რადიკალები სახელმწიფოს წინააღმდეგ

რადიკალები სახელმწიფოს წინააღმდეგ

84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - პარლამენტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მესამე მოსმენით მიიღო. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დადებას გეგმავს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციონერი დეპუტატების შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა. „არა რუსულ კანონს!“ - სკანდირებდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები. „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი კანონპროექტის კენჭისყრის პარალელურად კვლავ მოუწოდებდა მმართველ გუნდს კანონის არმიღებისკენ და სკანდირება - „84 მოღალატე!“

დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში კედლებზე იმ 84 დეპუტატის სია გააკრა, რომლებმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს მხარი დაუჭირეს. აქუბარდიას თქმით, ეს იმ დეპუტატების სიაა, რომლებმაც „მხარი დაუჭირეს საქართველოს რუსულ ჭაობში დაბრუნებას, ნატო-სა და ევროკავშირზე უარის თქმას, საქართველოს დემოკრატიის დასამარებას და ავტორიტარული სახელმწიფოსკენ სვლას“. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას აქციის მონაწილეები ხმაურით შეხვდნენ. ისმოდა შეძახილები - „მონებო“, „რუსებო“. ასევე, დემონსტრანტები პროტესტს საყვირებით აფიქსირებდნენ.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას დილიდან მართავდნენ, მეორე ნაწილი კი პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაურობდა და პერიოდულად აწყობდა პროვოკაციებს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში რამდენჯერმე გადაიზარდა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს პლენარულ სხდომაზე ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა. ხაბეიშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი სამხარაძის მისამართით თქვა, რომ „სამხარაძის, რომელსაც თავში ნაგვის ყუთი აქვს, დაორგანიზებულია ახალგაზრდებთან მივარდნა და თავპირის ლეწვა“.

საპასუხოდ, დიმიტრი სამხარაძემ ხაბეიშვილს ჯერ შეაგინა, შემდეგ კი სცადა ოპოზიციონერ დეპუტატს ფიზიკურად გასწორებოდა და დარბაზის იმ ნაწილისკენ გაიმართა, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატები სხედან. მოგვიანებით ეს მცდელობა სხვა დეპუტატებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ უმრავლესობის წევრმა რიმა ბერიძემ ოპოზიციონერ პაატა მანჯგლაძეს თავში თაბახის ფურცლები ურტყა. ამ ცემა-ტყეპაში განსაკუთრებით აქტიურობდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თემურ ჯანაშია და, რა თქმა უნდა, ანი წითლიძე, რომელიც ამჯერადაც დაზეპირებული ტექსტით წარსდგა: „მოღალატეებო, რუსებო, მონებო“.

ამის შემდეგ ოპოზიციონერმა ტარიელ ნაკაიძემ, რომელიც რადიკალიზმით გამოირჩევა, „ქართული ოცნების“ წევრები სერგო ორჯონიკიძეს შეადარა, რასაც პლენარულ სხდომაზე ხმაური მოჰყვა. ოპოზიციონერ დეპუტატს უმრავლესობის წევრებმა შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართეს და ქაღალდები ესროლეს. ფიზიკური დაპირისპირება მოხდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერს ბექა ლილუაშვილს შორის. უმრავლესობის წევრები პარლამენტის სასესიო დარბაზში ლილუაშვილთან მაშინ მივიდნენ, როდესაც ის სიტყვით გამოდიოდა და მმართველი ძალის წარმომადგენლებს აქციების მიმდინარეობისას დაშინებისა და ძალადობის ფაქტებზე ესაუბრებოდა. ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩაერთო „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა, რომელიც ფიზიკურად შეეხო „ქართული ოცნების“ დეპუტატ მარიამ ლაშხს.

ასე ვითარდებოდა მთელი დღის განმავლობაში პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვითარება. უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მცდელობაა რევოლუციური პროცესების წარმართვის. მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ ადამიანების გულწრფელ პროტესტს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

„ქვეყანაში მცდელობაა რევოლუციური პროცესების წარმართვის, უჩა აბაშიძის მორალის მქონე ხალხის მიერ ორგანიზებული აქციებია, სადაც ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი შირმად არის გამოყენებული. იციან რა, საქართველოს ხელისუფლებაში არჩევნებით ვერ მოვლენ, სწორედ ამიტომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, ეს აქციები გამოიყენოს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სიბოროტით ვერასდროს დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც აკეთა ქვეყანაში რუსეთის საქმე.

