ოპოზიცია ცდილობს, ისე წარმოაჩინოს ვითარება, თითქოს „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საწინააღმდეგოდ მოწყობილ აქციებზე ეროვნული მუხტი იგრძნობა, თითქოს აქციებზე გამოყვანილი ახალგაზრდები ეროვნულ საქმეს აკეთებენ და ცდილობენ ევროკავშირის პერსპექტივის დაკარგვისგან იხსნან საქართველო.
„ერთობლივი ძალებით უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა და ამ პროცესში უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია პრეზიდენტთან მჭიდრო კოორდინაცია“, - აცხადებს პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.
რამდენად შესაძლებელია ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმის შექმნა და ხომ არ გამორიცხავს ეს ორი ცნება ერთმანეთს? რამდენად შეიძლება ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა შეიქმნას ევროპულ პლატფორმაზე და არა ქართულ პლატფორმაზე, ანუ ეროვნულ ნიადაგზე?
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძე და მასთან გაერთიანებული ადამიანები განულებული ხალხია.
„როდესაც ეროვნულზე ლაპარაკობს ბატონი ხაზარაძე, უნდა შევეკითხოთ, დამოუკიდებლობის გამოცხადებას ხომ არ აპირებს? ერთი წლის წინ იყო ერთ-ერთი ასეთი ძალა, რომლის წევრებიც შეიკრიბნენ და აანონსებდნენ ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყებას საქართველოში, მათ შორის, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ორი დეპუტატიც იყო. გიჟი და ხელმოცარული ადამიანი თავისუფალია თავის მოქმედებებში. იმდენად გამოსულია წყობიდან ხაზარაძე, იმდენად გამოიყვანა მისმა დაბალმა პროცენტებმა და მევახშეობამ წყობიდან, რას ლაპარაკობს, თავადაც ანგარიშს არ უწევს. ან რას ნიშნავს ეროვნული და ევროპული პლატფორმა, ეს ხომ აბსურდის თეატრია?“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.
მისივე თქმით, ხაზარაძე ის კაცია, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ნაკომკავშირალია, რომელიც ჰპირდებოდა ხალხს თანასწორობას, მოდერნიზებულ რუსეთის იმპერიაში ყოფნას და უცბად, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, იმ პერიოდისთვის ხაზარაძემაც ნირი შეიცვალა და კომკავშირის ფულებით დაითრია ხალხის მიერ ბანკებში შეტანილი უზარმაზარი თანხები. ასე გახდა „ბიზნესმენი“ და ახლა მამუკა ხაზარაძეს ფეხზე ჰკიდია როგორც საქართველო, ისე ეროვნული მოძრაობა და ევროპა. მისთვის მთავარია მევახშეობა და ხალხის გაუბედურება. თუმცა, საბედნიეროდ, ხალხი ბრძენია, მიხვდა მის ოინებს და საეჭვოა, ხაზარაძემ 5%-იანი ბარიერი გადალახოს. მით უმეტეს, რომ არის ასეთი ქართული გამონათქვამი - „მკვდარი მკვდარსა აეკიდა, საფლავამდე მიმათრიეო“.
რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის მიერ ნათქვამ ფრაზას, რომ ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა ევროპულ პლატფორმაზე უნდა აიგოს, ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ასეთ კლინიკურ გამოთქმებს მამუკა ხაზარაძე კიდევ უფრო მეტად გააგრძელებს, რადგან ის ხვდება, რომ მისი პოლიტიკური ამბები დასასრულს მიუახლოვდა.
„ეროვნული მუხტი არანაირად არ იგრძნობა ამ აქციებზე, გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ ბრძოლა აბსოლუტური სისულელე, სიბეცე და უწიგნურობაა. ეს კანონი ითხოვს საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და სრულყოფას. ზუსტად ეს არის უვიცთა დოღი. სინამდვილეში, ეს კანონი არაფერ შუაშია. ეს კანონი მხოლოდ შემოგდებულია, რომ საქართველოში მომხდარიყო სახელმწიფო გადატრიალება და ამ სახელმწიფო გადატრიალებაში ერთ-ერთი როლი მინიჭებული ჰქონდა ხაზარაძეს. სხვათა შორის, ხაზარაძემ პირდაპირ თქვა, ჩემს მიერ დაფინანსებულ აქციაზე სიტყვას არ მაძლევთო? იქ გამოყვანილ გაბრიყვებულ, საწყალ ახალგაზრდობას კი ჰგონია, თვითონ გადაწყვეტენ საქმეს“, -აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ თავის დროზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც ახსენა ეროვნული პლატფორმა, ოღონდ, მამუკა ხაზარაძის ნათქვამის არ იყოს, ცოტა გაუგებარია, რომ შეიქმნება ეს ეროვნული პლატფორმა, ფუნქცია რა ექნება, რას გააკეთებს?!
„გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ წინააღმდეგ დაწყებული მოძრაობა ნამდვილად ევროპულია. ეროვნული მოძრაობა არ ნიშნავს მხოლოდ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, ეროვნულია ყველა ის მოძრაობა, რომელიც სახელმწიფოს, მის განვითარებას და უსაფრთხოებას ეხება. თუკი ფიქტიური არ არის ჩვენს კონსტიტუციაში ლამაზად ჩაწერილი მუხლი, რომ ჩვენი მომავალი მიდის ევროპისა და ევროპული ღირებულებებისკენ, მაშინ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ევროპული ღირებულებების დასაცავად. დღეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ამოცანაა ჩვენს პარტნიორებთან ნორმალური და კეთილი ურთიერთობის დამყარება. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს იქით კარნახობს თამაშის წესებს, პირიქითაა, ჩვენ გვკარნახობენ ამ წესებს“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბრისას და მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ჩვენი პრობლემა სუვერენიტეტის შენარჩუნებაა.
ანალიტიკოსის განმარტებით, რთულია იმის თქმა, რომელ ეროვნულ პლატფორმაზეა საუბარი, მაგრამ გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგოდ დაწყებული მოძრაობა, რაც აქციების დროს ჩაისახა, ნამდვილად ეროვნულია. ხელისუფლება კანონზე კი ლაპარაკობს, მაგრამ ეს აქციები კანონის ფარგლებს გასცდა და სწორედ იქ მივიდა, რომ ჩვენი გზა არის ევროპისკენ და ევროპა არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი. ეს სწორედ ჩვენი ერისა და საზოგადოების ეროვნული ამოცანაა.