რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში დაიწყო. ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართეს. საერთაშორისო მედიის ცნობით, სი ძინპინმა პუტინს რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის მეხუთე ვადით დანიშვნა მიულოცა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა სარგებელს მოუტანს მშვიდობას, სტაბილურობისა და კეთილდღეობას რეგიონში“.
პუტინის პირველი ვიზიტი უცხოეთში ინაუგურაციის შემდეგ
პუტინისთვის პირველი საგარეო ვიზიტია ჩინეთში მისი მეხუთე საპრეზიდენტო ვადის არჩევის შემდეგ. ბოლოს ის პეკინში 2023 წლის ოქტომბერში იმყოფებოდა. სი ძინპინის თქმით, პუტინი და ის ერთმანეთს მინიმუმ 40-ჯერ შეხვდნენ. „ასეთი მჭიდრო კავშირები საშუალებას გვაძლევს გამოვყოთ სტრატეგიული მიმართულებები რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების შესანარჩუნებლად, რაც სულაც არ ყოფილა იოლი და ამიტომ იმსახურებს ყველაზე ფრთხილ მოპყრობას“, - ციტირებს ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო პრეზიდენტის სიტყვებს. თავის მხრივ, პუტინმა განაცხადა, რომ ჩინეთი არის რუსეთის მთავარი პარტნიორი სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში და აღნიშნა, რომ 2023 წელს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა თითქმის მეოთხედით გაიზარდა და 227 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პუტინის საგარეო ვიზიტები სერიოზულად შემცირდა. ვიზიტის დროს რუსეთის ლიდერს თან ახლდნენ რუსეთის მთავარი ოფიციალური პირები: თავდაცვის ახალი მინისტრი ანდრეი ბელუსოვი, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი და უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი მდივანი სერგეი შოიგუ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მაქსიმ ორეშკინი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები.
როგორც ანდრეი ვინოგრადოვი (რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის წამყვანი მკვლევარი), TRT-თან საუბრისას აღნიშნავს, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გაიზრდება ყველა მიმართულებით - როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკური კუთხით.
„პუტინი წავიდა ჩინეთში, რადგან პეკინი არის რუსეთის მთავარი, საიმედო და ერთადერთი სტრატეგიული თანამშრომელი დიდ სახელმწიფოებს შორის. მისი პრეზიდენტობის დროს პუტინი აპირებს განავითაროს ურთიერთობები ჩინეთის რესპუბლიკასთან“, - ამბობს სინოლოგი.
თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინა იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული თემა პუტინსა და სი ძინპინს შორის სასაუბრისას. მისივე თქმით, პეკინმა ადრე წარმოადგინა ომის დასრულების საკუთარი გეგმა, მაგრამ ევროკავშირმა მას არარეალური უწოდა. ჩინეთის სურვილი იმოქმედოს ამ კონფლიქტში მშვიდობისმყოფელის როლში, გასაგებია, მაგრამ მოსკოვთან მჭიდრო კავშირების გამო, ეს ნაბიჯები შესაძლოა დასავლეთის მხრიდან გარკვეული სკეპტიციზმით აღიქმებოდეს.
დასავლეთი ჩინეთს აკრიტიკებს რუსეთისთვის დახმარების გაწევის გამო
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, არაერთხელ გაჩნდა ეჭვი, რომ პეკინი მოსკოვს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება. „დოიჩე ველე“ ექსპერტების მოსაზრებაზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთმა შესაძლოა რუსეთს მიაწოდოს ორმაგი დანიშნულების საქონელი, რომელიც აუცილებელია დრონებისა და სხვა სამხედრო პროდუქციის წარმოებისთვის.
ჩინეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობა
„ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები სწრაფი ტემპით ვითარდება. ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით რუსეთ-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვის გაორმაგება: თუ 2019 წელს ის 111 მილიარდ დოლარს შეადგენდა, გასულ წელს უკვე 227,8 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამავდროულად, ჩვენს კომპანიებს შორის გადახდების 90 პროცენტზე მეტი ხდება ეროვნულ ვალუტაში“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებების დროს დეტალურად განიხილეს ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის თემა, რომელიც მაღალი ტემპებით მიდის.
„ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. გვაქვს კონკრეტული გეგმები ენერგეტიკული თანამშრომლობის სფეროში მუშაობის გასაღრმავებლად. რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობა ენერგეტიკულ სექტორში არ შემოიფარგლება მხოლოდ ნახშირწყალბადებით. მყარდება თანამშრომლობა მშვიდობიან ბირთვულ ენერგეტიკაში“, - აღნიშნა პუტინმა.
„რაც შეეხება ორმხრივ სამრეწველო თანამშრომლობას, ჩვენ მივესალმებით რუსულ ბაზარზე ჩინური ავტომწარმოებლების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლების ყოფნის აქტიურ გაფართოებას“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ.
თავის მხრივ, სი ძინპინმა გამოთქვა მზადყოფნა პრეზიდენტ პუტინთან ერთად შეინარჩუნოს ორმხრივი ურთიერთობები განვითარების სწორ გზაზე და შეიმუშავოს თანამშრომლობის ახალი გეგმები ყველა სფეროში.