მთავრობამ ლარის გაუფასურების რეალური მიზეზი უნდა დაასახელოს

მთავრობამ ლარის გაუფასურების რეალური მიზეზი უნდა დაასახელოს

ბოლო პერიოდში, ლარის კურსის შემცირების ფონზე, მომხმარებლებში დოლარზე მოთხოვნა გაიზარდა. ლარის ოფიციალური კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 1.7 ნიშნულს მიუახლოვდა, ხოლო ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში უკვე 1,71-ის ფარგლებშია. რაც მთავარია გაიზარდა შესყიდვა-გაყიდვას შორის არსებული მარჟა.

თბილისში პეკინის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში აცხადებენ, რომ მოსახლეობას ლარის კურსის ცვალებადობამ გარკვეული დისკომფორტი შეუქმნა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში დოლარზე მოთხოვნა მათთან დაახლოებით 30%-ით გაიზარდა. დოლარზე მოთხოვნის ზრდა შეინიშნება წერეთლის გამზირზე მდებარე რამდენიმე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში. მათი თქმით, ბოლო რამდენიმე დღეა მოთხოვნა მზარდია და ეს ლარის კურსის ცვალებადობას უკავშირდება, თუმცა გადამცვლელ პუნქტებში გაზრდილ პროცენტულ მაჩვენებელს ვერ ასახელებენ.

მცირედით განსხვავებული სიტუაციაა ვაჟა-ფშაველაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ამბობენ, რომ დოლარზე მოთხოვნა ოდნავ გაიზარდა, თუმცა მომხმარებლებს შორის დაძაბულობა და მით უფრო პანიკური განწყობები არ შეინიშნება.

ლარმა გაუფასურება ნოემბრის დასაწყისში დაიწყო, როდესაც 1,67 ნიშნულს „გადააბიჯა“. შესაბამისად, თვის დასაწყისიდან მისი კურსი 1,27%-ით, წლის დასაწყისიდან კი - 2,13%-ით დაეცა.

დოლარის გაძვირების ტემპებით, საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში მეოთხე ადგილზეა. ეროვნული ვალუტის ყველაზე მაღალი ინფლაცია უზბეკეთში დაფიქსირდა, სადაც 11 თვეში დოლართან მიმართებაში 10.42%-იანი გაუფასურება აღინიშნა.

ფინანსთა სამინისტროში და ეროვნულ ბანკში ჯერჯერობით ოლიმპიურ სიმშვიდეს ინარჩუნებენ, თუმცა მხოლოდ ფასადურად. მათ ეროვნული ვალუტის გაუფასურების ნადვილი მიზეზი იციან, თუმცა საგულდაგულოდ მალავენ.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ლარზე მოთხოვნა იზრდება, ლარი მყარდება, ხოლო როდესაც მოთხოვნა დოლარზე იზრდება, დოლარის ფასი იცვლება. „ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და ამაში საპანიკო და საგანგაშო არაფერია“, - დასძინა ნოდარ ხადურმა.

იგი ირწმუნება, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს გააჩნია შესაბამისი რეზერვები, მათ შორის უცხოურ ვალუტაში, რათა კურსი არ იყოს „მხტომარე“. მინისტრი ამ გამოთქმაში რას გულისხმობს ძნელი სათქმელია, რადგან ბოლო ერთი კვირაა ლარი ნახტომისებურად ეცემა - 2 დღეში ერთხელ მთელი ერთი პუნქტით.

ეროვნული ბანკში კურსის დაცემაში საფრთხეს ვერ ხედავენ. სებ-ში ეროვნული ვალუტის დევალვაციას სეზონურ ფაქტორებს უკავშირებენ, თუმცა ფასების ზრდას არც ეროვნულ ბანკში და არც სამინისტროში არ ელიან.

როგორც ნოდარ ხადურმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, სახელმწიფო ფასების ზრდას არც საკვებზე და არც სხვა დანარჩენ პროდუქტებზე არ ელოდება. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში საქართველოში ინფლაცია საერთოდ არ დაფიქსირებულა.

ექსპერტები კი სახელმწიფო მოხელეთა პათოსს არ იზიარებენ. მათი აზრით, მთავრობამ უნდა დაასახელოს ლარის დევალვაციის რეალური მიზეზი.

„მართალია იყო ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი განცხადება, რომ საგანგაშო არაფერი ხდება და ეს პროცესი კონტროლირებადია, რასაც, რა თქმა უნდა, ვეთანხმები და ამ ეტაპზე ვერანაირი პანიკის და განგაშის საფუძველს ვერ ვხედავ, მაგრამ საჭიროა უფრო ცხადი განცხადებები. ვერ დავეთანხმები სებ–ს და ფინანსთა სამინისტროს, რომ კურსის გაუფასურება სეზონურია, შეგვიძლია ვნახოთ შარშანდელი და შარშანწინდელი კურსის მერყეობა დოლართან მიმართებაში და დავრწმუნდებით, რომ ის ყოველთვის სტაბილურია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ დეკემბერში ზოგადად ლარზე მოთხოვნა მზარდია ახალი წლის მოახლოებასთან ერთად და კურსიც გამყარებისკენ მიდის წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე.

ამიტომ ეროვნულმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ უნდა გვითხრან რეალური მიზეზი კურსის უმნიშვნელო, მაგრამ მაინც გაუფასურების პროცესისა – ეს უკავშირდება ინვესტიციების სიმწირეს თუ ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას.

რაც შეეხება ფასებს, 1.3%–იანი გაუფასურება არ არის ის ზღვარი, რომელიც გავლენას მოახდენს ძირითად საიმპორტო ჯგუფებზე – საწვავზე, შაქარსა და ხორბალზე. იმედია, გაუფასურების პროცესი არ გაგრძელდება და არ შეიქმნება მოლოდინი, რომ ის კიდევ შეიძლება დაეცეს. დღეს ამის ყველა ბერკეტი არსებობს და დარწმუნებული ვარ, მკვეთრ დაცემას ადგილი არ ექნება“, – აცხადებს „კომერსატთან“ საუბრისას ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე.