ნაციონალებმა უკრაინაში უკვე მეორედ გადასხეს დესანტი. სერგო რატიანი, დავით საყვარელიძე, გია ბარამიძე და გიორგი ვაშაძე უკრაინის დედაქალაქში გაემგზავრნენ. გიორგი ვაშაძე და გიორგი ბარამიძე საპროტესტო აქციაზე სიტყვითაც გამოვიდნენ.
მართალია, ნაციონალები უკრაინელი ხალხის გვერდში დგომით აპელირებენ, მაგრამ ყველას კარგად ახსოვს, რა სამსახური გაუწია იულია ტიმოშენკოს 2010 წელს მის მხარდასაჭერად გივი თარგამაძის ხელმძღვანელობით უკრაინაში გადასროლილმა 2000- კაციანმა დესანტმა, რომელიც რეალურად ზონდერდაჯგუფებას წარმოადგენდა, მთელი თავისი მოქმედი პოლიციელებით თუ რეზერვში მყოფი ზონდერებით. იმ დროს ტიმოშენკომ საკუთარი ხალხის თვალში ქულები დაკარგა.
დღესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევში ჩასულ ნაციონალ აქტივისტებს შეიძლება, მიხეილ სააკაშვილიც შეუერთდეს. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ვიტალი კლიჩკოს პარტია „უდარის“ ინფორმაციით, საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. როგორც ამბობენ, მიხეილ სააკაშვილი ამით დასავლეთის სურვილის შესრულებას აპირებს.
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარე პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ ნაცები ცუდად თამაშობენ დასავლეთთან და ამით დასავლეთს ძალიან აღიზიანებენ, რადგან სააკაშვილს აქვს ავტორიტარი ტირანის სახელი. ამდენად, კიევში ნაციონალების ჩასვლა უბრალო პროვოკაციაა და არ ემსახურება უკრაინელი ხალხის ინტერესებს.
მართალია, ქართველი ექსპერტები უკრაინაში გადასროლილი ნაციონალური დესანტის მიღმა დასავლეთის კვალს ვერ ხედავენ და ამას უფრო ნაციონალთა პროვოკაციულ ზრახვებს უკავშირებენ, მაგრამ ფაქტია, რომ პოლონეთში მყოფი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიმდინარე ევრომაიდანის აქციებს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება და „ფეისბუკის“ გვერდზე უკრაინის ფოტოსა და გულს აქვეყნებს, რომელსაც აწერია „მე მიყვარს უკრაინა, ის ევროპაა“.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით საყვარელიძე კი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე შემდეგი სახის ჩანაწერს დებს: „თქვენი დროც დადგება, საქართველოს რუსეთუმეებო. მთელი დღეა, სულით და გულით უკრაინელ თავისუფლებისმოყვარე ხალხთან ვარ“.
ექსპერტი ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბარში გამორიცხავს, რომ კიევში ჩასულ ნაციონალებს ინსტრუქტაჟი დასავლეთისგან მიეღოთ.
ნაციონალები უკრაინაში ჩავიდნენ და მეიდანზე უკრაინელი ხალხის ევროპული არჩევანის მხარდაჭერა გამოხატეს. ფიქრობთ, რომ მათი ქმედებები მართულია და ჯდება თუ არა ეს დასავლეთის ინტერესში?
- მე პირადად, პოლიტიკოსების ასეთი „მისიონერული“ მოღვაწეობა არ მომწონს. ამ მიმართულებით შეიძლება ვიღაცამ - იმავე საყვარელიძემ ან ვაშაძემ საქართველოში საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს უკრაინის ოპოზიციის მხარდასაჭერად და ორგანიზებულად წაიყვანოს ათასი, ათიათასი ან 50 ათასი კაცი.
როგორც თავის დროზე გივი თარგამაძემ?
