ბოლო დღეების სიმბოლიკა გამაოგნებელია. პატარა ბალტიისპირულმა რესპუბლიკა ლიტვამ გადამწყვეტი როლი ითამაშა კომუნისტური წყობის დანგრევაში და პირველმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირისგან 1991 წელს. დღე ის გახდა მთავარი მოწმე იმისა, თუ როგორ განამტკიცა რუსეთმა პოზიციები თავისი გავლენის ზონაში.
ვილნიუსის სამიტს დიდი პომპეზურობით უნდა გამოეცხადებინა ახალი აღმოსავლური პარტნიორობის ამოქმედება ევროპის კავშირს და საბჭოთა ბლოკის ყოფილ ექვს რესპუბლიკას შორის. თუმცა, ინტეგრაციის მიღწევები სამარცხვინო ფალსტარტში გადაიზარდა, და 29 ნოემბერს შეხვედრაზე დანამდვილებით ითქვა უკრაინის მიერ ბოლო წუთს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომ ის უარს ამბობს პროექტში მონაწილეობაზე.
მართალია, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ვილნიუსის სამიტს დაესწრო და შეხვდა რამდენიმე ევროპელ კოლეგას, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის გადახედავს ამ მკვეთრ საგარეოპოლიტიკურ ცვლილებას, რომელიც კიევში მოსკოვის ზეწოლის შემდეგ 21 ნოემბერს გამოაცხადეს. 28 ნოემბერს უკრაინის დედაქალაქის ქუჩებში 10 000 დემონსტრანტი გამოვიდა და კიდევ ერთხელ მოითხოვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა.
ამ მოვლენებმა სერიოზული დარტყმა მიაყენა ევროპულ დიპოლომატიას, რომელმაც სათანადოდ ვერ შეფასა რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობა მეზობლებში. უკრაინა, რომელიც პოსტსაბჭოთა გვირგვინში ბრილიანტია, გატყდა და შანტაჟს დაექვემდებარა. საბოლოო ჯამში, ხუთი სხვა ქვეყნიდან, რომლებიც ამ პროგრამაში თავიდანვე მონაწილეობდნენ (სომხეთი, ბელარუსია, მოლდავეთი, საქართველო და აზერბაიჯანი), მხოლოდ ორი დარჩა: მოლდავეთი და საქართველო. ამ ქვეყნის ლიდერებმა პარასკევს ევროკავშირთან ასოცირებაზე შეთანხმების პარაფირება მოახდინეს. თუმცა, პარტნიორობის პროგრამის თავდაპირველი გეგმების ფონზე, რომელსაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ევროპამდე უნდა მიეყვანა, ეს ყველაფერი სანუგეშოდ არ გამოიყურება.
ისტორია დასრულდა? შეიძლება – არა. „უკრაინის გამოთიშვის შემთხვევაშიც, პროცესი მაინც მიმდინარეობს“, ამბობს ნიკუ პოპესკუ უსაფრთხოების ინსტიტუტიდან. ახლა ფრონტის ხაზმა საქართველოს და მოლდავეთისკენ გადაინაცვლა. ბრძოლის მნიშვნელობა კი ბევრად აჭარბებს ამ ორი ერთი ციდა ქვეყნის დემოგრაფიულ წონას. თითოეულ ამ ქვეყანაში სულ 4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.
ამ ორი კანდიდატის ირგვლივ „ტიტანების ბრძოლა“ მიმდინარეობს, ამბობს ვარშავის მარშალის ფონდის დირექტორი მიხეილ ბარანოვსკი: „კონფლიქტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ირგვლივ ნიშნავს სასტიკი გეოპოლიტიკური დაპირიპისების დაბრუნებას ევროპის საზღვრებთან, რომელიც, როგორც ჩვენ გვეგონა, ბერლინის კედელთან ერთად გაუჩინარდა“.
იძულება და ლოიალურობა
ევროპულ პროექტს, რომელიც ევროკავშირის ირგვლივ ევროპული სამართლებრივი და სამთავრობო ნორმების თანდათანობით გავრცელებას გულისხმობს, მოსკოვი უპირისიპირებს იძულებასა და ლოიალურობაზე დაფუძნებულ ევრაზიულ კავშირს. „უკრაინასთან ერთად პრეზიდენტი იმარჯვებს პირველივე პარტიაში და არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას“, – ფიქრობს ბარანოვსკი.
მოლდავეთის და საქართველოს ირგვლივ ბრძოლა კიდევ უფრო სიმბოლურია, რადგან საუბარია ქვეყნებზე, რომლებიც საბჭოთა სივრცეში ყველაზე ძლიერი პროდასავლური განწყობით გამოირჩევიან. რუსეთი მთელი თავისი წონის გამოყენებას აპირებს, რათა ეს ქვეყნები გატეხოს. ხოლო მიღებული გრაფიკი მას მანევრებისათვის დიდ თავისუფლებას ანიჭებს.
მოლდავეთთან და საქართველოსთან პარაფირებულ შეთანხმებებს ოფიციალურად ხელი უნდა მოეწეროს მხოლოდ 2014 წლის ბოლოს. როგორც მოლდავეთის პრემიერის გარემოცვის ერთ-ერთი წევრი აღნიშნავს, „უახლოეს მომავალში მოსალოდნელია [კიშინიოვის] დაშინების მასშტაბური კამპანია“. „მოსკოვი შეეცდება პროევროპული მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის დამხობას პრორუსული კომუნისტური ოპოზიციის დახმარებით“. გარდა ამისა, მოლდავეთში ეშინიათ ასევე კარგად დამუშავებული სქემის მიხედვით ეკონომიკური დესტაბილიზაციის ახალი მცდელობების: გაზის ფასით შანტაჟისა და სავაჭრო ემბარგოსი.
რაც შეეხება საქართველოს, მას შესანიშნავად ესმის, სადამდე შეიძლება მივიდეს რუსეთის საპასუხო ზომები: 2008 წელს რუსული ტანკები მის ტერიტორიაზე სასაზღვრო კონფლიქტის დარეგულირებისთვის შეიჭრა. ასეთი რამ ცივი ომის შემდეგ არ მომხდარა. ახლა მხოლოდ ერთი რამ რჩება ამოუცნობი: იქნება თუ არა საქართველოს ახალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უფრო მშვიდი და მორჩილი (ის ყოველთვის ემხრობოდა მოსკოვთან მშვიდობიან ურთიერთობებს) მის მშფოთვარე წინამორბედ მიხეილ სააკაშვილთან შედარებით, რომლის კაბინეტშიც ევროპული დროშა ეკიდა?
როგორც არ უნდა მოიქცეს რუსეთი, მომავალში განვითარებული მოვლენები იქნება ევროკავშირის სიმტკიცის ტესტი: შეძლებს თუ არა ის იმის დაცვას, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობისგან დარჩა. „მას აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი რათა საკუთარი ფრთის ქვეშ მოაქციოს მოლდავეთი და საქართველო: მოხსნას სავიზო შეზღუდვები, დაუშვას ევროპულ ბაზარზე, რითაც აუნაზღაურებს მათ რუსული ბლოკადით მიყენებულ ზიანს, გამოყოს კრედიტები და ა.შ“, – დარწმუნებულია ნიკუ პოპესკუ. სხვა შემთხვევაში, შედეგი წინასწარ ცნობილია: ევროპული დეკლარაციები მისი სამომავლო გეგმების შესახებ ვერ გაუძლებს რუსეთის დამანგრეველ ზეწოლას.
foreignpress.ge