„ვინ გინდათ, გვარამია რომ მოიყვანოთ? ეს არაკაცები მოიყვანოთ ხელისუფლებაში? ისევ ადეიშვილები მოიყვანოთ? ეს ქათმები, ქათამს რას ვერჩი, ეს მართლა უღირსი ფარჩაკები, ესენი. ჩვენ ხალხს შევპირდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სიბოროტით ვერასოდეს დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში, დღეს დადიან ტურებივით და ეუბნებიან, ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაშიო. გეუბნებით, სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, თქვენი ნასახი არ იქნება ხელისუფლებაში. შეგაკლავთ თავს, ვერ ეღირსებით, რომ თქვენ მოხვიდეთ ხელისუფლებაში. დროშაზე რომ ლაპარაკობდით, იმ დროშით აუპატიურებდით ქართველ ხალხს. თქვენ რამე ხო არ გეშლებათ მართლა?!“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

საპარლამენტო ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტს უცხადებს. მათი მოთხოვნაა, რომ ვეტოს საკითხის გადაწყვეტამდე მოხდეს 84 დეპუტატის სანქცირება, რადგან მათი თქმით, ეს ადამიანები არიან რუსული გავლენის აგენტები ამ ქვეყანაში. ბოიკოტს არ უერთდება პარტია „გახარია საქართველოსთვის“. როგორც ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ დამარცხებულია და ამას სჭირდება მხოლოდ გაფორმება. შესაბამისად, მისი თქმით, აგრძელებენ ბრძოლას ყველა ტრიბუნის და საშუალების გამოყენებით - ქუჩაშიც და პარლამენტშიც.

„არავის მივცემთ იმის კომფორტს, რომ როგორც დღეს უნდოდათ, თავის ჭკუაზე მიეღოთ კანონი ისე, რომ ხმა არ გამოსულიყო პარლამენტის შენობიდან. როგორც გუშინ კომიტეტზე მიიღეს მალულად, ფარულად - ამის საშუალება არ ექნებათ. თუ გვინდა, მუხტი შევინარჩუნოთ საზოგადოებაში, თუ გვინდა, რომ ისინი საბოლოოდ დავამარცხოთ და წერტილი დავუსვათ, გვჭირდება ბრძოლა გაათმაგებული შემართებით. მოვუწოდებთ ყველა თავისუფლად მოაზროვნე, თავისუფალ მოქალაქეს, დღეს, ხვალ და მომდევნო კვირების, თვეების განმავლობაში ვიდგეთ ერთად, ვიბრძოლოთ ერთად, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან. ეს არის ხელისუფლება, რომელიც აღარ წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების ლეგიტიმურ ნებას; რომელმაც დათმო საქართველოს ევროატლანტიკური ინტერესები და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რუსეთის სასარგებლოდ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით.

„იმ 84-ვე დეპუტატს, რომელმაც დღეს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი დაამტკიცა, უნდა ესმოდეს, ქვეყნის წინაშე რა მძიმე ღალატი ჩაიდინა. ეს არის ხელისუფლება, რომელიც აღარ წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების ლეგიტიმურ ნებას. ბიძინა ივანიშვილმა მოიტაცა ჩვენი ქვეყანა. უნდა, რომ საბოლოდ გააფორმოს დიქტატურა და უნდა, რომ ეს იყოს რუსული ჭაობი, რომლიდანაც ამოსვლა, რა თქმა უნდა, მას არ სურს. შესაბამისად, ნებისმიერი პროტესტი და წინააღმდეგობა ხელისუფლებასთან, ეს არის ლეგიტიმური. ხელისუფლებას უნდა დავუპირისპირდეთ ყველანაირად“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

amo ქ-ნო რიმა, კარგი იქნებოდა თაბახის ფურცლების მაგიერ აგური რომ გქონოდათ, თუმცა ეჭვი მეპარება პაატას რამე ეგრძნო.
6 თვის უკან
არაგველი641 ქართული ოცნების დეპუტატებს რომ ვუყურებ, ხმლით ხელში უცხო ურდოებთან მებრძოლი ჩვენი ქართველი წინაპრები გამახსენდა! ქართული გენი ცოცხალია და უკვდავია! თქვენ გენაცვალეთ!
არაფერი არ დაუთმოთ მაგ მანქურთებს და 30 ვერცხლზე გაყიდულებს!
დიდება საქართველოს!
6 თვის უკან