თვითმმართველობის კანონში დანახული საფრთხეები

თვითმმართველობის კანონში დანახული საფრთხეები

„თვითმმართველობის კანონი თუ განხორციელდა, ეს საქართველოს დაშლა იქნება“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ცნობილია, პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი მთავრობაა. პროექტი კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა. 

პატრიარქის განცხადებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელმაც ეს პროექტი მოამზადა. For.ge-ს ინფორმაციით თვითმმართველობის კანონი იყო პარასკევს მისი უწმინდესობისა და დავით ნარმანიას შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი. ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრა თავად ილია მეორის ინიციატივით შედგა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ პროექტის განხილვას პარლამენტი მიმდინარე კვირიდან იწყებს. 6 დეკემბრისთვის ჩანიშნულია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომლის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი სწორედ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტებია. თვითმმართველობის ახალი კოდექსის პროექტის გარდა, ცვლილება 23 კანონში უნდა შევიდეს.

ამ კანონპროექტის უმთავრესი სიახლეა, რომ იზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და ნაცვლად დღეს არსებული ხუთი თვითმმართველი ქალაქისა (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი), ეს სტატუსი იმ ქალაქებსაც მიენიჭებათ, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 ათასზე მეტია (მაგალითად, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი და ა.შ.).

თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომელთა ბაზაზეც მუნიციპალიტეტები ჩამოყალიბდება. საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის გაყოფას ორ ან მეტ მუნიციპალიტეტად. თვითმმართველი ერთეულების (ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების) მმართველი რგოლები არჩევითი იქნება. კოდექსის პროექტით, ასევე განსაზღვრულია სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც თვითმმართველობის კოდექსი არეგულირებს, არის ის, რომ გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად, შეიქმნება კოლეგიალური ორგანო, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან საკრებულოს წევრები. ეს ორგანო ჩართული იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. კოდექსით განისაზღვრულია თვითმმართველი ერთეულების ფისკალურ დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებული საკითხებიც.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს“ გამოეხმაურა საქართველოს კატალიკოს პატრიარქი. უწმინდესი სხვა საკითხებთან ერთად პარლამენტისა და ხელისუფლების მიერ თვითმმართველობის კოდექსის განხილვის საკითხს შეეხო.

„ჩვენი პარლამენტი და ხელისუფლება დღეს განიხილავს და მსჯელობს თვითმმართველობის საკითხზე. ეს მეტად რთული საკითხია. თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისკენ. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ შესრულდეს. საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი, ერთიანი ქვეყანა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ძლიერი იყო ხელისუფლება და მის გარშემო მთელი ქვეყანა, ძლიერი იყო საქართველოც“, - აღნიშნა პატრიარქმა.

მისი უწმინდესობის აზრით, ყოველი რაიონი უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს ჩვენს ხელისუფლებასთან. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ის პრობლემები, რომელიც არსებობს რაიონში და ამას არ სჭირდება შუა რგოლი.

„ხელისუფლება თვითონ უნდა განიხილავდეს, უნდა შეისწავლოს რა სჭირდება თითოეულ რაიონს. ჩვენი ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ პრობლემა, რომელიც არსებობს ამა თუ იმ რაიონში, იყოს გამოსწორებული. რატომღაც ზოგიერთი ცდილობს, რომ კანონი სასწრაფოდ უნდა იყოს მიღებული. ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს განხილული მთელი ერის მიერ.

ხალხმა უნდა იმსჯელოს რა არის მისაღები საქართველოსთვის. ამიტომ, არ უნდა ვიჩქაროთ. ხალხი უნდა გაეცნოს თვითმმართველობის ამ კანონს. მე მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს პარლამენტს და ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ეს საშიშროება და ნუ ავჩქარდებით ამის მიღებაში“, - აღნიშნა ილია მეორემ.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის რეფორმა ეტაპობრივად განხორციელდება და კოდექსისგან შოკისმომგვრელ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. როგორც ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას დავით უსუფაშვილმა განუცხადა, თვითმმართველობის რეფორმა ეს ისეთი ტიპის რეფორმაა, რომ ტემპი ოპტიმალურად უნდა იყოს შერჩეული.

