„აღმოსავლეთის ქვეყნებმა საქართველო სექსტურიზმისთვის დაიგულეს“

„აღმოსავლეთის ქვეყნებმა საქართველო სექსტურიზმისთვის დაიგულეს“

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. სტატისტიკური მონაცემებით 2013 წლის ნოემბრის თვე 417 522 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2012 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 12,6 %-ით მეტია. რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 4 973 632 ვიზიტი განხორციელდა, რაც 22,6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს და 12,3%–ით გაასწრო 2012 სრული კალენდარული წლის მონაცემებს. 

გარდა ამისა, შსს-ს ცნობით, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ტურისტი - 1 935 767 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 17,3%); ტრანზიტი - 1 094 159 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 22%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 55,6%); სხვა - 1 943 706 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 14,2%).

სამინისტროს ინფორმაციით, ტრადიციულად, 2013 წლის ნოემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-16%), აზერბაიჯანიდან (+18,7%), სომხეთიდან (+37%), რუსეთიდან (+40,7%), უკრაინიდან (+44,6%) და ირანიდან (-3%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–ნოემბერში კვლავ გამოირჩნენ პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია და იტალია (შესაბამისად – 75%, 32%, 25%, 20%, 17% და 16%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთის (40%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელის (31%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსის მოქალაქეები 61%–იანი მატებით.

შსს-ს განცხადებით, სახელმწიფო საზღვრის კვეთის მხრივ, ცალკე აღსანიშნავია საქართველოს მოქალაქეთა აქტივობის ზრდაც, რაც მიმდინარე წლის პირველ 11 თვეში 20 (შემოსვლა) და 20,4 (გასვლა) პროცენტიან მატებაში გამოისახა.

ტურისტების ზრდა, ერთგვარი ინერციაა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ტურისტების შემოდინების ზრდის თვალსაზრისით საქართველოში ფიქსირდებოდა. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ლევან კალანდაძე განმარტავს, რომ საქართველოს რეალურად გააჩნია პოტენცია იმისა, რომ ტურისტული ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული კომპონენტი იყოს.

„არა მთავარი და დომინანტი, მაგრამ ერთ-ერთი წარმატებული. ამას ყველაფერს თან უნდა ახლდეს გარკევული ეკონომიკური პოზიტივი. რეალურად, ბოლო პერიოდში ტურიტული ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, რაღაცა გავიყინეთ ერთ ადგილას და ბოლო ერთი წლის განმავლობაში წინ ვერ წავედით სიახლეების შეთავაზების თვალსაზრისით. არადა ტურისტული ბიზნესი არის ძალიან სენსიტიური. ტურისტული ინდუსტრია თუ მუდმივ სიახლეებს არ სთავაზობს პოტენციურ ტურისტებს და მომხმარებლებს, სრულიად შესაძლებელია, რომ პოზიტიური ზრდის პოტენცია შეჩერდეს, ანუ ერთ დონეზე გაიყინოს გარკვეული დროის განმავლობაში“, - აცხადებს ლევან კალანდაძე.

მისივე თქმით, თუ ჩვენ გვინდა, რომ ტურიზმი როგორც ბიზნესის ერთ-ერთი შემოსავლის წყაროდ ვაქციოთ, ამ თვალსაზრით ქვეყანამ უნდა განახორციელოს გარკვეული სიახლეები და სახელმწიფომ ტურისტული მიმართულებით გარკვეული პოლიტიკა შეიმუშავოს.

„წინა ხელისუფლებას ყოველთვის მივუთითებდით და ვეუბნებოდით კარგია, რომ ტურიზმის თვალსაზრისით, გარკვეულ სიახლეებს სთავაზობთ და გარკვეული ინოვაციური პროექტები ინერგება საქართველოში, მაგრამ ეს არის აუცილებელი და არა საკმარისი პირობა იმისათვის, რომ გრეძლევადიან პრესპექტივაში ჩვენ ტურიზმის განვითარება დავინახოთ.

ამას ყველაფერს სჭირდება ქვეყანაში ტურიზმის განვითარების კონცეფცია, ისევე როგორც ყველა მიმართულებას, ცალ-ცალკე სჭირდება განვითარების სტრატეგიული გეგმა და ცალკე კონცეფცია, რომელზეც დაფუძნებული იქნება სახელმწიფოს მიერ გადასაგმელი ნაბიჯები და ჩამოსაყალიბებელი და განსავითარებელი ახალი ინიციატივები. ჩვენ ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ინერციით ვმუშაობთ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან კალანდაძე.

როგორც ლევან კალანდაძე აცხადებს, ზრდის ტენდენცია თუ არ იქნება სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი და თუ არ იქნება ინოვაციური მიდგომები ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, ხვალ და ზეგ პრობლემები შეიქმნება. მისივე თქმით, დღეს ეს პრობლემები არ არის, მაგრამ ის, რომ პრობლემა არ გვაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვიფიქროთ ამ დარგის განვითარებაზე.

ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე ამბობს, რომ დამაფიქრებელია აღმოსავლეთ ქვეყნებიდან ვიზიტორების ზრდა. მისი განმარტებით, როგორც ჩანს, მათ რაღაცა სხვა მიზეზი აქვთ აქ ჩამოსვლისა და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სავარაუდო მიზეზი, მის თქმით არის ის, რომ მათ კარგად დაიგულეს სექსტურიზმისთვის თბილისი და საქართველო.

„ეს არის ძალიან დამაფიქრებელი. მე ვერ დავდებ ამაზე თავს, მაგრამ ყველა ირიბი შეფასება, სიტუაცია რომელიც ჩვენთან არის, ამაზე მიუთითებს. რაც შეეხება რუსეთს და სხვა ქვეყნებს, მათთვის საქართველო ყოველთვის იქნება მიმზიდველი ქვეყანა ტურიზმისათვის.

თუ ჩვენ ამას ნორმალურად ავაგებთ, არ დავამახინჯებთ ამ რესურს და სექსტურიზმით არ გავხდით მიმზიდველს თბილისსა და მთლიანად საქართველოს, მაშინ, ცხადია, ჩვენ სოლიდური სექტორი ეკონომიკისა შევიძლია შევქმნათ, რომელიც არა მასობრივ ტურიზმზე, არამედ უფრო მაღალი რანგის ტურიზმზე იქნება გათვლილი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დემურ გიორხელიძემ.