მუხტი მომავალში გაძლიერდება და უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტს იგივე სახით უკან უბრუნებს და მხოლოდ ერთ მუხლის ამატებს, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს. მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი განმარტავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული აგენტების შესახებ კანონი იყო. ამასთან, პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11, 22-ე, მე-15, 78-ე მუხლებს.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები დღეს შესუსტებულია. მისივე შეფასებით, დღეისთვის საპროტესტო აქციები ნაკლებად ძალადობრივი ხასიათისაა.
„საპროტესო ტალღა რაღაცნაირად მინავლდა, ნაკლებად აგრესიული გახდა. შესაძლოა პროტესტის ორგანიზატორებმა რაღაც სიგნალები მიიღეს, რომ ასეთი ძალადობრივი აქციები, რაც წინა დღეებში იყო, დადებით რეაქციებს არ იწვევდა, არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ. ახლა კი ერთგვარი პაუზა აიღონ და აჩვენონ, რომ ნამდვილად არიან არაძალადობრივი და მშვიდობიანი მომიტინგეები, როგორც ამას ევროპელი და ამერიკელები თავიანთ მიმართვებში ხელისუფლებასთან წარმოაჩენენ.
ვფიქრობ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება - ახლა მათ საპროტესტო მუხტი რომ დააგდონ და შეამცირონ აქციების ინტენსივობა, გამოდის, რომ ეს მათი მხრიდან ერთგვარი მარცხის აღიარება გამოვა. შესაბამისად, არ მგონია, რომ ამაზე ყველა თანახმა იყოს, ვინც ამ აქციების სათავეში დგას. რთულია თქმა, ეს აქციები მართულია თუ ახალგაზრდები სპონტანურად იკრიბებიან, ალბათ, ორივე ფაქტორია. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი პაუზა იქნება გარკვეული, ახალი ქმედებების წინ“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
რაც შეეხება ვეტოს დაძლევის შემდეგ მოსალოდნელ პროცესებს, ანალიტიკოსმა აღნისნა, რომ ვეტოს დაძლევის პირობებში, საპროტესტო მუხტი მეტად გაძლიერდება.
„ვეტო არის ერთგვარი დროის მოგების საშუალება, როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვისაც. აქციის მონაწილეებს მიეცემათ გარკვეული დრო, რომ ამოისუნთქონ ასეთი ინტენსიური ზეწოლის შედეგად და რესურსები გაანაწილონ. თუ პარლამენტი ვეტოს დაძლევს და კანონი დარჩება ისეთი, როგორიც ახლა არის, საპროტესტო აქციები ახალი ძალით იფეთქებს. დასავლეთის მხრიდან ჩანს, რომ თითქოსდა არ არიან წინააღმდეგი, ეს კანონი მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებთან, რომ ეს დასავლეთში არ იწვევდეს ასეთ უარყოფით რეაქციებს.
მიუხედავად იმისა, კანონი მესამე მოსმენით მიღებულია, შეიძლება ვენეციის კომისიის შენიშვნების შემდეგ, ეს კანონი დააბრუნონ განხილვაზე და გარკვეული კორექტირება შეიტანონ - ამის მცირე ალბათობა არსებობს და შესაძლებელია, რომ ამით „ქართული ოცნება“ შეეცადოს ჩააცხროს ის კრიტიკა, რაც დასავლეთიდან მოდის“, - დასძინა ზაალ ანაჯაფარიძემ.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანია ის საპრტოტესტო მუხტი, რაც დღეს არსებობს, მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე აისახოს და ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“ ხმა არ მისცეს. მისი შეფასებით, არჩევნებში მმართველი პოლიტიკური გუნდის გამარჯვება დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
„პროტესტის სიმძლავრე მნიშვნელოვანია არჩევნებისთვის. მთავარია ტემპერატურა ისე იყოს აწეული, რომ საზოგადოება არჩევნებისთვის მომზადებული იყოს, რათა ყველა მივიდეს არჩევნებზე და ხმა არავინ მისცეს „ქართულ ოცნებას“. არ მეგონა, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას არჩევნებზე ეჭვქვეშ დავაყენებდი, მაგრამ ახლა მაღალი შანსია იმის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიაღწიოს იმ წარმატებას, რაც დღეს აქვს.
პრეზიდენტმა გამორიცხა ყოველგვარი კომპრომისი, რადგან კანონი არის ანტისახელმწიფოებრივი. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი თავი შეაგდო ოკეანეში და ახლა უკან გამოცურვა ძალიან ძნელია. მხოლოდ ერთადერთი გამოსავალია - ვეტო არ გადალახონ. ვეტოს გადალახვა ნიშნავს, რომ მთელი ეს სიბინძურე, რაც კანონში ჩაწერეს, უნდა შეასრულონ და შედეგად შეიძლება ყველა დაგვაპატიმრონ“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან.
იგი ელოდება, რომ იმ დღეს, როდესაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს პარლამენტში კენჭი ეყრება, ქუჩაში ბევრი ხალხი გამოვა.
„ვეტოს დაძლევის დღეს შესაძლოა ყველაზე მეტი ადამიანი გამოვიდეს, რომ ხალხმა ზემოქმედება მოახდინოს პარლამენტზე. პასუხისმგებლობა მთლიანად გადავიდა „ქართულ ოცნებაზე“. პრეზიდენტისგან ასეთი ნაბიჯს არ ველოდი, ხელათ მოუჭრა შანსი „ქართულ ოცნებას“ და მთელი ის სისულელე, რაც მან კანონში ჩაყარა, მას დააკისრა პასუხისმგებლობა. თუ ვეტო გადალახეს, მათ მოუწევთ საერთაშორის სასამართლოში სიარული - ფაშისტებს არ ეწერათ ასეთი რაღაცები, რაც მათ ბოლოს ჩუმად ჩაწერეს კანონში. რა თქმა უნდა, ამაზე ისინი პასუხს აგებენ. არათუ ჩვენ ევროპის კარი ჩაგვეკეტება, არამედ როგორც სახელმწიფო, ეჭვქვეშ დავდგებით. ველოდები, რომ ბევრი ხალხი გამოვა, იქნებ ამან ხელისუფლება გამოაფხიზლოს, საით მიჰყავთ ქვეყანა და საკუთარი თავი“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.