- შეფასებაში მკაცრი არ ვიქნები, მაგრამ შეუძლიათ, ჩავიდნენ იქ და მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ ანტისამთავრობო გამოსვლებში. გარკვეული თვალსაზრისით, ზეგავლენა მოახდინონ უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ასეთი რამ სწორად არ მიმაჩნია, რადგან ნებისმიერმა ხალხმა და მთავრობამ ამ ქვეყნის მომავლის განსასაზღვრად პროცესები უნდა წარმართოს დამოუკიდებლად. სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ნებისმიერი ფორმით ჩარევა დაუშვებელია. ამავე დროს, საერთაშორისო თანამეგობრობამ მკაცრად უნდა მოჰკითხოს უკრაინის ხელისუფლებას, რომ მათ არ გამოიყენონ გადაჭარბებული ძალა დემონსტრანტების წინააღმდეგ და სანქციები დააკისრონ, თუკი ასეთი რამ დაშვებულ იქნება. ხოლო ოპოზიციას უნდა მოვუწოდოთ, კანონის ფარგლებში იმოქმედონ, ეს პოლიტიკის ანბანია და ნაციონალების მიერ ამ სიტუაციის ინტერპრეტირება არასწორია.
პრინციპში, ის რომ დავით საყვარელიძე და გიორგი ვაშაძე კიევში არიან და მონაწილეობენ სოლიდარობის აქციაში, რომელიც უკრაინის ევროკავშირში შესვლის მოთხოვნით იმართება, აქ კანონსაწინააღმდეგო არაფერია. არც ჩვენი კანონმდებლობა კრძალავს ამას, არც უკრაინის, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე საპროტესტო აქციაში მონაწილეობდეს და სიტყვით გამოდიოდეს, მაგრამ რეალობა სხვა არის - ნაციონალები ცდილობენ და ადრეც ცდილობდნენ, დასავლეთისთვის ერთგულება დაემტკიცებინათ. ცხადია, რუსეთი დასავლეთის მოწინააღმდეგეა და ამას სტრატეგიული დოკუმენტების დონეზე, პრინციპში, ორივე მხარე აღიარებს კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად თანამშრომლობენ გლობალურ გეოპოლიტიკურ პროექტებში, როგორიცაა ავღანეთში მისია, კორიდორის მიცემა და სხვა, რაშიც არაპირდაპირი გზით რუსეთიც მონაწილეობს. ამის მიუხედავად, დასავლეთი და რუსეთი ერთმანეთის მოწინააღმდეგეებად რჩებიან. ამ მოწინააღმდეგეების დაპირისპირება მიმდინარეობს ევროკავშირის აღმოსავლეთისკენ გავლენის სფეროების გაფართოების ნიშნით და ყოფილ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში, აწ უკვე დამოუკიდებელ ქვეყნებში, რუსეთის შევიწროებით და იქიდან განდევნით. ყოველ შემთხვევაში, ასეთი სურვილი აქვს დასავლეთს.
ბუნებრივია, ასეთ დაპირისპირებაში ჩვენი ნაციონალები ცდილობენ, თავი გამოიჩინონ და ის დიდი ფული, რომელიც მათ მხარდასაჭერად დაიხარჯა ბოლო ათი წლის და ცოტა მეტი ხნის განმავლობაში, გაამართლონ. მათ სურთ, კიდევ იყვნენ საჭირონი დასავლეთისთვის, რათა იქიდან სერიოზული მხარდაჭერა მიიღონ, რადგან ქართველი ხალხის მცირე მხარდაჭერა აქვთ. როგორც ბოლო არჩევნებმა დაადასტურა, სულ რაღაც 20%-ანი მხარდაჭერა აქვთ. ეს მათ არ ჰყოფნით და მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას საეჭვოს ხდის. ამიტომ, უნდათ ასეთი აქტიურობით დასავლეთისთვის საჭირო ძალად და ადამიანებად წარმოაჩინონ თავი. ამდენად, გარკვეული ავანტიურიზმი მათ საქმიანობაში იგრძნობა, რაც ამ თვალსაზრისით, მათთვის გასაგები და გამართლებულია.
