[თეონა ხარაბაძე]
საგადასახადოსთვის კითხვით მიმართვა ბიზნესმენებისთვის, შესაძლოა, მახედ იქცეს. ამ საშიშროებაზე ექსპერტები მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ახალი საგადასახადო კოდექსი შემუშავდა. მათ პროტესტს კი ის ფაქტორი იწვევს, რომ მცდარი პასუხის გაცემის შემთხვევაშიც კი მეწარმე ისჯება. ეს საკითხი ახალი არ არის და ამაზე კამათი რამდენიმე თვეა, აქტიურად მიმდინარეობს. მაგრამ საინტერესო, რომ მთავრობამ ამ შესაძლო მცდარი პასუხისთვისაც კი 10 ათას ლარიანი ტარიფი დააწესა.
ეს გადაწყვეტილება მთავრობის დადგენილებით ცოტა ხნის წინათ იქნა მიღებული და განისაზღვრა, რომ მეწარმეს, რომელსაც სურს, რომ საგადასახადოდან მისთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი დროულად მიიღოს, 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.
ძველი საგადასახადო კოდექსის თანახმად, თუ ვინმე მიმართავდა საგადასახადოს კითხვით, საგადასახადო ვალდებული იყო, რომ ეპასუხა. თუმცა, გარკვეული ხარვეზი ამ ნორმასაც ჰქონდა. საქმე ის არის, რომ თუკი მეწარმე მოიქცეოდა ისე, როგორც ეს საგადასახადომ ურჩია და შემდეგ საგადასახადო ინსპექცია დაადგენდა, რომ მეწარმემ არასწორად იმოქმედა, მაინც მეწარმე ჯარიმდებოდა.
ახლა ეს წესი შეიცვალა და გაჩნდა ჩანაწერი, რომ საგადასახადო ორგანო ვალდებული კი არ არის, რომ პასუხი გასცეს, არამედ მას პასუხის გაცემის მხოლოდ უფლება აქვს. რაც მთავარია, გაჩნდა ჩანაწერი, რომ საგადასახადო სადავო საკითხთან დაკავშირებით იღებს ე.წ. წინასწარ გადაწყვეტილებას და, თუკი აღმოჩნდა, რომ საგადსახადოს გადაწყვეტილება არასწორად ჰქონდა მიღებული და წინასწარი გადაწყვეტილება არსებობს, მეწარმე აღარ ჯარიმდება.
მაგრამ, როგორც ექსპერტები აცხადებენ, აქ ის პრობლემა არსებობს, რომ ამ წინასწარი გადაწყვეტილების მისაღებად საგადასახადოს 60 დღის ვადა აქვს. ამასობაში კი, შესაძლოა, მეწარმე იმის გამო დაჯარიმდეს, რომ იგი საგადასახადოსგან პასუხს ელოდებოდა.
აღსანიშნავია, რომ ახალი საგადასახადოს ეს ნორმა თავიდანვე იქცა კრიტიკის საგნად და მთავრობას აღნიშნული ვადის შემცირების რეკომენდაციას აძლევდნენ, ვინაიდან მეწარმეს საგადასახადოსთან ურთიერთობა ყოველთვიურად უწევს.
პრობლემის მოსაგვარებლად კი მთავრობამ ის გადაწყვეტილება მიიღო, რომ 60-დღიანი ვადის 10 დღემდე შემცირება იქნება შესაძლებელი. თუმცა, ამისთვის მეწარმეს 10 000 ლარის გადახდა მოუწევს.
მთავრობის ამ დადგენილებას მეწარმეებიც და ექსპერტებიც საკმაოდ კრიტიკულად აფასებენ.
როგორც „მრეწველების“ ლიდერი ზურაბ ტყემალაძე აღნიშნავს, „ეს თანხა საშუალო მეწარმისთვის ძალიან მძიმე ტვირთი იქნება. როგორც იცით, ასი ათას ლარიანი ბრუნვის ზემოთ მეწარმეს გადასახადების გადახდა უწევს და ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი გაურკვეველი საკითხის გასაგებად 10-10 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. წარმოიდგინეთ, წელიწადში ათი ასეთი კითხვა რომ გაუჩნდეს, დამატებით 100 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. დამერწმუნეთ, გადასახადების გადახდა იმდენად რთული საკითხია, რომ ოფიციალური განმარტება ყველას დასჭირდება. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს ძალიან არასწორი გადაწყვეტილებაა."
მის ამ მოსაზრებას ექსპერტებიც იზიარებენ. როგორც ექსპერტი თემურ კოპალეიშვილი განმარტავს, მთავრობის ასეთი დამოკიდებულება იმ ძირითად პრინციპებს არღვევს, რომლის მიხედვითაც საქმიანობისთვის ყველას თანაბარი პირობები და საშუალებები უნდა ჰქონდეს.
მთავრობის მხრიდან კი მხოლოდ ის განმარტება კეთდება, რომ „დაჩქარებული მომსახურება ყველა სფეროში ფასიანია“ და მათთვის ეს კრიტიკა გაუგებარია.