„ერთადერთი გამოსავალი არის სპეციალიზებული სამართალდამცავი სტრუქტურის შექმნა“

„ერთადერთი გამოსავალი არის სპეციალიზებული სამართალდამცავი სტრუქტურის შექმნა“

ხელისუფლებაში ამტკიცებენ, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენ კომისიაზე მუშაობა გრძელდება. თუმცა, ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული ფინანსური და ეკონომიკური თვალსაზრისით. ნოდარ ხადური ამბობს, რომ აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს და ხელისუფლების მთავარი დაპირება იყო, არის და დარჩება სამართლიანობის აღდგენა. თუმცა აქვე დასძენს, რომ 2014 წლის ბიუჯეტი არ ითვალისწინებს წინა ხელისუფლების მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას.

„არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ამაზე მუშაობა გრძელდება. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რაზეა საუბარი ზოგადად, ან ჩამორთმეული ქონება სად არის. ყველაფერს სჭირდება ძალიან სკურპულოზური გაანალიზება“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ხელისუფლებისგან განსხვავებით, საერთაშორისო სამართლით დეკლარირებულ პრინციპებზე საუბრობს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, გია მეფარიშვილი რომლის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ დაზარალებულს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვს.

როგორ და რა გზით უნდა დაუბრუნოს სახელმწიფომ დაზარალებულებს კომპენსაცია, ამ საკითხზე For.ge გია მეფარიშვილს ესაუბრა.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ წინააღდეგი იყავით მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის, კანონპროექტი რამდენიმე თვეა მზადაა, თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით კომისია ამ ეტაპზე აღარ შეიქმნება. თქვენთვის მისაღებია ის არგუმენტები რასაც ხელისუფლება კომისიის შექმნის საპირისპიროდ ასახელებს?

გია მეფარიშვილი: ამ საკითხის მთელი სიმწვავე გახლავთ შემდეგი - 20 ათასზე მეტი საჩივარი და განცხადებაა შესული 2004-2011 წლების განმავლობაში ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებეზე, რომელებიც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა. საქმე ეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევას, მათ შორის პოლიტიკური მოტივით რეპრესიებს. მინდა შეგახსენოთ, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო დაპირება იყო სამართლიანობის აღდგენა.

სამართლიანობის აღდგენა, დიახაც, რომ გულისხმობდა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა რეაბილიტაციას, ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას და სხვა იმ მოქმედებების ჩატარებას, რომელიც უნდა განხორციელებულიყო ნორმალურ პირობებში, ნორმალურ სახელმწიფოში. სამწუხაროდ, ეს იმედი არ გამართლდა და ახალმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ დანაპირების ბოლომდე განხორციელება და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი გახლავთ ის, რომ ამის პოლიტიკური ნება არ არსებობდა.

რითი ხსნით პოლიტიკური ნების არ არსებობას?

- ამაზე მხოლოდ ვარაუდის დონეზე შემიძლია მოგახსენოთ. პირველი, ხელისუფლებას შეეშინდა მოსალოდნელი მატერიალური დანახარჯების, გაცხადებული იყო, რომ ეს რაოდენობა შეიძლება დაახლოებით, 5-7 მილიარდი იყოს. კოლოსალური თანხაა. თუ წარმოვიდგენთ, რომ საქართველოს სახელმწიფო ბუჯეტი 9 მილიარდს მცირედით აღემატება, დანაკლისი შეიძლება ჩავთვალათ კატასტროფულად. მეორე წინაააღმდეგობა გახლავთ ის, რომ გარკვეული წინააღმდეგობები იყო ქართულ სამართალდამცავ სისტემებში და სასამართლო ხელისუფლებაში. ერთი წლის წინ სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა, 200-მდე კაცი აღიარა პოლიტიკურ პატიმრად, რომელსაც სამართლებლივი შედეგები უნდა მოჰყოლოდა. შესაბამისად დგება იმ ხალხის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და ეს ხალხი უკანონოდ დააპატიმრა. ეს გადაწყვეტილება კი სახელწიფოს მხრიდან არ ყოფილა მიღებული და იცით რატომ? იმიტომ, რომ არავითარი სამართლებლივი მექანიზმი არ ყოფილა მოფიქრებული.