უფრო გლობალურად რომ შევხედოთ მოვლენებს, დასავლეთი, რომელიც მთელი ამ წლების მანძილზე რუსეთს რევერანსს უკეთებდა სირიისა და სხვადასხვა კონფლიქტების გამო, ამჯერად უკრაინის დაკარგვის საშიშროებით შეშფოთებულია და ცდილობს, ერთი მხრივ, რუსეთს მოუქონოს, ხოლო, მეორე მხრივ, პროცესები მართოს უკრაინაში. თუ ამ ვერსიას მივყვებით, გამორიცხულია, დასავლეთის გარკვეულმა წრეებმა თავიანთი მომხრეები გაუშვან უკრაინაში პროცესებზე ზეგავლენის მოსახდენად?
- არა მგონია, ეს იყოს დასავლეთის მიერ ორგანიზებული დესანტი კიევში. უბრალოდ, იქ არის რამდენიმე ქვეყანა, რომელთაც ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, რუსების ბოღმა სჭირთ, თუნდაც იგივე პოლონელები. ამ მხრივ იაროსლავ კაჩინსკის და სხვათა ვიზიტებია აღსანიშნავი. არა მგონია, ეს დასავლეთის მიერ იყოს ორგანიზებული. უბრალოდ, დასავლეთის განწყობები და მათი საფუძველი, მათი ლექსიკა, მათი ლოგიკა, ნაციონალებმა კარგად იციან და ახლა ცდილობენ მეტი მხარდაჭერა და ნდობა გამოიმუშაონ და შეიქმნან სამომავლო პერსპექტივა. აქედან გამომდინარე, ჩადიან უკრაინაში. ეს არის დიდ თამაშში მონაწილეობა და ამ დიდ თამაშში საკუთარი გავლენისთვის იბრძვის არა მარტო რუსეთი, არამედ - თურქეთი, ირანი, აშშ, ევროკავშირი. ამავე დროს, მზარდი ამბიციები აქვთ ჩინელებს და ინდოელებს. ამ ფონზე მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე პატარა საქართველოდან წარგზავნილი აქტივისტები არიან ჭიანჭველები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობენ და ზოგჯერ კრაზანის ფუნქციას ასრულებენ მოწინააღმდეგის გასაღიზიანებლად, ან სერიოზული ძალების მობილიზების მიზნით. მოვლენათა ასეთმა განვითარებამ, რომ უკრაინაში ჩავიდეს 20 ათასი ქართველი, მიბაძოს რა დავით საყვარელიძის და გიორგი ვაშაძის მაგალითს, ან უკრაინაში ჩავიდეს 30 ათასი პოლონელი, მიბაძოს რა კაჩინსკის მაგალითს, მეტისმეტად აბსურდის და სახიფათო თამაშის სახე შეიძლება მიიღოს. მიუხედავად მძაფრი დაპირისპირებისა რუსულენოვან უკრაინასა და უკრაინის პატრიოტულ, ნაციონალისტურ ძალებს შორის, უკრაინის ლიდერები აქამდე ყოველთვის ახერხებდნენ, არჩევანის გზით მომხდარიყო ეს ყველაფერი.
პროდასავლური ორიენტაციის ლიდერები - კუჩმა, იუშჩენკო, უფრო ადრე კრავჩუკი ამას ახერხებდნენ, მაგრამ დადგა დრო, როდესაც რუსულენოვანმა უკრაინამ ჩაიბარა ქვეყნის მართვა. ეს რუსულენოვანი უკრაინა უარს არ ამბობს პროდასავლურ კურსზე, მაგრამ, ამავე დროს, ისე ვერ მოექცევა საკუთარ ხალხს, როგორც ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“ მოექცა ქართველ ერს. ვგულისხმობ დაუფიქრებლად უარის თქმას რუსულ ბაზარზე. მით უმეტეს, როცა რუსეთი ამის პროვოცირებას ეწევა და ხელს უწყობს ეკონომიკის ჩამოშლას, უკიდურეს სოციალურ სიღატაკეს, მოსახლეობის მესამედის ქვეყნიდან გასვლას, 50 წელს ზევით ადამიანების საარსებო სახსრის გარეშე დატოვებას. უახლოესი 10-20 წლის განმავლობაში უკრაინას ეს ურთულეს პრობლემებს შეუქმნიდა. იანუკოვიჩს ეს პრობლემები ესმის. უბრალოდ, ადამიანურად, მგონია, რომ მას სურს ევროკავშირთან გაერთიანება.