„ეს არ არის ის, რომ შევქმნათ ახალი სამინისტრო ან გავაუქმოთ, ან პარლამენტი ერთი ქალაქიდან მეორეში გადავიტანოთ, რომელიც შესაძლოა, რამდენიმე თვეში გაკეთდეს. თვითმმართველობის რეფორმა იქნება ეტაპობრივი და ამ ეტაპების გარემოცვაში მოხდება ახალი მოდელების ცხოვრებაში გამოცდა. ამ რეფორმიდან შოკისმომგვრელ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ვარაუდით, დეკაემბრის განმავლობაში ამ კოდექსთან დაკავშირებით პარლამენტი საწყის გადაწყვეტილებას მიიღებს. მისივე თქმით, შესაძლოა, სამი მოსმენით მისი დამტკიცება დეკემბერში არ მოხდეს.

„არც არის აუცილებელი, ასე სწრაფად მივიღოთ ასეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი, მაგრამ პირველ მოსმენას ალბათ მოვახერხებთ“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ დაინტერესდება, გაიგოს სიღრმეებში, რა საფრთხეებს ხედავს საპატრიარქო თვითმმართველობის კანონში. მანანა კობახიძის განცხადებით, პატრიარქს ხელისუფლება ყურს უგდებს და საპატრიარქოს პოზიცია ყოველთვის მნიშვნელოვანია.

„ეს კანონპროექტი განხილვის საგანია. მისთვის პარლამენტს ჯერ კენჭი არ უყრია. ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ. ამ პროცესში ყველას პოზიცია, მათ შორის ოპონენტების, მოწინააღმდეგეების, მომხრეების, უნდა იყოს გათვალისწინებული. მხოლოდ ამ ფართო კონსესუსის და მხარდაჭერის მოპოვების შემდეგ უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული. ვფიქრობ, პატრიარქს, ალბათ, თავისი მოსაზრებები აქვს, რასთან დაკავშირებით ამბობს ამ ყველაფერს“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს 9 კითხვით მიმართავს. ზურაბ ჯაფარიძემ ეს კითხვები დაასახელა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ დავით ნარმანია ამ კითხვებზე პასუხებს გაცემს, გამოჩნდება რამდენად აქვს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება გაატაროს გააზრებული რეფორმა.

„დავით ნარმანიას უწყება არის ამ კანონპროექტის ავტორი და ამ კითხვებზე პასუხების გაცემის შემთხვევაში დავინახავთ რამდენად აქვს ხელისუფლებას ნება, რომ გაატაროს გააზრებული რეფორმა და მომავალ წელს ჩაატაროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს კითხვებია - როდის ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები? რომელ ქალაქებში ვირჩევთ მერსა და გამგებელს პირდაპირი არჩევის წესით? რამდენი და რომელი ახალი მუნიციპალიტეტები შეიქმნება? როგორი საარჩევნო სისტემით ტარდება არჩევნები რაიონებსა და ქალაქებში? როგორი საარჩევნო სისტემით აირჩევა დედაქალაქის საკრებულო? რა იცვლება თვითმმართველობის დაფინანსების წესში? რამდენად გაზრდის დადგემილი რეფორმა სახელმწიფო ხარჯებს? იგეგმება თუ არა თვითმმართველობის მეორე დონის შექმნა? რატომ არ გაკეთდა წელს ამომრჩეველთა ბიომეტრიული რეგისტრაცია და მოესწრება თუ არა ამის გაკეთება დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებამდე?“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ, რომლის განცხადებით, პარლამენტში შეტანილი თვითმმართველობის კოდექსი ძალიან ბევრ კითხვას აჩენს.