თავის დროზე, როდესაც იდეის დონეზე იხილებოდა ეს საკითხი, ორი კონცეფცია იყო წამოჭრილი. ერთ-ერთი იყო სპეციალიზებული პროკურატურის შექმნა, რომელიც ასეთი კატეგორიის საქმეებზე ჩაატარებდა გამოძიებას, ასევე სპეციალიზებული სასამართლოების შექმნა, რომელთა შემადგენლობაში არ უნდა შესულიყვნენ 2004-2011 წლებში მოღვაწე მოსამართლეები. ეს იყო ძალიან სერიოზული პროექტი. მაგრამ ხელისუფლებამ აირჩია მეორე მოდელი, იუსტისციის სამინისტრო და მომზადდა პროექტი მართლმსაჯულების დამდგენი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

რაზეც ვენეციის კომისიამ უარყოფითი დასკვნა დადო...

- ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან იმდენად მოუხერხებლად და გაუაზრებლად იყო ეს კანონპროექტი შედგენილი. მოხდა ის, რასაც ველოდით - როგორც კი ეს კანონპროექტი დაწუნებული იქნა საქართველოს მთავრობის სხდომაზე, ამის შემდეგ საუბარი მინელდა. რამდენიმე დღის წინ კი გაკეთდა განცხადება, რომ ეს იდეა გადაიდო იმიტომ, რომ ფინანსურ ხარჯებთან არის ეს პრობლემა დაკავშიერებული, რასაც მოჰყვა საპატიმრო დაწესებულებაში პროტესტი და პატიმრებმა შიმშილობაც დაიწყეს. ერთადერთი გამოსავალი არის სპეციალიზებული სამართალდამცავი სტრუქტურის შექმნა. ის არაა დიდ დანახარჯთან დაკავშირებული და საფრთხის ქვეშ არ აყენებს არსებულ სასამართლო და სამართალდამცავ სისტემებს.

9300-ზე მეტი ასეთი შემთხვევაა, როდესაც ღამის 12 საათის შემდეგ იბარებდნენ ამ ხალხს და რომ ადებინებდნენ ჩუქების ხელშეკრულებას. ეს დანაშაულებრივი ხელყოფაა და გამოძიებას მოითხოვს. როგორ გამოიძიებს ამას მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია? იფიქრა ამის შესახებ ვინმემ? ამაშია მთელი უბედურება, რომ ეს საქმე კომლექსურადაა გადასაწყევტი და ეს სამართალდამცავმა სისტემამ უნდა შექმნას და არა ასეთმა საეჭვო მდგომარეობის მქონე კომისიამ.

თუმცა, ასეთი კომისია არსებობს დიდი ბრიტანეთში და საკმაოდ ეფექტურადაც მოქმედებს...

- დიახ, ასეთი კომისია არის დიდ ბრიტანეთში, რომელიც საკმაოდ ეფექტურად არა, მაგრამ მოქმედებს. დიდი ბრიტანეთში აბსოლუტურად სხვა სამართლებრივი სისტემაა. ვინმეს თუ დააინტერესა და ერთი კითხვა მაინც დასვა, დიდ ბრიტანეთში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არის თუ არა?! მე შემიძლია გითხრათ, რომ არ არის. ჩვენ სხვა სამართლებრივი ტრადიციები გვაქვს და ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება.

როგორ უნდა მოხდეს ზარალის ანაზღაურება ამ ადამიანებისთვის, ისე, რომ არ დაზარალდეს ამით სახელმწიფო?

- მადლობა ამ კითხვისთვის. ეს არის კომპლექსურად გადასაწყევტი პრობლემა. არსებული პროკურატურის სისტემაში უნდა შეიქმნას დანაყოფი 100 კაცის შემადგენლობით, რომელიც განთავისუფლდება დანარჩენი საქმეებისგან და განიხილავს ამ განცხადებებს და საჩივრებს. თუ იქნება შესაძლებლობა, ისინი თვითონ მიმართავენ სასამართლოს და თვითონ მოითხოვენ განაჩენის გადასინჯვას არსებული პროცედურით, რომელსაც ახლად აღმოჩენილი გარემოება ჰქვია.

თუ შეიქმნება მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია, თუ იფიქრა ვინმემ, მათი გაკეთებული დასკვნა სად მიდის, რომელ სასამართლოზე და რომელი მოსამართლესთან? რა მონაწილეობას მიიღებს იქ პროკურორი, თუ პროკურორმა უარი თქვა მხარდაჭერაზე, მაშინ რას იზამს სასამართლო? თვითონ მიიღებს თავისი ინიციატივით გადაწყვეტილებას? ეს ხომ ელემეტარული ბავშობაა და მეტი არაფერი. მერწმუნეთ, რომ ეს არაა პატარა პრობლემა.

რა ჰქნას იმ ათასობით დაზარალებულმა, რომელსაც სახელმწიფომ ქონება წაართვა?