ვის არ უნდა ცივილიზებულ სივრცესთან მიახლოება, მაგრამ ამის საკომპენსაციო მექანიზმი ევროკავშირმა ვერ შეიმუშავა. აქედან გამომდინარე, ხდება ასეთი ექსცესები და ასეთი პროცესები. თუ მოვლენები ასე განვითარდა და სიტუაცია არ შეიცვალა, შეიძლება, დასავლეთმა დაკარგოს უკრაინა. მართალია, დასავლეთს სურს, უკრაინა თავისი დემოკრატიული სივრცის ნაწილად იხილოს, მაგრამ ვინ ვის დაკარგავს, როდის მოხდება გაერთიანების, დაახლოების და შემდეგ ერთიან ევროკავშირში უკრაინის შესვლის პროცესი, ამას, საბოლოო ჯამში, მაინც უკრაინელი ხალხი გადაწყვეტს.
უკრაინაში არის მრავალი მილიონი ადამიანი და, თუ მათი 30% მოცემულ სიტუაციაში, ამ პირობებით ევროკავშირში შესვლის მომხრეა, ხომ შეიძლება, 50 და 60% ამის წინააღმდეგი იყოს?! მაგრამ, როგორ უნდა გავარკვიოთ ეს, „ვეჩეს“ პრინციპით, მოედნებზე მუშტი-კრივით, შენობებში შეჭრით? ამისთვის არსებობს ცივილიზებული ფორმა. მოდით, ეს ვუკარნახოთ უკრაინას, რომ დანიშნოს რეფერენდუმი და, რახან იანუკოვიჩის გადაწყვეტილების მიმართ უნდობლობაა, უკრაინელმა ხალხმა რეფერენდუმის გზით გადაწყვიტოს, დღესვე მიუერთდეს ევროკავშირს, თუ შეეცადოს, კომპენსაციის მექანიზმები მოძებნოს ეკონომიკის 30%-ით დანგრევის შედეგების მინიმალიზაციისთვის და მის თავიდან ასაცილებლად, რაც უდაოდ მოჰყვება რუსეთთან ურთიერთობის გართულებას. ეს გადაწყვიტოს უკრაინელმა ხალხმა, რადგან უკრაინის პოლიტიკური კლასი და უკრაინის მთავრობა და რადა ამ საკითხს ვერ წყვეტს. ასე მოხდა საფრანგეთსა და ნიდერლანდებში ევროპის ერთიანი კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით, როცა ხალხმა თქვა - „არა“, და ეს კონსტიტუცია დღემდე არ მიუღიათ. იმის გამო, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტები არ მუშაობს, შარლატანებისა და ავანტიურისტების იმედად უნდა დავრჩეთ?!
გამოდის, მეიდანზე პროცესები თვითდინებაზეა მიშვებული?
