ეკონომიკის სამინისტროში მცირე ბიზნესის ხელშემწყობი სააგენტო იქმნება. მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია დამწყები ბიზნესისთვის დაფინანსების მოპოვების გამრატივება იქნება. საქმე ისაა, რომ არასაკმარისი საბრუნავი საშუალების პირობებში ათი ახლადწამოწყებული ბიზნესიდან 8 ძალიან მალე წყვეტს მუშაობას.
ეკონომიკის სამინისტროში ეიმედებათ, რომ ახალი სააგენტო დამწყები ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის გახაგრძლივების საქმეში გადამწყვეტ სიტყვას იტყვის.
„ჩვენ მუშაობის მუდმივ რეჟიმში ვართ სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით. გავდივართ მუდმივ კონსულტაციებს ექსპერტებთან და უახლოეს მომავალში ეს გახდება საჯარო დოკუმენტი და შესაძლებელი იქნება უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა და ამ დისკუსიაში ჩართვა.
მსოფლიო ბანკის მეწარმეების წახალისების კვლევიდანაც ჩანს, რომ ქართულ ბიზნესში, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესში სიცოცხლისუნარიანობა არის საკმაოდ დაბალი. პირველ რიგში, რა მიზეზსაც უთითებენ, არის ის, რომ ძალიან ბევრი ბიზნესი ქვეყანაში წინასწარი კვლევის გარეშე ფუძნდება და ქართული კომპანიების უმრავლესობა არ დებს კვლევაში თანხებს, რაც მნიშვნელოვანია წარმატებული ბიზნეს საქმიანობისთვის“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი.
უკვე გადაწყვეტილია, რომ სააგენტო შეიქმნება შემდეგ წელს და მისი სერვისები მეორე კვარტალში იქნება ხელმისაწვდომი.
„შედეგი ერთ დღეში ვერ იქნება. ამ სააგენტოს მიზანი არის, მეწარმეობის კულტურის დანერგვა და მეწარმეობის წახალისება. ეს იქნება მუდმივი პროცესი. ფინანსური ინსტრუმენტები მეორე კვარტლიდან ამუშავდება“, - ამბობს ბოჭორიშვილი.
სავაჭრო–სამრეწველო პალატის წარმომადგენელი კახა კოხრეიძე მიიჩნევს, რომ საქართველო არის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, სადაც საბაზრო ურთიერთობების აწყობა რეალურად ახლა იწყება. ამიტომ ახლადდაფუძნებული კომპანიები ხშირად ვერ ახერხებენ განვითარებას და ამაში განსაკუთრებული არაფერია. განვითარებულ ეკონომიკებშიც კი, „სტარტაპების“ 75 პროცენტი ვარდება.
„ყველას აქვს განცდა, რომ დღეს შეიძლება თანასწორობის პირობებში ბიზნესის კეთება. არ არსებობს პრივილეგირებული ჯგუფები, რომლებსაც სასათბურე პირობები ექნებათ. ყველას აქვს იმის სურვილი, რომ ახალი პროექტი წამოიწყოს. მოდის ახალი თაობა მეწარმეებისა, რომელთაც აქვთ სურვილი, რომ წარმატებული კომპანიები დააფუძნონ. სახელმწიფო კი მათ ხელს შეუწყობს. მოტივაციის ძალიან დიდი ტალღაა და საქართველოში დადგა თავისუფალი სამეწარმეო აქტივობის დრო, პერიოდი, რაც შესაბამისად გამოყენებული იქნება“, - ამბობს კოხრეიძე.
ერთია, რომ მცირე ბიზნესის ხელშემწყობი სააგენტო იქმნება და მეორე კი ის, მიიღებს თუ არა კრედიტს ამ სააგენტოს ფარგლებში დამწყები ბიზნესი. როგორც ირკვევა, ეს ბანკების გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. ეკონომიკის სამინისტრო კი ბანკებთან რისკების ნაწილობრივი გაზიარების მექანიზმით იმუშავებს.
„საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ჯერ განსაზღვრული არ აქვთ რა პორტფელით მიიღებენ პროექტში მონაწილეობას. ვაჟა მენაბდეს განმარტებით, სააგენტო ბანკის გადაწყვეტილებაში არ ჩაერევა, ხოლო პროექტების დასაფინანსებლად მთავარი კრიტერიუმი მსესხებლის გადახდისუნარიანობა იქნება. მისივე თქმით, მეწარმე უნდა ფლობდეს საკუთარ აქტივებს და უნდა ჰქონდეს გამოცდილება.
საკუთარი კრიტერიუმებით დააფინანსებს პროექტებს ბანკი „რესპუბლიკა“. როგორც ბანკის წარმომადგენელი აცხადებს, მათთან სააგენტოს გადმოგზავნილ სასესხო განაცახდებს ფინანსური ანალიზი ჩაუტარდება და შემდეგ პროექტი განსახილველად ბიზნეს საკრედიტო კომიტეტზე გავა. თუმცა ჯერ არც „რესპუბლიკაში“ აქვთ გადაწყვეტილი რა პორტფელით მიიღებენ მონაწილეობას პროექტში.