- სახელმწიფომ უნდა მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება. ისინი არიან ახლა ხელისუფლებაში და პოლიტიკური ნება გამოამჟღავნონ. არ გაამართლა ამ გზამ, შევარჩიოთ მეორე, ანუ ის რასაც ვთავაზობდი. ნუთი ამის გაკეთება არ შეიძლება და არავის არ შეუძლია ამის გააზრება? ეს არაა პატარა პრობლემა და იცოდეთ, რომ ჩვენ პრობლემებს შევქმნით საკუთარი თავისთვის და ეს რად გვინდა, ვერ გავიგე.

რაც შეეხება თვითონ ბიუჯეტთან ანგარისწორების საკითხებს, ანუ ბიუჯეტი დაზარალდება თუ არა? - ჯერ ერთი ეს გათვლა 5-7 მილიარდი არაა სწორი. არავის არ გაუკეთებია ასეთი ზუსტი გათვლა. რაც შეეხება ჩამორთმეულ ქონებას, ორ ჯგუფად იყოფა ეს საკითხი. ერთი, რომელიც ჩამორთმეულია და დღეს ქონების მართვის სამინსიტროშია თავმოყრილი განკარგვისთვის და მეორე, რომელიც გაყიდულია აუქციონის წესით და გადაცემულია კერძო მფლობელებისთვის. კერძო, მფლობელზე, ანუ კეთილსინდისიერ მყიდველზე.

მაგრამ, ჩვენ ხომ ვიცით როგორ გახდა ის ვიღაცა კეთილსინდისიერი მყიდველი?

- ამაშია საქმე, ეს არის ე.წ. აკრძალული დარტყმა. გახსოვთ, სააკაშვილის ხელისუფლება ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ქონება გადანაწილებულია დანაშაულებრივადო. დანაშაულებრივად გადანაწილდა თუ არა, ამას დამტკიცება სჭირდება. ჩვენ შეიძლება ვარაუდის დონეზე ვთქვათ, რომ ეს ქონება იმ დრონდელმა პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებმა ჩაიდგეს ხელში, მაგრამ დანაშაულებრივი იყო თუ არა, ამის შესახებ ვინმეს გააჩნია შესაბამისი მტკიცებულება? - არა, არ გააჩნია. სამართალმა ასეთი თამამი და მკვეთრი შეფასებები არ იცის, ის ყოველთვის ფაქტებს ეყრდნობა და თუ ფაქტები არ არსებობს, მაშინ შესაბამისად დასკვნის გაკეთება გამორიცხულია. ეს არის ერთ-ერთი არგუმენტი, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება იყენებდა, რომ ის ამათ გააკეთეს და ა.შ.

„თქვენ რა გააკეთეთ“, - ამაზე სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ კონკრეტული კითხვა ხომ დაისმება? გააკეთეს ის, რომ მათი ჩამორთმეული ქონება თვითონ გადაინაწილეს, უკვე მეორედ და აი ეს არის სიმართლე. ახლა სჭირდება ამას სამართლებლივი შეფასება და სჭირდება შესაბამისი ცივილიზებული გზა. გზა, რომელიც იქნება კანონზე დამყარებული და არა თვითნებობაზე. არ უნდა მოხდეს შეცდომები, შეცდომები კი მოსალოდნელია. ამიტომ, ეს უნდა განხორციელდეს მხოლოდ სასამართლო პროცედურით. სხვა გზა გამორიცხულია. ჩვენ კატასტროფულ შედეგებს მივიღებთ და ამის პირველი სიმპტომები უკვე გამოჩნდა.

რას გულისხმობთ?

- იმას, რომ უკმაყოფილების ტალღა ძალიან დიდია ხალხში. რატომ არ უნდა აგონ პასუხი იმ ჩინოვნიკებმა, რომლებმაც ასეთი დანაშაული ჩაიდინეს, რომლებმაც უკანონო გადაწყვეტილების შედეგად ასეთი ფაქტები დააყენს? - ამაზეც ვიფიქროთ. არ დაგავიწყდეთ, რომ თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული და ინიცირებული იყო კანონპროექტი უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის შესახებ, რომლის ნაწილი მერე თვითონვე გააუქმეს. რატომ არ შეიძლება მისი ამუშავება?

2003 წელს ხელისუფლების სათავეში ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ, არაფერი არ გააჩნდათ და დღეს მილიარდელები არიან და არაჩვეულებრი სასახლეში არიან გამოჭიმულები, იქნებ დაფიქრდეს ვინმე, საიდან მოხდა ეს ყველაფერი და შეფასების საკითხიც გადაწყდეს. კეთილი ნება უნდა გამოაჩინოს ახალგაზრდა ხელისუფლებამ. არაა მარტივი საკითხი, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და მას სჭირდება ძალიან სამართლებლივი და გააზრებული პოლიტიკური გადაწყვეტილება.