- შეთქმულების თეორიები მიყვარს, რადგან ძალიან კარგი ქარგა აქვს და რეალობის გარკვეული კვალი მასში ყოველთვის არის ასახული, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, არ მიმაჩნია, რომ ხალხი დასავლეთის წაქეზებით არის გამოსული ქუჩაში. უბრალოდ, უკრაინის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც უკმაყოფილოა იანუკოვიჩის მთავრობის საქმიანობით და, ამავე დროს, ხიბლავს ევროპული ერთიანობის პერსპექტივა, აქტიურია და გამოსულია ქუჩაში, ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც შედარებით დინჯად უყურებს სიტუაციას და იმის დაკარგვაც ადარდებს, მინიმალური სამუშაო იქნება, პენსია თუ სხვა რამ, ფიქრობს, ჩვენთვის აქტუალურ თემას შეასხას ხორცი - ევროკავშირისკენ სვლა და რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის კონა, რაც რეალურ სინამდვილეში არ გამოდის სიცოცხლისუნარიანი და პრაგმატული. ამ წინააღმდეგობაშია ახლა უკრაინა და ამის გამო ხდება ეს წარმოდგენა, ვნებათაღელვა, პოლიტიკოსების მისვლა-მოსვლა და სხვა. ეს დასაფიქრებელი თემაა.
საბოლოო ჯამში, ერთს ვურჩევდი უკრაინის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას, რეფერენდუმის გზით გაარკვიონ, ხალხს რა უნდა და უთხრან ყველა დადებითი და უარყოფითი, რაც ამ ნაბიჯს შეიძლება მოჰყვეს. ხოლო ევროკავშირის ხელმძღვანელებს, მე, როგორც მომავალი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, ვურჩევდი, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის შეექმნათ ეკონომიკური სტაბილიზაციის პროგრამები, რადგან ჩვენი ქვეყნების ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაშია, ხალხი გასაჭირშია. ევროპასთან გაერთიანების პირველი ათი წლის განმავლობაში, როგორც ამას აჩვენებს რუმინეთის, ბულგარეთის, სხვა პოსტსოციალისტური ქვეყნების გამოცდილება, ეს პრობლემები იოლად არ გვარდება. პირიქით, ფასების მატება და სხვა სირთულეები მოჰყვება ამას. ხოლო, თუ უფრო შორს გავიხედავთ, კვიპროსსა და საბერძნეთში რაც ხდება და რა თავის ტკივილიც აქვს ამ ქვეყნების გამო ევროკავშირს, ამის გათვალისწინებით, მათ ჯერ ურჩევნიათ, ხელი შეუწყონ ეკონომიკის გარკვეულ აღორძინებას. ეს უნდა მოხდეს პოსტსაბჭოთა სივრცეში აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში ამ ქვეყნების სვლის პარალელურად.
ფიქრობთ, ევროკავშირი ამისთვის მზად არის?
- ამ თემის სათანადოდ გააზრებას მე ევროკავშირის ხელმძღვანელებში ვერ ვხედავ. მეტიც, იგივე ბაროზო, რომპეი, ეშტონი და სხვა, საკითხს ზედაპირულად, ანუ ახალი წევრი ქვეყნების ხალხების ინტერესების გაუთვალისწინებლად უყურებენ. ერთადერთი, რასაც ისინი სთავაზობენ ამ ქვეყნების მოსახლეობას, ეს არის სავიზო რეჟიმის გამარტივება, მიუხედავად იმისა, რომ ელიავას ბაზრობაზე მდგომი ზეინკალი და ელექტრიკოსი სამუშაოს ვერ იშოვის გერმანიაში, პოლონეთსა და რუმინეთშიც კი, რადგან იქ კვალიფიკაცია არ ეყოფათ. ერთადერთი პერსპექტივა შავი სამუშაოს შესრულებაა ამ ქვეყნებში თავისუფალი მიმოსვლის პირობებში. კიდევ ერთი სიკეთე, რასაც გვთავაზობენ და, რაც მართლაც დიდი სიკეთეა, არის უკეთესი განათლების მიღების პერსპექტივა ახალი თაობისთვის, მაგრამ ახალი თაობა არ არის მთელი მოსახლეობა. მოსახლეობის 50%-ის მდგომარეობა შეიძლება, კიდევ უფრო გაუარესდეს ევროკავშირში ამ სწრაფი გაწევრიანების შედეგად. მით უმეტეს, რომ ასოცირების ხელშეკრულება წევრობას პერსპექტივაში, ანუ გარკვეული დროის შემდეგ არ ნიშნავს.